დამწვრობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

დამწვრობა - combustio - ожог

დამწვრობას იწვევს ცხელ საგანთან კონტაქტი. საგნის ტემპერატურა და მასთან კონტაქტის ხანგრძლივობა განაპირობებს დამწვრობის ხარისხს.
ყოფა-ცხოვრებაში ყველაზე ხშირად გვხვდება:

  • ცხელი წყლით დამწვრობა;
  • ელექტროკონტაქტური დამწვრობა;
  • ალით დამწვრობა;
  • ქიმიური დამწვრობა.

ყველაზე რთულია ელექტროკონტაქტური დამწვრობა. იგი ძნელად ექვემდებარება მკურნალობას და იწვევს ძლიერ სიმახინჯეებს.
დამწვრობის სიღრმის მიხედვით განასხვავებენ I, II, IIIა, IIIბ და IV ხარისხის დამწვრობით დაზიანებას.
I, II და IIIა ხარისხის დამწვრობაAარსებითად ზედაპირული და¬ზიანებაა, როდესაც ქსოვილები პლასტიკური ოპერაციის გარეშე აღდგება. I, II და IIIა ხარისხის დამწვრობის დროს შენარჩუნებულია ბაზალური შრის უჯრედები (იგი წარმოქმნის საკუთრივ კანს), რომელთა წყალობითაც ხდება დაზიანებული უბნის რეგენერაცია, აღდგენა და კანის საფარველის ხელახალი წარმოქმნა.
IIIბ ხარისხის დამწვრობის დროს დაზიანებულ უბანში კანის ბაზალური შრე ნადგურდება. აქედან გამომდინარე, ვეღარც კანის წარმოქმნა ხორციელდება და მცირეფართობიანი დამწვრობის შემთხვევაშიც კი ჭრილობის დახურვა (ოპერაციის გარეშე) მხოლოდ კიდითი ეპითელიზაციის გზით არის შესაძლებელი, დიდი ფართობის დაზიანებისას კი ქირურგიული ჩარევა აუცილებელია. კიდითი ეპითელიზაციის დროს კანი დაზიანებული უბნის კიდეებიდან ანუ საღი ნაწილიდან იწყებს წამოსვლას და ჭრილობას თანდათან ხურავს, მაგრამ ხდება დანაწიბურება, რასაც არცთუ იშვიათად მოჰყვება დანაწიბურებული უბნის ფუნქციის მოშლა, ქავილი, ტკივილი, ესთეტიკური პრობლემები.
IV ხარისხის დაზიანებას ექიმები დანახშირებას უწოდებენ. ამ დროს ზიანდება კანი, კანქვეშა ქსოვილი, კუნთები, ხშირად ძვლებიც კი. ამგვარ დამწვრობას უმეტესად ელექტროკონტაქტური ტრავმა და ალი იწვევს.
ელექტროკონტაქტური დამწვრობა სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან პირველ საათებში ხშირად ჭირს დემარკაცია - საღ და მკვდარ ქსოვილებს შორის ზღვრის დადგენა. როგორც წესი, ის განსაზღვრული ხნის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.
ელექტროკონტაქტური ტრავმისას სისხლძარღვები, მყესები და ძვლები გამტარის როლს ასრულებს და წრედის შეკვრის შედეგად გამოყოფილი ტემპერატურა დამწვრობას იწვევს. თავდაპირველად ჩანს დანახშირებული ნაწილი, კერძოდ, ელექტროდენის შესვლის (სადენთან კონტაქტის) და გამოსვლის ადგილი. მოგვიანებით დაზიანება დენის გავლის გზაზეც აისახება. ასე რომ, შესაძლოა, ვიზუალურად საღი კანის ქვეშ დანახშირებული კანქვეშა და კუნთოვანი ქსოვილი იყოს. გარდა ამისა, იქმნება პრობლემა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. გულის მუშაობა პარკუჭებისა და წინაგულების მონაცვლეობითი შეკუმშვა-მოდუნებაა. მათ რიტმს ელექტრული იმპულსები არეგულირებს. მაღალი ძაბვის დენის გავლის შემთხვევაში გულის რიტმი ირღვევა. პირველი 72 საათის მანძილზე დიდია ფიბრილაციის განვითარების - პარკუჭებისა და წინაგულების უსისტემო შეკუმშვა-მოდუნების - საფრთხე. ამ პროცესის დაფიქსირება და დეფიბრილატორის საშუალებით რეგულირება მხოლოდ სტაციონარშია შესაძლებელი. დენის დარტყმის დროს სიკვდილის მიზეზიც სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან სუნთქვის ცენტრის დამბლაა.
დამწვრობითი დაავადების მიმდინარეობა უპირატესად ასაკზეა დამოკიდებული. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პირებთან შედარებით ბავშვებსა და მოხუცებში დამწვრობა ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს და სიკვდილიანობაც მაღალია. ჩვილ ბავშვებში ხშირია წყლითა და ცხელი საკვებით დამწვრობა. გასათვალისწინებელია, რომ ჩვილებს თერმორეგულაცია მოუწესრიგებელი აქვთ, ამიტომ იმან, რაც მოზრდილ ადამიანს ცხლად არ ეჩვენება, პაწიებში შესაძლოა დამწვრობა გამოიწვიოს. საბედნიეროდ, ამ ასაკში კანის რეგენერაციის უნარი ძალიან მაღალია.
დამწვრობის სირთულეს დაზიანებული უბნის ფართობი და დაზიანების სიღრმე განსაზღვრავს. არსებობს ე.წ ფრანკის ინდექსი, რომელიც, დამწვრობითი დაავადების ხარისხისა და ფართობის გათვალისწინებით, მოზრდილებში ერთგვარი პროგნოზირების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელში ასაკი გათვალისწინებული არ არის, ის მეტ-ნაკლებად მაინც გვიქმნის წარმოდგენას დამწვრობითი დაავადების სავარაუდო შედეგზე. ფრანკის ინდექსი გამოითვლება სპეციალური ფორმულით, რომელიც ღრმა დამწვრობის ფართობისა და ზედაპირული დამწვრობის ფართობის ჯამს წარმოადგენს. არც ღრმა, არც ზედაპირული დამწვრობა დამოუკიდებლად არ ვითარდება, ისინი მეტწილად კომბინირებულად გვხვდება.
დამწვრობითი შოკი. დამწვრობითი შოკი საკმაოდ განსხვავდება სხვა სახის შოკური მდგომარეობებისგან. ადამიანი ასიდან 99 შემთხვევაში გონზეა, ადეკვატურია, შემაწუხებელ, ძლიერ ტკივილს იშვიათად განიცდის, წნევაც ნორმალური აქვს, მაგრამ უმძიმეს შოკშია.
დამწვრობითი შოკის დროს ტკივილის არარსებობის მიზეზი ცნობილია: როდესაც ტკივილი მეტისმეტად ძლიერია, ირთვება თავდაცვითი მექანიზმი და ქერქქვეშა უბნები ითიშება, ამასთანავე, ღრმა დამწვრობისას ტკივილის აღმქმელი რეცეპტორებიც იღუპება, ამიტომ ადამიანი ტკივილს ვერ შეიგრძნობს. ამის კვალობაზე, მძიმე დამწვრობისას ტკივილის არარსებობა სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. პირიქით, იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა გადაუდებელი, კვალიფიციური დახმარება.
შოკი დამწვრობითი დაავადების პირველი ფაზაა. ინტენსიური თერაპიის საშუალებით ადამიანი შოკიდან გამოდის. ამის შემდეგ ვითარდება მეორე, ტოქსემიის ფაზა. ამ დროს ხდება დაზიანებული ქსოვილების გახრწნა, შეწოვა და ამით განპირობებული მძიმე ინტოქსიკაცია. მომდევნოა სეპტიკოტოქსემიის ფაზა. იგი სეფსისის მსგავს სურათს იძლევა. განსხვავებას ავლენს მხოლოდ ანალიზი - სისხლში ბაქტერიების ტიტრი სეფსისის დროს უფრო მაღალია.
შოკის დროს მიმართავენ ინტენსიურ თერაპიას, უმთავრესად - ტრანსფუზიას (სითხეების გადასხმას). შოკის დროს ადგილი აქვს მძიმე ჰიპოვოლემიას - ორგანიზმი კარგავს დიდი ოდენობის სითხეს, რასაც ბიოქიმიური ძვრების მთელი წყება მოჰყვება, ამიტომ დაკარგული სითხის მარაგის შევსება აუცილებელია.
პირველი ნიშანი იმისა, რომ ავადმყოფი შოკიდან გამოდის, არის თირკმელთა ფუნქციის იმ დონეზე აღდგენა, როდესაც საათობრივი დიურეზი აღწევს 70-80 მლ/სთ-ს (საათში გამოიყოფა 70-80 მლ შარდი) და სხეულის ტემპერატურა 37,5-38 გრადუსამდე იმატებს (შოკის დროს მიკროცირკულაციის დარღვევის გამო ტემპერატურა შესაძლოა 34 გრადუსამდეც კი დაეცეს).
შოკში მყოფის საფუძვლიანი ქირურგიული დამუშავება არ არის რეკომენდებული - ეს მას კიდევ უფრო ძლიერ ტრავმას მიაყენებს.
შოკიდან გამოსვლისთანავე იწყება ადგილობრივი მკურნალობა.
ტოქსემიის ფაზაში ძირითადად ბაქტერიებთან ბრძოლა მიმდინარეობს. ავადმყოფს ენიშნება ანტიბიოტიკები, მიკროცირკულაციის აღმდგენი საშუალებები, ვიტამინები და სხვა.
დამწვრობისას  დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. ავადმყოფმა ჩვეულებრივზე მეტი კალორია უნდა მიიღოს. ამისთვის მიმართავენ მაღალკალორიული სითხეების გადასხმას, ზონდურ კვებას, უნიშნავენ მაღალკალორიულ დიეტას.
დამწვრობიდან 15-16 დღის შემდეგ ხერხდება დაზიანებული უბნების პლასტიკური ოპერაციისთვის მომზადება - მკვდარი ქსოვილის მოშორება და სპეციალური დამუშავება.

პირველი დახმარება ქიმიური დამწვრობის დროს. ქიმიური დამწვრობა არცთუ ისე ხშირი, მაგრამ საკმაოდ მძიმეა. უცნობი ქიმიური საშუალებით დამწვრობისას დაშავებულს უნდა გავხადოთ ტანსაცმელი, რომელზეც დაესხა ქიმიური ნივთიერება, შემდეგ დამწვარი უბანი კარგად ჩამოვიბანოთ ოთახის ტემპერატურის გამდინარე წყლით და გადავუხვიოთ სტერილური ქსოვილით. თუ ტკივილი აუტანელია, შეიძლება ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიცემაც. შემდეგ კი დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სპეციალისტს.
პირველი დახმარება თერმული დამწვრობის დროს. თუ დაზიანებული უბანი არც ისე დიდია, საუკეთესო გზაა მისი ცივი წყლით გაგრილება. როდესაც დაზიანება დიდ ფართობს მოიცავს, სჯობს, პაციენტი გავახვიოთ სუფთა ტილოში (მაგალითად, უთოთი დამუშავებულ ზეწარში) და სასწრაფოდ გადავიყვანოთ სტაციონარში.
დამწვრობისას ზეთის წასმა დაუშვებელია - იგი ჰაერგაუმტარ შრეს ქმნის, ხელს უშლის ტემპერატურის გაცემას და დამწვრობას კიდევ უფრო აღრმავებს. სპირტი, პირიქით, ხელს უწყობს აორთქლებას და კარგია, მაგრამ მისი წასმა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, თორემ საშინელ ტკივილს გამოიწვევს.
თუ ზედაპირული დამწვრობა 0,5%-ს არ აღემატება (კანის საერთო ფართობის 1% დაახლოებით ხელისგულისოდენაა), ის შეიძლება დამოუკიდებლად დავამუშაოთ რივანოლით და სტერილური დოლბანდით გადავახვიოთ - ორგანიზმი დაზიანებას თვითონვე მოერევა, მაგრამ ექიმის კონსულტაცია მაინც სასურველია.

 

 

დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად