როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს მკურნალობა და დასვენება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს მკურნალობა და დასვენება

- ბატონო იორამ, წელიწადში ერთხელ ადამიანი ცდილობს, თავს უფლება მისცეს და მცირე ხნით მაინც მოახერხოს დასასვენებლად წასვლა. რა კუთხით უნდა მივუდგეთ ამ პრობლემას?

- XXI საუკუნეში, როცა ეკოლოგიური კატასტროფების, ეთნოკონფლიქტების, ტერაქტების, ომების, ცხოვრების არანორმალური ტემპის გამო ადამიანი განსაკუთრებით სტრესულ ვითარებაში აღმოჩნდა, დადგა განტვირთვისა და გაჯანსაღების ორიგინალური ფორმების გამოყენების დრო, სადაც ერთმანეთთან უნდა იყოს შერწყმული დასვენება, რელაქსაცია, გართობა, ფიზიკური და სულიერი წონასწორობის აღდგენა, ახლის შეცნობა, გაჯანსაღება, მკურნალობა და სხვა. საქართველო უნიკალური ქვეყანაა. აქ მდებარეობს 103 კურორტი, 340 საკურორტო ადგილი, 2000-ზე მეტი მინერალური წყარო, 1300-ზე მეტი კარსტული მღვიმე, წყალუხვი მდინარეები, ტბები, ჩანჩქერები, შავიზღვისპირეთის სუბტროპიკული ზონა, დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები, ტყეები, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით დაფარული კავკასიონის ქედის მწვერვალები.

- ვიდრე კურორტოლოგიური მკურნალობის ცალკეული სახეების დახასიათებაზე გადავიდოდეთ, იქნებ გვითხრათ, რა შეიძლება იყოს კურორტზე მკურნალობის უკუჩვენება.

- კურორტზე მკურნალობის საერთო უკუჩვენებებია:

  • ყველა დაავადება მწვავე პერიოდში ან გამწვავების სტადიაში;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • სისხლის დაავადებები;
  • ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;
  • სისხლდენა;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებები;
  • ფსიქიკური დაავადებები;
  • ესენციური ჰიპერტენზიის III სტადია;
  • გულის იშემიური დაავადების დაძაბვის სტაბილური სტენოკარდიის III-IV ფუნქციური კლასი;
  • გულის რიტმის შეტევითი ხასიათის დარღვევები - პაროქსიზმული ტაქიკარდია, მოციმციმე არითმია, სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
  • სუნთქვის უკმარისობის III სტადია;
  • ფილტვ-გულის უკმარისობის II-III ხარისხი და სხვა.

- ძნელად მოიძებნება ადამიანი, ზღვა რომ არ უყვარდეს. რა უნდა გავითვალისწინოთ ზღვაზე დასვენების დროს? მაგალითად, როგორი უნდა იყოს ცურვის ხანგრძლივობა და დატვირთვის ინტენსივობა?

- ზღვაში ცურვის პირობების შეფასებისას ითვალისწინებენ არა მარტო ზღვის ტემპერატურას, არამედ ზღვის ღელვასაც. გაუვარჯიშებელი ადამიანისთვის ზღვაში ცურვა ნებადართულია არა უმეტეს ერთბალიანი ღელვის პირობებში (ზღვა მშვიდია, შესაძლოა იყოს მცირე, 0,25 მ სიმაღლის ჭავლი), ხოლო გავარჯიშებულისთვის - არა უმეტეს ორბალიანისა (მსუბუქი ღელვა, მოკლე ტალღები, მინისებრი ქაფი, სუსტი, ერთგვაროვანი ხმაური). გარდა ამისა, ბანაობისას ვითვალისწინებთ ეკვივალენტურ-ეფექტური ტემპერატურის სიდიდეს, ვინაიდან ჰაერის სითბურ რეჟიმს შეუძლია, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე წყლიდან ამოსვლისას. დაბალი ეკვივალენტურ-ეფექტური ტემპერატურის დროს მოსალოდნელია ორგანიზმის გადაცივება. ზღვაში ცურვა უმჯობესია საადაპტაციო პერიოდის (საშუალოდ 3-5 დღე) გავლის შემდეგ. ცურვის ხანგრძლივობა წყლის ტემპერატურის მიხედვით განისაზღვრება. დატვირთვის ინტენსივობის შესაბამისად, განასხვავებენ ცურვის რამდენიმე რეჟიმს: სუსტს, ზომიერს და ინტენსიურს. ცურვის სუსტ რეჟიმს მიმართავენ შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ესენციური ჰიპერტენზია - II სტადია;
  • გულის იშემიური დაავადების II ფუნქციური კლასის დაძაბვის სტაბილური სტენოკარდია;
  • ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი;  
  • მიოკარდიოდისტროფიები;
  • გულის სარქვლების შეძენილი მანკები მარცხენა ვენური ხვრელისა და აორტის სტენოზის უპირატესობის გარეშე, ჩამცხრალი რევმატული პროცესით;
  • ტროფიკული წყლულები და განგრენის გარეშე მიმდინარე ქვედა კიდურების მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი;
  • დაზიანებული კიდურების ფრჩხილის ფალანგებზე ნეკროზული უბნების გარეშე მიმდინარე მაობლიტირებელი ენდარტერიიტი;
  • ქვედა კიდურების ქრონიკული ტრომბოფლებიტი (მწვავე პერიოდის ჩაცხრობიდან 6 თვის შემდეგ) გულის უკმარისობის II ფუნქციური კლასის არსებობისას;

    ლ ქრონიკული არაობსტრუქციული ბრონქიტი) სუნთქვის უკმარისობის I ხარისხით.

ცურვის ზომიერი რეჟიმი ნებადართულია:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზემოაღნიშნული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის გულის უკმარისობის I ფუნქციური კლასით.

ცურვის ინტენსიური რეჟიმი ნებადართულია პაციენტებისთვის, რომლებსაც:

  • არ აქვთ გაციებისადმი მიდრეკილება;
  • იმყოფებიან პათოლოგიური პროცესის კომპენსაციის სტადიაში
  • არ აღენიშნებათ სუნთქვის, ფილტვ-გულისა და გულის უკმარისობა.

მკურნალობის კურსი მოიცავს 14-20 ცურვას. მკურნალობის პერიოდში (ზღვაში ცურვისადმი კარგი ამტანობისას) შესაძლებელია პაციენტის ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადაყვანა. ზღვიდან ამოსვლის შემდეგ პაციენტები 20-30 წუთის განმავლობაში ისვენებენ ჩრდილში, სამკურნალო პლაჟის ტახტზე, კლიმატოპავილიონში ან აერარიუმში.


- რა შეიძლება იყოს ზღვაში ცურვის უკუჩვენება?

- ზღვაში ცურვის უკუჩვენებაა:

  • ცხელება;
  • დაავადებების მწვავე პერიოდი ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
  • ბრონქული ასთმა;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისა და ტრავმების შედეგები;
  • ეპილეფსია;
  • ქსოვილებისა და ორგანოების დეკომპენსირებული მდგომარეობები.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ საქართველოში არის 1300-ზე მეტი კარსტული მღვიმე. რას ნიშნავს კარსტული მღვიმის პირობებში მკურნალობა?

- სპელეოთერაპიის ისტორია 2500 წელზე მეტს ითვლის. კარსტულ მღვიმეთა სიმრავლით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ჩვენთან სამკურნალოდ იყენებდნენ ორ კარსტულ გამოქვაბულს: აფხაზეთში, კურორტ ახალი ათონის მახლობლად მდებარე ანაკოპიის მღვიმეს და წყალტუბოში არსებულ თეთრ მღვიმეს. წლების განმავლობაში აქ ძალზე ეფექტურად მკურნალობდნენ ბრონქული ასთმის, ქრონიკული ბრონქიტის, გულის იშემიური დაავადების ესენციური ჰიპერტენზიის, ჰიპოტენზიის, ნეიროცირკულატორული დისტონიის, ნევროზების და ნევრასთენიის მქონე ავადმყოფებს. კარსტული მღვიმის პირობებში მკურნალობის კურსი მოიცავს 17-20 ყოველდღიურ 3-საათიან სპელეოპროცედურას.

- საქართველო მდიდარია მინერალური წყლებით. როგორ უნდა წარიმართოს მკურნალობა ამ ბუნებრივი წამლით?

- მინერალური წყლები ორგვარია: სასმელი და გარეგანი მოხმარებისა. მკურნალობაც, შესაბამისად, მოიცავს სასმელი მინერალური წყლებითა და გარეგანი მოხმარების მინერალური წყლებით მკურნალობას. სასმელი მინერალური წყლებით მკურნალობის თავისებურებანი:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციული და მოტორული ფუნქციის გასაძლიერებლად მინერალური წყლის მიღება მიზანშეწონილია ნელა, მცირე ყლუპებით.
  • კუჭის წვენის მომატებული სეკრეციისა და კუჭის მოტორიკის გაძლიერების შემთხვევაში - მინერალური წყლის მიღება რეკომენდებულია სწრაფად, ერთბაშად, დიდი ყლუპებით.
  • ყაბზობისკენ მიდრეკილებისას რეკომენდებულია ცივი, ხოლო ფაღარათისკენ მიდრეკილებისას - თბილი და ცხელი მინერალური წყლების მიღება.
  • ჰიპოსეკრეციული მდგომარეობის დროს სასმელი მინერალური წყლები ინიშნება ჭამამდე 15-20 წუთით ადრე ან უშუალოდ ჭამის დროს.
  • ჰიპერსეკრეციის შემთხვევაში - ჭამამდე 1,0-1,5 საათით ადრე.
  • ნორმოციდური მდგომარეობისას რეკომენდებულია სასმელი მინერალური წყლის მიღება ჭამამდე 30-45 წუთით ადრე.

გარდა ამისა,  ჰიპოაციდური მდგომარეობისას რეკომენდებულია ცივი მინერალური წყლის მიღება, ნორმოაციდული მდგომარეობისას - ოთახის ტემპერატურის წყლისა, ხოლო ჰიპერაციდული მდგომარეობისას იღებენ თბილ ან ცხელ მინერალურ წყლებს.

- როგორია დოზირება და რამდენ ხანს გრძელდება კურსი?

- მინერალური წყლების სუსტი, მცირე და საშუალო მინერალიზაციისას ერთ ჯერზე უმეტესად 180-250 მლ წყლის მიღებას უნიშნავენ (3,0-3,3 მლ-ს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე). მინერალური წყლის 3-4-ჯერადი მიღებისას სადღეღამისო დოზაა 540-1000 მლ. ნაკლები დოზა ინიშნება კუჭიდან შენელებული ევაკუაციისა და კუჭის ატონიის დროს. ნაკლები ოდენობის მინერალური წყლის მიღება რეკომენდებულია აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, როდესაც ორგანიზმიდან სითხის გამოყოფა შეფერხებულია. ღვიძლისა და სანაღვლე გზების, თირკმელებისა და საშარდე სისტემის დაავადებების დროს, პირიქით, მისაღები სითხის ოდენობა 1200-1500 მლ-მდე იზრდება. თირკმლისა და შარდგამომყოფი სისტემის დაავადებების დროს მინერალური წყლის მიღება რეკომენდებულია დღე-ღამეში 6-8-ჯერ. გამონაკლისია მინერალური წყალი ლუგელა. მისი მიღება რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ, 15-20 მლ-ს ოდენობით. მკურნალობის კურსი 20-25 დღეს შეადგენს. გარეგანი მოხმარების მინერალური წყლები უმთავრესად აბაზანების სახით გამოიყენება. გოგირდწყალბადის (სულფიდური) აბაზანების (თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, უდაბნო (საირმესთან), ცაიში, მენჯი) მიღებისას გოგირდწყალბადიანი (სულფიდური) წყლის ტემპერატურა 350C-370C-ია, პროცედურის ხანგრძლივობა - 8-12 წუთი. აბაზანები ინიშნება დღეგამოშვებით ან ორი დღე ზედიზედ, მესამე დღეს რეკომენდებულია დასვენება. კურსი მოიცავს 10-15 პროცედურას. აზოტოვანი, მეთანინიანი და აზოტოვან-მეთანინიანი მინერალური წყლების (ნუნისი, ნასაკირალი, ჰერეთის კარი, ლაგოდეხი) აბაზანების მიღებისას წყლის ტემპერატურა 340C-360C-ია, პროცედურის ხანგრძლივობა - 10-15 წუთი. პროცედურები ტარდება ყოველდღე ან დღეგამოშვებით. ნახშირმჟავა მინერალური წყლის (ბორჯომი, უწერა, შოვი) აბაზანებით მკურნალობისას წყლის ტემპერატურა თავდაპირველად 350C-360C უნდა იყოს. შემდგომ მას თანდათან 320C-მდე ამცირებენ. პარალელურად იმატებს პროცედურის ხანგრძლივობა. კურსის დასაწყისში ის 5-7 წუთის ტოლია, ხოლო კურსის დასასრულს 12-15 წუთს უტოლდება. აბაზანები ინიშნება დღეგამოშვებით ან ორი დღე ზედიზედ. მესამე დღეს რეკომენდებულია დასვენება. კურსი მოიცავს 12-15 პროცედურას. სუსტი რადიაქტივობის რადონის წყლის (წყალტუბო) საერთო აბაზანის მიღებისას წყლის ტემპერატურა 350C-370C-ია, პროცედურის ხანგრძლივობა - 12-15 წუთი. აბაზანები ინიშნება ყოველდღე ან დღეგამოშვებით. კურსი მოიცავს 12-15 პროცედურას. სუსტი რადიაქტივობის რადონის წყლის ინჰალაცია ტარდება ჰერმეტულ კაბინებში, რომელსაც მიეწოდება 430C ტემპერატურის მქონე ჰაერრადონის ნარევი (გაწმენდილი რადონის დაშლის პროდუქტებისაგან). ბრომიანი (იოდბრომიანი) მინერალური წყლების (უჯარმა) საერთო აბაზანის მიღებისას წყლის ტემპერატურა 350C-370C-ია, პროცედურის ხანგრძლივობა - 10-15 წუთი. აბაზანები ინიშნება დღეგამოშვებით ან ორი დღე ზედიზედ. მესამე დღეს რეკომენდებულია დასვენება. კურსი მოიცავს 10-15 პროცედურას. ქლორიდული (ასპინძა, ბიისი, სიმონეთი), ჰიდროკარბონატული (ბაბა-ნური, დმანისი, ხიდიკარი) და სულფატური (კოჯორი, სურამი, სქური) წყლის აბაზანების ტემპერატურაა 360C-380C, პროცედურის ხანგრძლივობა - 10-20 წუთი. აბაზანები ინიშნება ყოველდღე ან ორი დღე ზედიზედ, მესამე დღეს რეკომენდებულია დასვენება. კურსი მოიცავს 12-15 პროცედურას. აბაზანის შემდეგ პაციენტი ტანს შეიშრობს პირსახოცით (დაზელის გარეშე) და აუცილებლად ისვენებს მწოლიარე 20-30 წუთს, მერე კი უკვე პალატაში ან სახლში - 1-1,5 საათს.

- რაზეა დამოკიდებული მინერალური წყლების აბაზანების ჩვენება?

- მინერალური წყლების აბაზანების ჩვენება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული:

  • იმ ადგილის კლიმატურ თავისებურებებსა და სიმაღლეზე, სადაც ტარდება ბალნეოთერაპია;
  • პათოლოგიის სიმძიმეზე;
  • გულის, სუნთქვისა და ფილტვ-გულის უკმარისობის ხარისხზე.

მაგალითად, ზღვის სანაპირო კლიმატობალნეოლოგიურ კურორტზე აზოტიანი მინერალური წყლების აბაზანების მიღება ნებადართულია ესენციური ჰიპერტენზიის I-II სტადიის, გულის იშემიური დაავადების დაძაბვის სტაბილური სტენოკარდიის I-II ფუნქციური კლასისა და გულის უკმარისობის I-II ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებისთვის. IV მაღლივ სარტყელში, ზღვის დონიდან 1600 მ-ზე მდებარე კლიმატობალნეოლოგიურ კურორტ შოვის აზოტიანი მინერალური წყლების აბაზანების მიღება ნებადართულია ესენციური ჰიპერტენზიის I სტადიისა და გულის იშემიური დაავადების დაძაბვის სტაბილური სტენოკარდიის I ფუნქციური კლასის მქონე პაციენტებისთვის გულის უკმარისობის არარსებობის პირობებში. ნახშირმჟავა მინერალური წყლის აბაზანების მიღება კურორტ ბორჯომის პირობებში (რომელიც II სიმაღლის სარტყელში, ზღვის დონიდან 800-1000 მ სიმაღლეზე მდებარეობს) ნებადართულია სუნთქვის უკმარისობის I-II ხარისხის ან მის გარეშე მიმდინარე მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებისთვის. იმავე წყლის აბაზანების მიღება კურორტ უწერის პირობებში, რომელიც იმყოფება IV სიმაღლის სარტყელში, ზღვის დონიდან 1050-1200 მ სიმაღლეზე, ნებადართულია სუნთქვის უკმარისობის I ხარისხით ან მის გარეშე მიმდინარე მსუბუქი ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებისთვის.


- ტალახით მკურნალობის მეთოდებზე რას გვეტყვით?

- განასხვავებენ სამკურნალო ტალახის ზოგად და ადგილობრივ აპლიკაციებს და განზავებულ აბაზანებს. ზოგადი აპლიკაციის ჩატარების დროს პაციენტს აწვენენ ტალახზე, ზემოდან, გარდა თავისა, კისრისა და გულის არისა, თითქმის მთელ სხეულზე უსვამენ ტალახის ფენას. ადგილობრივი პროცედურების დროს ტალახს ათავსებენ პათოლოგიურ კერაზე ან/და ამ კერის სეგმენტურ ზონაზე. ლოკალიზაციისა და მოცულობის მიხედვით განასხვავებენ ტალახის „შარვალს“, „ტრუსებს“, „ხელთათმანებს“ და ა.შ. ტალახის აპლიკაციის სისქე 4-8 სმ-ია, ტემპერატურა 37-დან 420C-მდე მერყეობს. უფრო მაღალი ტემპერატურის (42-460C) ტალახით მკურნალობა ინიშნება დაავადების მწვავე და ქვემწვავე სტადიაში (ზომიერად ან სუსტად გამოხატული ტკივილის დროს). 37-400C ტემპერატურის ტალახს (მიტიგირებული პელოიდოთერაპია) გამოხატული და ზომიერი ტკივილის სინდრომის შემთხვევაში იყენებენ. პროცესის მორეციდივე მიმდინარეობისას კურსი მოიცავს 10-15 პროცედურას დღეგამოშვებით ან 2-3 დღე ზედიზედ, თითოდღიანი ინტერვალებით. პროცედურის დამთავრების შემდეგ პაციენტს ტალახს აცილებენ. იგი იღებს თბილ შხაპს, იცვამს და 30-40 წუთის განმავლობაში მწოლიარე ისვენებს. ტალახის განზავებული აბაზანის მიღებისას ტალახის ხსნარის ტემპერატურა 400C-420C-ია, პროცედურის ხანგრძლივობა - 10-15 წუთი. კურსი მოიცავს 12-18 პროცედურას. პროცედურები ტარდება დღეგამოშვებით ან 2 დღე ზედიზედ, მესამე დღეს რეკომენდებულია შესვენება.

- პროცედურის მსვლელობისას ხომ არ არის საჭირო პაციენტის მდგომარეობის კონტროლი?

- პროცედურის მსვლელობისას მედდა ვალდებულია, პერიოდულად შეამოწმოს პაციენტის მდგომარეობა, გაუზომოს გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე.

- ვარგისია თუ არა აბაზანებისთვის შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ქვიშა?

- აბაზანებისა და ნახევარაბაზანებისთვის კარგია კურორტ ურეკის სანაპირო ზოლზე არსებული ბუნებრივად შემთბარი მაგნეტიტური ქვიშა. პროცედურები ტარდება წლის თბილ პერიოდში - ივნისის II ნახევარში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის I ნახევარში, მშრალ, მზიან ამინდში. ქვიშის ტემპერატურა 500C-570C უნდა იყოს

- რომელ პათოლოგიებს უხდება ქვიშის აბაზანები?

- ქვიშის აბაზანები კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებისა და ფილტვის ქრონიკული არაობსტრუქციული დაავადებების დროს, ნახევარაბაზანები კი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიების დროს. ქვიშის აბაზანის მიღებისას პაციენტს მთლიანად აყრიან გამთბარი ქვიშის 4-5 სმ სისქის ფენას, ღია რჩება მხოლოდ გულმკერდი, ნახევარაბაზანის მიღებისას კი გამთბარი ქვიშის 4-5 სმ-იანი ფენით ვფარავთ მხოლოდ დაზიანებულ უბნებს - სახსრებს, კიდურებს და ა.შ. მაგნეტიტური ქვიშის აბაზანის მიღებამდე პაციენტი 30 წუთი ისვენებს ნაპირზე, ჩრდილში. ამ ხნის განმავლობაში იგი ეგუება გარემოს თერმულ პირობებს, თუ მანამდე არ მიუღია ჰაერის ან მზის აბაზანა. პროცედურები ინიშნება ყოველდღე, კურსი მოიცავს 12-15 საერთო აბაზანას ან ნახევარაბაზანას.

- რაზეა დამოკიდებული მაგნეტიტური ქვიშის აბაზანის ან ნახევარაბაზანის ხანგრძლივობა?

- გულის, სუნთქვის ან ფილტვ-გულის უკმარისობის არსებობასა და მათ გამოხატულებაზე. კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პაციენტებს (არტერიული ჰიპერტენზიის II სტადია, გულის იშემიური დაავადების II ფუნქციური კლასის დაძაბვის სტაბილური სტენოკარდია, ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფიები, გულის სარქვლების შეძენილი მანკები მარცხენა ვენური ხვრელისა და აორტის სტენოზის უპირატესობის გარეშე, ჩამცხრალი რევმატული პროცესით) გულის უკმარისობის II ფუნქციური კლასის თანაობისას ენიშნებათ 8-10-წუთიანი აბაზანები. ასეთივე ხანგრძლივობის მაგნეტიტური ქვიშის აბაზანები ენიშნებათ ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური, არაობსტრუქციული დაავადებების მქონე ავადმყოფებს I ხარისხის ფილტვ-გულის უკმარისობის თანაობის შემთხვევაში. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზემოაღნიშნული დაავადებები გულის უკმარისობის I ფუნქციური კლასით ან მის გარეშე, ქრონიკული არაობსტრუქციული ბრონქიტი, სუნთქვის უკმარისობის I-II სტადია, ალიმენტური სიმსუქნე, პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიები - პარეზები (გენერალიზებული ნევრიტები და ნევრალგიები რეაბილიტაციის სტადიაში), ენიშნებათ მაგნეტიტური ქვიშის 15-20-წუთიანი აბაზანები. ქვიშის ნახევარაბაზანის ხანგრძლივობა 40-50 წუთია.

- როდის არ შეიძლება მაგნეტიტური ქვიშის აბაზანების მიღება?

- ქვიშის აბაზანების უკუჩვენებებია:

  • ფილტვების ტუბერკულოზი;
  • III-IV ფუნქციური კლასის გულის უკმარისობა;
  • III ხარისხის სუნთქვის უკმარისობა;
  • II ხარისხის ფილტვ-გულის უკმარისობა;
  • ცხელებით მიმდინარე მწვავე დაავადებები;
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობები;
  • სისტემური წითელი მგლურა;
  • ბრონქული ასთმა;
  • თირეოტოქსიკოზი და ენდოკრინული სისტემის სხვა დაავადებები;
  • სირინგომიელია;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • მწვავე დაავადებები ან ქრონიკული დაავადებები გამწვავების სტადიაში.