ბავშვის განვითარების საფეხურები - სირთულეები და მათი მოგვარების გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის განვითარების საფეხურები - სირთულეები და მათი მოგვარების გზები

მთავარია, როგორ მივაღწიოთ ამ სასწაულს. ბავშვის განვითარების ეტაპებსა და მშობლებთან ურთიერთობაზე გვესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ქეთი მაყაშვილი.

- როგორ ვითარდება ბავშვი დაბადებიდან სკოლამდელ ასაკამდე?

- დაბადებიდან სკოლამდელ ასაკამდე ბავშვი დიდ ნახტომს აკეთებს. პოსტნატალურ ანუ დაბადების შემდგომ პერიოდს სხვადასხვა ავტორი სხვადასხვანაირად ყოფს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაყოფა ერიკ ერიქსონს ეკუთვნის. იგი, თავისი წინამორბედის ზიგმუნდ ფროიდის მსგავსად, ამ მონაკვეთს სამ სტადიად ყოფს, რომელთაგან თითოეულს თავისი ამოცანა აქვს.

პირველ სტადიაზე წყდება ნდობისა და უნდობლობის საკითხი - ბავშვმა უნდა გადაწყვიტოს, როგორია სამყარო: სანდო, კეთილგანწყობილი თუ არასაიმედო და მტრული. საქმე ის არის, რომ სიცოცხლის პირველი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ბავშვისთვის სამყარო ზედმიწევნით არის ფოკუსირებული დედაზე. მთელ ცხოველთა სამყაროში ადამიანი ყველაზე უსუსურ არსებად იბადება. მართალია, მას აქვს არაჩვეულებრივად დიდი პოტენცია, მაგრამ აქტივში გაცილებით უსუსურია, ვიდრე ცხოველთა ნაშიერები. მას მხოლოდ ტირილი ანუ კომუნიკაცია შეუძლია და ყველაფერს, რაც სჭირდება, ამ გზით იღებს.

თუ დედას დედობრივი ინსტინქტები კარგად აქვს განვითარებული, შვილის საჭიროებებზე მინიშნებებს სწორად აღიქვამს და სწორად რეაგირებს, ამ შემთხვევაში ბავშვი ხვდება, რომ სამყარო კარგია, კეთილია. როცა ასე არ არის, მაგალითად, დედას აქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია ან არ შეუძლია ძუძუთი კვება, ურთიერთობა დედა-შვილს შორის იბლოკება და ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა, რომ სამყარო არც ისე კეთილგანწყობილია.

ფსიქოანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს გამოცდილება ადამიანის მეხსიერებაში არ რჩება, მაგრამ რჩება არაცნობიერში. სავარაუდოდ, ამის შედეგია ის, რომ ზოგი ოპტიმისტია, ზოგი კი პესიმისტი.

მომდევნო ეტაპზე, ერიქსონის აზრით, მთავარი ამოცანაა "ავტონომია სირცხვილის წინააღმდეგ". ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვმა უნდა განახორციელოს ავტონომიის მოპოვების პირველი მცდელობა. ავტონომია ნიშნავს, რომ მე ვარ მე და შენ - შენ. მანამდე ბავშვი საკუთარ თავს მშობელთან აიგივებს. გამიჯვნა პირველად წელიწად-ნახევრიდან სამ წლამდე ასაკში ხდება.

მესამე წლის ბოლოს კი დგება სიჯიუტის პერიოდი, ყბადაღებული "მინდა" და "შემიძლია". ესეც განვითარების ეტაპია. თუ ბავშვი თავად გააკეთებს რამეს, ესე იგი დედისგან განსხვავებული ყოფილა. რა ქმნის აქ სირთულეს? სირთულეს ქმნის ბავშვის უნარები, რომლებიც ჯერ კიდევ განუვითარებელია. ის, რასაც ბავშვი დამოუკიდებლად აკეთებს, წესისამებრ, წარუმატებელია. აქ მნიშვნელოვანია გარემოს როლი, კერძოდ, ის, როგორ ხვდება ის ბავშვის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. მაგალითად, 3 წლის ბავშვს სურს, თავისი ხელით ჭამოს, მაგრამ არ არის გამორიცხული, კოვზი პირს ვერ დაუმიზნოს და კერძი ტანსაცმელზე გადაისხას. იმიტომ კი არა, რომ თქვენი გაბრაზება სურს, არამედ იმიტომ, რომ თვალისა და ხელის კოორდინაცია ჯერ ისე არ აქვს განვითარებული, კერძი დაუბრკოლებლად მიიტანოს პირთან. ამ დროს დედას ურჩევნია, გამოართვას კოვზი და თვითონვე აჭამოს.

- თან დატუქსოს კიდეც...

- დატუქსვა ამ სიტუაციაში ძალიან ცუდია, რადგან ბავშვს უჩნდება სირცხვილის გრძნობა: "რაღაც ვერ გავაკეთე, ცუდი, უვარგისი ვარ". დედის კალთას მიწებებული ბავშვი სწორედ ის ბავშვია, რომელსაც გაუჩნდა სირცხვილის გრძნობა, იმიტომ, რომ ავტონომიაზე მისი ბუნებრივი მოთხოვნილება ვერ დაკმაყოფილდა, უფროსის მხარდაჭერა ვერ პოვა.

განვითარების მეორე ეტაპი მომვლელისთვის ძალიან მძიმეა. ბავშვი იწყებს ექსპერიმენტირებას: ეპოტინება ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდება, ყრის დაბლა... რატომ? იმიტომ, რომ ამით ის ბევრ რამეს სწავლობს. ამ "ექსპერიმენტების" საბოლოო მიზანი ის არის, რომ ბავშვმა თავის გარემოში საკუთარი თავი აღმოაჩინოს. მაგრამ მომვლელისთვის ეს ძნელი ასატანია: ბავშვმა შეიძლება რამე ფასეული გატეხოს... არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რათა ბავშვს ავტონომიურობის გრძნობა განუვითარდეს.

- როგორ მოვიქცეთ?

- ძველებური ჭურჭელი თუ სამშვენისები ჩავკეტოთ, მიუწვდომელ ადგილას შევინახოთ, მათ ნაცვლად კი გამოვიყენოთ მარტივი, გამძლე ნივთები, რომლებიც იოლად არ დაიმტვრევა და რომც დაიმტვრეს, არ დაგვენანება. ეს განვითარების ადრეული პერიოდია. მას მოსდევს ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური - სკოლამდელი ასაკი.

თუ წინა პერიოდში ბავშვმა შეიმუშავა გარესამყაროსადმი ნდობა, მოიპოვა ავტონომიურობა, დაიწყო თავის კონტროლი, შეიძინა საპირფარეშოს ჩვევები, სკოლამდელ ასაკში ის უკვე ფრთებს შლის. ამ ეტაპზე მას მარტო ავტონომია კი არა, ინიციატივაც სჭირდება. მას სურს, გარდაქმნას სამყარო. რა თქმა უნდა, საამისოდ ბავშვს მეტისმეტად მწირი შესაძლებლობა აქვს; სამაგიეროდ ბუნებამ მას მისცა თამაშის ნიჭი, რომელიც მთელ ბავშვობას გასდევს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდისთვის. წარმოსახვა, ფანტაზია - აი ის ასპარეზი, სადაც ბავშვი სამყაროს გარდაქმნის მოთხოვნილებას იკმაყოფილებს: "მე თავად შევქმნი სამყაროს და ვიქნები მისი მბრძანებელი". ბავშვი ითვისებს თამაშის როლურ ფორმას. მანამდე თუ მისი თამაში იყო "გადააგდე", "გატეხე", ამიერიდან ის სოციალური ურთიერთობებით ინტერესდება.


- აქ ალბათ მნიშვნელოვანია გოგონების დედობანა, ვაჟების ომობანა. იშვიათია, რომ ვაჟები მამობანას თამაშობდნენ, თუმცა კი გოგონებმა შეიძლება ჩართონ თამაშში და დააკისრონ ეს როლი.

-ბიჭებისთვის სასურველი როლი ძირითადად მეომრის როლია. ფროიდი ამ პერიოდს ფალიკურ პერიოდად იხსენიებს. ფალოსი, მოგეხსენებათ, მამაკაცის სასქესო ორგანოა, თუმცა ფროიდი, რასაკვირველია, მას სიმბოლური მნიშვნელობით გულისხმობს; ფალიკური პერიოდი - ეს არის სურვილის და მისი ასრულების პერიოდი, რაც მამაკაცურობის სიმბოლოა: "მე მინდა და მე ამას მივაღწევ!" ხოლო თუ მშობელმა შენიშვნა მისცა, წინა პერიოდისგან განსხვავებით, სირცხვილის გრძნობა აღარ აღმოცენდება; სამაგიეროდ, თავს იჩენს ბრალეულობის გრძნობა.

- როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს ზნეობრივი თვისებები და აღვზარდოთ მასში პიროვნება?

- სკოლამდელი პერიოდი ის პერიოდია, როდესაც ზნეობრივი აღზრდისგან მნიშვნელოვან შედეგს შეიძლება ველოდოთ. ზნეობა - ეს არის უნარი, გაითვალისწინო სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ინტერესები, საკუთარი ინტერესების გამო მათი ინტერესები არ შელახო. 4 წლამდე ასაკის ბავშვს ამის უნარი არ შესწევს. დასჯისა და დაჯილდოების გზით პატარა ბავშვს ყველაფერი შეიძლება შევასწავლოთ, მაგრამ ეს ჩვევები ხასიათში რომ გაუჯდეს, საამისოდ უნდა მომწიფდეს. 4 წლამდე ასაკის ბავშვი ამისთვის მზად არ არის. მას არ შეუძლია, ჩასწვდეს სხვის შინაგან სამყაროს. 4 წლიდან კი ის ნელ-ნელა ამჩნევს, რომ სხვა ადამიანს მისგან განსხვავებული სურვილები აქვს. ეს არის საფუძველი, რომელზეც უკვე შეიძლება არა დასჯისა და წახალისების, არამედ ახსნის გზით, ცნობიერად დავაშენოთ ის, რასაც ზნეობრიობას ვუწოდებთ.

პიროვნება ის რთული მექანიზმია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ვმართოთ ჩვენი ქცევა და აზრები. ამ კუთხით ბავშვი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პიროვნება. ის იმპულსურია - რაც უნდა, იმას აკეთებს, იმისკენ მიილტვის. ჩამოყალიბებული პიროვნება კი საკუთარ სურვილს გარემოს მოთხოვნებთან შეაჯერებს. ფროიდის აზრით, ხუთი წლის ასაკში პიროვნების სწორი განვითარების შემთხვევაში საფუძველი უკვე ჩაყრილია; ამის შემდეგ ის მხოლოდ იხვეწება (რასაკვირველია, მეტ-ნაკლებად).

ხუთი წლის ასაკში ბავშვი ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს - აცნობიერებს, რომ მოიქცეს ისე, როგორც საჭიროა, ხშირ შემთხვევაში თავისი "მინდა" უნდა შეზღუდოს – მასზე წინ "საჭიროა" ანუ წესი უნდა დააყენოს.

- დის ან ძმის დაბადებისას უფროს შვილს ხშირად ეჭვიანობა იპყრობს. როგორ გადავალახვინოთ ეს სტრესი?

-

ფსიქოლოგები ამას "ჩამოგდებული მეფის" სინდრომს ვუწოდებთ. ბავშვს არ სურს, დათმოს დედა, მისი უპირობო სიყვარული ვინმეს უწილადოს... ის სწორედ პიროვნულ ზრდასთან ერთად, თანდათანობით უნდა შეეჩვიოს იმ აზრს, რომ დედის უპირობო სიყვარულის წილი შემცირდება.

- ზოგი ბავშვი ბაღში წასვლაზე კატეგორიულ უარს ამბობს...

- ბავშვი ბაღში იძენს სკოლისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს: სხვა ბავშვებთან ურთიერთობას, წყნარად ჯდომას, მასწავლებლის მოსმენას... მაგრამ თუ ოჯახში რამდენიმე და-ძმაა და დედაც დიდ დროს უთმობს შვილების აღზრდას, პირდაპირ სკოლაშიც შეიძლება მივიყვანოთ. სხვა შემთხვევაში ბაღში სიარული აუცილებელია, რათა არ მოხდეს ის, რაც ხდება ხოლმე პირველ კლასში - ტირილი, სკოლაში წასვლაზე უარის თქმა... ბავშვი, იმის მაგივრად, რომ სასწავლო ამოცანებზე ფიქრობდეს, მშობელთან სეპარაციის პრობლემებზეა ფოკუსირებული.

- რატომ უჭირთ ბავშვებს ბაღში დარჩენა - იქ ხომ მათ თანატოლები ელოდებიან?

-

ბავშვები შეიძლება თამაშობდნენ ერთად, მაგრამ გარკვეულ ასაკამდე ერთმანეთს პარტნიორებად ვერ აღიქვამენ; მათთვის უფროსი ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია. 3 წლიდან ბავშვი როლური თამაშების ათვისებას იწყებს. მეორე ბავშვი მისთვის პარტნიორი ხდება. 4 წლიდან კი ბავშვისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი, რომელიც მასთან ერთად თამაშობს. ამიტომ 3-4 წლის ბავშვს ნორმალური განვითარების პირობებში ბაღთან შეგუება არ უნდა გაუჭირდეს. მცირე ასაკის ბავშვს კი, თუ ამის გარდაუვალი აუცილებლობა არ წარმოიშვა, სასურველია, ტრავმა არ მივაყენოთ.

ადრეულ ასაკში ბავშვს ჯერ კიდევ უჭირს დროში ორიენტირება. ჩვენ გვგონია, რომ მცირე ხნით უდედოდ დარჩენა არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ თუ ის ცუდად გრძნობს თავს, მცირე ხანიც კი მისთვის მთელი საუკუნეა. ჩვენ ვამშვიდებთ, ვეუბნებით, რომ დედა მალე მოვა, ბავშვს კი ეს არ ესმის... ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია თერაპიული თამაში, რათა ბავშვს მის ენაზე ვუთარგმნოთ სიტუაცია, რომელშიც ის აღმოჩნდა.


- არსებობს "საქმიანი მშობლების" პრობლემაც, როდესაც დედა დაკავებულია და ბავშვის აღზრდაში ვერ ან არ მონაწილეობს.

- რაც უფრო სუსტია ბავშვის ცნობიერება, მით უფრო ძლიერი და მგრძნობიარეა არაცნობიერი ველი, რომლითაც ის დედასთან არის გადაჯაჭვული, ამიტომ ბავშვი ძალიან კარგად გრძნობს, არ სურს დედას მასთან ყოფნა თუ, უბრალოდ, ვერ ახერხებს; გრძნობს, გულწრფელად უხარია თუ არა დედას მასთან ურთიერთობა. როცა დედა სამსახურიდან ბრუნდება, სულერთი არ არის, როგორ ემოციურ მუხტს მიიღებს მისგან ბავშვი. თუ დედა ემოციის დონეზე ამბობს უარს მასთან ურთიერთობაზე, მაშინ ბავშვი ფსიქოლოგიურად შიმშილობს. თუ ურთიერთობა სრულფასოვანია, ბავშვს ხანმოკლე კონტაქტიც დააკმაყოფილებს.

- როგორ გამოხატავს ბავშვი დედასთან ურთიერთობის დეფიციტს?

- თავდაპირველად - ყველაფრის მიმართ პროტესტს. იბრძვის, რომ მოიპოვოს, რაც სჭირდება. თუ ბავშვი დაიღალა, პროტესტიც თანდათანობით ქრება და იწყება ე.წ. გახევება

- მაგრამ დედა მაინც ყველას ურჩევნია...

- ეს უდავოა, რადგან ძალიან ძლიერია დედა-შვილის ბიოლოგიური კავშირი, მაგრამ თუ დედასთან ურთიერთობა არ ჰყოფნის, ბავშვი პოულობს ე.წ. ჩამნაცვლებელ ობიექტს. ასეთი ობიექტია, მაგალითად, საყვარელი სათამაშო, რომელსაც ბავშვი საწოლშიც არ იშორებს.

- ადრეულ სასკოლო ასაკს თუ ახასიათებს კრიზისი?

- ასაკს 6 წლიდან თინეიჯერობამდე ლატენტურ ანუ ფარულ პერიოდს უწოდებენ. ის შინაგანი წინააღმდეგობები, რომლებიც სკოლამდელ ასაკში დომინირებდა, თითქოს ერთბაშად ქრება. ეს შემთხვევითი არ არის - შინაგანი სიმშვიდე აუცილებელია, რათა ბავშვი სკოლას შეეგუოს და მის წინაშე დასმულ ახალ ამოცანებს თავი გაართვას.

უმცროსი სასკოლო ასაკი ის პერიოდია, როდესაც ბავშვის გულისყური მთლიანად გარესამყაროსკენ არის მიპყრობილი. განათლების სისტემამ ამით მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს და კოგნიტური განვითარების წესების ცოდნით ბავშვს ამ პერიოდში მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს. პირველკლასელს აინტერესებს ყველაფერი, რასაც ასწავლიან; დავალებებს ასრულებს ძალდაუტანებლად. მოგვიანებით ბავშვი იზრდება, ვითარდება და თვითონვე ხდება წესების შემოქმედი.

- ძალიან რთული პერიოდია გარდატეხის ასაკი. მოზარდები თავდაჯერებულები, მაქსიმალისტები არიან და ჰგონიათ, რომ ყველაფერი ხელეწიფებათ.

-დინამიური ფსიქოლოგიის მიმდევარი ავტორები ბევრ საერთოს პოულობენ სკოლამდელ ასაკსა და მოზარდ ასაკს შორის. შინაგანი ფსიქოლოგიური დაძაბულობის თვალსაზრისით ეს ორი პერიოდი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუმცა, ცხადია, უნარებს შორის დიდი განსხვავებაა. მოზარდი უკვე აბსტრაქტულად მოაზროვნე არსებაა. აზროვნების თვალსაზრისით ის უკვე დიდია, მაგრამ აკლია ნებისყოფა და გამოცდილება, რომ ზრდასრულს გაუტოლდეს. ყველაზე არსებითი კი ის არის, რომ სწორედ მოზარდ ასაკში უნდა გასცეს ადამიანმა პასუხი კითხვას “ვინ ვარ მე” ანუ განსაზღვროს თავისი იდენტობა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველა წინა ასაკობრივი პერიოდის იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით ხდება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რომელიც შესაძლოა ძალზე წინააღმდეგობრივი და არათავსებადი აღმოჩნდეს.

ამდენად, მიუხედავად გარეგნული თავდაჯერებულობისა, მოზარდი შინაგანად ძლიერ მერყეობას და დაურწმუნებლობას განიცდის.

- ამ ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებით რთულია. რას გვირჩევთ?

- უფრო დელიკატურები უნდა ვიყოთ, მოვექცეთ მოზარდს მეტი დაფიქრებით.

- აღზრდის სისტემებზეც მინდა გკითხოთ. როგორ ფიქრობთ, რომელია სწორი - მკაცრი, ლოიალური თუ ძალიან ლმობიერი? ძნელია ოქროს შუალედის პოვნა...

- მე მიმაჩნია, რომ უმჯობესია აღზრდის დემოკრატიული მეთოდი. ზოგს შესაძლოა მოზარდებთან ლიბერალური სტილი უფრო მისაღებად მიაჩნდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა არ ამართლებს. ავტორიტარული აღზრდა ნიშნავს ყველაფრის ჩახშობას და მზა რეცეპტების კარნახს, რომლებსაც მოზარდი არ მიიღებს, იმიტომ, რომ მას უკვე ჩამოუყალიბდა აზროვნების უმაღლესი ფორმა. რაც განვითარებულია, იმან უნდა იფუნქციოს კიდეც. ამიტომ აღზრდის ავტორიტარული სტილი ერთმნიშვნელოვნად უარსაყოფია, ვინაიდან აფერხებს ბავშვის განვითარებას. ბევრი მშობელი მეორე უკიდურესობაში ვარდება. ზოგი - აღზრდის ავტორიტარული სტილისადმი პროტესტის გამო, ზოგი - იმიტომ, რომ არ შეუძლია, შვილს საკმარისი დრო დაახარჯოს. ესეც ცუდია და აი, რატომ: ჩვენ ვთქვით, რომ მოზარდს აქვს აბსტრაქტული აზროვნების უნარი, მაგრამ პიროვნული სიმწიფე, გამოცდილება, ნებისყოფა ბოლომდე ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული, ამიტომ დამოუკიდებელი, თუნდაც შესანიშნავი პროექტების განხორციელება და, მით უმეტეს, შედეგებზე პასუხისგება უჭირთ. რეალური წარმატების მისაღწევად მას უფროსებთან თანამშრომლობა სჭირდება. ეს ხერხდება, როცა უფროსებს გულწრფელად სიამოვნებთ ის რთული, თავშეკავებული და შემოქმედებითი აქტივობა, რასაც მოზარდებთან ურთიერთობა ჰქვია.


- კაცობრიობის გაჩენის დღიდან არსებობს მამებისა და შვილების პრობლემა...

- ჩემი აზრით, აქ უფრო ძალაუფლების პრობლემაა, ვიდრე მორალისა თუ სხვა. მიმავალი ხშირად ცდილობს, სადავეები რაც შეიძლება მეტხანს არ გაუშვას ხელიდან, მაგრამ პრობლემა გაცილებით ფართოა. ფროიდი ამბობდა, რომ ზრდასრული ადამიანი წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ, თუ ორ სფეროში: ოჯახსა და საქმიანობაში - მიაღწია წარმატებას. მაგრამ ორივე, ოჯახიც და საქმეც, გულისხმობს სხვა, შენგან განსხვავებულ ადამიანებთან ინტენსიურ ურთიერთობას, გამთლიანებას. ოჯახში სხვა გამთლიანებაა, სამსახურში - სხვა. ადამიანმა უნდა შეძლოს საკუთარი თავის, ქონების (მატერიალურ ქონებას არ ვგულისხმობ), რაობის მნიშვნელოვანი ნაწილის ვინმესთან გაზიარება.

საკუთარი თავის ნაწილის დათმობის უნარი ზრდასრულობის ნიშანი და პროდუქტიულობის საშუალებაა. ეს რთულია და ბევრს არ შეუძლია. ამიტომაც არის, რომ ოჯახები ასე ხშირად ინგრევა და საქმის თანამშრომლობაზე აწყობაც ჭირს.

- რაკი ოჯახურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, გაყრილი ოჯახის პრობლემებსა და ასეთ ოჯახებში აღზრდილ ბავშვებზეც მინდა გკითხოთ...

- დიახ, ზრდასრული ადამიანები ყოველთვის ვერ ახერხებენ ოჯახის შენარჩუნებას. ამ პრობლემის წინაპირობა მოზარდ ასაკში ვერჩამოყალიბებული იდენტობაა, რომლის სათავეც, თავის მხრივ, ბავშვობაშია საძიებელი. თუ არ გაქვს საკუთარი ღირებულების მკაფიო განცდა, სხვასთან ურთიერთობა შენი მეობისთვის საფრთხის შემცველი ხდება. ფინანსური თუ სხვა პრობლემები მხოლოდ დამამძიმებელი ფაქტორებია.

გაყრილი მშობლებისგან მცირეწლოვანი ბავშვი ერთმანეთის მიმართ დელიკატურ დამოკიდებულებას ითხოვს. წინააღმდეგობრივი ინფორმაცია, რომელსაც მას ამ დროს ჩვეულებრივ აწვდიან, ძნელი გადასამუშავებელია. მას უყვარს დედა, მამა, ბებიები, ბაბუები და როდესაც ამ გრძნობების საწინააღმდეგო ინფორმაციებს იღებს, მის ფსიქიკაში ხდება პროცესები, რომლებიც ფსიქიკურ ტრავმას იწვევს. ეს გასაგები უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგანაც ჩვენთვისაც კი ორმაგი სტანდარტი ყოველთვის ძნელი გადასამუშავებელია.

განსაკუთრებით რთულია ის ვითარება, როდესაც უფროსებს ერთმანეთისადმი მტრული, დაუნდობელი ურთიერთობა უყალიბდებათ, ბავშვთან კი თავი ისე უჭირავთ, თითქოს არაფერი ხდებოდეს. რამდენადაც ცუდად აქვს განვითარებული ბავშვს კოგნიტური უნარები, აბსტრაქტული აზროვნება და სხვა, იმდენადვე კარგად გრძნობს მის ირგვლივ არსებულ ფსიქოლოგიურ კლიმატს. ამიტომ კარგია, როცა უფროსები დაუფარავად მაგრამ მშვიდად საუბრობენ ოჯახურ პრობლემებზე და ბავშვს კითხვების დასმის საშუალებას აძლევენ. ბავშვს ყველა საკითხზე შეიძლება ვესაუბროთ, ვუპასუხოთ მის უხერხულ კითხვებს, ოღონდ ყველაფერი მისთვის გასაგებ ენაზე ვუთარგმნოთ.