უკვე გავიზარდეთ... აბა, თუ გაცოცდები! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უკვე გავიზარდეთ... აბა, თუ გაცოცდები!

როგორ დავეხმაროთ პატარას ამ დროს? "ღმერთო ჩემო, როდის დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ჩემი შვილი ცოცვას თავს დაანებებს და ადამიანურად გაივლის?!" - ნატრობენ დედები, რადგან დღითი დღე მოსაბეზრებელი ხდება პატარას დევნა და გამუდმებული შიში, იატაკზე ნაპოვნი ნამცეცი პირისკენ არ გააქანოს. "ჩემი საერთოდ არ დაცოცავდა, ცხრა თვისა პირდაპირ ადგა და გაიარა, არავითარი პრობლემა არ გვქონია", - ისმის ზოგჯერ პასუხად. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ ბავშვს, რომელიც არ ცოცავს, პრობლემა ნამდვილად აქვს. უბრალოდ, მშობლები მას ვერ ამჩნევენ. რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ასეთი ბავშვი ცუდად ორიენტირდება სივრცეში, ერთმანეთში ურევს მარჯვენასა და მარცხენას, ძნელად ითვისებს საუბრისას მიმართულების აღმნიშვნელ სიტყვებს, მის მიერ დახატული სურათები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილებისგან შედგება, წერისას ასოების მიმართულება შეცვლილია. მშობლებს კი აზრადაც არ მოსდით, რომ თავიდათავი სწორედ ცოცვაა.

რა საჭიროა ცოცვა?

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ცოცვის უნარი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვის შემდგომ განვითარებასთან. როცა ბავშვი იბადება, მისი ტვინის ნახევარსფეროები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. ერთი ნახევარსფერო თითქოს "ვერ ამჩნევს" მეორის არსებობას. ამის გამო პატარას მოძრაობები არაკოორდინირებული, ქაოსურია - მას არ შესწევს უნარი, წაეპოტინოს სათამაშოს, გადაბრუნდეს ზურგიდან მუცელზე. დროთა განმავლობაში ნახევარსფეროებს შორის თავისებური ხიდი ყალიბდება. ის შედგება ნერვული ბოჭკოებისგან, რომლებიც ტვინის სხვადასხვა უბანს აკავშირებენ და მათი მოქმედებაც კოორდინირებული ხდება.

როდესაც ბავშვი ცოცავს, მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილი, მაგალითად, მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი, სინქრონულად მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ ტვინის ნახევარსფეროები მუდმივად ურთიერთქმედებენ - თუ ერთი მათგანი აქტიურია, მას აუცილებლად ეხმარება მეორეც.

არცთუ იშვიათად იმ ბავშვების ტვინს, რომლებიც არ ცოცავდნენ, არ გააჩნია შეთანხმებული მოქმედების უნარი და ერთი ნახევარსფეროს აქტიურობისას მეორეს მოქმედება ბლოკირებულია, გამოთიშულია. ზოგიერთი ბავშვი, რომლისთვისაც ცოცვა უცხოა, მეტისმეტად ზანტია. თითქოს დრო სჭირდება, რათა თითოეული მოძრაობა "მოიფიქროს" და "გაიაზროს". ზოგი, პირიქით, ჰიპერაქტიურია, მაგრამ მოძრაობები არაკოორდინირებული, ქაოსური აქვს. ასეთ პატარებს თითქოს ყველაფერი ხელიდან უცვივათ, ყველაფერს ეჯახებიან. ორივე შემთხვევაში ბავშვებს ძალიან უჭირთ სირბილი, სადმე აძრომა, ბურთის თამაში, ველოსიპედის ტარება - რთული მოძრაობები, რომელთა განხორციელებისთვისაც აუცილებელია სწრაფი რეაქცია და მოძრაობათა კარგი კოორდინაცია.

გარდა ამ ყველაფრისა, ცოცვის დროს ბავშვი მზერას საკუთარ ხელებზე აფიქსირებს, ეს კი ხელს უწყობს ახლო მანძილზე მხედველობის განვითარებას, რომელიც აუცილებელია კითხვის, წერისა და ხატვისთვის. ამასთანავე, პაწაწინა ხელისგულების იატაკთან შეხებისას ვითარდება მოტორული სისტემა, რაც ჯერ ზეპირი, ხოლო შემდეგ წერილობითი მეტყველების უნარს ავითარებს.

პიროვნების ჩამოყალიბებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოცვა . ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ბავშვის თვითიდენტიფიკაციის, მის მიერ საკუთარი "მეს" შეცნობის პროცესი სწორედ ცოცვის დაწყების მომენტიდან იღებს დასაბამს. უმწეო არსება, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ სავსებით ემორჩილებოდა უფროსების სურვილს, დამოუკიდებელი, აქტიური პიროვნება ხდება. ის აღარავის სთხოვს თვალებით, სადმე წაიყვანონ, ახლა შეუძლია, მუხლებსა და ხელისგულებს დაეყრდნოს და მიზანი შეარჩიოს... თურმე სულაც არ არის საჭირო, დედას ელოდო, რომ საყვარელ სათამაშოს შეავლო ხელი. აღარც მაგიდის ქვეშ შეძრომა ან სამზარეულოს დალაშქვრაა პრობლემა... ამ დროისთვის პრინციპულად იცვლება ბავშვისა და მოზრდილი ადამიანის ურთიერთობის სტილი. ცოცვის დაწყების შემდეგ ბავშვი საკუთარ თავს დამოუკიდებელ, დედისგან განცალკევებულ პიროვნებად აღიქვამს. სწორედ ეს არის სრულიად ახალი, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველი.

რა თქმა უნდა, პატარას თქვენი ალერსი და ემოციური მხარდაჭერა ძველებურად სჭირდება. ის უწინდებურად ელის თქვენს სიყვარულს და ამ გრძნობას თავადაც გაჩუქებთ. მაგრამ ყურადღებისა და ალერსის გარდა დღეიდან ის თქვენგან თანამშრომლობასა და აქტიურ ერთობლივ მოღვაწეობას ელის. თუ გსურთ, თქვენმა პატარამ სიამოვნებით იცოცოს, იატაკზე დასმა საკმარისი არ არის. თქვენც მის გვერდით უნდა იყოთ - უკითხოთ წიგნები, ეთამაშოთ და მასთან ერთად იცოცოთ. შედეგი უთუოდ აისახება პატარას განვითარებაზე.

როგორ დავძლიოთ საფრთხე

ვიდრე თქვენი პატარა დროის უდიდეს ნაწილს მანეჟში ატარებდა, მშვიდად იყავით, მაგრამ დადგა დრო, როცა მან ცოცვა უნდა დაიწყოს და ოთახი "კარგად შეისწავლოს". ყველა დედას უწევს იმ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა, რომელიც ხელს გვიშლის, ბავშვს დამოუკიდებლობა მივანიჭოთ. გვირჩევნია ვიცოდეთ, რომ ჩვენი პატარა უსაფრთხო ადგილზე გვყავს დაბინავებული. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საფრთხესთან შეჯახებისა და მისი დაძლევის უნარი ადამიანისათვის აუცილებელი თვისებაა. ბუნებამ ისურვა, რომ ის სწორედ ახლა, დაახლოებით ექვსი თვის ასაკისთვის ჩამოყალიბდეს. ბავშვმა უნდა აღმოაჩინოს, რომ გარდა ალერსისა და ყურადღებისა ცხოვრებაში საშიშროებაც არსებობს. შეიძლება მაგიდის ფეხს დავეჯახოთ, კარში თითი მოვაყოლოთ ან პრიალა იატაკზეც მოვსრიალდეთ... ბავშვი, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცდის დედამიწის მიზიდულობის ძალას ან მყარი სხეულის თვისებებს, ძალზე სწრაფად აითვისებს უსაფრთხო გადაადგილების ხერხებს.

შემჩნეულია, რომ ბავშვები, რომელთაც მშობლები სივრცის დამოუკიდებლად ათვისებას არ უკრძალავენ, არა მარტო მოხერხებულები არიან, არამედ უფრო მეტად აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა და საფრთხესაც უკეთ გრძნობენ. ცხადია, საფრთხე, რომელიც პატარას ოთახში ელის, მის ფიზიკურ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს. ამისთვის ოთახიდან უნდა გავიტანოთ მძიმე, არამყარი, მჭრელი ან წვეტიანი საგნები ანუ ყველაფერი, რაც შეიძლება სერიოზული ტრავმის მიზეზად იქცეს. აუცილებელია ელექტროგაყვანილობის შემოწმება, რათა პატარას არ მიეცეს შიშველ, დაზიანებულ სადენთან შეხების საშუალება. ჩამრთველები სპეციალური საცობებით უნდა დაიგმანოს.

როგორ ვისწავლოთ ცოცვა

აქტიურ, ცოცხალ, სწრაფ ბავშვს ცოცვისთვის დამატებითი სტიმული სულაც არ სჭირდება, მაგრამ ჭარბი წონის მქონე და ფლეგმატურ ბავშვებს შესაძლოა სრულებით არ იზიდავდეს ოთახის "დათვალიერება". მათ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. ბავშვი მუცელზე დააწვინეთ. საჩვენებელი და შუა თითები ხერხემლის აქეთ-იქით დააწყვეთ, ზურგზე ოდნავ დააწექით და თითები კისრიდან გავის ძვლისკენ გაასრიალეთ. გავასთან ორი პატარა ორმო იპოვეთ და მსუბუქად დაუზილეთ. ბავშვს საწოლში გასაბერი ბურთი ჩაუდეთ. პატარა მას ფეხისგულებით უნდა შეეხოს. ეს ხელს შეუწყობს ცოცვის რეფლექსის განმტკიცებას.

პატარამ რომ იცოცოს, ხელისგულები გაშლილი უნდა ჰქონდეს. ბავშვი მუცლით დააწვინეთ ბურთზე, ფეხებით დაიჭირეთ და ბურთი წინ გააგორეთ. პატარას ხელები ამ დროს იატაკს შეეხება და რეფლექსურად გაიშლება. ამავე მიზნით ჯამი ან ყუთი მსხვილი უმი მაკარონით აავსეთ. პატარას სათამაშო აჩვენეთ, შემდეგ ის მაკარონში დამალეთ, ხელი ჩააყოფინეთ, რათა სათამაშო მოძებნოს. ოღონდ ყურადღებით იყავით, რომ ბავშვმა მაკარონი არ გადაყლაპოს! ძველი საბანი დაახვიეთ და თოკით შეკარით, შემდეგ ბავშვს მკერდქვეშ ამოუდეთ ისე, რომ ხელები თავისუფალი დარჩეს. პატარა მტევნებს გაშლის და იატაკს დაეყრდნობა. ბავშვი მუცლით დააწვინეთ გასაბერ ბურთზე, მარცხენა ხელით ზურგი დაუკავეთ, ხოლო მარჯვენათი ქვემო კიდურს ცოცვისთვის საჭირო მდგომარეობა მიეცით (მუხლი - მოხრილი, ტერფ-წვივის სახსარი - გაშლილი), დააფიქსირეთ და ბურთი მცირე ამპლიტუდით ამოძრავეთ. იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხისთვისაც.

მიზნისკენ!

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ქაოსურად კი არ ცოცავდეს, არამედ სივრცეში ორიენტაციას, საინტერესო საგნისკენ მიზანმიმართულ გადაადგილებას სწავლობდეს, რის ათვისებაშიც მარტივი მხიარული თამაშები დაგეხმარებათ. იატაკზე 40-50 სანტიმეტრის მოშორებით მოათავსეთ რამდენიმე სათამაშო (მკვეთრი ფერის ან მუსიკალური, რათა ბავშვის ყურადღება უკეთ მიიპყროს). ბავშვს რიგრიგობით მიაქცევინეთ ყურადღება თითოეული მათგანისთვის, რათა ცოცვა მიზანმიმართული გახდეს. შემდეგ სათამაშო რამდენიმე მეტრის მანძილზე მოათავსეთ და ნაჭერი გადააფარეთ. მიეცით პატარას საშუალება, ის თვითონვე "აღმოაჩინოს". "დამალული" სათამაშოები ცვალეთ.

პოლიგონზე

ცოცვა საინტერესო რომ იყოს, იატაკზე "წინააღმდეგობის ხაზი" შექმენით. ამისათვის გამოიყენეთ:

  • საგნები, რომლებზეც ბავშვი გაცოცდება: სხვადასხვა მასალისგან დამზადებული საფარი - რბილი ხაოიანი ხალიჩა, ტურისტული ლეიბი, რეზინის ლეიბი, ღრუბლის საგები და ა.შ. ეს ამდიდრებს პატარას სენსორულ შეგრძნებებს;
  • საგნები, რომლებშიც ბავშვი ჩაძვრება - მუყაოს ყუთი, საბავშვო კარავი, სპეციალური საცოცავი გვირაბი;
  • საგნები, რომლებზეც ბავშვი გადაცოცდება - დახვეული საბანი, მუთაქა, პატარა ბალიში, გასაბერი აუზი, მაშველი რგოლი;
  • საგნები, რომლებზეც ბავშვი აცოცდება - ტახტის ბალიში, პლასტმასის ჯამი, ხის უჯრა;
  • საგნები, რომლებსაც ბავშვი ცოცვით გაეკიდება - ბურთი, ცილინდრის ფორმის სათამაშო, საგორავი სათამაშოები.

მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვის პატარა, მეტისმეტად შორს არ უნდა იყოს, თორემ ბავშვი ცოცვით დაიღლება და ინტერესი დაეკარგება.