თამაში იწყება!
ინფორმაციას გარესამყაროს შესახებ და ახლა უკვე ბევრი რამ იცის. მაგალითად, ფლობს მშობლების ყურადღების მიპყრობის ხელოვნებას. ”არ გინდათ ჩემთან თამაში?! დამაცადეთ!” - ფიქრობს პატარა და საწოლიდან სათამაშოებს ყრის, თან თქვენს რეაქციას აკვირდება: ”დედა ბრაზობს! კარგია, ესე იგი ყურადღება მომაქცია!”
პაწაწინა ხარბად იჭერს უსაყვარლესი ადამიანის - დედის მკაცრ მზერას და სხვადასხვა ჟესტით თუ ხმით მას სათამაშოდ იწვევს.
ერთობლივი თამაშის სურვილთან ერთად ბავშვს არც დამოუკიდებლობა აკლია. ის პირველი შესაძლებლობისთანავე არკვევს უცნობი საგნების აგებულებასა და დანიშნულებას. ამ მიზნით უცხო სხეული ჯერ პირისკენ მიექანება და თუ საჭმელად უვარგისი აღმოჩნდა, ღრძილების მოსაქავებლად ხომ მაინც ივარგებს! ღრღნა რომ მობეზრდება, სათამაშო შეიძლება დასარტყამ ინსტრუმენტად გამოიყენოს, აბა, უქმად ხომ არ დადებს?!
-
ცხოველი ინტერესი
საგანი, რომელიც მოზრდილ ადამიანს უჭირავს, ბავშვისთვის ძალიან მიმზიდველია, თანაც საგნის მიმართ მისი ინტერესი მოზრდილი ადამიანის ყურადღების პროპორციულია. ამიტომ არის, რომ პატარებს იზიდავთ სამზარეულოს ჭურჭელი, მობილური ტელეფონი, სათვალე - ამ საგნებს ხომ ხშირად ხედავენ უფროსების ხელში.
პატარა ბავშვი ნებისმიერ საგანს სათამაშოდ აღიქვამს. ამ დროს აუცილებელია, მივაგნოთ თამაშის სწორ წესებს და ისინი ბავშვს შევასწავლოთ. მან უნდა იცოდეს, რომ ყველა საგანი გარკვეული დანიშნულებით უნდა გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სათამაშო ჩაქუჩიც კი დამანგრეველ ძალას შეიძენს.
ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად პატარას შეიძლება ”ალტერნატიული სათამაშოები” შევთავაზოთ. მაგალითად, პროდუქტის შესანახი კონტეინერი, კოვზი, ქვაბი... მათი ხმა ბავშვს გაართობს, თუმცა შესაძლოა ეგონოს, რომ სამზარეულო სათამაშოების ოთახია. მზად ხართ ამისთვის? თუ არა, სჯობს, თამაშის სურვილი თქვენმა პატარამ ისევ ტრადიციული საშუალებებით - პირამიდებით, კუბებით, სათამაშოებით დაიკმაყოფილოს.
ბავშვის ცნობისმოყვარეობა იმდენად ძლიერია, რომ საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე მაინც გაუჭირდება, ამიტომ უმჯობესია, პაწაწინას მათი გამოყენება შევასწავლოთ. მაგალითად, თუ სავარცხელს მივცემთ, თან ვუჩვენოთ, როგორ ვვარცხნით თოჯინას თმას. შემდეგ შეგვიძლია, ბავშვის პაწაწინა ხელს ხელი მოვკიდოთ და თმა ოჯახის რომელიმე წევრს ”დავვარცხნოთ”, თანაც სარკის წინ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ქმედებებს კომენტარიც დავურთოთ.
-
საკუთარ ნებაზე
ზოგიერთი მიამიტი მშობელი ფიქრობს, რომ ექვსი თვის ბავშვის სათამაშო არეალი შეიძლება საწოლით ან მანეჟით შემოიფარგლოს. იშვიათად, რომ ეს გამოგივიდეთ. ექვსი თვის ბავშვისთვის ასეთი ჩაკეტილი სივრცე უკვე მოსაწყენია. ის უკვე კარგად იცნობს ამ არეალში მოქცეული სათამაშოების ფერსა და ხმას, თეჯირს მიღმა კი სულ სხვა, საინტერესო სამყარო იშლება. სწორედ ამ ეტაპს ემთხვევა ბავშვის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - პატარა ცოცვას იწყებს. ამიტომაც არ შეუძლია, ”წესიერად” მოიქცეს. ახალი არეალის ათვისება კი საფრთხესა და რისკს უკავშირდება, სამაგიეროდ, საინტერესოა!
თავისუფლებას მოიპოვებს თუ არა, პატარა ყველგან ასწრებს მიცოცებას. ზოგჯერ შთაბეჭდილებაც კი გვრჩება, რომ ის ჩვენზე სწრაფად ”დადის”. ბაიას ”გასეირნების” შემდეგ კი ოთახში ისეთი ამბავია, გეგონებათ, გრიგალმა გადაუარაო. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი რამ იშვიათად ხდება - მხოლოდ მაშინ, როცა პატარას მარტო ვტოვებთ. ყველა დედამ იცის, რომ სჯობს, ბავშვის გვერდით იყოს, რათა ახალბედა მცოცავმა თავს არაფერი მოსწიოს.
თამაშად შეიძლება ვაქციოთ ბავშვის ყოველდღიური საქმიანობის ნებისმიერი მომენტი, მაგრამ სპეციალისტები გვირჩევენ, არასოდეს გავაიგივოთ თამაშთან კვების პროცესი, თორემ ბავშვი საჭმელსაც სათამაშოდ აღიქვამს და მალე სუფრასთან ბავშვი კი არა, პატარა გოჭი გვეჯდება... იმავეს გირჩევთ, თუ პატარას ძუძუს აწოვებთ: თუ ბავშვი ძუძუს კბენს ან ჩქმეტს, პირველივე მცდელობისას შეაწყვეტინეთ - უთხარით:”არ შეიძლება” და ძუძუ პირიდან გამოუღეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭამის დროს მკაცრი გარემო უნდა შევქმნათ.
ალერსი აუცილებელია. მართალია, პედაგოგიკის თვალსაზრისით გაუმართლებელია თხოვნა ”ჭამე დედიკოს (მამიკოს, ბებიას, ბაბუას...) ხათრით”, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მეთოდი ფართოდ არის გავრცელებული და ჭრის. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წინაშე ხომ პატარა ბავშვია და არა სამხედრო პირი, რომელსაც რკინის დისციპლინა მოეთხოვება.
-
თამაშის წესები
კიდევ რა შეიძლება შევთავაზოთ ბავშვს? ყველაფერი დამოკიდებულია პატარას ინტერესებზე და მისი მშობლების შესაძლებლობებზე. მოზრდილებს უნდა ახსოვდეთ, რომ თამაში დინამიკური პროცესია, ის პატარასთან ურთიერთობას და ურთიერთქმედებას გულისხმობს, რაც თამაშის მთავარი დანიშნულებაა.
დღეს საბავშვო მაღაზიები სავსეა სათამაშოებით. მათ შორის არის ეკოლოგიურად სუფთა მასალის - ხის, ქვის ნაკეთობებიც, თუმცა მათი ფასები შთამბეჭდავია და ყველა ოჯახს ნამდვილად არ მიუწვდება ხელი, ამიტომ მოდით, იმ თამაშზე შევჩერდეთ, რომელიც განსაკუთრებულ ფინანსურ დანახარჯს არ მოითხოვს. კლასიკური მაგალითია დამალობანა. სამალავად შეიძლება გამოვიყენოთ კარი, კედელი, ფარდა, მერე კი ჩუმად ვიკითხოთ: ”სად არის დედა?” გამოიხედეთ, პატარას გაუღიმეთ, ”ჭიტაც” დაიძახეთ. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ, როცა ცხვირსახოცის ქვეშ "დამალულ" დედას ”პოულობენ”.
მიეცით საშუალება, ცხვირსახოცი თვითონვე მოქაჩოს. თქვენს გამოჩენას ის მხიარული სიცილით შეეგებება. პატარებს ისიც მოსწონთ, როცა თავად იმალებიან, რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ კი მხიარული შეძახილით იცილებენ ”სამალავს”. როცა ასეთ დამალობანას პატარა კარგად აითვისებს, შეგიძლიათ, სათამაშო ძაღლი ან კატა დამალოთ. ”ნაპოვნი” სათამაშო ყურადღებით დაათვალიერეთ, უჩვენეთ პატარას მისი ცხვირი, თვალები, ყურები, თათები, კუდი... თვალი და ყური ბავშვს საკუთარ სხეულზეც ანახეთ. თუ ასე ითამაშებთ ყოველდღე, მალე თქვენი შვილი შეუცდომლად გიჩვენებთ თავისი სხეულის ნაწილებს.
ცნობილია, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ძალიან ცნობისმოყვარე არსებაა. თუ ცოცვას ისწავლა, უმალვე გაუჩნდება სურვილი, კარგად შეისწავლოს ყველა კარადის ქვედა თაროს ”შიგთავსი”. არანაკლებ საინტერესოა პარკები, შეკვრები... გაახვიეთ ქაღალდში მისი სათამაშო და მიეცით პატარას გასახსნელად. ერთად გაიხარეთ, როცა იქ რაიმეს ”აღმოაჩენთ” რა თქმა უნდა, ”ფუთას” ის თავისი პაწაწინა ხელებით დამოუკიდებლად ვერ გახსნის, თქვენც უნდა დაეხმაროთ, ოღონდ შეუმჩნევლად.
-
პარტნიორები
თამაშის დროს ბავშვს ყოველთვის უნდა ჰყავდეს თანამოსაუბრე. სწორედ ეს აიძულებს, გამოძებნოს კომუნიკაციის საშუალებები. ესენი შეიძლება იყოს არამეტყველი კომპონენტები: შეხება, ჟესტი, მიმიკა, ღიმილი - და სამეტყველო კომპონენტები: ღუღუნი, სხვადასხვა ინტონაცია, აზრობრივი პაუზა. თავის მხრივ, მოზრდილი ადამიანის სიტყვები, მისი ქმედებები, სხვადასხვა საგნით მანიპულაცია აიძულებს ბავშვს, ითამაშოს. დაანახვეთ სათამაშო, მოეფერეთ მას, უჩვენეთ პატარას მისი სხეულის ნაწილები, დააძინეთ სათამაშო... ამ დროს მოზრდილი ადამიანის ხმა თბილი და დამაჯერებელი უნდა იყოს - პატარა ხომ მალე გრძნობს სიყალბეს... ასე რომ, მთელი თქვენი სამსახიობო ნიჭი უნდა გამოავლინოთ. ეს სხვა თამაშების დროსაც დაგჭირდებათ.
-
ლაპარაკსაც ვსწავლობთ!
თამაშის დროს ხშირად ისმის ფრაზები: ”გადმოაგდე ბურთი!”, ”ააწყვე პირამიდა”, ”მომეცი დათუნია!” ისინი არა მარტო ქმედების სურვილს აღძრავენ, - ბავშვს ასეთი დავალებების მიღებისას გამოუმუშავდება უფროსების საუბრის აღქმის, გაგების უნარი. ცხრა თვის ბავშვს უკვე შეუძლია მოზრდილთა საუბრიდან ცალკეული სიტყვების დაჭერა და შესაძლოა, ზოგიერთის გამეორებაც სცადოს, საკუთარ ქმედებებს კი ბგერითი თანხლებით ახორციელებს. ”მომე”, წადი!”, ”მოდი!” - ისმის მის ბაგეთაგან. ეს უკვე გააზრებული ბგერითი რეაქციაა. ამ დროს უფროსებმა უნდა წაახალისონ პატარების სამეტყველო აქტიურობა. ბავშვმა უნდა შეიგრძნოს ”ლაპარაკის გემო”.
ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოსცემენ სპეციალურ წიგნებს, რომელთა გარეცხვაც შეიძლება. სურათების თვალიერებისას პატარა ცდილობს ცხოველთა ხმიანობის იმიტირებას, მოზრდილებმა კი თავიანთი შეკითხვებით მას საამისო სტიმული უნდა მისცენ.
-
სათამაშო არაფრისგან
ბევრს იქნებ ვერც კი წარმოუდგენია, რომ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი საგნებისაგან სათამაშოს შექმნა შეიძლება. მაგალითად, საკმარისია პოლიეთილენის გამჭვირვალე ბოთლში ლობიოს რამდენიმე მარცვალი ჩავყაროთ, ბოთლს თავი კარგად დავახუროთ და ”ჩხრიალაც” მზადაა.