ბავშვის სასკოლო მზაობა
– რა იგულისხმება ბავშვის სასკოლო მზაობაში?
– სასკოლო მზაობა ბავშვის ფსიქიკური განვითარების აუცილებელი და საკმარისი დონეა, რაც მნიშვნელოვანია სკოლაში ბავშვის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. იმისათვის, რომ ბავშვი მზად იყოს სკოლაში აკადემიური საქმიანობისთვის: წერა-კითხვისა და მათემატიკის წარმატებით ასათვისებლად და სასკოლო თუ საკლასო მოთხოვნების შესასრულებლად, აუცილებელია, მომწიფებული ჰქონდეს:
- შემეცნებითი უნარები: აღქმა, აზროვნება, მეხსიერება;
- მეტყველების უნარები: სხვისი მეტყველების გაგება და აზრის სიტყვებით ჩამოყალიბება;
- პიროვნულ-ემოციური სფერო;
- ნებელობა.
– რა არის აუცილებელი ბავშვის სკოლაში წარმატებულად ფუნქციონირებისთვის პირველ წლებში?
– სკოლამდელი ასაკი ის პერიოდია, როდესაც უნდა მოხდეს ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური და
სოციალურ-პიროვნული განვითარება, „მომწიფება“ სისტემური სასკოლო მზაობის დონემდე. სკოლამდელი ასაკის ბავშვის სკოლისთვის მომწიფება სულაც არ ნიშნავს მისთვის წერისა და კითხვის, მათემატიკის სწავლებას. აღნიშნულ ასაკში უნდა მოხდეს კითხვის, მათემატიკის, სასკოლო მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო უნარების მომწიფება. ვინაიდან სკოლამდელი ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი: თამაშები და დიდაქტიკური, სახალისო დავალებები, მიმართული ყურადღებისა და მეხსიერების, სივრცეში ორიენტირების, მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ფონემური სმენისა და ფონოლოგიური უნარების (სიტყვებში ბგერების გარჩევისა და ბგერების სიტყვებად გაერთიანების უნარი), თხრობითი მეტყველების, სოციალური უნარების განვითარებისკენ. მსგავსი ტიპის თამაშებისა და დავალებების შესრულება მოითხოვს მიზნის დასახვას, მითითებების შესრულებას, მოქმედების დაგეგმვით მიზნის მიღწევას, იმპულსის შეკავებას, გარეშე გამღიზიანებლების უგულებელყოფას და ყურადღების მიზანმიმართულ მართვას, საკუთარი მოქმედების კონტროლს. სწორედ ეს უნარებია აუცილებელი სკოლაში სწავლის დაწყებისთვის.
– როგორია სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება?
– სკოლამდელ ასაკში მნიშვნელოვანია მსხვილი და ნატიფი მოტორიკის განვითარება. მსხვილი მოტორიკა არის ბავშვის მოძრაობის კოორდინაცია, ხელების, ფეხების, სხეულის მოძრაობა. სკოლაში შესვლისთვის ბავშვს უნდა შეეძლოს: სწორ ხაზზე სიარული, სირბილი, ხტომა, ბურთის დაჭერა და სროლა, ღილების, ზონრების შეკვრა. სხეულის კარგი კოორდინაცია გულისხმობს მოძრაობათა მსუბუქად და იოლად შესრულებას. ნატიფი მოტორიკა არის თითების სწრაფი და ზუსტი მოძრაობის შესრულების უნარი, ის დამოკიდებულია ხელის მტევნის მომწიფების დონეზე. კარგად განვითარებული ნატიფი მოტორიკა გამოიხატება მაკრატლის, ფანქრის, ფუნჯის სწორად გამოყენების უნარში. ნატიფი მოტორიკის განვითარება ეხმარება ბავშვებს წერის მარტივად დაუფლებაში. სკოლაში შესვლისთვის ბავშვს უნდა შეეძლოს: სწორი ხაზების გავლება, ხაზების გავლება არაწყვეტილად, არამედ მთლიანად, ზედმეტი ზეწოლის გარეშე.
– იქნებ გვესაუბროთ სკოლამდელი ასაკის ბავშვის შემეცნებით განვითარებაზე.
– შემეცნებით უნარებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ცალ-ცალკე განვმარტოთ: აღქმა, მეხსიერება და ყურადღება.
აღქმაში იგულისხმება ცალკეული შეგრძნების ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის გამთლიანება. შეგრძნებებით მიღებული ინფორმაციით ხდება საგნის აღქმა, მისი იდენტიფიცირება და შემდეგ მისი კატეგორიისთვის მიკუთვნება. ინფორმაციის დიდ ნაწილს სკოლამდელი ასაკის ბავშვები აღიქვამენ მხედველობით და სმენის მეშვეობით. ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლისთვის მომწიფებისას ყურადღება მივაქციოთ მხედველობითი და სმენითი აღქმის განვითარებას. მხედველობითი აღქმა ბავშვებს ეხმარება, ადეკვატურად აღიქვან წიგნში ან დაფაზე დახატული, დაწერილი ინფორმაცია, სმენითი აღქმა კი – მასწავლებლის ნათქვამი ინსტრუქციის სწორად გაგებაში. აღქმა მონაწილეობს როგორც აზროვნების, ისე მეხსიერების პროცესში. სკოლაში შესვლისას მნიშვნელოვანია ბავშვს შეეძლოს: ფიგურების, ფორმების ერთმანეთისგან გარჩევა, მათი გამოყოფა გარემოდან, მთელის ნაწილების პოვნა, სივრცითი მიმართებების აღქმა (მარჯვენა, მარცხენა, ზემოთ, ქვემოთ), ფიგურების თვისებების გარჩევა: ფერის, ფორმის, ზომის.
ყურადღება არის ცნობიერების მიმართვა და ფოკუსირება გარკვეულ საგანზე. ყურადღების თვისებებია:
- სიმტკიცე – ყურადღების ფოკუსის შენარჩუნება გარკვეული დროით. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, მოთხოვნის შესაბამისად, ყურადღების მართვა 15-20 წუთის განმავლობაში შეუძლიათ.
- ყურადღების მოცულობა – ყურადღების ფოკუსირება რამდენიმე საგანზე ერთდროულად. ბავშვებს 1-დან 3-მდე ობიექტზე შეუძლიათ ერთდროულად მიმართონ ყურადღება.
- ყურადღების გადართვა – იგულისხმება ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადართვა.
- ყურადღების განაწილება – ერთდროულად ორი ან მეტი საქმის ერთდროულად შესრულება.
- უნებლიე ყურადღება – მიმართულია საინტერესო, ემოციური მოვლენებისკენ, რაც უშუალოდ იპყრობს ჩვენს ყურადღებას.
- ნებისმიერი ყურადღება – იმართება ნებისყოფით და მისი მიმართვა შესაძლებელია უინტერესო საქმიანობისკენაც.
მეხსიერება არის ინფორმაციის აღქმა, დახსომება, შენახვა და შემდგომ აღდგენა. მეხსიერება არის სმენითი და მხედველობითი. სკოლამდელ ასაკში ბავშვის მეხსიერება მეტად უნებლიეა, ის იმახსოვრებს იმას, რამაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა. სკოლაში შესვლასთან ერთად, ბავშვი თანდათან ეჩვევა რაიმეს განზრახ დამახსოვრებას და შემდეგ საჭირო დროს გახსენებას. თანდათან მეხსირება ნებისყოფით იმართება.
სკოლაში შესვლისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს განვითარებული პრაქტიკული და თვალსაჩინო – ხატოვანი აზროვნება, ანუ ის თვალსაჩინო მასალაზე დაყრდნობით უნდა ახორციელებდეს სხვადასხვა ოპერაციას: საგნის ცალკეული თვისებების დაფიქსირებას (ფერი, ფორმა), ამ ნიშნის მიხედვით კლასიფიკაციას და ამის სიტყვით გადმოცემას.
– ბავშვის ემოციურ-ნებელობით სფეროზე რას გვეტყოდით?
– სკოლაში ბავშვები ხშირად კამათობენ, ზოგჯერ კონფლიქტური სიტუაციებიც ხდება. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს შეეძლოს ემოციების მართვა. ამას ხელს უწყობს მშვიდი ოჯახური ატმოსფერო. როდესაც უფროსები პრობლემურ სიტუაციებს კონსტრუქციულად უმკლავდებიან, ასეთ შემთხვევაში ბავშვსაც შეუძლია პრობლემების აგრესიის გარეშე მოგვარება. გახსოვდეთ! ბავშვები ძალიან ბევრ ქცევას მიბაძვით სწავლობენ.
– როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ მარტივად შეეგუოს სკოლის გარემოს?
– მნიშვნელოვანია მშობელმა გაიაზროს, რომ ბავშვისთვის სასკოლო გარემო არის ახალი გამოწვევა, ნებისმიერი სიახლე, არ აქვს მნიშვნელობა, სასიამოვნოა თუ უსიამოვნო, არის სტრესული. ბავშვს უწევს ახალ გარემოსთან ადაპტირება, რომელში ფუნქციონირების გამოცდილებაც არ აქვს, არ იცის, რას უნდა ელოდოს თავისი მასწავლებლებისგან, კლასელებისგან. ასევე ნაკლებად დირექტიული გარემოდან გადადის საკმაოდ დირექტიულ გარემოში. ბავშვს რომ გაუმარტივდეს სკოლასთან შეგუება:
- მშვიდად გააღვიძეთ. გაღვიძებისას მნიშვნელოვანია, ბავშვმა დაინახოს მშობლის ღიმილი;
- ესაუბრეთ მშვიდი, კეთილგანწყობილი ტონით;
- არ ააჩქაროთ დილის პროცედურების შესრულებისას. დროის განაწილება მშობლის პრეროგატივაა;
- თუ სკოლიდან ცუდ ხასიათზე დაბრუნდა, არ გაუწყრეთ, გაამხნევეთ;
- მასწავლებელს ბავშვის მიღწევების ან სირთულეების შესახებ, სასურველია, პატარას გარეშე ესაუბროთ;
- სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს მიეცით დრო დასასვენებლად. მნიშვნელოვანია დრო ისე გავანაწილოთ, რომ 17 საათის შემდეგ ბავშვს არ ჰქონდეს სამეცადინო;
- მეცადინეობისას შეასვენეთ. ერთი ამოსუნთქვით დავალებების შესრულებას სჯობს, იმუშაოთ 15-20 წუთი, 10 წუთი კი შეისვენოთ;
- იყავით ყურადღებით ბავშვის ჩივილების მიმართ – თავის ტკივილზე, დაღლილობაზე. ეს შეიძლება ნიშანი იყოს როგორც ჯანმრთელობის პრობლემების, ისე გადაღლის ან სწავლაში/სკოლაში არსებული სირთულეების;
- როდესაც ბავშვი გესაუბრებათ, მოუსმინეთ ყურადღებით;
- ჩამოაყალიბეთ კონკრეტული წესები და მოთხოვნები. წესები და მოთხოვნები უნდა იყოს ლაკონიური და ბავშვისთვის გასაგები;
- იყავით მომთმენი, სანამ კითხვას ისწავლის, წაუკითხეთ სახალისო, საბავშვო ლიტერატურა;
- ხშირად შეაქეთ, აქცენტი გააკეთეთ მის საქციელზე და არა პიროვნებაზე. წაახალისეთ მისი სურვილი, დასვას შეკითხვები, მისი ცნობისმოყვარეობა. წაახალისეთ სხვა ბავშვებთან თამაშის, ურთიერთობის სურვილი. ხელი შეუწყვეთ მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებაში;
- ნ შეეცადეთ, ბავშვი თქვენთან ერთად ჩართოთ საქმიანობაში: ოთახის მილაგებაში, ყვავილების ან შინაური ცხოველების მოვლაში;
- ნ დაინტერესდით, ჩაერთეთ იმ საქმიანობაში, რომელიც ბავშვს მოსწონს.
რა არ უნდა გავაკეთოთ
- არ შეაწყვეტინოთ ბავშვს, როდესაც დღის შთაბეჭდილებებს გიზიარებთ;
- არ დააკისროთ ის ვალდებულებები, რისი შესრულებაც ჯერ არ შეუძლია;
- არ მოითხოვოთ მისგან ერთბაშად ძალიან ბევრი, ამოირჩიეთ კონკრეტული საქმიანობა, ჩვევა, რასაც გინდათ, რომ ის დაეუფლოს;
- არ აკრიტიკოთ ბავშვის ინიციატივა: „ასე კი არა...“; „ასე კი არ უნდოდა, არამედ...“
- არ აკრიტიკოთ სხვების თანდასწრებით;
- არ შეადაროთ სხვა ბავშვებს: და-ძმას, კლასელებს, მეზობლებს და ა.შ.