ბავშვის წონა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის წონა

  • დედის არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვება ორსულობისას;
  • პროფესიული მავნე ზემოქმედებანი, რომელთაც ქალი ორსულობისას განიცდის; კონსტიტუციური თავისებურებანი; სომატური სნეულებები; ორსულობის პერიოდის ტოქსიკოზები;
  • ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსიური (უჟანგბადო) მდგომარეობა მუცლადყოფნისას;
  • მუცლადყოფნის პერიოდის ინფექციები;
  • გენური და ქრომოსომული მუტაციები.

შეძენილ ჰიპოტროფიას ორი მთავარი მიზეზი აქვს: გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ზემოქმედება ბავშვის ორგანიზმზე. გარეგან ფაქტორთა რიცხვს მიეკუთვნება:

  • ალიმენტური - კვებასთან დაკავშირებული - პრობლემები;
  • დედის რძის ან ხელოვნური ნარევების რაოდენობრივი უკმარისობა;
  • საკვების ხარისხობრივი არასრულფასოვნება (ცილისა და ცხიმების სიმცირე დედის რძეში, დამატებითი საკვების დაგვიანება, არასწორად მომზადებული ხელოვნური ნარევები, ვიტამინებით ღარიბი საკვები);
  • ინფექციური ფაქტორები;
  • პირველ თვეებში გადატანილი ინფექციური დაავადებები;
  • ტოქსიკური ფაქტორები - D ჰიპერვიტამინოზი, წამლისმიერი მოწამვლა და ა.შ.;
  • არასწორი აღზრდა, მოვლა, რეჟიმი.

ამათგან ბავშვთა ჰიპოტროფიის მიზეზი ყველაზე ხშირად ინფექციური დაავადებებია, განსაკუთრებით - კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა. ამგვარ სნეულებათა დაგვიანებული, არასრულყოფილი მკურნალობა საკვები ნივთიერების შეწოვის მოშლას, კუჭისა და ნაწლავების ფერმენტული აქტიურობის დაქვეითებას, დისბაქტერიოზს - ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორის დარღვევას - განაპირობებს, რაც თავის მხრივ, ჰიპოტროფიის ჩამოყალიბებას ან უკვე არსებულის პროგრესირებას უწყობს ხელს.

- ჰიპოტროფიულ ბავშვებს მადაც დაქვეითებული აქვთ. რას ურჩევთ ამ შემთხვევაში მშობლებს?

- ადამიანს ჭამა, ჩვეულებრივ, მაშინ უნდება, როცა კუჭი საკვების წინა ულუფისგან იცლება. ბავშვის ორგანიზმში ეს საკვების მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ ხდება. ჰიპოტროფიულ პატარებს დარღვეული აქვთ საკვების მონელების პროცესი, ამიტომ გაცილებით გვიან შივდებათ. თუ საკვებს დავაძალებთ, ახალი ულუფა დაუცლელი კუჭის შიგთავსს დაემატება და ბავშვს შესაძლოა პირღებინებაც კი დაეწყოს. თუ პატარას სისტემატურად დავაძალებთ საკვებს, დროთა განმავლობაში ღებინების რეფლექსმა შესაძლოა საჭმლის არა მარტო მიღებისას, არამედ დანახვისთანავე იჩინოს თავი. მადადაქვეითებულ ბავშვებს ჭამიდან ჭამამდე არც ჩაი მისცეთ და არც წვენი, თორემ მადა კიდევ უფრო წაუხდებათ. თავდაპირველად ისეთი კერძი შესთავაზეთ, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას და ამის შედეგად მადასაც აძლიერებს. მაგალითად, ცოტა მჟავე ხილის ან კენკრის წვენი, უმი ბოსტნეულის სალათი, ხორცის კონცენტრირებული ბულიონი. მაგარ საკვებზე წყალი ან წვენი დააყოლებინეთ - ეს საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. საკვები დღეში ხუთ-ექვსჯერ, მცირე ულუფებით მიეცით, თანაც ეცადეთ, ჭამიდან ჭამამდე 3,5 საათზე ნაკლები დრო არ გავიდეს, მაგრამ თუ წინა ჯერზე პატარამ მხოლოდ რძის ნაწარმი მიიღო, მომდევნო ულუფა სამი საათის შემდეგ შესთავაზეთ. გაამრავალფეროვნეთ ყოველდღიური მენიუ, შეძლებისდაგვარად გააფორმეთ კერძები, დააკვირდით, რას მიირთმევს ბავშვი სიამოვნებით და ეცადეთ, ერთხანს მხოლოდ ეს საკვები მისცეთ, მერე კი მენიუში თანდათან სხვა კერძებიც ჩართოთ.

- ბავშვების უმრავლესობა ზაფხულში მადას კარგავს. როგორ შევურჩიოთ ასეთ დროს მენიუ?

- შეგიძლიათ, ჭამის წინ 50-100 მლ ცივი (მხოლოდ არა მაცივრის) წყალი, ხილის ან ბოსტნეულის წვენი დაალევინოთ, დღიური რაციონი კი ასე გადაანაწილეთ:

  • პირველი, დილის კვება უმჯობესია იყოს მაწონი ან კეფირი.
  • სადილი შედარებით გვიან - 15-16 საათ-ზე შესთავაზეთ. შუადღის ძილის შემდეგ მოშიებული პატარა მადიანად შეექცევა მირთმეულ კერძს.
  • შუალედებში, თუ საჭმელი მოითხოვა, მიეცით ხილი.

გახსოვდეთ: პატარა ყოველთვის ერთნაირ განწყობაზე არ არის. ეცადეთ, კვება მის განწყობას შეუფარდოთ, ხოლო საკვები ამინდის, წელიწადის დროის, გარემო პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით შეურჩიოთ. ბავშვები, რომელთაც სწორი კვებითი რეჟიმი აქვთ, ხარისხიან და საკმარისი ოდენობის საკვებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილების გათვალისწინებით იღებენ, თუ ავადმყოფობის გამო მადა დაუქვეითდათ, მალევე უბრუნდებიან ნორმას და გამოჯანმრთელების შემდეგ კარგად ვითარდებიან. შედარებით მოზრდილ ბავშვებს, რომელთაც ასაკთან შედარებით მცირე წონა აქვთ, უფრო მეტს აძლევენ ცილებით მდიდარ საკვებს: რძეს, მაწონს, ხაჭოს, ყველს, ხორცს, თევზს, კვერცხს. წონის დაქვეითებას ხშირად სდევს თან ანემია - სისხლნაკლულობა, რომელიც, თავის მხრივ, უმადობის მიზეზია. ამგვარად, იქმნება მანკიერი წრე. ასეთ დროს აუცილებელია სისხლის ანალიზი, ექიმის კონსულტაცია.

- არსებობს მეორე უკიდურესობაც: ჭარბი წონა. რატომღაც მშობლებს იგი პრობლემად არ მიაჩნიათ, პირიქით, უხარიათ კიდეც, როცა ბავშვი წონას კარგად იმატებს. რა შეიძლება იყოს ჭარბი წონის მიზეზი?

- ბოლო ხანს ჭარბი წონა ბავშვთა ასაკში ხშირად გვხვდება. ვგულისხმობ დაავადების კონსტიტუციურ-ეგზოგენურ ფორმას, როცა სიმსუქნე პირველადი პათოლოგიაა და არა ენდოკრინული ან ნერვული დაავადების შედეგი. კონსტიტუციურ-ეგზოგენური სიმსუქნე ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა უმეტესად 6 წლის შემდეგ პროგრესირებს, განსაკუთრებით კი სქესობრივი მომწიფების პერიოდში. ორგანიზმზე მოქმედი ეგზოგენური (გარეგანი) ფაქტორებია:

  • ჭარბი კვება;
  • ნახშირწყლების სიჭარბე;
  • კვების მოუწესრიგებელი რეჟიმი (კვება იშვიათად და გვიან საღამოს);
  • უმოძრაო ცხოვრების წესი.

ორგანიზმზე ამ ფაქტორთა ზემოქმედება ხელს უწყობს არსებული გენეტიკური განწყობის გამოვლენას, რაც სიმსუქნის ცენტრალური და პერიფერიული რეგულაციის მექანიზმების დარღვევით აიხსნება.


- მოდი, ჰორმონული, სახელდობრ, ინსულარული აპარატის ფუნქციის დარღვევაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს, ყოველ შემთხვევაში, აჩქარებს მის გამოვლენას...

- მსუქან ბავშვებში ჰიპერინსულინიზმი ფუნქციური ხასიათისაა - ჭარბი გლუკოზის ასათვისებლად დიდი რაოდენობით ინსულინია საჭირო. დროთა განმავლობაში კუჭქვეშა ჯირკვლის გადაღლილი ინსულინური აპარატი განილევა და ვითარდება შაქრიანი დიაბეტი. სიმსუქნის თავიდან აცილება და მკურნალობა შაქრიანი დიაბეტისა და სხვა, უმთავრესად - სისხლძარღვოვან, დაავადებათა პროფილაქტიკის ერთ-ერთი გზაა. დიდი ხანია ცნობილია, რომ სიმსუქნის ფონზე იზრდება II ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობა, მაგრამ ბოლოდროინდელი გამოკვლევების შედეგები შოკის მომგვრელია: გაირკვა, რომ სისუქნე I ტიპის დიაბეტის რისკსაც ზრდის. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში სიმსუქნისა და I ტიპის დიაბეტის ერთდროული მატება აღინუსხა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიმსუქნესა და I ტიპის დიაბეტის გავრცელებას შორის გარკვეული კავშირია. არსებობს კავშირი დიაბეტის გამოვლენას, ბავშვის ასაკსა და წონას შორისაც. არსებული მონაცემების ანალიზმა ცხადყო, რომ ნორმაზე მაღალი სხეულის მასის მქონე ბავშვებს დიაბეტი უფრო ადრეულ ასაკში უვითარდებათ.

- რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რათა შვილი ავადმყოფობისგან დაიცვან?

- დიაბეტის ჩამოყალიბებაზე მრავალი რისკფაქტორი მოქმედებს. გარდა გენეტიკურისა, მათ შორის განსაკუთრებით ყურადსაღებია შემდეგი:

  • დედამ ორსულობისას სწრაფად დაიწყო წონის მატება;
  • ბავშვი გესტაციურ ასაკთან შედარებით დიდი წონისა (4000გ და მეტი) დაიბადა;
  • ჩვილი წონაში უფრო მეტს იმატებს, ვიდრე ასაკობრივად ეკუთვნის (ჩვილ ბავშვთა სიმსუქნეს პარატროფიას უწოდებენ);
  • სიმსუქნესთან ერთად ბავშვს აღენიშნება კანის გამუქება და გასქელება, ჩვეულებრივ - კისერსა და იდაყვებზე;
  • გოგონებში - საკვერცხის პოლიკისტოზი;
  • სტრესფაქტორები, განსაკუთრებით - მშობლების განქორწინება.

არსებობს ფაქტორებიც, რომლებიც შესანიშნავად ექვემდებარება კორექციას. ასეთია:

  • არასწორი კვება, ზედმეტად რაფინირებული და ადვილად ასათვისებელი, მარტივი შაქრებისა და ცხიმების შემცველი საკვების დიდი რაოდენობით მოხმარება;
  • ადინამია, ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა (რაც განსაკუთრებით აქტუალურია ქალაქის მკვიდრთა შორის).

- რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ უკვე დაწყებული დაავადება არ გამოეპაროს?

- ბავშვთა ასაკში II ტიპის დიაბეტი ხშირად უსიმპტომოდ ანდა მკვეთრად გამოხატული კლინიკური სურათის გარეშე მიმდინარეობს. სიცოცხლის პირველ თვეებში კუთვნილზე მეტი წონის ნამატი რისკფაქტორიც არის და კლინიკური გამოვლინებაც. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ჩვილებს, რომლებიც დიდი მასით დაიბადნენ, ასევე - შერეულ და ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს, რომლებიც სიცოცხლის პირველ თვეებში ნორმაზე მეტს იმატებენ. როცა ბავშვი დიდი მასით იბადება, მას  სამშობიაროშივე იკვლევენ და დედას სათანადო რჩევა-დარიგებას აძლევენ.

- ბევრმა არ იცის, რომ დიდ მასას პრობლემებიც სდევს თან. რას ურჩევთ ასეთი ბავშვების მშობლებს?

- ახალშობილს აუცილებლად აწოვონ ძუძუ, 6 თვიდან კი დამატებითი საკვებიც მისცენ. თუ მიზეზთა გამო ამის საშუალება არ აქვთ, შეეცადონ, რაც შეიძლება მეტხანს აწოვონ ძუძუ. ბუნებრივი კვების დროს ჩვილი სწორედ იმდენს ჭამს, რამდენსაც ორგანიზმი სთხოვს. ასე რომ, ზედმეტი საკვების მიღება არ ემუქრება. ასეთი პრობლემა უფრო შერეული და ხელოვნური კვების დროს იჩენს თავს, როცა დედა ცდილობს, ბავშვს მთლიანად შეაჭამოს კუთვნილი ულუფა. არადა პაწიას ზოგჯერ უფრო მეტი სურს, ზოგჯერ - უფრო ნაკლები. დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმს - განსაზღვრულ დროს კვებას და ჭამიდან ჭამამდე სათანადო ინტერვალის დაცვას. ამგვარად ბავშვს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ჩამოუყალიბდება სწორი კვების სტერეოტიპი. თუ ინტერვალს გავზრდით და მეტისმეტად მოვაშიებთ, ბავშვი ზომაზე მეტს შეჭამს, ეს კი კუჭის გადიდებას შეუწყობს ხელს. ხელოვნური და შერეული კვების დროს ზუსტად დაიცავით ხელოვნური ნარევის მომზადების წესი. ნუ ენდობით თვალის ზომას, ნორმირებისთვის გამოიყენეთ სპეციალური კოვზი - დოზამეტრი, რომელიც ნარევს მოჰყვება. სიმსუქნისკენ მიდრეკილ ჩვილებს დამატებითი საკვები (თუ ხელოვნურ კვებაზე არიან) უფრო ადრე - 4 თვიდან უნდა მივცეთ. პირველად ბოსტნეულის პიურე შესთავაზეთ. ასორტიმენტი რაც უფრო ფართო იქნება, მით უკეთესია.


მხოლოდ კარტოფილი შეზღუდეთ. შემდეგ წიწიბურას ან შვრიის (ჰერკულესის) ფაფა გაასინჯეთ და თუ მოეწონა (იმედია, ასეც იქნება), დღეში ერთხელ მიეცით. ფაფა შაქრით სულ ოდნავ დაატკბეთ. შესანიშნავი იქნება, თუ შიგ ვაშლს, სტაფილოს, მოხარშულ გოგრას ჩაუხეხავთ. წვენი და პიურე უმჯობესია ნაკლებად ტკბილი ხილისგან მოუმზადოთ, ნურც შაქრით დაატკბობთ. ბავშვის წონისა და სიგრძის ნამატი ყოველთვიურად აკონტროლეთ. რაციონში ყოველი ახალი საკვების შეტანისას რჩევა პედიატრს ჰკითხეთ. თუ ბავშვი ნორმაზე მეტს იმატებს, შეიძლება ექიმმა მისი დიეტაზე გადაყვანა გირჩიოთ. ასეთ შემთხვევაში დიეტოლოგის კონსულტაციაც დაგჭირდებათ. ერთ წელზე უფროსი ბავშვის რაციონი სავსებით უნდა აკმაყოფილებდეს ორგანიზმის მოთხოვნილებას საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე. ამასთანავე, უნდა შეიზღუდოს ნახშირწყლების, განსაკუთრებით - მათი ადვილად ასათვისებელი ფორმების მოხმარება. ასეთ ნახშირწყლებს შეიცავს შაქარი, თაფლი, მურაბა, ცომეული.

  • ერთი წლიდან ბავშვის რაციონში შეიტანეთ ნახშირწყლებით შედარებით ღარიბი ან ძნელად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი ბოსტნეული: კომბოსტო, კიტრი, ბოლოკი, სალათის ფურცლები, პომიდორი, ნაკლებად ტკბილი ხილი და კენკრა; რძემჟავა პროდუქტები: მაწონი, კეფირი, უცხიმო ხაჭო და ყველი;
  • ცხოველური ცილები, რომლებიც მოზარდ ორგანიზმს ჰაერივით სჭირდება: მჭლე ან ნაკლებცხიმიანი ხორცი (ძროხის, ხბოს, წიწილის, კურდღლის);
  • ნაკლებცხიმიანი თევზი; კვერცხი (კვირაში ერთხელ, ისიც მაგრად მოხარშული);
  • პური - უმჯობესია დაცეხვილი ხორბლის.

მოარიდეთ ბავშვი ცხიმიან (6%-იან) რძესა და რძის პროდუქტებს, ნაღებს, არაჟანს, ცხიმიან ყველს.

- როგორ დავიცვათ ბავშვი ზედმეტი კილოგრამებისგან?

- ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა განვუვითაროთ კვების კულტურა. როცა ნელა და მშვიდად ჭამს, პატარა დროულად შეიგრძნობს სიმაძღრეს, სწრაფი ჭამის დროს კი დანაყრებას ვერ გრძნობს და საჭიროზე მეტს მიირთმევს. გარდა ამისა, სიმსუქნის პროფილაქტიკა გულისხმობს:

  • დღის მართებული რეჟიმის დაცვას;
  • რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშს;
  • სუფთა ჰაერზე ხშირად სეირნობას და აქტიურ თამაშს.

- რამდენად დასაშვებია შიმშილი ან საკვების აკრძალვა სიმსუქნისკენ მიდრეკილი ბავშვისთვის?

- სიმსუქნე უმეტესად 6 წლიდან პროგრესირებს, განსაკუთრებით კი სქესობრივი მომწიფების - ე.წ. გარდატეხის ასაკში. მაგრამ საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა ზრდის პროცესზე უარყოფითად აისახება.  ამიტომ უმჯობესია, რაციონი ისე შევადგინოთ, რომ საკვებში ცხიმის ოდენობა 15-30%-ით შეიზღუდოს. რაციონიდან სრულიად უნდა გამოირიცხოს ღორის, ცხვრის, ძროხის ქონი, მარგარინი - ამგვარი ცხიმი იოლად გროვდება ორგანიზმში. შეზღუდეთ ნაღების კარაქიც. უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებცხიმიან კარაქს და მცენარეულ ცხიმს - მზესუმზირას, სიმინდის, ზეითუნის ზეთს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს დღე-ღამეში 10-12გ მიეცით, სკოლის ასაკისას - 15-20გ, უმთავრესად უმი - სალათებთან ერთად, ცხელ კერძებს კი უმჯობესია უკვე მზას დაამატოთ. ნახშირწყლების დღიური ულუფა ბავშვს 25-50%-ით შეუზღუდეთ, უმთავრესად შაქრის, საკონდიტრო ნაწარმის, ტკბილეულის, მაკარონის და საზოგადოდ, ცომეულის (განსაკუთრებით - თეთრი პურის) ხარჯზე. რეკომენდებული არ არის კისელი, დაკონსერვებული კომპოტი, ხილის პიურე და წვენი. უმჯობესია, ბავშვს თვითონვე მოუმზადოთ მოტკბო ხილისა და კენკრის უშაქრო კომპოტი, ბოსტნეულის წვენი. რაციონიდან საერთოდ ამოიღეთ შებოლილი ხორცი, თევზი, ყველი, ასევე - მლაშე და სანელებლებით შეზავებული საკვები, ხორცი სჯობს მოხარშოთ, შემწვარს ან ჩაშუშულს არ გირჩევთ. სიმსუქნისკენ მიდრეკილ ბავშვებს ორგანიზმში სითხის შეკავება აღენიშნებათ, ამიტომ საკვები ნაკლებმარილიანი მოუმზადეთ, შეზღუდეთ დღე-ღამის განმავლობაში მისაღები სითხის ოდენობაც. კვების რეჟიმის შერჩევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე მითითება:

  • ბავშვმა საკვები ხშირად და მცირე ულუფებით უნდა მიიღოს. ეს თრგუნავს შიმშილს და აცხრობს მადას, ორგანიზმიც უკეთ ინელებს საკვებს და ქსოვილებში ცხიმი აღარ ლაგდება; 
  • დღიური რაციონი ისე გაანაწილეთ, რომ მთავარი ულუფა დღის პირველ ნახევარზე მოდიოდეს, როცა ბავშვი უფრო აქტიურია;
  • ავახშმეთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე;
  • შესანიშნავი იქნება განტვირთვის დღეების შემოღება. მაგალითად, ხორცი-რძე-ხაჭო ან რძე-ხაჭო-ვაშლი. შიმშილობა ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის - ეს ძლიერი ფსიქოლოგიური დაძაბულობის მიზეზად ექცევათ.

კიდევ ერთი: ბავშვთა სიმსუქნის ჩამოთვლილ მიზეზთა გვერდით უთუოდ უნდა ვახსენოთ ტკბილი გაზიანი სასმელებიც. ამერიკელი მეცნიერები ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 11-12 წლის მოზარდებს. დასკვნა ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა: განურჩევლად იმისა, რით იკვებებოდნენ ბავშვები, რამდენ საათს ატარებდნენ ტელეეკრანსა თუ კომპიუტერთან ან რა სახის ფიზიკურ ვარჯიშს ასრულებდნენ, ყველა ტკბილი გაზიანი სასმელების მოყვარული იყო. მათი სიმსუქნის მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ. ამგვარად, თითოეული ამერიკელი მოზარდი გამაგრილებელი სასმელების ხარჯზე დღე-ღამეში საშუალოდ 15-20 კოვზ შაქარს იღებს. აღარაფერს ვამბობთ ტკბილეულსა და საკონდიტრო ნაწარმზე. საქართველოში მსგავსი დაკვირვება ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ ვფიქრობთ, მდგომარეობა არც ჩვენშია სახარბიელო. მშობლებო, გაითვალისწინეთ ყოველივე ეს და გაუფრთხილდით მომავალ თაობას: ბავშვთა ასაკში ჭარბი წონის ფონზე ორივე ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობა იზრდება.