მიეცით ბავშვს დამოუკიდებლობა
დედას, რომელიც მოზრდილი ქალიშვილის ცხოვრებაში არ ერევა, შეიძლება იდეალური ვუწოდოთ. მაგრამ სად არიან ასეთი დედები?.. ადრე თუ გვიან ყოველი ბავშვი იწყებს დედისგან განცალკევებას, გამიჯვნას. ეს პროცესი ბავშვობაშიც კი იშვიათად მიმდინარეობს მშვიდად, გარდამავალ ასაკში კი საქმე ხშირად სერიოზულ უთანხმოებამდე მიდის.
თქვენ უკვე თქვენი ცხოვრება გაქვთ, დედა კი კვლავ განაგრძობს თქვენს მფარველობას, როგორც უსუსური ჩვილისას. როგორ მოვიპოვოთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ისე, რომ არ გავწყვიტოთ ურთიერთობა უახლოეს, საყვარელ ადამიანთან? პირველი და მთავარი - დედამ თქვენი დამოუკიდებლობა რომ აღიაროს, საქმით დაუმტკიცეთ, რომ დამოუკიდებელი ხართ.
ნებადართული საზღვრები
როგორც კი თავს მოზრდილ ადამიანად იგრძნობთ და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება გაგიჩნდებათ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ცალკე გადახვიდეთ საცხოვრებლად. თუ საკუთარი ბინა არ გაქვთ, შეიძლება იქირაოთ. მართალია, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ უმჯობესია, თავისუფალი დრო დამატებით სამუშაოს დაახარჯოთ, ვიდრე ოჯახის წევრებთან გაუთავებელ ჩხუბს. მაინც ვერ შესწვდებით? არა უშავს, არც ეს არის გამოუსწორებელი უბედურება. აიღეთ საკუთარ თავზე რომელიმე საოჯახო მოვალეობა - პროდუქტების შეძენა, დალაგება; შეიტანეთ წვლილი ოჯახის ბიუჯეტში, კომუნალურ გადასახადებში. ამასთანავე, განსაზღვრეთ თქვენი ტერიტორია. თქვენ უფლება გაქვთ, გქონდეთ საკუთარი ოთახი თუ არა, კუთხე მაინც, სადაც ყველაფერი ისე იქნება მოწყობილი, როგორც თქვენ გსურთ, თუნდაც ეს სხვებს არ მოსწონდეთ. აუცილებლად უთხარით ოჯახის წევრებს, რომ არ გსურთ, თქვენს ოთახში ან თქვენთვის გამოყოფილ კუთხეში ვინმემ რამეს ახლოს ხელი, თუნდაც “დასალაგებლად”. თუ რამის გადაადგილებას მოისურვებენ, ეს მხოლოდ თქვენი თანხმობით უნდა გააკეთონ. ყველაზე ძნელი დედისთვის “არას” თქმაა. მადლობა გადაუხადეთ მას თითოეული რჩევისა თუ შენიშვნისთვის, უთხარით: “დედა, მე შენ ძალიან მიყვარხარ და ვაფასებ შენს მზრუნველობას, მაგრამ ჯობს ისე მოვიქცე, როგორც მე მიმაჩნია სწორად”. ძნელია ცხოვრება, როცა გარშემომყოფთა აზრებსა და შეხედულებებზე ხარ დამოკიდებული. ყურადღებას ნუ მიაქცევთ ასეთ ფრაზებს: “ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქალიშვილი ასეთ რამეს ჩაიდენდა”; “მე ასეთი ქალიშვილი არ მჭირდება”. ასეთი ფრაზები სიყვარულისა და მზრუნველობის ნიშანი კი არ არის, არამედ მცდელობა, შენით მანიპულირება მოახდინონ. ისწავლეთ ფიქრი, გააანალიზეთ თითოეული სიტუაცია, გადაწყვეტილების მიღებისას კი მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი საქციელის გამო პასუხს თვითონვე აგებთ და თუ თქვენმა საქციელმა სასურველი შედეგი არ გამოიღო, დედის ზურგს უკან არ დაიმალოთ.
უპოვეთ საინტერესო საქმე
დედების უმრავლესობა მოზრდილი შვილების საქმეებში ცხვირს იმიტომ ყოფს, რომ საკუთარი არ აქვს. უპოვეთ საქმიანობა, რომელიც მას დააინტერესებს და გაიტაცებს, მაგალითად, ეგზოტიკური ყვავილების გამოყვანა, მოგზაურობა, სპორტულ დარბაზში სიარული.
როგორ დავაინტერესოთ?
უპირველესად, გაესაუბრეთ დედას და გაიგეთ, რა იტაცებდა ადრე, რაზე ოცნებობდა. დაარწმუნეთ, რომ სწორედ ახლაა დრო, ბავშვობის სურვილი აისრულოს და დაეხმარეთ კიდეც ამაში, მოუძებნეთ შესაფერისი კლუბი, ფიტნესცენტრი, საექსკურსიო ბიურო, სადაც მოქმედებს სპეციალური პროგრამები ხანდაზმულთათვის. ოღონდ ძალა არ დაატანოთ, თავს არ მოახვიოთ თქვენი აზრი. თუ თქვენმა რჩევამ დედა გააღიზიანა, ნუ გაუნაწყენდებით; გაიხსენეთ, რომ ორიოდე ათეული წლის შემდეგ თვითონვე აღმოჩნდებით “არამკითხე მრჩევლის” როლში და გაიღიმეთ.