ვიტამინებით სავსე რძე
-
"მყავს ექვსი თვის შვილი, მხოლოდ ძუძუს ვაწოვებ. საჭიროა თუ არა ვიტამინების დამატებით მიცემა? თუ საჭიროა, რა ფორმით?"
ალბათ გახსოვთ, წინათ მიღებული იყო, ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილისთვის პირველი თვეებიდანვე მიეცათ ვაშლის წვენი: ჯერ წვეთწვეთობით, მერე ჩაის კოვზით; ამის შემდეგ ხაჭო, კვერცხის გული და ა.შ. იმხანად მიიჩნეოდა, რომ დედის რძეს ვიტამინები აკლდა და ჩვილის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის ამ დანაკლისის საკვებით შევსება იყო საჭირო.
სადღეისოდ მიდგომა შეიცვალა. თანამედროვე თვალთახედვით, 5-6 თვემდე დედის რძე ბავშვისთვის სავსებით საკმარისია, მეტიც - საუკეთესო საკვებადაც კი მიიჩნევა.
რა მოხდა? - იკითხავთ თქვენ, - ნუთუ დედის რძის შემადგენლობა შეიცვალა ბოლო ათწლეულის განმავლობაში? ცხადია, არა. გაირკვა, რომ ჩვილის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მინერალურ ნივთიერებებს დედის რძე ყოველთვის შეიცავდა და, ბუნებრივია, შეიცავს დღესაც. მეტიც - მისი შემადგენლობა, ბავშვის მოთხოვნილებათა შესაბამისად, დღიდან დღემდე უმჯობესდება. მოდი, ერთად ამოვხსნათ მისი საიდუმლო და გავარკვიოთ, რას იღებს ბავშვის ორგანიზმი დედის რძის საშუალებით ან როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი.
-
ცხიმში ხსნადი ვიტამინები
A ვიტამინი დედის რძეში საკმაოდაა, ამიტომ ჩვილები მის ნაკლებობას არ განიცდიან. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ახალშობილის ღვიძლში არის ამ ვიტამინის განსაზღვრული მარაგი. თუმცა დღენაკლულ (დროზე ადრე დაბადებულ და მცირე წონის) ახალშობილებს ეს ვიტამინი აკლიათ.
A ვიტამინის დეფიციტი ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს. ასეთ დროს ბავშვის ორგანიზმში მისი მარაგის შევსება შესაძლებელია მეძუძური დედის კვების კორექციის საშუალებით. პატარებს, რომლებსაც ერთი წლის შემდეგაც აწოვებენ ძუძუს, A ვიტამინის ნაკლებობა იშვიათად აღენიშნებათ.
D ვიტამინი დედის რძეში ცოტაა, ამიტომ ყველა ჩვილს უნიშნავდნენ მის დამატებით, პროფილაქტიკურ დოზას. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა კი ცხადყო, რომ "წინარე" რძე (ანუ პირველი რამდენიმე მილილიტრი) იმდენ D ვიტამინს შეიცავს, რაც სავსებით საკმარისია ჩვილის ნორმალური განვითარებისთვის. თუ ეს საკითხი მაინც გაღელვებთ, პროფილაქტიკისთვის ბავშვი მზიან ამინდში ასეირნეთ.
ცნობილია, რომ კანი მზის სხივების ზემოქმედებით წარმოქმნის და აგროვებს D ვიტამინს, თანაც ამ მეთოდით დოზის გადაჭარბება შეუძლებელია, რასაც ვერ ვიტყვით სინთეტიკური D ვიტამინით პროფილაქტიკაზე. ერთი კვირის სამყოფი დ ვიტამინის წარმოსაქმნელად საკმარისია, ბავშვის კანს 30 წუთის განმავლობაში მოხვდეს მზე.
გაითვალისწინეთ: თუ დედას აკლია D ვიტამინი, ის ცოტა იქნება რძეშიც.
როდის ხდება ასე? მაშინ, როდესაც:
- დედა ცუდად იკვებება;
- დედა მკაცრი ვეგეტარიანელია;
- ატარებს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც მთლიანად უფარავს სხეულს;
- დღისით შინიდან არ გამოდის;
- ცხოვრობს ისეთ კლიმატურ სარტყელში, სადაც მზე ცოტა ხანს და სუსტად ანათებს.
E ვიტამინი ბევრია ხსენში. სიცოცხლის პირველ დღეებში პატარა მის ერთგვარ მარაგს იღებს. უკვე მომწიფებული რძე ამ ვიტამინს უფრო მცირე რაოდენობით შეიცავს, მაგრამ ბავშვის განვითარებისთვის ესეც საკმარისია.
K ვიტამინი რძეში ძალიან ცოტაა, თუმცა ეს საგანგაშო არ არის. პირველი ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ახალშობილი მხოლოდ ხსენითა და გარდამავალი რძით იკვებება, მწიფდება ნაწლავური ფლორა, რომელიც შემდგომ ორგანიზმს საჭირო ოდენობით მიაწვდის ამ ვიტამინს.
-
წყალში ხსნადი ვიტამინები
ამ ჯგუფში შედის ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი), ნიკოტინის მჟავა, რიბოფლავინი, თიამინი, პირიდოქსინი, ფოლიუმის მჟავა, B6, B12 და სხვა. რძეში ამ ვიტამინების კონცენტრაცია იმაზეა დამოკიდებული, როგორ იკვებება დედა. თუ ყოველდღიურად იღებთ ხარისხიან და სრულფასოვან საკვებს, რძეში მისი დეფიციტი არ წარმოიშობა. თუ მკაცრი ვეგეტარიანელი ხართ, საქმე უფრო რთულადაა - შვილის ჯანმრთელობასა და თქვენს პრინციპებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ!
და კიდევ: თუ მუდმივად იღებთ პოლივიტამინების კომპლექსს, თავდაპირველად ეს გაზრდის რძეში ვიტამინების კონცენტრაციას, მერე კი დააქვეითებს. რძის ხარისხიც გაუარესდება. ამიტომ თვითნებურად პოლივიტამინების მიღება ორსულობისა თუ ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
-
მინერალური მარილები
რკინას (Fe) დედის რძე მცირე რაოდენობით შეიცავს. მიუხედავად ამისა, პატარები, რომლებიც მხოლოდ ძუძუთი იზრდებიან, იშვიათად განიცდიან მის ნაკლებობას. ეს მარტივი ასახსნელია - ჯანმრთელ დროულ ახალშობილს ღვიძლში აქვს რკინის საკმარისი მარაგი, რომელსაც სიცოცხლის პირველ წელს ნელ-ნელა ხარჯავს. ეს მისი ზრდა-განვითარებისთვის საკმარისია.
საინტერესო ფაქტი: ჩვილის ორგანიზმი რკინას ყველაზე უკეთ დედის რძიდან ითვისებს - 50-70%-ს, ხოლო ადაპტირებული ნარევებიდან მხოლოდ 10%-ის ათვისება ხერხდება. არცთუ იშვიათად დედები ჩივიან, პატარას დაბალი ჰემოგლობინი აქვსო. გაითვალისწინეთ, პირველი ორი თვის განმავლობაში ჩვილის ორგანიზმში რკინის და, ამის კვალობაზე, ჰემოგლობინის ფიზიოლოგიური დაქვეითება მიმდინარეობს. ასეთ დროს რკინის დამატებით მიცემა არ არის რეკომენდებული. დედის რძე შეიცავს ორი სახეობის ცილას, რომელიც რკინას ბოჭავს. თუ ეს ელემენტი დამატებით მივეცით ბავშვს, ცილების შემბოჭავი უნარი შესუსტდება, რკინის სიჭარბე კი ორგანიზმში საშიში ბაქტერიების გამრავლებას გამოიწვევს. რკინის სიჭარბე თუთიისა და სპილენძის მარაგის დაქვეითებასაც იწვევს. რკინის დამატებით მიცემა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალშობილი ძალზე დღენაკლულია ან დაბადებისას ჰქონდა სისხლდენა. სხვა შემთხვევაში კორექცია არ არის აუცილებელი.
სამწუხაროდ, დედის კვების კორექცია რძეში რკინის შემცველობას ვერ ზრდის. ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ დედას ჰემოგლობინი დაბალი აქვს, ეს ბავშვზეც იმოქმედებს. ეს შეცდომაა, რძეში რკინის შემცველობა დედის ჰემოგლობინის დონეზე არ არის დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ დედის ანემია ან ჰემოგლობინის დაბალი დონე ძუძუთი კვების უკუჩვენებად არ ითვლება! დედის ორგანიზმი ძუძუს წოვებისას უფრო ნაკლებ რკინას კარგავს, ვიდრე მენსტრუაციის დროს. თუთია დედის რძეში ბევრი არ არის, მაგრამ პატარა მას კარგად ითვისებს. ხსენში იგი რვაჯერ მეტია, ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, ახალშობილს პირველი დღეებიდანვე ვაწოვოთ ძუძუ.
ადაპტირებული ნარევებისა თუ სხვა სითხეების დამატებისას თუთიის ათვისება საგრძნობლად მცირდება. მიიჩნევა, რომ რაც უფრო დიდია ჩვილი, მით უფრო ნაკლები თუთია სჭირდება ნორმალური გუნება-განწყობის შესანარჩუნებლად. მასის შემცირება ან კანისმხრივი ანთებითი მოვლენები (დერმატიტი) შესაძლოა თუთიის ნაკლებობასთან იყოს დაკავშირებული (ამ ელემენტის დეფიციტი შესაძლოა წარმოიშვას მისი ცვლის დარღვევისას, ასევე - გახანგრძლივებული დიარეის შემდეგ).
ექვს თვემდე ასაკის ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებს, ჩვეულებრივ, უფრო იშვიათად აღენიშნებათ თუთიის დეფიციტი, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფებს. არადა, თითქოს პირიქით უნდა იყოს - ძროხის რძე ხომ უფრო მდიდარია თუთიით, ვიდრე ქალისა. სამწუხაროდ, დედის კვების კორექცია რძეში თუთიის კონცენტრაციაზე გავლენას არ ახდენს.
კალციუმის შემცველობა დედის რძეში დიდი არ არის, თუმცა ჩვილის ნაწლავებიდან ის კარგად, დაახლოებით 70%-ით შეიწოვება. ძროხის რძე, მართალია, გაცილებით მეტ კალციუმს შეიცავს, მაგრამ ორგანიზმი მის მხოლოდ 25%-ს იწოვს. კალციუმის კონცენტრაცია არ არის მნიშვნელოვანი - აუცილებელია D ვიტამინის საკმარისი მარაგიც, რომ ეს ელემენტი გააქტიურდეს.
ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: დედისა და ჩვილისთვის მზეზე ყოფნა, თუნდაც მცირე ხნით, აუცილებელია. მცირეწონიან და დღენაკლულ ჩვილებს შეიძლება დამატებით დაენიშნოთ კალციუმი და ფოსფორი, რომელიც შეიძლება დედის რძეში გავხსნათ და ისე მივცეთ.
-
მიკროელემენტები
მიკროელემენტების შემცველობა ქალისა და ძროხის რძეში (მის საფუძველზე მზადდება პრაქტიკულად ყველა ადაპტირებული ნარევი) სხვადასხვაგვარია. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილი მათ ნაკლებობას არ განიცდის. მაგალითად, სპილენძი, კობალტი და სელენი ქალის რძეში გაცილებით მეტია.
სამი თვის ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილი გაცილებით მეტ სელენს იღებს, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რძეში შეიძლება დაგროვდეს იოდი. თუ დედა მწეველია, მის რძეში, პირიქით, იოდის დეფიციტი წარმოიშობა, რაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას ავნებს.
ამრიგად, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჩვილს, რომელიც ექვს თვემდე მხოლოდ დედის რძით იკვებება, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა არ ემუქრება. დედა კი ორსულობისა და ლაქტაციის დროს ყველა საჭირო მიკროელემენტს უნდა იღებდეს. თუ ჩვილს მიკროელემენტების დეფიციტი აღმოაჩნდა, დედის კვების კორექცია ან მათი დამატებითი მიღება კარგ შედეგს გამოიღებს და სარგებლობას მოუტანს დედასაც და ჩვილსაც. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დედის ცხოვრების ჯანსაღი წესი შვილის ჯანმრთელი მომავლის საწინდარია.