სიბერე და ჯანმრთელობა
წლებთან ერთად, ორგანიზმში, ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებში ვითარდება ე.წ. ასაკობრივი ცვლილებები, რომლებიც მათი ფუნქციების შესუსტებას და ზოგჯერ საერთოდ გაქრობას იწვევს.
სიბერის პირველი ნიშნებია:
- ძვლები გაცილებით ადვილად მსხვრევადი ხდება;
- კუნთების ტონუსი ქვეითდება;
- თმა ჭაღარავდება;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ეფექტიანობა იკლებს;
- იმუნურ სისტემაში ნაკლები ინტენსივობით გამომუშავდება ანტისხეულები;
- დაავადებები გაცილებით ადვილად გვერევიან და სულ უფრო რთულად გვანებებენ თავს;
- ვამჩნევთ მეხსიერების გაუარესებას;
- თავს იჩენს ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები.
სიბერე დაავადება სულაც არ არის, შესაბამისად, არც ამ პროცესის ამხსნელი ერთმნიშვნელოვანი თეორია არსებობს.
სიბერის სამი ასაკი
გაგაოცებთ, თუ გეტყვით, რომ ძირითადი ასაკობრივი ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში 3 ეტაპად მიმდინარეობს, ეს 34, 60 და 78 წლის ასაკია.
თანაც ეს ყოველივე არ არის დამოკიდებული გენეტიკასა და ორგანიზმის თავისებურებაზე. ამ ეტაპებს გადის ნებისმიერი ადამიანი.
უწინ ფიქრობდნენ, რომ ადამიანი თანდათან და ნელ-ნელა ბერდებოდა, დღეს კი ფიქრობენ, ეს მკვეთრად, ნახტომისებურად მიმდინარეობს 34, 60 და 78 წელს, დანარჩენ წლებში კი ადამიანი საკმაოდ ნელა ბერდება.
საზოგადოდ, სიბერე საკმაოდ ბევრი ფაქტორით განპირობებული პროცესია, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებენ და ორგანიზმის შეცვლას, გადაღლასა და გამოფიტვას იწვევენ.
სპეციალისტები ყოველთვის ვერ ადგენენ სიბერე-დაავადებასა ან დაავადება-სიბერეს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირს, თუმცა ერთზე ყოველთვის თანხმდებიან: სიბერეს ადამიანი ყოველთვის და ყველა ფრონტზე უნდა ებრძოლოს.
როგორ ვბერდებით?
გული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ძვლის წითელ ტვინში დროთა განმავლობაში ირღვევა ცხიმოვან და სისხლის უჯრედებს შორის ბალანსი. ძვლის ტვინი ცხიმოვან უჯრედებს სისხლის უჯრედებზე გაცილებით დიდი რაოდენობით წარმოქმნის, ამასთან, ერითროციტების დეფიციტს ორგანიზმი მათი სიცოცხლისუნარიანობის გაზრდით აკომპენსირებს - ისინი, 120 დღის ნაცვლად, 145 დღემდე ცოცხლობენ, იზრდებიან და კარგავენ მთავარ სატრანსპორტო ფუნქციას, გადიდებული ერითროციტები გაცილებით ნაკლები მოცულობით ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტირებას ახერხებენ.
40 წლის შემდეგ სისხლის შედედების უნარი და სისხლძარღვში თრომბის წარმოქნის პროცესი იზრდება, მატულობს სისხლძარღვის სანათურის დახშობის ალბათობაც.
შეფერხებული ჟანგბადის მიწოდების გამო ხანდაზმულებს უზიანდებათ გულის კუნთი და ვითარდება პროგრესირებადი სკლეროზული ცვლილებები: კუნთის ატროფია – განლევა ან, პირიქით, მიოკარდის ზომა იზრდება – ჰიპერტროფიული ხდება.
განსაკუთრებით ნეგატიური შედეგები სდევს თან სისხლძარღვებში ლიპიდური ცვლის დარღვევით გამოწვეულ ათეროსკლეროზულ დაზიანებებს, სისხლძარღვის სანათურის შევიწროებას და დახშობას, რაც იწვევს მთელი ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ჟანგბადოვან შიმშილს, საკომპენსაციო რეაქციის სახით არტერიული წნევის მატებას და ფუნქციების დაქვეითება-მოშლას.
რაც შეეხება ვენურ სისტემას, კუნთოვანი კედლების ელასტიკურობის დარღვევის შედეგად ვენური წნევა ქვეითდება, ვითარდება შეგუბებითი პროცესები და ხშირდება ვენური თრომბოზები.
სასუნთქი სისტემა
ატროფიული პროცესებისა და შეგუბებითი მოვლენების შედეგად მცირდება ბრონქების სანათურიც, ფილტვების პარენქიმა კარგავს ელასტიკურობას, ფილტვებში გაზთა ცვლა უარესდება. მცირდება სუნთქვის სიღრმე, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა და სუნთქვითი პროცესის ეფექტი. ასეთი ცვლილებანი, პირველ ყოვლისა, ნაკლებმოძრავი ცხოვრები წესის მქონეთ აღენიშნებათ.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
რაციონალური კვება გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის სხეულის ზოგად მდგომარეობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობაზე არსებითად მოქმედებს.
ასაკთან ერთად იცვლება საჭმლის მონელების პროცესი, ვლინდება პათოლოგიური ცვლილებები კბილებზე, სანერწყვე ჯირკვლებში, მიმიკურ და საღეჭ კუნთებში, თავის ქალას სახის ძვლოვან ნაწილში, ირღვევა თანკბილვა და სხვა.
ორგანოთა დისფუნქცია დამახასიათებელია კუჭის, ნაწლავების, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლისთვის, რაც იწვევს მათი სეკრეტორული, შემწოვი ფუნქციის დაქვეითებას და ართულებს ნაწლავების მიერ საკვები ნივთიერებების შეწოვას, შემდგომ კი სისხლსა და ლიმფაში გადასვლას.
თვალსაჩინოა ცვლილებები ღვიძლში: მისი მასა მცირდება, თუ ახალგაზრდობაში 1450-1600 გრამს იწონის, ასაკში 1100-1200 გრამამდე ხდება, რასაც თან სდევს ცილოვანი, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქციის დაქვეითება და შეგუბებითი პროცესები ნაღვლის ბუშტში, მისი ანთებით დაზიანება და ნაღველკენჭოვანი დაავადების განვითარება.
იცვლება ცხიმოვანი ცვლაც: 40-50 წლის შემდეგ ცხიმი გაცილებით ინტენსიურად ლაგდება კანქვეშა შრესა და ორგანოებში, ვიდრე ენერგეტიკულ და პლასტიკურ პროცესებზე იხარჯება, რაც იწვევს სხეულის მასის ზრდას, სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას და ათეროსკლეროზის განვითარებას.
გაცხიმოვნების ძირითადი ფაქტორი საკვების ჭარბი მიღებაა, რომელიც ადრეული დაბერებისა და ადრეული ინვალიდობის მიზეზიცაა.
ჭარბი წონა საშუალოდ 6-7 წლით ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ამიტომ 30-დან 70 წლამდე ასაკში ადამიანმა თანდათანობით უნდა შეამციროს საკვების მიღება 30%-ით, აუცილებელია საკვებ ნივთიერებებს შორის არსებული გარკვეული ბიოქიმიური დამოკიდებულების გათვალისწინებაც.
კანის საფარველი
კანის სისხლით მომარაგების გაუარესებით ქვეითდება მისი ელასტიკურობა და ვითარდება ატროფირებული უბნები, რაც აქვეითებს კანის, როგორც ორგანიზმის საფარველის, დამცავ ფუნქციებს.
დაქვეითებული ფუნქციური აქტივობისა და ბაქტერიციდული, დამცავი უნარის გამო მასში პათოლოგიური პროცესები უფრო მარტივად ვითარდება.
თირკმელები
სუსტდება თირკმელების, როგორც მთავარი ბიოლოგიური ფილტრის, ფუნქციაც.
იზრდება დიურეზის დონე, განსაკუთრებით - ღამისა.
ქვეითდება თირკმელების ექსკრეტორული, გამომყოფი ფუნქცია, რაც იწვევს ორგანიზმში ქსენობიოტიკების დაგროვებას, მათ შორის - სამკურნალო პრეპარატებისას.
ასაკთან ერთად თითქმის 50%-ით მცირდება გამოყოფილი შარდის დღეღამური რაოდენობა.
შარდის ბუშტის სფინქტერების დისფუნქციის გამო ჩნდება შარდის შეუკავებლობა, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია კლიმაქტერულ პერიოდში მყოფი ქალებისთვის.
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები
საგრძნობლად სუსტდება ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები, ისინი ანატომიურადაც იცვლება, კუჭქვეშა ჯირკვალში ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების რეაქციის კლება იწვევს შაქრიან დიაბეტს.
რეპროდუქციული სისტემა
მამაკაცები - მთავარი მამაკაცური ჰორმონის - ტესტოსტერონის - სინთეზი იკლებს, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია 50 წლიდან - ტესტოსტერონის კონცენტრაცია ახალგაზრდა მამაკაცების დონის 50-70%-ს შეადგენს.
პარალელურად ქვეითდება სპერმატოგენეზი და სპერმის ხარისხი. თუმცა საკუთრივ სპერმატოგენეზი, ისევე როგორც სქესობრივი აქტივობა, შესაძლოა ინახებოდეს 80-90 წლამდე.
რეპროდუქციული სისტემის დაბერება მამაკაცებისთვის სწორედ სქესობრივ ფრონტზე განცდილი ფიასკოს შემდეგ თვალსაჩინოვდება.
მკვლევრების მიერ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ჩატარებული კვლევებით ამერიკელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ 40-დან 70 წლამდე მამაკაცების 50%-ს სქესობრივ სფეროში გარკვეული პრიბლემები უკვე აქვს.
ამასვე ემატება საკუთრივ მამაკაცების დაავადებები, მაგალითად, პროსტატის ადენომა, რომელიც ნეგატიურად ისახება მათ რეპროდუქციულ უნარზე.
ქალები - კლიმაქსი დაახლოებით 50 წლის ასაკში იწყება.
ქალების უმეტესობას ეს პერიოდი უპრობლემოდ გადააქვს, მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა დამახასიათებელი ე.წ. კლიმაქტერული სინდრომი, რომლის ძირითადი სიმპტომიც არის ოსტეოპოროზი, გულის იშემიური დაავადება, დეპრესიული მდგომარეობა და სხვა.
ბუნებრივი ფაქტორების გამოყენება, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, აქვეითებს კლიმაქტერული მდგომარეობის კრიზისს და ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობებს არსებითად აფართოებს.
ნერვული სისტემა
დესტრუქციული პროცესები არც უმაღლეს მაკონტროლებელ ორგანოს უვლის გვერდს, მაგრამ მათი ინტენსივობა სხვა ორგანოებთან შედარებით გაცილებით ნაკლებად ვლინდება.
ტვინის მოცულობისა და მასის, ასევე მისი დიდი ნახევარსფეროების ქერქის ზედაპირის შემცირება იწყება 60 წლის შემდეგ. ნერვული ქსოვილის სისხლმომარაგების გაუარესება იწვევს მათი რაოდენობის 10-20%-ით შემცირებას, ზოგიერთ უბანზე კი - 30-50%-ით.
ნერვული უჯრედები კარგავენ მათი ძირითადი ფუნქციების: ლაბილობა, ნერვული იმპულსის გადაცემა, მედიატორული ნივთიერებების სინთეზი (აცეტილქოლინი, ნორადრენალინი, დოფამინი, სეროტონინი და სხვა) - მაღალ დონეზე განხორციელების უნარს, რაც იწვევს ნერვულ ცენტრებს შორის ეფექტური ურთიერთქმედების, სარეგულაციო და ინტერაქტიულ დისფუნქციას, ხანდაზმულთა დემენციას, დეპრესიას, არაადეკვატური რეაქციების გაჩენას, ნევროზებსა და პარკინსონის დაავადებას.
ნერვულ სისტემასა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის არსებობს შინაგანი კავშირი. ნერვული სისტემა აყალიბებს ფსიქიკას, რომელიც განსაზღვრავს ჯანმრთელობის ფორმირების, შენახვისა და განმტკიცების უნარს, რაც საბოლოოდ დღეგრძელობის წინაპირობაა.
ადამიანი ყოველგვარი არსებითი მიზეზის გარეშე უჩივის დაღლილობას, მოთენთილობას, ცხოვრებისადმი ინტერესის კლებას? – ეს ნერვულ სისტემაში გადაღლის ან რომელიმე პათოლოგიური პროცესის სასტარტო ნიშანია.
ძვალ-სახსროვანი სისტემა
ასაკობრივი ცვლილებების პროცესთა ნორმალიზაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობას.
30 წლის შემდეგ ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესის მქონეებს უვითარდებათ კუნთების ატროფია, ირღვევა მოძრაობათა პოზები და წონასწორობა, მარეგულირებელი ნერვული მექანიზმები. კიდურების ძვლებში, ხრტილებში, სახსრებსა და ხერხემალში დესტრუქციული ცვლილებები ვითარდება მათი მასისა და ოსტეოპოროზის სახით.
40 წლის შემდეგ ყოველ 10 წელიწადში მამაკაცები კარგავენ ძვლოვანი მასის 3%-ს, ქალები - 8%-ს. ოსტეოპოროზი ზრდის მოტეხილობების რისკს, განსაკუთრებით - ქალებთან.
ბოლოს კი უნდა გვახსოვდეს, რომ ადეკვატური და დროულად გატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებები ადამიანს საშუალებას აძლევს თავი მხნედ იგრძნოს და დატკბეს ცხოვრებით ნებისმიერ ასაკში, რადგან ჯანმრთელობა - ეს დაავადების ან ფიზიკური პრობლემის უქონლობა კი არა, სრული ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობაა!