ლაქტაციის სარგებელი დედისა და ბავშვისთვის და როგორ გავხადოთ ეს პროცესი უფრო კომფორტული
ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვილის ფსიქო-ემოციურ განვითარებასა და სამომავლოდ მისი ჯანმრთელობის ფორმირებაში. დედას კი მშობიარობის შემდგომ წარმოქმნილ პოტენციურ პრობლემებთან უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ გამკლავებაში ეხმარება.
უფრო დეტალურად განვიხილოთ, რა სარგებელი მოაქვს ძუძუთი კვებას შვილისა და დედისთვის:
დედის რძე ოპტიმალური საკვებია ბავშვისთვის
დედის რძე ახალშობილის ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას – ვიტამინებს, მინერალებს, ცილასა და ცხიმს – შეიცავს. მეტიც, დედის რძე ბავშვის საჭიროებების მიხედვით მუდმივად იცვლება. მაგალითად, კოლოსტრუმი – დედის სარძევე ჯირკვლებიდან წამოსული პირველი რძე უფრო მდიდარია ანტისხეულებით, აქვს ცილისა და მინერალების უფრო მაღალი, ხოლო ცხიმის უფრო დაბალი შემცველობა. ეს კი იდეალური შემადგენლობაა ახლად დაბადებული ბავშვისთვის. გარდა ამისა, დედის რძე უზრუნველყოფს ჩვილის ორგანიზმის სათანადოდ დატენიანებას, იცავს მას გაუწყლოებისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველი 6 თვის განმავლობაში.
დედის რძე დიდ როლს თამაშობს იმუნური სისტემის ფორმირებაში
დედის რძეში შემავალი ანტისხეულები ჩვილს მთელი რიგი დაავადებებისგან იცავს, მათ შორის, დიარეის, პნევმონიისა და ყურის ინფექციებისგან. ის, ასევე, შეიცავს ლეიკოციტებს – სისხლის თეთრ უჯრედებს, რომელთა მთავარი ფუნქციაც იმუნური სისტემის გამართულად ფუნქციონირებაა. შესაბამისად, დედის რძისგან მიღებული თეთრი უჯრედები ჩვილს ეხმარება ინფექციებთან ბრძოლაში და ხელს უწყობს ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას.
დედის რძე მნიშვნელოვანია ჩვილის ნაწლავის მიკროფლორის რეგულირებისთვის
დედის რძე შეიცავს პრობიოტიკებს, ე.წ. მეგობარ ბაქტერიებს, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობს ნაწლავის მიკროფლორის აღდგენასა და რეგულირებაში. შედეგად, ძუძუთი კვების დროს ახალშობილი უკეთ ინელებს საკვებს. ამასთან ერთად, პრობიოტიკები ეხმარება ჩვილს შეკრულობის, შებერილობისა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული ინფექციებისა და დაავადებების თავიდან აცილებაში.
კოგნიტიური და ფსიქო-ემოციური განვითარება
დედის რძით ჩვილი იღებს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც უდიდეს როლს თამაშობს ტვინის განვითარების პროცესში. მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვანია ძუძუთი კვების დროს დედასა და შვილს შორის დამყარებული ემოციური კავშირიც. ბავშვს ამგვარი კონტაქტი უქმნის უსაფრთხოების განცდას, რაც არსებითია ბავშვის ემოციური განვითარებისა და კოგნიტიური უნარების ჩამოყალიბებისთვის.
ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემების პრევენცია დედებში
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ლაქტაციას არანაკლები სარგებელი მოაქვს დედისთვის. მაგალითად, მეძუძურ დედებში გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ეხმარება საშვილოსნოს დაუბრუნდეს ორსულობამდე არსებულ ზომას. ოქსიტოცინის დამსახურებაა ისიც, რომ ლოგინობის პერიოდში მნიშვნელოვნად მცირდება სისხლდენის ალბათობა. რაც მთავარია, ძუძუთი კვების დროს დედასა და შვილს შორის დამყარებულ კავშირს, არა მხოლოდ ჩვილისთვის, არამედ დედისთვისაც უდიდესი შვება და კომფორტი მოაქვს.
გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც მეძუძურ დედებს უწევთ
იმ უსაზღვრო სარგებლის პარალელურად, რაც ლაქტაციას დედისა და ახალშობილისთვის მოაქვს, სამწუხაროდ, არის სირთულეებიც, რომელთან გამკლავებაც ლაქტაციის პერიოდში მყოფ დედებს უწევთ.
ზოგჯერ ჩვილები სრულად ვერ ერევიან დედის მიერ გამომუშავებულ რძეს, რის გამოც მეძუძურ დედას რძის გამოწველა თავადვე უწევს. ერთი შეხედვით, ეს უსიამოვნო პროცედურა, საბედნიეროდ, მნიშვნელოვნადაა გამარტივებული. დღეს ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის რძის საწველი ტუმბოები, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებს დისკომფორტს, უზრუნველყოფს რძის ეფექტურად გამოტუმბვას და ახდენს ჭარბი რძის დაგროვებით გამოწვეული ტკივილის პრევენციას. რაც მთავარია, საწველი აპარატები გამოსაყენებლად და სატარებლად მარტივია, რაც დედებს შესაძლებლობას აძლევს ის არა მხოლოდ სახლში, არამედ მისთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას გამოიყენონ ის.
მეძუძურ დედებში დახეთქილი ძუძუს თავების პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია და მას ხშირად ბავშვის მიერ ძუძუს არასწორად წოვა იწვევს. მისი მოგვარება შესაძლებელია, თუკი ბავშვს დედა წოვის სწორ მექანიზმს დაასწავლის. დახეთქილი ძუძუს თავებისთვის კი არსებობს არაერთი საშუალება, რომელიც ჭრილობების სწრაფად შეხორცებას უზრუნველყოფს. მათ შორის, განსაკუთრებით ეფექტურია ნივთიერება ლანოლინი, ბუნებრივი წარმოშობის დამცავი, რომელიც დამატენიანებელი და დამარბილებელი თვისებებით გამოირჩევა.
დედებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ძუძუს თავების ორგანული ბალზამიც გამომშრალი ძუძუს თავების დასატენიანებლად.
გახსოვდეთ, რომ ლაქტაცია ტვინიდან მომდინარე პროცესია და მასზე დედის ემოციები და განწყობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ შეიქმენით კომფორტი, რათა ძუძუთი კვების პერიოდმა მაქსიმალური სარგებელი მოგიტანოთ თქვენ და თქვენს პატარებს.
R