დღესასწაულის შემდეგ
დიდი ამბავი, თუ დიასახლისი ამ გაწამაწიაში კაბის გამოცვლასა და თმის დავარცხნასაც კი ვერ მოასწრებს (მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია) - მთავარია, ქმარმა და მისმა მეგობრებმა მოილხინონ...ერთი სიტყვით, საქართველოს უდიდეს ნაწილში კვლავაც პატრიარქატია. რა თქმა უნდა, ჩვენი სტატიის მიზანი ქალთა ემანსიპაციის ქადაგება არ არის, უბრალოდ, რამდენიმე ხერხს გასწავლით, რათა ახალი წლით თქვენც, ოჯახის მშვენიერმა ნახევარმაც ისიამოვნოთ.
სასწრაფი დახმარება კანისთვის
დაღლილობა, უძილობა ნეგატიურად აისახება ჩვენს გარეგნობაზე, განსაკუთრებით კი კანზე, მოუცლელობის გამო სახეზე ხშირად გვრჩება ძველი მაკიაჟის კვალი, ამას ემატება თამბაქოს კვამლი... აუცილებლად უნდა გამოვნახოთ დრო, კარგად გამოვიძინოთ და მივხედოთ კანს.
როგორც კი თავისუფალ წუთს გამონახავთ, კანი გაიწმინდეთ და დამატენიანებელი ნიღაბი წაისვით. ნიღაბი 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, ხოლო სახეზე წაისვით დამატენიანებელი კრემი და თვალებქვეშ არსებული კანის მოსავლელი სპეციალური საშუალება, რომელიც უპეების შეშუპებას ხსნის.
თუ ქუთუთოები გაღიზიანებული გაქვთ, ჯერ ჩაის კომპრესები გაიკეთეთ.
სასწაულმოქმედი აბაზანა
როცა ყველა საქმეს მორჩებით, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, აბაზანის მიღებაა. წყალს ჩაამატეთ არომატული ქაფი, გაიკეთეთ თმის ნიღაბი (შეგიძლიათ, პარალელურად სახის დამატენიანებელი ნიღაბიც გაიკეთოთ), თვალებზე ჩაის საფენები ან უმი კარტოფილის ნაჭრები დაიწყვეთ, ხელები და ფეხები სქრაბით დაიმუშავეთ. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს პროცედურები როგორ გაგახალისებთ და გაგამხნევებთ.
აბაზანის შემდეგ აუცილებლად წაისვით ტანზე დამატენიანებელი კრემი და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.
ნიღბების დრო
ახლა კი დადგა კანის დამამშვიდებელი და მკვებავი ნიღბების დრო. კარგია ქსოვილოვან საფუძველზე დამზადებული ნიღბები, რომლებიც შეიცავს კანის მოვლის საშუალებათა კომპლექსს. არსებობს სპეციალური საშუალებები მათთვის, ვინც დღესასწაულმა ძლიერ დაღალა. შესანიშნავი ეფექტი აქვს თიხის ნიღაბს.
მოვიცილოთ კილოგრამები
სადღესასწაულო სუფრა და პირველი იანვრის საუზმე ცალკე თემაა! საახალწლო სუფრაზე ხომ ყველა კერძი და ნუგბარი ზედმეტად კალორიულია. მაცივარი ხორაგით არის გამოტენილი და მეორე დილით თეფშზე ცოტ-ცოტა ყველაფერი ხვდება. თუ ნებისყოფა გეყოფათ, ასეთ საუზმეზე უარი თქვით, დაისხით მოზრდილ ჭიქაში ფორთოხლის წვენი და ისიამოვნეთ. კილოგრამებს სწრაფად და ადვილად ვკრეფთ, მათი მოცილება კი ხანგრძლივი და მტანჯველი პროცესია. რას ვიზამთ, თუ თეძოები და მუცელი უკვე დაგიმშვენათ ჭარბმა ცხიმმა, დიეტის დაცვა და სპორტდარბაზში სიარული მოგიწევთ. კარგი იქნება, თუ ანტიცელულიტურ საშუალებებსაც გამოიყენებთ. ისინი მრავალნაირია: არსებობს როგორც ღამის, ისე დღის კრემები თერმოეფექტით, ლიფტინგის ეფექტით და სხვა. ნუ დაიზარებთ, იმოქმედეთ!
ჯადოსნური დილა
პირველი იანვრის დილა, როგორც წესი, შუადღისას იწყება. თუ ამ დროს ფანჯრიდან გავიხედავთ, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩება, რომ ეს-ესაა გათენდა. ქუჩები ცარიელია, წყნარი. განვლილ ღამეს ტკბილეულით დახუნძლული სუფრა გვახსენებს, ეზოებში შუშხუნების ნაკვალევია მიმოფანტული... აღბეჭდეთ ფოტოზე ეს ჯადოსნური დილა, თუ გეხერხებათ, შეგიძლიათ, დახატოთ კიდეც.
შეინარჩუნეთ სადღესასწაულო განწყობა, მოკალათდით ტელევიზორთან და მოაწყვეთ ექსკურსია შორეულ ბავშვობაში. ნახეთ საახალწლო გადაცემები და ფილმები, რომლებიც ბავშვობის დღეებს გაგახსენებთ.
თუ დაღლილი არ ხართ, წადით სტუმრად, მიულოცეთ ახალი წელი ახლობლებსა და მეგობრებს. დაისვენეთ და ისიამოვნეთ!