თუ დაღლილობა გაგიხანგრძლივდათ - ინტერვიუ თერაპევტ მაკა ცუცქირიძესთან

თერაპევტი მაკა ცუცქირიძე:
- როგორც ვიცით, დაღლილობის ჩივილით თერაპევტთან ვიზიტზე საკმაოდ ბევრი პაციენტი ხვდება. თუ შეგიძლიათ, ზოგადად ისაუბროთ დაღლილობაზე, როგორ მიმდინარეობს ამ სიმპტომის მართვა და როგორ განისაზღვრება ტერმინის შინაარსი?
- პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, ექიმთან ვიზიტების დაახლოებით 55%-ის ძირითადი ჩივილი, დაღლილობაა. ამ ტერმინის პრაქტიკული განსაზღვრება გულისხმობს ორგანიზმის გამოფიტვის შეგრძნებას ჩვეული ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან არასაკმარისი ენერგიის ქონას ნებისმიერი აქტივობის დასაწყებად.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დაღლილობის შეგრძნებას, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ყველა ადამიანი განიცდის. თუმცა, ამ ჩივილმა გავლენა არ უნდა იქონიოს ყოველდღიური ცხოვრების რიტმზე.
წარმოშობის, თანხმლები სიმპტომებისა და ამ სიმპტომების ხანგრძლივობის მიხედვით, დაღლილობა იყოფა კატეგორიებად.
ძირითადი კატეგორიები შეიძლება იყოს:
• ცენტრალური (თავის ტვინიდან მომდინარე);
• პერიფერიული (ნეიროკუნთოვანი წარმოშობის, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სხვადასხვა ფიზიკურ დაავადებას. ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ პათოლოგიებს, სოციალური პრობლემებით განპირობებულ დაავადებებს, ფიზიოლოგიურ ფაქტორებს, პროფესიულ დაავადებებს).
დაღლილობა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე, თვეზე მეტხანს და ეს ითვლება გახანგრძლივებულ სიმპტომად, არსებობს ექვს თვეზე მეტი ხანგრძლივობისაც. 6 თვეზე მეტხანს გახანგრძლივებული დაღლილობა, როდესაც კლინიკური სურათის მიხედვით ვერ ხსნიან მიზეზს, შეიძლება შეფასდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომად, რაც პაციენტთა მცირე ჯგუფს აღენიშნება.
- თუ შეიძლება, უფრო დეტალურად ავხსნათ, რამდენად ხშირად სვამენ ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზს?
- ევროპულმა კვლევებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტთა მხოლოდ ერთ მესამედს ან ნაკლებს დაესვა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზი, რომლებიც 6 თვეზე მეტხანს უჩიოდნენ დაღლილობას. ამერიკის შეერთებული შტატების მედიცინის ინსტიტუტმა (The US Institute of Medicine) გამოყო ქრონიკული დაღლილობის სინდრომთან ასოცირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი სიმპტომი და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ალტერნატივად შემოგვთავაზა ახალი ტერმინი - "დატვირთვის აუტანლობის სისტემური დაავადება" (SEID).
- როგორია დიაგნოსტირების ძირითადი ეტაპები ამ პრობლემის მართვის დროს?
- დაღლილობის მართვის დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის ანამნეზის დეტალურ შეკრებას და ფიზიკურ გამოკვლევას, რომელთა მიხედვითაც დიფერენცირდება შესაძლო მიზეზები. არსებობს დიაგნოსტირების ეტაპები, მათ შორის გამოიყოფა:
• დაღლილობის დახასიათება;
• ჩივილების შეფასება (რომლებიც მიუთითებს დაღლილობასთან ასოცირებულ ორგანულ დაავადებებს), მიღებულ მედიკამენტზე ან ნივთიერებებზე დამოკიდებულების შეფასება;
• ფსიქიატრიული სკრინინგის ჩატარება.
- უფრო დეტალურად რომ განგვიმარტოთ, რას გულისხმობს ფსიქიატრიული სკრინინგი?
- მოგახსნებთ, ეს ძირითადად პაციენტის ექიმთან ვიზიტისას ხდება. არსებობს ტესტ-კითხვარი, რომელსაც პაციენტი ავსებს და მიუთითებს ქულას, რომლის მიხედვითაც ისაზღვრება, არსებობს თუ არა ფსიქიატრიული პათოლოგიები. სადღეისოდ მოწოდებულია დეპრესიის მძიმე სკრინინგის ორპუნქტიანი კითხვარი PHQ-9 (THE PRINARY CARE EVOLUTION OF MENTAL DISORDERS) რომლის შესავსებადᲐ 8 წუთია საჭირო, ასევე PHQ-2 (მის შევსებას სამი წუთი სჭირდება). არსებობს ალკოჰოლის მოხმარების სკრინინგის AUDIT-კითხვარიც. ძილის ხანგრძლივობის ან ხარისხის შეფასების კითხვარი. ძილის ობსტრუქციული აპნოეს შესაფასებელი ეფვორსის ძილიანობის შკალა (EPWORTH SLEEPINESS SCALE).
- რას მოიცავს დეტალური ანამნეზის კომპონენტები, ძირითადად რა კუთხით არის საჭირო ყურადღების გამახვილება?
- ანამნეზის შეკრების დროს მნიშვნელობა ენიჭება დაღლილობის ხანგრძლივობას (ახლადაღმოცენებული, გახანგრძლივებული ან ქრონიკული).
უეცარი და პროგრესირებადი დაწყება (მაგალითად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ხასიათდება უეცარი დაწყებით ნორმალური ფიზიკური ჯანმრთელობის, აქტივობისა და ენერგიის ფონზე).
აღდგენის პერიოდი (მაგალითად, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ხასიათდება წყვეტილი აღდგენის პერიოდებით, რაც გრძელდება რამდენიმე საათს ან დღეს).
- რომელია დაღლილობის გამოვლენის ყველაზე გავრცელებული დიაგნოზები?
- ყველაზე გავრცელებული დიაგნოზები, შეხვედრის სიხშირის კლების მიხედვით, ამგვარად ნაწილდება:
• მწვავე ვირუსული დაავადებები;
• ზემო სასუნთქი გზების ინფექციები;
• რკინადეფიციტური ანემი
• მწვავე ბრონქიტი.
• სწორი დოზით მიღებული სამკურნალო საშუალებების გვერდითი მოვლენები და დეპრესია, ან სხვა მენტალური პრობლემა.
ყველაზე ხშირი ფსიქიატრიული დაავადებები მოიცავს დეპრესიას, პანიკურ აშლილობას, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების დროს, დაღლილობის დიფერენციულ დიაგნოზზე დაყრდნობით გამოვლენილი კვლევების სისტემური მიმოხილვითა და მეტა-ანალიზით აღმოჩნდა.
საყურადღებოა არამარტო ვირუსული, არამედ ბაქტერიული ინფექციებიც, პარაზიტოლოგიური დაავადებები, ავთვისებიანი ფარული პროცესები, უფრო ხშირად, ლეიკემიები, ლიმფომები, ტუბერკულოზი, ქრონიკული დაავადებების სამართვად მიღებული მედიკამენტების ჯგუფები.
საკვებით გამოწვეული ნებისმიერი დეფიციტი (ყველაზე ხშირია ცილოვან-ენერგეტიკული უკმარისობა და გარკვეული ვიტამინების დეფიციტი, ცხიმოვანი დიეტები, კვების დარღვევები).
საყურადღებოა ქრონიკული ვირუსული ინფექციები, როგორც დაღლილობის საკამათო მიზეზი. ჰერპესი, ებშტეინ ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, შიდსი, ბ და ც ჰეპატიტები, ენდოკრინული დაავადებები, ცერებროვასკულარული დაავადებები, განსაკუთრებით, ინსულტი ანამნეზში.
- აღნიშნული დაავადებების დიფერენციალური დიაგნოსტიკა, ცხადია, საჭიროებს მრავალ დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ კვლევას. რა სირთულეებს მოიცავს ეს პროცესი?
- თუკი დაღლილობის სიმპტომი ერთ თვეზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. ექიმს გააჩნია შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, შეაფასოს რისკი, შეკრიბოს ანამნეზი და დაგეგმოს კონკრეტული დიაგნოსტიკური კვლევა, რომელზეც დამოკიდებულია მკურნალობის ეფექტურობა.
საჭიროა, თერაპევტმა, ოჯახის ექიმმა, საჭიროებისამებრ, დროულად ჩართოს პაციენტის მართვაში სხვადასხვა სამედიცინო დარგის სპეციალისტებიც.