როგორ ვიმკურნალოთ კლიმატით
ორგანიზმზე ქმედით გავლენას ახდენს: ატმოსფეროს აიროვანი შემადგენლობა, მასში ჟანგბადის შემცველობა, დაბინძურების ხარისხი, ატმოსფერული წნევა, ჰაერის ტენიანობა, ტემპერატურა, ნალექის რაოდენობა, მზის გამოსხივების ზემოქმედება, მაგნეტიზმი და სხვა ფაქტორები.
განსხვავებულია კლიმატის ბიოლოგიური ზემოქმედება. გარკვეული კლიმატის ზემოქმედებით ხდება:
ნერვული სისტემის დამშვიდება და ტონიზირება,
ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება,
სუნთქვის ფუნქციის, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება,
ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლება.
ზოგი განსაკუთრებით მგრძნობიარეა კლიმატის ცვლილებისადმი, ამიტომ მათ ექიმთან კონსულტაციის გავლას ვურჩევთ, რათა აკლიმატიზაციის პროცესი, ანუ ორგანიზმის შეჩვევა კლიმატის ცლილებასთან - მათი ორგანიზმისთვის უვნებელი იყოს.
გამოყოფენ კლიმატის ხუთ ძირითად ტიპს:
უდაბნოს კლიმატი
უდაბნოს კლიმატისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი მშრალი და ცხელი ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, დაბალი ტენიანობა და მზის ინტენსიური ნათება. ამგვარი მდგომარეობა ხელს უწყობს ჭარბ ოფლდენას, ანუ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას, რაც აქვეითებს თირკმელებზე დატვირთვას. ამასთან დაკავშირებით მოცემული კლიმატი ნაჩვენებია თირკმლის ქრონიკული პათოლოგიით დაავადებულთათვის , მაგრამ უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე დაავადებების, არტერიული ჰიპერტენზიის, თირკმელკენჭოვანი დაავადების, თირკმლის ტუბერკულოზის დროს. ერთ-ერთი ამგვარი ზონის კურორტია ბაირამ-ალი.
სტეპის კლიმატი
სტეპის კლიმატი საკმაოდ ცხელი და მშრალია, თუმცა მისთვის ნაკლებად არის დამახასიათებელი დღისა და ღამის ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. ორგანიზმზე მას გამაჯანსარებელი მოქმედება აქვს. ამგვარი კურორტები ნაჩვენებია ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს.
ტყის კლიმატი
ტყის კლიმატი უფრო დამზოგავი და რბილია ორგანიზმისათვის. აქ არ არის ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, ზომიერია ტენიანობაც. ზაფხულში სიგრილეა, არ არის შემაწუხებელი სიცხე, ხოლო ზამთარში ყინვა. მოცემული ადგილები რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადებების დროს, ისეთებისა, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია და სხვ.
მთის კლიმატი
მთის კლიმატისთვის დამახასიათებელია უჩვეულოდ სუფთა ჰაერი, მზის ძლიერი ულტრაიისფერი გამოსხივება, დაბალი ატმოსფერული წნევა. ჟანგბადის შემცველობა დაქვეითებულია, განსაკუთრებით მაღალმთიან ადგილებში. მთის კურორტები ორგანიზმზე ახდენენ ზოგადგამაჯანსაღებელ, მატრენირებელ და გამაკაჟებელ მოქმედებას. ამიტომ ის ნაჩვენებია ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს.
ზღვის კლიმატი
ჰაერი მაღალიონიზირებული და ტენიანია. მასში ბევრი მიკროელემენტი, ოზონი, იოდი და ზღვის მარილია, რითაც "იკვებება" ზღვიდან. ამ შესანიშნავი ჰაერის ჩასუნთქვისას, ვღებულობთ ორგანიზმისთვის აუცილებელ კომპონენტებს. აქ შეიძლება გარუჯვა, რადგანაც მზის კარგი გამოსხივებაა. კლიმატი იმითაც არის კარგი, რომ შესაძლებელია ზღვაში ბანაობა, რასაც გამაკაჟებელი ეფექტი აქვს. ცურვა აუმჯობესებს ტანდეგობას, ამიტომ იგი ნაჩვენებია ტანდეგობის დარღვევისას. ნერვული სისტემის მატონიზირებელი ეფექტი განპირობებულია სრულფასოვანი დასვენებით. ამ კლიმატის სარგებელი აღინიშნება მრავალი დაავადების დროს. მათ შორის გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს.
ავტორი ლალი ჩხიკვაძე