ეკოლოგიური კატასტროფები
ძალის ბუნებრივი მოვლენებია, რომლებსაც სტიქიურ უბედურებებს ვეძახით.
-
სტიქიათა ზოგადი შტრიხები
მეტად მრავალფეროვანია სტიქიურ უბედურებათა სახეობები. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ბუნებრივი მიმდინარეობით, ისე დამანგრეველი ძალით და ადამიანებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბებით.
ძლიერი განსხვავების მიუხედავად ეკოლოგიურ კატასტროფებს შორის გარკვეული კავშირები მაინც არსებობს, ხშირად ერთი სახის კატასტროფა ხელს უწყობს მეორეს ან მის გაჩენაში გამშვები მექანიზმის როლს თამაშობს.
განსაკუთრებით მჭიდროა კავშირი მიწისძვრასა და ცუნამის, ვულკანების ამოფრქვევასა და ხანძრებს შორის. ტროპიკული ციკლონები თითქმის ყოველთვის იწვევენ წყალდიდობას. ცნობილია მიწისძვრების შედეგად მომხდარი ვულკანური ამოფრქვევები და პირიქით, ვულკანური ამოფრქვევების მიზეზი არაერთხელ გამხდარა მიწისქვეშა ქანების ძლიერი გადაადგილება.
ეკოლოგიურ კატასტროფას რამდენიმე მახასიათებელი აქვს: მიმდინარეობის ხანგრძლივობა, რომელიც სხვადასხვა სტიქიისას რამდენიმე წამიდან - წუთებამდე, საათამდე, დღემდე და თვეებამდეც კი მერყეობს, დაზიანების ხასიათი, დამანგრეველი ძალა, დაზიანების მოცულობა და მასშტაბები, ადამიანური მსხვერპლის რაოდენობა.
-
მიწისძვრა
სტიქიურ უბედურებებს შორის, განვითარების სიხშირის მიხედვით, ხმელეთზე და წყალქვეშ მომხდარი მიწისძვრები ლიდერობს.
მიწისძვრისას მიწისქვეშ გამონთავისუფლებული ენერგია წარმოშობს ძლიერ ბიძგებს, რომლებიც ჩვეულებრივ საკმაოდ დიდ ტერიტორიებზე ვრცელდება.
ბიძგებს შორის განირჩევა მთავარი, პირველი ბიძგი და მისი მომდევნო, შედარებით ნაკლები ძალის ბიძგები. მთავარი ბიძგის ხანგრძლივობა, უმეტეს შემთხვევაში, არ აღემატება რამდენიმე წამს, მიუხედავად ამისა, მისი შედეგები მაინც გამაოგნებელია, რადგან ირღვევა გრუნტის მთლიანობა, ინგრევა შენობა-ნაგებობები, მწყობრიდან გამოდის წყალგაყვანილობა, გაზსადენი, ელექტრო და კავშირგაბმულობის ხაზები.
მიწისძვრის ძალა რიხტერის 12-ქულიანი სკალით ფასდება, რომლის მიხედვითაც 1-4 ქულით შეფასებული მიწისქვეშა ბიძგები ნაკლებ საშიშია, რამეთუ მათ დამანგრეველი ძალა არ გააჩნია, 5-6-ქულიან მიწისძვრას ზოგიერთ რაიონებში უკვე შეუძლია შენობა-ნაგებობების დანგრევა და შესაბამისად, მას თან გარკვეული ზარალიც ახლავს, 7 და მეტი ქულით შეფასებული მიწისქვეშა ბიძგები კი მეტად საშიშია და მნიშვნელოვან ადამიანურ მსხვერპლს იწვევს.
მიწისძვრის წინამორბედი ნიშნები
დღემდე შეუძლებელია მიწისძვრის წინასწარი პროგნოზირება, თუმცა მას ირიბი, წინამორბედი ნიშნები აქვს.
მიწისძვრის მაუწყებელი ნიშნები ბიძგების გაჩენამდე რამდენიმე წუთით ადრე იჩენს თავს. მათ კარგად იცნობს სეისმოლოგიურად საშიში ზონების მოსახლეობა. ესენია:
- ჰაერში აირის სუნის გაჩენა;
- შინაური ფრინველებისა და ცხოველების აღელვება;
- წერტილოვანი გამონათებები, ნაპერწკლების გაყრა ერთმანეთის ახლოს მდებარე, ურთიერთარაშემხები ელექტროსადენებიდან;
- სახლის შიგნითა კედლების ზედაპირების მოცისფროდ შეფერვა;
- ლუმინესცენტული ნათურების თვითნებური ანთება.
როგორ მოვიქცეთ
მიწისძვრის წინამორბედი ნიშნების გაჩენისთანავე:
- აუცილებელია გამორთოთ ნებისმიერი ელექტრო და გაზის ხელსაწყო;
- ჩაიცვათ სწრაფად, აიღოთ საკვები, საჭირო მედიკამენტები, საბუთები და სწრაფად დატოვოთ შენობა;
- რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოსცილდეთ შენობას და გასწიოთ მოედნების და სკვერების, ფართო ქუჩების, გაშლილი, უშენობო ადგილებისკენ.
მიწისქვეშა ბიძგების შეგრძნებისთანავე აუცილებელია:
- თუ შენობაში ხართ, მოშორდეთ კედლებს, ღობეებს, სვეტებს;
- პირველი ბიძგების შემდეგ 1-2 საათი მაინც ნუ შეხვალთ შენობაში, რადგან შეიძლება ბიძგები განმეორდეს;
- აუცილებელია სწრაფი და მშვიდი მოქმედება პანიკის გარეშე, რადგან საშუალო ძალის მიწისძვრისას დაზარალებულთა დიდ ნაწილს სწორედ პანიკისა და შიშის გამო გაუაზრებლად მომქმედი ადამიანები შეადგენენ;
- მაღალსართულიან სახლებში დადექით შემოსასვლელთან ან აივანთან მდებარე კარებთან, მოშორდით ფანჯრებს, ყველას სჯობს, დადგეთ კუთხეში, რომელიც კაპიტალური საყრდენი კედლებითაა შექმნილი;
- მიწისძვრის დროს აკრძალულია ასანთის ანთება და ლიფტით სარგებლობა;
- აუცილებელია შენობის დროული დატოვება. ქარხნებსა და ფაბრიკებში, ნებისმიერ საწარმოში ამ დროს უნდა გამოირთოს ყველა ხელსაწყო, შეწყდეს ტექნოლოგიური პროცესი, თუ ეს შეუძლებელია, იგი დამზოგველ რეჟიმზე უნდა იქნეს გადაყვანილი;
- თუ მიწისძვრისას საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმყოფებით, დაიცადეთ მის სრულ გაჩერებამდე და მხოლოდ მას შემდეგ დატოვეთ იგი. ამასთან გახსოვდეთ, გზა უპირველეს ყოვლისა ბავშვებს, მოხუცებს, ორსულებს და შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირებს უნდა დაუთმოთ;
- სასწავლო დაწესებულებებში, სასურველია, თუ მაღალი კლასის მოსწავლეები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას მცირე ასაკის მოსწავლეთა ევაკუაციაში დაეხმარებიან.
-
წყალდიდობა
წყალდიდობა ხმელეთის გარკვეული ნაწილის დროებითი დატბორვაა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს:
- დიდი რაოდენობით ნალექების მოსვლით;
- თოვლის ინტენსიური დნობით;
- წყალქვეშა მიწისძვრით;
- ძლიერი ქარების მიმართულების შეცვლით.
მიწისძვრისგან განსხვავებით, შესაძლებელია წყალდიდობის წინასწარი პროგნოზირება. გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის ხშირი და ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის პროგნოზირება ერთი თვით ან რამდენიმე საათით ადრე შეიძლება, ასე რომ, მისგან თავის დაცვაც გაცილებით ადვილია.
წყალდიდობის საშიშროებისას აუცილებელია:
- საშიში ტერიტორიებიდან მოსახლეობის დროული ევაკუაცია;
- მოსახლეობა მუდმივად უნდა ფლობდეს წყლის ადიდების შესახებ ინფორმაციას;
- სურსათ-სანოვაგე, ღირებული ნივთები, ტანსაცმელი მაღალ სართულებზე უნდა აიტანოთ;
- ასევე შემაღლებულ ადგილებზე უნდა გადაიყვანოთ მსხვილფეხა და წვრილფეხა შინაური ცხოველები.
-
ხანძარი
ხანძარი - უკონტროლო წვის პროცესია, რომელიც ჩნდება სტიქიურად (10 %) ან ადამიანის ცეცხლთან დაუდევარი მოპყრობით (90 %).
სტიქიური უბედურების გამომწვევი ხანძრების 2 სახეა ცნობილი: ტყის მასივების წვა და ტორფული ხანძარი.
ტყის მასივების წვისას ხანძარი თავის მხრივ შესაძლოა იყოს მიწისქვეშა, ქვედა და ზედა. ყველაზე ხშირად ქვედა ნაწილის ხანძრები ჩნდება.
ქვედა ხანძრებისას ცეცხლი ვრცელდება ნიადაგის ზედა ფენებში 0,1-1 კმ/სთ სიჩქარით.
ზედა ხანძრის გავრცელების სიჩქარე 3-10 კმ/სთ-ია და მოიცავს ხეებს, ბუჩქებს.
მიწისქვეშა ხანძრებს მიეკუთვნება ტორფული ხანძარიც, რომელიც 0,01-0,02 კმ/სთ-ით ვრცელდება და დამოკიდებულია მიწის ქვეშ ტორფის მდგომარეობასა და რაოდენობაზე.
ტორფული ხანძრები ყველაზე ხშირად ტორფის მომპოვებელ ადგილებში, ისევ და ისევ ადამიანის არასწორი მოქმედებების შედეგად ჩნდება. ტორფი ჩვეულებრივ ძალზე ნელა იწვის მისი განლაგების მთელ სიღრმეზე და გაცილებით დიდი ოდენობით ფართობს აზიანებს, რადგან ტორფული ხანძრების ჩაქრობა ძალზე რთულია.
არსებობს სტეპის ხანძრებიც, რომლებიც ცხელ, მზიან ამინდში, ბალახისა და ყანების მომწიფების დროს ჩნდება, ეს ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ხანძარია, რომელიც 20-30 კმ/სთ სიჩქარით ვრცელდება.
როგორ მოვიქცეთ ხანძრისას:
- კვამლის ან ცეცხლის შემჩნევისთანავე უნდა შეატყობინოთ სახანძრო სამსახურს;
- ნუ მიეცემით პანიკას, რეალურად შეაფასეთ მდგომარეობა და შესაბამისად იმოქმედეთ;
- ეცადეთ მის ჩაქრობას წყლით ან ქვიშით;
- სახლიდან გასვლისას აუცილებელია მჭიდროდ დახუროთ ყველა სარკმელი და კარი, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს შენობაში სუფთა ჰაერის ნაკადი;
- თუ მეზობლადაა ხანძარი, თქვენს საცხოვრებელზეც რომ არ გავრცელდეს, საჭიროა კარებისა და ფანჯრების დაკეტვა;
- თუ მეზობლად ხანძარია და თქვენი ევაკუირებაა საჭირო, შინიდან გამოსვლისას ცხვირ-პირზე სველი ნაჭერი უნდა აიფაროთ, ამით ნამწვი აირებით ფილტვების დაწვრობას აიცილებთ;
- თუ ვერ ახერხებთ ევაკუაციას ალმოდებული გასასვლელის გამო, უპირველეს ყოვლისა, გარეთ მყოფებს უნდა აცნობოთ თქვენი შინ ყოფნის შესახებ, გადით აივანზე, ახლოს მიდით ფანჯრებთან და ხმამაღლა უხმეთ მშველელს;
- შინ გაჩენილი ხანძრისას უნდა გამორთოთ ელექტროდენი. შეეცადეთ ალმოდებული საგნებიდან ცეცხლის თავად ჩაქრობას, ცეცხლი სხვა საგნებზეც რომ არ გავრცელდეს, შეგიძლიათ დაასხათ წყალი ან დააფაროთ ზევიდან სქელი ქსოვილი;
- შინ ხანძრის გაჩენისას, უპირველეს ყოვლისა, აიფარეთ სახეზე სველი ქსოვილი და ნუ გააღებთ ფანჯრებს, რადგან სუფთა ჰაერთან ერთად ოთახში ხვდება ჟანგბადიც, რომელიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს წვას და ხანძრის მასშტაბების ზრდას;
- ხანძრის შემთხვევაში შენობიდან გასვლისას ნუ ჩაჯდებით ლიფტში, რადგან ცეცხლით დაზიანებული ელექტროსადენების გამო ლიფტი ხშირად ითიშება, რაც კიდევ უფრო მეტ საშიშროებას ქმნის.
ტყის მასივების წვისას აუცილებელია:
- მოსახლეობის დროული ევაკუაცია მიმდებარე რაიონებიდან;
- ხანძრის კერის სიახლოვეს დარჩენილმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე საჭიროა ცხვირ-პირის დაფარვა სველი დოლბანდით, პირსახოცით ან ცხვირსახოცით;
- მოსახლეობა უნდა წავიდეს მდინარეებისკენ, წყაროებისკენ;
- მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს ცეცხლის გავრცელების პერპენდიკულარული მიმართულებით.