ინჰალაციური თერაპია - მკურნალობა აეროზოლით
რინიტები, სინუსიტები, ტონზილიტები, ბრონქული ასთმა და სხვა, არსებულ მეთოდებთან ერთად, სულ უფრო აქტიურად გამოიყენება სამკურნალო საშუალების ორგანიზმში ინჰალაციური გზით შეყვანა.
თანამედროვე ინჰალაცია რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც ბავშვობაში ბებიები კარტოფილის ნაფცქვენებით გვიტარებდნენ.
რა არის ინჰალაციური თერაპია?
ინჰალაცია ლათინურად ნიშნავს „შევისუნთქავ“, ის სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა, რომელიც ბავშვებსა და მოზრდილებს იმ მიზნით უტარდებათ, რათა ესა თუ ის სამკურნალო პრეპარატი სასუნთქი გზების სხვადასხვა უბანს მიაწოდონ – სასურველია ზუსტად იქ, სადაც დაავადება ვითარდება.
მყარი ან თხევადი წამლის მიწოდება სასუნთქ გზებში შეუძლებელია, ინჰალაცია კი მას დისპერსიულ არედ – აეროზოლად გადააქცევს. აირთან შერეული სამკურნალო ხსნარის ნაწილაკები ადვილად აღწევენ სასუნთქ გზებში, ატენიანებენ მათ და სამკურნალოდ მოქმედებენ.
ინჰალაციური თერაპია ითვალისწინებს ფიზიოთერაპიული პროცედურისას აეროზოლურ მდგომარეობაში მყოფი სამკურნალო წამლის შესუნთქვას სპეციალური მოწყობილობის დახმარებით.
აეროზოლის სახით პროცედურისას გამოიყენება პრეპარატების ხსნარები, ფიტოპრეპარატები, ზეთები, მინერალური წყალი, ზოგჯერ ფარმაკოლოგიური ფხვნილებიც კი.
ამ გზით ორგანიზმში მოხვედრილ პრეპარატს ორგანიზმი საკმაოდ ეფექტიანად და სწაფად ითვისებს, მკურნალობაც საკმაოდ ინტენსიურია, ამასთანავე, ფიზიოთერაპიის ეს მეთოდი ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის უვნებელია.
მეთოდის უპირატესობანი
1. შეფრქვეული სამკურნალო საშუალება ეხება თითქმის მთელ ლორწოვან გარსს, სწრაფად იწოვება სისხლში და როგორც მოსალოდნელია, იძლევა უკეთეს შედეგს, სწრაფგამოჯანმრთელებას;
2. სამკურნალო საშუალება მოქმედებს უშუალოდ სასუნთქ გზებზე და თავს არიდებს კუჭისმიერ შემოვლით გზას;
3.ინჰალაციით სასუნთქი სისტემიდან სწრაფად გამოიდევნებიან მიკრობები, რაც აადვილებს ლორწოსა და ნახველის გამოდევნას.
პროცედურისას სასუნთქი გზების ლორწოვანზე მედიკამენტი კომპლექსურად მოქმედებს: ცხრება შეშუპება, ქრება ანთება, გამოიდევნება სქელი ნახველი და ლორწო. მიუხედავად იმისა, რომელი დაავადებებისას ტარდება ის, მისი მთავარი დანიშნულება ყოველთვის არის სუნთქვის ორგანოთა დატენიანება.
ის გამოიყენება როგორც სტაციონარულ, ისე შინაურ პირობებში, რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციათა გათვალისწინებით.
ინჰალაციური თერაპიის სახეობები
ცნობილია ორთქლის, თბოტენის, ტენის, მშრალი, აიროვანი, ზეთოვანი და ულტრაბგერითი ინჰალაციები.
მათგან ყველაზე მეტად გავრცელებულია ორთქლის ინჰალაცია. მეთოდის არსი ის არის, რომ პაციენტი ისუნთქავს ცხელ ორთქლს ევკალიპტის, მენთოლის, გვირილის დამატებით. ის გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების დაავადებებისას: რინიტი, ფარინგიტი და სხვა. პროცედურას გააჩნია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამცირებს შეშუპებას.
თბოტენის ინჰალაციისას – პაციენტი შეისუნთქავს თბილ ტუტოვან ჰაერს მარილების აეროზოლებთან ერთად, რა დროსაც თხელდება სქელი ლორწო და ამოხველებისას ადვილად გამოიდევნება სასუნთქი გზებიდან. როგორც ორთქლის, ისე თბოტენის ინჰალაციის გამოყენება აკრძალულია ტუბერკულოზის, პნევმონიის მწვავე პერიოდის, გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიების დროს.
ტენის ინჰალაციისას – ხსნარის შეთბობის გარეშე შეიფრქვევა სასუნთქ გზებში წამლის მაღალი კონცენტრაცია, მაგრამ მცირე მოცულობით, შესაბამისად, მისი გამოყენება დაშვებულია მათთვისაც, ვისაც ორთქლისა და თბოტენის პროცედურები ეკრძალება. მოქმედ პრეპარატებად გამოიყენება ანტიჰისტამინები, ანესთეტიკები, ანტიბიოტიკები, ფიტონციდები და ჰორმონები.
მშრალი ან ფხვნილებით ჩატარებული ინჰალაციებისას პაციენტი შეისუნთქავს მშრალ ცხელ ჰაერსა და სამკურნალო პრეპარატს: ანტიბიოტიკებს, ანტიჰისტამინებს და სხვა, გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადებებისას.
აიროვანი ინჰალაციები – ეფუძნება სპეციალური მცირე ზომის ბალონის დახმარებით სამკურნალო წამლის სასუნთქ გზებში შეფრქვევასა და გაბნევას, ამას მუკოლიზური და ბრონქოლიზური მოქმედება აქვს: ათხელებს ნახველს და აადვილებს ბრონქებიდან მის გამოდევნას.
ზეთოვანი ფიზიოთერაპიისას – შემთბარი ზეთოვანი აეროზოლები შეიფრქვევა. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მიზნებისთვის. ძირითადად მას მიმართავენ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სიმშრალესთან გასამკლავებლად, აგრეთვე ანტიბიოტიკებთან კომპლექსში აადვილებს სასუნთქი სისტემის ანთებითი პროცესის მკურნალობას. ზეთოვანი აეროზოლების შესუნთქვით ორგანოთა ლორწოვანი გარსები დამცავი შრით იფარება, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე ნივთიერებების შეწოვისგან და ხელს უშლიან ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.
ულტრაბგერითი ინჰალაციით – ებრძვიან სხვადასხვა დაავადებას, ძირითადად ისეთებს, სადაც საჭიროა ნახველისა და გასქელებული ლორწოს გამოდევნა:
- მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი;
- ბრონქიტი;
- პნევმონია;
- ბრონქული ასთმა;
- ტუბერკულოზი;
- აივ-ინფექცია;
- პოსტოპერაციული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- გამოიყენება კორონავირუსული ინფექციების შემდგომ სასუნთქი სისტემის ორგანოებთან დაკავშირებულ გართულებათა თავიდან ასაცილებლადაც.
ინჰალაციური თერაპიის დადებითი შედეგები:
- ქრება ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპება და ანთება;
- ხელს უწყობს ლორწოვანი გარსისა და ნახველის მოცილებას;
- ამცირებს ხველის თანმდევ სპაზმებს;
- აადვილებს სუნთქვას გახანგრძლივებული ხველებისას;
- ინჰალაციის შედეგად ლორწოვანი გარსი ტენიანდება;
- ინჰალაციური თერაპიისას გამოიყენება საინჰალაციო პრეპარატების რამდენიმე ჯგუფი: ანტისეპტიკები, ანტიბიოტიკები, ანესთეტიკები, ჰორმონული პრეპარატები, იმუნომოდულატორები, ბრონქოდილატატორები, ფიტოთერაპიული მედიკამენტები, ტუტოვანი და მარილოვანი ხსნარები.
ორთქლის ინჰალაციების გამოყენების წესი
- ორთქლის ინჰალაციისას პაციენტი უნდა იჯდეს ოდნავ წინ გადახრილი;
- ინჰალატორი უნდა იდოს მყარ ზედაპირზე, რათა არ გამოიწვიოს დამწვრობა;
- ორთქლის ტემპერატურა ინჰალატორში უნდა იყოს 45-60 გრადუსი, შესუნთქვისას ის მცირდება 5-8 გრადუსით და სწორედ ეს მაჩვენებელია ყველაზე კომფორტული;
- ეფექტიანი თერაპიისთვის პაციენტს მაქსიმალურად მჭიდროდ უნდა ეკვროდეს სახეზე ნიღაბი, ამასთან, ისე, რომ ინჰალატორი არ გადაიხაროს;
- პროცედურისას ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა დამოკიდებულია დასახულ მიზანზე და უპირატესად პირით ხდება;
- პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს საორიენტაციოდ 10 წუთს;
- მნიშვნელოვანია! ორთქლის ინჰალაციის შემდგომ არ არის რეკომენდებული გარეთ გასვლა, სულ მცირე, 30 წუთი;
ორთქლის ინჰალაცია იკრძალება:
- წლამდე ასაკის ბავშვთა შორის;
- 6 წლამდე ბავშვებს შორის ექიმის დანიშნულების გარეშე;
- სხეულის მომატებული ტემპერატურისას;
- ნებისმიერი ტიპის ბაქტერიული ინფექციისას;
- პნევმოთორაქსისას – ფილტვის მფარავი გარსის დაზიანება;
- ფილტვიდან სისხლდენისას ან სისხლიანი ხველისას;
- ფსიქიკური დარვევებისას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ინჰალაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის სხეულის ტემპერატურა 37,5 გრადუსზე ნაკლებია.
თუ ბავშვს ერთხელ მაინც დაუდგინდა ალერგიული რეაქცია სამკურნალო წამლებზე, ახალი წამლით ინჰალაციური თერაპიის დაწყება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ ახალ პრეპარატზე სპეციალური ალერგიული სინჯის ჩატარების შემდეგ.
რა არის საინჰალაციო ნებულაიზერი
უკანასკნელ ხანს როგორც სპეციალისტების, ისე პაციენტებისათვის სულ უფრო მისაღები გახდა ინჰალაციები ნებულაიზერით. ის სპეციალური აპარატია, რომელსაც წამალი გადაჰყავს აეროზოლად და ახდენს მის სასუნთქ გზებში შეფრქვევას, მისი დახმართებით დღეს საინჰალაციო თერაპია ხელმისაწვდომია უკვე არა მხოლოდ კლინიკათა ფიზიოთერაპიულ კაბინეტებში, არამედ სახლის პირობებშიც კი. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მას აქვს პროპელენტები, მისი დახმარებით იქმნება წნევა, რომელიც უზრუნველყოფს აეროზოლის ეფექტიან შეფრქვევას.
ნებულაიზერით მკურნალობენ
დადგენილია დაავადებათა 5 ძირითადი ჯგუფი, რომელთა დროსაც რეკომენდებულია ნებულაიზერით ინჰალაცია, პირველ ჯგუფს მიეკუთვნება დაავადებები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ხშირი შეტევები და გადაუდებელ ჩარევას საჭიროებენ. ალერგიული და ასთმური დაავადებებისას ინჰალაცია სამედიცინო პრეპარატის შეყვანის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად არის მიჩნეული. შესაყვან პრეპარატს, რა თქმა უნდა, ადგენს სპეციალისტი.
დაავადებათა მეორე ჯგუფია სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებები: ქრონიკული ბრონქიტი, ქრონიკული რინიტი და სხვა.
მესამე ჯგუფია მწვავე რესპირატორული დაავადებები: ლარინგიტი, ფარინგიტი, რინიტი.
მეოთხე ჯგუფია დაავადებები, რომლებიც პროფესიულ (მსახიობების, მაღაროელების, ქიმიკოსების...) საქმიანობას უკავშირდება.
მეხუთე ჯგუფია ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა სისტემათა პათოლოგიები.
ნებულაიზერის სწორად გამოყენების წესები
- გამოყენების წინ აუცილებელია ხელის საგულდაგულო დაბანა, შემდგომ, ინსტრუქციის თანახმად, უნდა შეერთდეს ყველა ნაწილი ერთმანეთთან და ნებულაიზერის ჭიქაში ჩაისხას საჭირო რაოდენობის სამკურნალო საშუალება არა უმცირეს 5 მლ-ისა. დასაწყისში ისხმება ფიზიოლოგიური ხსნარი, შემდეგ – წამალი. სითხეების შესაყვანად გამოიყენება მხოლოდ სტერილური ნემსები და შპრიცები, როდესაც ყევლაფერი მზადაა, პაციენტი იცვამს ნიღაბს და საინჰალაციო თერაპიაც იწყება. აუცილებელია დარწმუნებული ვიყოთ პრეპარატის ვადიანობასა და ვარგისიანობაში.
- პროცედურა გრძელდება წამლის სრულ გახარჯვამდე, ზოგადად ეს არა უმეტეს 10 წუთია. პროცედურის დასრულების შემდგომ ნებულაიზერის ყველა ნაწილი ირეცხება ცხელი წყლით ყოველგვარი სახეხის გარეშე, გამოიყენება ჩვეულებრივი საპნის ხსნარი.
- სისტემური გამოყენებისას საჭიროა ხელსაწყოს კვირაში ერთხელ გასტერილება, ეს უნდა გაკეთდეს ან სპეციალურ თერმოდეზინფექტორში, ან 10 წუთით დუღილის რეჟიმში, თუ ამას თქვენი ნებულაიზერის გამოყენების ინსტრუქცია ითვალისწინებს. გარეცხილი და გამშრალებული ნებულაიზერი უნდა ინახებოდეს მშრალ პირსახოცში ან ხელსახოცში.
ინჰალაცია მაქსიმალურად ეფექტიანი რომ იყოს
ინჰალაციური თერაპიის შედეგი უკვე რამდენიმე პროცედურის შემდგომ თვალსაჩინოა, თუმცა ყველამ როდი იცის ნებულაიზერის გამოყენების სრული წესები, არსებობს მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომელთა გვერდის ავლაც არ შეიძლება. მაგალითად:
- ინჰალაცია უნდა ჩატარდეს ჭამიდან ან სერიოზული ფიზიკური დატვირთვებიდან 1-1,5 საათის შემდეგ;
- პროცედურისას აკრძალულია კითხვა და საუბრები;
- ტანსაცმელი არ უნდა ზღუდავდეს კისრის არეს, რათა არ გართულდეს სუნთქვა;
- საზოგადოდ, ინჰალაციური თერაპიის კურსის პერიოდში აკრძალულია თამბაქოს მოწევა;
- ცხვირ-ხახის, ცხვირისა და ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებისას რეკომენდებულია ნაზალური ინჰალაციის ჩატარება (აეროზოლის შესუნთქვა ცხვირით, სპეციალური ნიღბის ან სპეციალური ბოლოსართის გამოყენებით);
- ხახის, ხორხის, ტრაქეის, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებებისას აეროზოლი პირით უნდა შეისუნთქოს, ამასთან, საჭიროა სწორი და თანაბარი სუნთქვა, ღრმა ჩასუნთქვის შემდგომ უნდა შევეცადოთ 2 წამი სუნთქვის გაჩერებას და შემდგომ ამოვისუნთქოთ ცხვირით;
- ინჰალაციის წინ არ არის დაშვებული ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც აადვილებენ ნახველის გამოყოფას, აგრეთვე პირის ღრუს გამოვლება ანტისეპტიკური საშუალებებით;
- ინჰალაცია, რომელიც მიმართულია ნახველის გათხელებისკენ, უნდა ჩატარდეს დაძინებამდე, სულ მცირე, 4 საათით ადრე, რათა ამოხველების პროცესი არ გახანგრძლივდეს;
- პროცედურის შემდეგ საჭიროა პირის გამოვლება ოთახის ტემპერატურის ან ადუღებული წყლით, თუ ინჰალაციისას გამოიყენებოდა ნიღაბი, რეკომენდებულია სახისა და თვალების დაბანაც;
- საკვების მიღება და საუბარი დაშვებულია ინჰალციიდან 15-20 წუთის შემდეგ;
- სამკურნალო საშუალებების გამოყენებით ინჰალაციის ჩატარება შესაძლებელია დღე-ღამეში არა უმეტეს 3-ჯერადი პროცედურისა;
- ყველაზე ხშირად ბავშვებს ინჰალაციებს უნიშნავენ ობსტრუქციული ბრონქიტისას, პროცედურის ჩატარება დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. გრძელდება 5 წამიდან 3 წუთამდე, სიხშირე – 1-2-ჯერ დღეში. ასევე შესაძლებელია ინჰალაციური თერაპია ბავშვთა ნებისმიერი ტიპის ხველისას.
ინჰალაციური მეთოდი იკრძალება
მიუხედავად ინჰალაციის ეფექტიანობისა, არსებობს მისი ჩატარების რიგი უკუჩვენებები, მეთოდის გამოყენება იკრძალება, თუ პაციენტს გამოუვლინდა:
- ცხვირიდან და ფილტვებიდან სისხლდენისადმი მიდრეკილება;
- ჩირქოვანი ანგინა;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის უკმარისობა, მიოკარდის ინფარქტი, ჰიპერტონიული დაავადება, გადატანილი ინსულტი);
- ზოგიერთი სასუნთქი სისტემის დაავადება.
ნებულაიზერით ინჰალაციისას რეკომენდებული სამკურნალო საშუალებები
ნებულაიზერით ინჰალაციისას გამოიყენება სპეციალური სამკურნალო ხსნარები, ერთნი – ნახველის გასათხელებლად, მეორენი – ანტიბიოტიკები და ანტისეპტიკებია, ალერგიის საწინააღმდეგო და სხვა. ყველა პრეპარატის დოზირებას საზღვრავს ექიმი, რომელიც ასევე აკონტროლებს მათ ეფექტიანობას და მკურნალობის პროცესზე გავლენას.
ნებულაიზერებში აკრძალულია ზეთების გამოყენება, რამდენადაც ისინი ზრდიან ალერგიის განვითარების რისკს, იწვევენ ე.წ. ზეთოვან პნევმონიებს, ზეთოვანი ინჰალაციებისთვის გამოიყენება სპეციალური ორთქლის ინჰალატორი.
აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ბევრ ინჰალატორში აკრძალულია სუსპენზიებისა და სიროფების გამოყენება, რადგან იწვევენ ხელსაწყოს დაზიანებას.
ბალახების ნაყენების და ნახარშების გამოყენებისას საჭიროა მათი საგულდაგულო გაწურვა, რათა ხელსაწყო არ დაზიანდეს ნედლეულის ნარჩენებით.