რატომ უნდა ჰყავდეს ბავშვს ძაღლი
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ჯიშს აირჩევთ, ძაღლებს უამრავი რამ სჭირდებათ, მაგალითად, საჭმელი და წყალი, თამაში და გასეირნება. ამ ყველაფრის შესრულება მცირეწლოვან ბავშვებს დამოუკიდებლად ან მოზრდილის მეთვალყურეობით შეუძლიათ. ბევრი ოჯახი ირჩევს შინაური ცხოველების მოვლას შვილის ყოველდღიური რუტინის ნაწილად.
ინდივიდუალობისა და დამოუკიდებლობის განცდა – როდესაც ბავშვი იზრდება ძაღლთან, ის აუცილებლად გამოიმუშავებს ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებულ კავშირს საყვარელ ცხოველთან, რომელიც დაეხმარება ამ შეგრძნებების ჩამოყალიბებაში.
უპირობო სიყვარული და ერთგულება – თქვენი შვილები იოლად შენიშნავენ ძაღლის ამ თვისებას და თავიანთ ცხოვრებაშიც გადმოიტანენ.
მაღალი თვითშეფასება – არ არსებობს უარყოფის შიში, როცა საქმე ძაღლს ეხება. ბავშვები ამ ასაკში პირველად აწყდებიან ურთიერთობების პრობლემებს და მათ თვითშეფასებაზე დადებითად იმოქმედებს მეგობარი, რომელსაც ყოველთვის უხარია მათი დანახვა.
მეტი თანაგრძნობა – შინაურ ცხოველებთან ერთად, რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერება მოდის, მაგრამ ასევე მწუხარება და ზოგჯერ დანაკარგიც კი. ძაღლებთან ურთიერთობა მათი შედარებით მოკლე სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება საოცარი ვარჯიში იყოს თანაგრძნობასა და მწუხარებასთან გამკლავებაში.
მეტი ფიზიკური დატვირთვა – კვლევის თანახმად, იმ ოჯახების შვილები მეტად არიან ფიზიკურად დატვირთულები, რომლებსაც ძაღლი ჰყავთ.
შინაური ცხოველები ოჯახის მნიშვნელოვანი წევრები არიან. პედიატრები ხშირად საუბრობენ შინაური ცხოველის სახლში ყოლის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ბოლო დროის კვლევებით აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომელთაც შინ ძაღლი ჰყავთ, სტატისტიკურად, მნიშვნელოვნად დაბალი აქვთ შფოთვა.
დიდ ბრიტანეთსა და ევროპის ქვეყნებში ტარდება მრავალი კვლევა ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობის შესახებ, რამდენად ეფექტურია ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის ძაღლის ყოლა. არსებობს თერაპია შინაური ცხოველების დახმარებით – იგულისხმება შინაური ცხოველისა და ადამიანის ურთიერთობის გამოყენება ფსიქოთერაპიაში. ჩვილების მიერ წარმოთქმული ერთ-ერთი პირველი სიტყვა, „დედისა“ და „მამის“ ნაცვლად, ხშირად სწორედ იმ ცხოველის სახელია, რომელიც მათთან ცხოვრობს. ბავშვები ბევრს სწავლობენ თავიანთი შინაური ცხოველისგან.
მოზარდებს, რომლებსაც ჰყავთ ძაღლები, უწევთ მათი გასეირნება და მათთან ერთად სიარული. სწორედ ამიტომ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციას გვაძლევს, ვიყოლიოთ ძაღლი, რომ წახალისდეს ფიზიკური აქტივობა, რაც თავიდან აგვაცილებს სისხლძარღვთა დაავადებებს. შეიძლება, ეს იქცეს სოციალიზაციის ერთ-ერთ საშუალებადაც.
ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში ძაღლის ყოლა 5-12 წლის ბავშვთა ფიზიკური აქტივობის გაზრდის საშუალებად ითვლება. ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლის ყოლა ამცირებს ჭარბი წონის განვითარების რისკს.
ერთ-ერთი კვლევით, რომელშიც 643 ბავშვი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ ძაღლის ყოლა ნამდვილად ამცირებს ბავშვების შფოთვას.
რატომ ძაღლი და არა სხვა შინაური ცხოველი? – იმიტომ, რომ ის ყველაზე გავრცელებული შინაური ცხოველია. ასევე, ძაღლი ემოციურად მეტადაა დამოკიდებული ადამიანზე. ძაღლს აქვს ადამიანებთან თანაცხოვრების 10 000-წლიანი გამოცდილება, ის კარგად ცნობს და გრძნობს ჩვენს ემოციებსა და მდგომარეობას.
ამ კვლევის შედეგების მიხედვით, ნამდვილად არ არის რეკომენდაცია, რომ მშობლებმა შვილს ნაძვის ხის ქვეშ დაუტოვონ ლეკვი და ეს აღიქვან შფოთვის მკურნალობად. ძაღლის ყოლა არც ბავშვის ფიზიკური აქტივობის მომატებას ნიშნავს. თუმცა ნამდვილად შესაძლებელია სარგებლის მიღება ამ საქმიდან.
ცხოველებისა და ბავშვების განსაკუთრებული ურთიერთობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი და ბევრისთვის ის ამოუხსნელი მოვლენაა. ცხოველებს გამორჩეულად უყვართ ბავშვები და ისინიც ასეთივე სიყვარულით პასუხობენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს. თუმცა ბევრი მშობელი შინაური ცხოველის არა მხოლოდ შინ ყოლის წინააღმდეგია, სახლის გარეთაც ყველანაირად უკრძალავს ბავშვს მათთან ურთიერთობას და ამას უსაფრთხოებით ხსნის. ბავშვის დასამშვიდებლად და შინაური ცხოველის ყოლაზე უარის სათქმელად მშობლები ხშირად მზად არიან, ნებისმიერი ძვირად ღირებული სათამაშო უყიდონ მას. მართალია, სათამაშოები და მათთან ურთიერთობა თავის როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში, მაგრამ უსულო საგანი ვერასოდეს ჩაანაცვლებს ბავშვისთვის საყვარელ ცხოველთან ურთიერთობას და ვერასოდეს შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც ეს უკანასკნელი ასრულებს მის ცხოვრებაში.
ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება და გაცნობიერება, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ცხოველმა ბავშვის განვითარებაში და რას დაკარგავს პატარა იმ შემთხვევაში, თუ ამ შესაძლებლობას მოვაკლებთ:
- ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვისთვის ემოციური განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება. პატარა, უწყინარი, ფუმფულა არსება ხშირად თავის პატარა მეგობარს სტრესის, მარტოობისა და სიბნელის შიშის დაძლევაში სერიოზულად ეხმარება და სხვადასხვა სახის შიშს საშუალებას არ აძლევს ფობიაში გადაიზარდოს.
- ცხოველები ბავშვს გარემომცველი სამყაროს მიმართ ამა თუ იმ მიზეზით აღმოცენებული მტრული დამოკიდებულების შეცვლაშიც ეხმარებიან. ბავშვები თავიანთ მეგობარ ცხოველებს ხშირად ადამიანურ თვისებებს მიაწერენ, მათთან ურთიერთობენ, როგორც თანატოლთან, ესაუბრებიან და ანდობენ თავიანთ საიდუმლოებებს. მშობლებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად დაკავებულნი არიან, ოთხფეხა მეგობარი ყოველთვის უსმენს და უგებს პატარას. თანატოლებისგან განსხვავებით კი, მისი საყვარელი ძაღლი ან კატა არასოდეს ჭორაობს მასზე და გულსაც არ სტკენს. გარკვეული აზრით, ბავშვისთვის ისინი იდეალური თანამოსაუბრეები არიან, ყოველ შემთხვევაში, იდეალური მსმენელები მაინც.
იმ ბავშვთა აგრესიულობისა და კონფლიქტურობის დონე, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ, ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე მათი, რომლებიც მოკლებულნი არიან ცხოველებთან ურთიერთობას. ის პატარები, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ და განებივრებულნი არიან მათთან ურთიერთობით, ნაკლებად აგრესიულები, ნაკლებად ფეთქებადები და ეჭვიანები არიან, გამოირჩევიან აქტიურობით. შფოთვა, როგორც წესი, მათთვის უცხოა და არიან საკმაოდ დამთმობნი. ისინი ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ასაკში ეჩვევიან სხვისთვის ანგარიშის გაწევას.
ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება ბავშვობაში ადამიანს უფრო მგრძნობიარეს ხდის სხვა ადამიანების შეგრძნებებისა და განწყობის მიმართ, უმუშავებს მოთმენის, საკუთარი თავის ფლობისა და თვითკონტროლის უნარს.
ცხოველები ბავშვისთვის ბუნების შესახებ ცოდნის პირველი წყარო და სენსორული განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ამ შემთხვევაში ბუნებას ვერ შეედრება ვერც ერთი ყველაზე სრულყოფილი სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოც კი.
ცხოველის დანახვისას პატარა მისკენ იწევს, აკვირდება მის ქცევას, იგებს, რა ცხოველია, ეძებს სხვა ცხოველებისაგან მის განმასხვავებელ ნიშნებს, აღიქვამს მის ფორმას, სიდიდეს, ფერს, მდებარეობას სივრცეში, მოძრაობის ტიპს, ბეწვის სირბილეს. ცხოველების ქცევაზე დაკვირვების საფუძველზე ბავშვი სწავლობს მრავალფეროვანი კავშირებისა და დამოკიდებულებების დანახვას, ხვდება, თუ რატომ იქცევა მისი ოთხფეხა მეგობარი ასე ან ისე, რატომ გამოსცემს სხვადასხვა ბგერას განსხვავებულ სიტუაციებში. ყოველივე აღნიშნული კი ხელს უწყობს ბავშვის არა მხოლოდ სენსორულ, ინტელექტუალურ განვითარებასაც.
ცხოველები ხშირად ბავშვური შემოქმედების მასტიმულირებლები ხდებიან. მათთან ურთიერთობისას ბავშვები სწავლობენ შინაური ცხოველების ბუნებრივი სილამაზის აღქმას და ცდილობენ ცხოველებთან დაკავშირებული საკუთარი განცდების ასახვას ლექსებში, მოთხრობებში, უფრო ხშირად კი – ნახატებში.
შინაური ცხოველები შეუდარებლები არიან ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეში. ძაღლთან ერთად სეირნობა, კატასთან თამაში, ასევე მათი მოვლა ბავშვს ფიზიკურად მნიშვნელოვნად ავითარებს. ამასთან ერთად, ცხოველებს შეუძლიათ ფსიქოემოციური დაძაბულობის მოხსნა, ენის ბორძიკისგან ბავშვის განკურნება; ეხმარებიან ჩაკეტილ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობაში, იძლევიან თამაშისა და საუბრის საშუალებას. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უფროსებს არ ჰყოფნით დრო და ძალა ბავშვთან ურთიერთობისთვის. რა თქმა უნდა, ცხოველი ვერ შეცვლის მშობლიურ სიყვარულს, მაგრამ მათთან ურთიერთობა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება.
შინაური ცხოველები, არცთუ იშვიათად, შესანიშნავად ახერხებენ შეუცვალონ მეგობრები გაუბედავ და ჩაკეტილ ბავშვს, ვინაიდან პატარები იოლად ანდობენ ცხოველს საკუთარ საიდუმლოს, სიხარულსა და მწუხარებას, თავს იწონებენ მასთან საკუთარი მიღწევებითა და განსაკუთრებული უნარებით. ამ ყოველივეს ისინი აკეთებენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცხოველი არ დასცინებს, ზურგს არ შეაქცევს მას და თანაც არავის მოუყვება მის საიდუმლოს.
ცხოველების ქცევაზე დაკვირვებისა და მათთან ურთიერთობის პროცესში ბავშვები სწავლობენ თანაგრძნობას, თანაგანცდას და გარშემომყოფთა გაგებას. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი ხდება იმის გამო, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობისა და შეგრძნებების დაფარვა. მართალია, ისინი ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ გამოსცემენ ბგერებს, რომლებითაც გვამცნობენ თავიანთი მოთხოვნილებებისა და გუნება-განწყობილების შესახებ, ამაში მათ პოზა და მზერაც ეხმარება. ყოველივე ეს კი ბავშვს საშუალებას აძლევს, ისწავლოს როგორც ცხოველების, ისე ადამიანების გაგება უსიტყვოდ. ცხოველებთან ურთიერთობას მოკლებულ პატარას ეს ბევრად უფრო გაუჭირდება, ვინაიდან ბავშვები ეგოცენტრულები არიან. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაყენება სხვა ადამიანის ადგილას და გაგება, თუ რას გრძნობს ის.
სახლში ცხოველის ყოლა და მასთან ურთიერთობა ბავშვს ხშირად, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, დისციპლინასაც აჩვევს. ის უფრო სწრაფად და უკეთესად იგებს, რომ ყველა ცოცხალი არსება საჭიროებს მოვლას, კვებას, სუფთა ჰაერზე გასეირნებას. აღნიშნულის გამო, ადვილი შესაძლებელია, მან თავის დღის განრიგსაც გადახედოს ოთხფეხა მეგობრის საჭიროებების შესაბამისად. ბავშვს უმუშავდება პასუხისმგებლობის გრძნობა, მოთხოვნილება და უნარი იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. ეს კი საუკეთესო საშუალებაა ეგოიზმთან საბრძოლველად, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სახლში მარტოა.
შინაური ცხოველები ხშირად „ფსიქოთერაპევტის“ როლსაც ასრულებენ. ცნობილია, რომ ბავშვები, განსაკუთრებით, თუ ისინი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი ან მშობლებისგან მიტოვებულნი არიან, გაცილებით ადვილად შედიან კონტაქტში ცხოველებთან, ვიდრე ადამიანებთან. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგანაც ბავშვის სიყვარულს ოთხფეხა მეგობარი ერთგულებითა და უპირობო სიყვარულით პასუხობს. ამასთან ერთად, უქმნის უსაფრთხოების განცდას, მწუხარებისას ამშვიდებს და საიდუმლოსაც უნახავს.
შინაურ ცხოველებს შეუძლიათ დიდი დახმარება გაუწიონ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებს, რადგან მათთვის უფრო ადვილია ყურადღების კონცენტრირების უნარის გამომუშავება, როცა ისინი ცხოველებთან ურთიერთობენ.
ცნობილია, რომ ბავშვები, რომელთაც ჰყავთ ცხოველები, ნაკლებად ავადმყოფობენ, ვინაიდან სახლში ძაღლის ან კატის არსებობა აიძულებს პატარა ბავშვის ორგანიზმს, უფრო აქტიურად გაუწიოს წინააღმდეგობა ინფექციებს. ამასთან ერთად, ქვეითდება ბავშვის ალერგიის აღმოცენების რისკი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, კარგი იქნება, თუ არ მოვაკლებთ ბავშვს შინაური ცხოველის ყოლისა და მასთან ურთიერთობის სიხარულს, არ შევეცდებით ამ ურთიერთობების ძვირად ღირებული სათამაშოებითა და უსარგებლო ნივთებით ჩანაცვლებას. გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი შინაური ცხოველი, განურჩევლად სახეობისა, ზომისა და სქესისა, დიდ როლს თამაშობს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში.