პირველი ნაბიჯები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი ნაბიჯები

დრო, როცა პირველი კბილები ამოიჭრებოდა, პატარა ცოცვას დაიწყებდა და მერე სიარულზე გადავიდოდა, ძალიან შორს გვეგონა... გავიდა სულ რაღაც 9-10 თვე და პატარა უკვე საოცრად მოძრავია, ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდება; ხან დგება, ხან ჯდება, ხანაც კარადებს "იკვლევს".

სიცოცხლის პირველი წლის მეორე ნახევარი ბავშვის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ამ დროს ვლინდება პატარას დამოუკიდებლობა და განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა.ჩვეულებრივ, 9-10 თვის პატარები უკვე საკმაოდ სწრაფად ცოცავენ და ფიზიკური განვითარების მომდევნო სტადიაზე გადადიან - დგებიან და ამართულ სიარულს იწყებენ, ვერტიკალურ მდგომარეობას ეუფლებიან.

10-14 თვის ბავშვი ახალ ჩვევათა მთელ სერიას ითვისებს. ეს ჩვევები გარდამავალი საფეხურია მდებარეობის ცვლილებების პროცესში. თავდაპირველად ბავშვების უმრავლესობა ადგომას და საყრდენის გასწვრივ სიარულს სწავლობს. მაგალითად, მანეჟში ან საწოლში წამოდგება, მოაჯირს ხელს ჰკიდებს და პატარა ნაბიჯებით დადის. ამის შემდეგ ბავშვები ითვისებენ სიარულს სხვადასხვა მიმართულებით - სკამის ან პატარა ეტლის დახმარებით მიიწევენ წინ. შემდეგ ბავშვი თავისუფლად მოძრაობს ერთი საყრდენიდან მეორისკენ - დედისგან მამისკენ, სავარძლიდან საწოლისკენ.

მომდევნო ეტაპია სიარული უფროსების დახმარებით და დამოუკიდებელი წამოდგომა. ძალიან სასიამოვნოა წუთი, როცა ბავშვი თავისით დგება ფეხზე და უფროსების დაუხმარებლად გადადგგამს ნაბიჯს. ამას მოსდევს მჯდომარე მდგომარეობიდან ადგომა, ბარიერზე გადაბიჯება, კიბეზე ასვლა უფროსების დახმარებით, სკამზე აძრომა...

წესები მშობლებისთვის

თუ გინდათ თქვენი შვილის პირველი ნაბიჯები მალე იხილოთ, მას სიარულის ტექნიკის ათვისებაში დაეხმარეთ. რას უნდა მივაქციოთ ამისთვის ყურადღება? უწინარეს ყოვლისა, ბავშვის მზაობას. ახალი მოძრაობითი აქტივობების ათვისება თანდათანობით უნდა ხდებოდეს. ბავშვის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი სათანადოდ უნდა იყოს განვითარებული და მომზადებული მოსალოდნელი დატვირთვებისთვის, რომელიც ამართულ სიარულს უკავშირდება. ამიტომ არ ღირს მოვლენათა დაჩქარება. არ არის რეკომენდებული, ბავშვს სიარული "ვასწავლოთ", თუ მან სრულად არ აითვისა ცოცვა. სწორედ ცოცვა უწყობს ხელს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებას, ავითარებს და სრულყოფს კუნთოვან სისტემას. არ უნდა გაგვიტაცოს თავად სიარულის პროცესმა. არ დაგავიწყდეთ, რომ სიარული თქვენთვის სულ ადვილი და უბრალო რამაა, მაგრამ ბავშვისთვის ჯერ უცნობი და მძიმე დატვირთვაა.

სტიმული და მოტივაცია

ბავშვის ბუნებრივ სურვილს, ისწავლოს სიარული, აუცილებლად სჭირდება სტიმული, ამისთვის კი პატარა უნდა დავაინტერესოთ. ეცადეთ, ბავშვის ყურადღება ხშირად გადაიტანოთ ზემოთ მდებარე საგნებზე მაშინ, როცა პატარა ოთხზე დგება და ცოცვისთვის ემზადება. მაგალითად, თუ ხედავთ, რომ ბავშვი დაინტერესდა იატაკზე დადებული სათამაშოთი, სასწრაფოდ გადადეთ ის სკამზე ან საწოლზე ისე, რომ პატარამ ეს კარგად დაინახოს. მას შემდეგ, რაც ბავშვი წამოდგება და სათამაშოს მისწვდება, ის სხვაგან გადადეთ, რათა პატარას ჰქონდეს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმის საშუალება.

ამავე მიზნით შეიძლება შევქმნათ პატარა "ხიდი" სხვადასხვა მდგრადი საგნისგან - სავარძლისგან, სკამისგან, საწოლისგან... თავდაპირველად ისინი ერთმანეთთან ისე ახლოს განალაგეთ, რომ ბავშვი ყოველგვარი სირთულის გარეშე გადადიოდეს ერთი "სადგურიდან" მეორისკენ, შემდეგ კი მანძილი თანდათან გაზარდეთ. პირველ ეტაპზე ყურადღებით უნდა იყოთ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ პატარას დაცემის შანსი. ეს აუცილებელია, რათა ტრავმის გამო ბავშვს არ გაუქრეს დგომისა და სიარულის სურვილი. აუცილებლად შეაქეთ ბავშვი ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო წარმატებისთვის - ეს მოტივაცია იქნება შემდგომი მიღწევებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია საყვედურები დაცემის გამო.

მიბაძვა

როდესაც სეირნობთ, ბავშვის ყურადღება მიაპყარით მოსიარულე და მორბენალ ადამიანებს, ბავშვებს, რომლებიც სხვების დაუხმარებლად დადიან. შესაძლოა უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ სწრაფად მოსიარულე და გარკვეული მიზნით მიმავალი ადამიანების პოვნა იოლი არ არის. ქუჩაში მოზრდილები ხშირად ერთად მისეირნობენ, ბავშვი მიჰყავთ, ეტლს მიაგორებენ ან ჯოხს ეყრდნობიან. სახლში ყოფნისას ჩვენც მინიმალურ მოძრაობებს ვასრულებთ. ამიტომ გვირჩევენ, ხშირად წავიდეთ ბავშვთან ერთად პარკში, სადაც ბევრი მოსიარულე თუ მორბენალი ადამიანია. რასაც დაინახავთ, არ უნდა დატოვოთ უკომენტაროდ. "პატარა ბიჭი თავისით მიდის!", "ბიძია გარბის!" - თქვით ბავშვის გასაგონად.

მე თვითონ!

სპეციალისტების ნაწილი გვირჩევს, შეძლებისდაგვარად ნაკლებად გამოვიყენოთ სიარულის სწავლების დროს დამხმარე საშუალებები, მაგალითად, ჭოჭინა. ზოგიერთ მათგანს მიაჩნია, რომ ჭოჭინა პატარას აზარმაცებს და დამოუკიდებლად სიარულის სურვილი შესაძლოა სულაც გაუქროს. ასევე არ გვირჩევენ სიარულში იძულებით "ვარჯიშს", რომლის დროსაც პატარა იღლიებით გვიჭირავს - ეს ზრდის ტერფებისა და მუხლების დეფორმაციის რისკს, დეფორმირდება ხერხემალი. პედიატრების აზრით, ყველაზე მისაღები დამხმარე საშუალება სპეციალური ქამარია. რეკომენდებულია სპეციალური საგორაო სათამაშოებიც, რომელთაც სპეციალური ხელი აქვთ. ბავშვს ხელი უჭირავს, სათამაშოს იყენებს როგორც საყრდენს და გამართული დადის. სიარულის დროს დასახმარებლად ოპტიმალურია, ბავშვს ხელი მოვკიდოთ მტევანზე, წინამხარზე ან ტანსაცმლით (მაგალითად, ქურთუკით) გვეჭიროს. უნდა მივაქციოთ ყურადღება, იცავს თუ არა პატარა წონასწორობას.


სასარგებლო თამაში

ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ ერთი წლის ბავშვს ერთ ადგილზე ვერ დასვამთ. ამიტომ არის რეკომენდებული ყველა ფიზიკური და განმავითარებელი ვარჯიშის თამაშად გადაქცევა. ირგვლივ რამდენი რამაა საინტერესო! გამოიყენეთ ფანტაზია, რათა ბავშვი თამაშით დააინტერესოთ. ის გაერთობა და საერთოდ ვერ შეამჩნევს, რომ გარკვეულ ვარჯიშს ასრულებს. პატარას მიეცით გასართობი, მაგრამ მარტივი დავალებები - მისვლა წითელ მანქანამდე, ახლა მწვანემდე, ახლა დიდამდე... ასეთი დავალებები ბავშვს არა მარტო ფიზიკურად, არამედ ინტელექტუალურადაც განავითარებს.

იჯექით ნაკლებ ხანს

სეირნობისას ბოროტად ნუ ისარგებლებთ იმ გარემოებით, რომ პატარას ძალიან სიამოვნებს ეტლში ჯდომა. ეცადეთ, საბავშვო ეტლი გამოიყენოთ მხოლოდ ძილის ან დიდ მანძილზე გადაადგილების დროს. ბავშვები, რომელთაც არ უზღუდავენ მოძრაობას, უფრო ადვილად სწავლობენ სიარულს. აუცილებლად "წაიყვანეთ სასეირნოდ" ბავშვის საყვარელი სათამაშოები. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ხელჯოხიანი საგორაო. სხვათა შორის, პატარებს ძალიან უყვართ, როცა წინ მიაგორებენ თავიანთ ეტლს ან მის შემცირებულ სათამაშო ვარიანტს.

ფეხშიშველი სიარული

საზღვარგარეთ დომინირებს აზრი, რომ ბავშვს ფეხსაცმელი მანამდე არ უნდა ჩავაცვათ, სანამ სიარულს კარგად არ ისწავლის. გვირჩევენ, პატარამ ფეხშიშველმა იაროს ან ეცვას სპეციალური წინდები, რომლებსაც ძირზე რეზინი აქვს მიმაგრებული. ეს მიდგომა ბრტყელტერფიანობის საუკეთესო პროფილაქტიკაა, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საზღვარგარეთ ოჯახებში რბილი იატაკი აქვთ და არა პარკეტი, როგორც ჩვენთან. ამავე დროს, იქ არის გათბობის განსხვავებული სისტემა, რის წყალობითაც იატაკი თბილია.

ვაიმე, დავეცით!

როცა ბავშვი პირველ ნაბიჯებს დგამს, მას მზერა არ უნდა მოვაცილოთ. მიუხედავად მაქსიმალური ყურადღებისა და დროულად გაწვდილი ხელისა, თავდაპირველად დაცემა და კოპები მაინც გარდაუვალია. უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ დაცემა სიარულის სწავლის განუყოფელი ნაწილია. არ შეიძლება, შიშს აჰყვეთ და პატარას მოძრაობა შეუზღუდოთ. არ არის მიზანშეწონილი, ყოველ ნაბიჯზე ვიყვიროთ: "ნელა!", "არ დაეცე!", "თავს გაიტეხავ!". ასეთი რეპლიკების წყალობით ბავშვს თქვენი შიში გადაეცემა და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარება. არ შეიძლება დაცემის მომენტში ბავშვისთვის ხელის მკვეთრად წავლება - შესაძლოა, რამე დაუშავოთ.

არჩევანის თავისუფლება

მიანიჭეთ ბავშვს მოძრაობის აბსოლუტური თავისუფლება, დართეთ ნება თავად გადაწყვიტოს, რა და როგორ აკეთოს. შეაქეთ პატარა, როცა სურვილი აქვს იცოცოს, ბარიერები გადალახოს, წამოდგეს, დაცემის შემდეგ ადგეს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბავშვის ორგანიზმს უფრო მეტი და მრავალფეროვანი მოძრაობა სჭირდება, ვიდრე მოზრდილისას. ეცადეთ, რამდენიმე მოძრაობა თავადაც შეასრულოთ - აძვრეთ, ჩამოძვრეთ, გაძვრეთ... შექმენით დაბრკოლებები ბალიშებით, მუთაქებით, ხალიჩებით და გადალახეთ ისინი. ნუ დაუშლით პატარას სავარძელზე ან სკამზე აძვრომას, ბალიშებზე გადაცოცებას. უბრალოდ მის გვერდით იყავით, რომ არაფერი დაიშავოს.

უსაფრთხოება

როცა ბავშვს მოძრაობის თავისუფლებას ანიჭებთ, მისი უსაფრთოებაც არ უნდა დაივიწყოთ. ყურადღებით დაათვალიერეთ საკუთარი სახლი. ბავშვის ირგვლივ არ უნდა იყოს საშიში საგნები - მახვილკიდიანი ავეჯი, მძიმე და მსხვრევადი ჭურჭელი, სრიალა ხალიჩა. პატარას უნდა ჰქონდეს სივრცე, რათა თავისუფლად გადაადგილდეს. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაძლოა სპეციალური მოწყობილობების შეძენა დაგჭირდეთ: ავეჯისთვის - რბილი კუთხეებისა, კარისა და ჩამრთველისთვის - ბლოკირების საშუალებებისა.