სკოლამდელი და ადრეული სასკოლო ასაკი
ამ ბუნებრივ პროცესს ჩვენი არასწორი ქმედებით ხელი არ შევუშალოთ. ბავშვი თვალს ადევნებს დედას, თანდათან ეცნობა საგნებს, რომლებსაც უფროსები საქმიანობისას იყენებენ, სკოლამდელი ასაკის ბავშვი თამაშობს "დიდობანას", სხვადასხვა აქტივობას ითვისებს.
ადრეულ სასკოლო ასაკში პატარა დამოუკიდებელ ქმედებებს იწყებს და თანდათან გადადის მომდევნო ეტაპზე, როდესაც შრომითი (შემოქმედებითი) მოღვაწეობა წამყვანი იქნება.
რას ვაკეთებთ ჩვენ ამ დროს? ბავშვის იზოლირება ცალკე, მისთვის განკუთვნილ ოთახში ისე, რომ მას არ ჰქონდეს დედის ყოველდღიურ საქმიანობაზე დაკვირვების საშუალება, საკმაოდ უჩვეულო იქნებოდა. რეალურად კი ხშირად ჩვენ ბავშვს ძალით მოვაცილებთ ხოლმე "დიდების" საგნებს და სხვა ოთახში გაგვყავს, რომ "ხელი არ შეგვიშალოს". მართლაც, სულაც არ გვინდა, ბავშვმა დაღვაროს, დაფანტოს, გატეხოს...
სკოლამდელი ასაკის ბავშვმა უნდა ითამაშოს ისე, რომ განვითარდეს, მან ბევრი რამ უნდა ისწავლოს, - ვფიქრობთ ჩვენ, - დედის ქვაბებსა და მამის ქანჩებთან რა ესაქმება?! მართლაც, პატარა ბავშვს არ აქვს სათანადოდ განვითარებული მოტორიკა, ის მოუხეშავია, ღალატობს კოორდინაცია...
ადრეულ სკოლამდელ ასაკში ბავშვის ყოველდღიურ მოღვაწეობაში ჩართვის მთავარი ეტაპი უკვე განვლილია. ამ დროს ჩვენ უკვე გარკვეული შედეგის მისაღებად ვემზადებით. ეს შედეგი უნდა გამომჟღავნდეს სულ მალე, როცა პატარა სკოლაში მივა. ბავშვი უნდა მიუჯდეს მერხს, შეძლოს, გარკვეული ხნით მოსწყდეს აქტიურ საქმიანობას, განსაკუთრებით - შემოქმედებითს. პატარამ ახლა თავისი შემოქმედებითი უნარი გონებაში უნდა გადაიტანოს. თუ დავფიქრდებით, გაკვეთილები, წრეები, დავალებების შესრულება სრულიად სპობს ბავშვის აქტიურობას. მეცადინეობათა შუალედში ტელევიზორის ყურებაც პასიური პროცესია, რომელიც ფანტაზიას გასაქანს არ აძლევს.
ადრეული სასკოლო ასაკი ის პერიოდია, როცა ბავშვს შეუძლია (და უნდა), გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, აითვისოს განსხვავებული ქმედებები. ძირითადი მეხსიერება მოტორულია, პატარა არ გამოსულა კინესთეტიკური აღქმის სტადიიდან. ამის გამო სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ წერის უარყოფისა და პირდაპირ კომპიუტერის ათვისების "ნათელი" იდეა ყოველგვარ აზრს მოკლებულია და ვნებს კიდეც გონებრივ განვითარებას.
-
როცა ბავშვი წერს, ის უკეთ შეიმეცნებს - ტვინის მუშაობა დაკავშირებულია მოტორულ მეხსიერებასა და მოძრაობით არხებთან.
კომპიუტერული თამაშების თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის სხვადასხვა უბნის განვითარებისთვის. ამიტომ დასანანია ამ ძვირფასი დროის დაკარგვა ისეთ საქმიანობაზე, რომელიც ტვინს კი არ ასტიმულირებს, "აძინებს" - ბავშვი ჯერ კიდევ კინესთეტიკია, რის გამოც მას აქტიური თამაში სჭირდება და არა ეკრანის ცქერა.
ადრეულ სასკოლო ასაკში ბავშვი ითვისებს მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროს.
ხშირად ეს მშობლებს აღიზიანებს კიდეც. მათ ეჩვენებათ, რომ თუ პატარას მიიყვანენ, მაგალითად, კერამიკის წრეზე, ეს გატაცება სამუდამო, ძვირფასი და მნიშვნელოვანი გახდება მისთვის. როცა ორი კვირის შემდეგ ბავშვი განაცხადებს, რომ მას კალათბურთი უფრო აინტერესებს, უფროსები ახალ წამოწყებას ცივი უარით ხვდებიან.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერხთან ჯდომა და რვეულში ლამაზად წერა სულაც არ არის ყველაფერი, რაც ბავშვს შეუძლია. ადრეულ სასკოლო ასაკში, მიუხედავად მშობლების მრავალგზისი მცდელობისა, პატარას ჯერ კიდევ არ აქვს დაოკებული ენერგია. მას სჭირდება მოქმედებათა მაქსიმუმი და ყოველგვარი აქტიურობა, რათა ყველაფერი სცადოს და მომავალი ცხოვრებისათვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი აირჩიოს.