დასვენება სანანებელი რომ არ გაგვიხდეს

მართლაცდა, რა სჯობს დასვენებას მთელი წლის დამქანცველი შრომის შემდეგ! მაგრამ დასვენებასაც ცოდნა უნდა, რადგან ერთი შეხედვით ბანალურ გარუჯვას შესაძლოა ძალზე უსიამოვნო შედეგი მოჰყვეს. "ოჯახის მკურნალს" ესაუბრება ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ციტოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემ. დოქტორი, ეროვნული აკადემიის წევრი დალი თუშიშვილი.
კანის ონკოლოგიური დაავადებები, მათ შორის - კანის კიბო, ყველაზე გავრცელებულ დაავადებებად ითვლება მთელ მსოფლიოში. აშშ-ში ყოველ მეექვსე-მეშვიდე კაცს კანის დაავადების ესა თუ ის ფორმა აქვს. სტატისტიკური მონაცემებით, კანის კიბოთი აშშ-ში ყოველწლიურად 7500 ადამიანი იღუპება.
საგრძნობლად გახშირდა კანის ონკოლოგიური დაავადებები საქართველოშიც. განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ინსოლაცია უფრო მეტია - კახეთში, დასავლეთ საქართველოში, შავიზღვისპირეთში... კანის კიბოს გავრცელებაში მრავალი ფაქტორი ასრულებს გარკვეულ როლს, მათ შორის - სიმაღლე ზღვის დონიდან, გეოგრაფიული განედი, ოზონის შრის მდგომარეობა და სხვა, მაგრამ უმთავრეს მიზეზებად მაინც ჭარბი ინსოლაცია (მზეზე დიდხანს ყოფნა), სხვადასხვა სახის ქიმიური და ფიზიკური ზემოქმედება და კანის არასწორი მოვლა ითვლება. ხშირად კანის კიბოს წინ უძღვის კიბოსწინარე დაავადება, რომელიც შემდეგ ამა თუ იმ ფაქტორის გავლენით მალიგნიზაციას (კიბოდ გადაგვარებას) განიცდის. კანის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ბაზალურუჯრედოვანი კიბო და მელანომა.
- ბაზალურუჯრედოვანი კიბო (ბაზალიომა, ბაზალურუჯრედოვანი ეპითელიომა, კანის კარცინოიდი) კანის ზედაპირულ შრეებში ვითარდება. მისი მთავარი მიზეზია მზის სხივების მუდმივი ზემოქმედება. უმეტესად უვითარდებათ იმ ადამიანებს, რომელთაც მზისგულზე უწევთ მუშაობა, ასევე - გარუჯვის მოყვარულებს. ძირითადად ზიანდება სხეულის ის ნაწილი, რომელსაც მეტად ხვდება მზის სხივები. ერთნაირი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში. უმეტესად ლოკალიზდება სახეზე, კისერზე, ცხვირზე, თვალბუდეზე, თავსა და ტუჩის კუთხეზე, თუმცა გვხვდება სხეულის სხვა ნაწილებზეც. იზრდება ნელა, ხშირად წყლულდება, მეტასტაზებს არ იძლევა (აქედან გამომდინარე, სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის). იწვევს კანის დესტრუქციას (სტრუქტურის დაშლა). ახასიათებს რეციდივები და გავრცელება სხეულის სხვა ადგილებზე. ბაზალიომის კლინიკური სურათი ასეთია: წარმონაქმნი იკეთებს ფუფხს, რომელიც ხშირად ძვრება და ისევ ჩნდება. ზედაპირი გლუვია, ზოგჯერ მბრწყინავი.
- ბრტყელუჯრედოვანი კიბო ქალებს და ასაკოვან მამაკაცებს უვითარდებათ სხეულის ღია ადგილებზე. არცთუ იშვიათად წარმოადგენს სხვადასხვა კიბოსწინარე დაავადების შედეგს. ბრტყელუჯრედოვანი კიბო - ეს არის კანისა და ლორწოვანის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც წარმოიშობა კერატინოციტებისგან ინსოლაციის, მაიონიზირებელი გამოსხივების და სხვა კანცეროგენული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. იძლევა მეტასტაზებს როგორც ახლოს, რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, ასევე შორს, ორგანოებში. ვითარდება ნელა. შესაძლოა, აღმოცენდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სასქესო ორგანოებზე. ახასიათებს რეციდივები. ვიზუალურად ბრტყელუჯრედოვანი კიბოს დიფერენცირება რთულია ბაზალიომებისა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი კიბოსწინარე დაავადებებისაგან.
- მელანომა (ავთვისებიანი ხალი) ყველაზე აგრესიულ დაავადებად ითვლება კანის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათი წლის მანძილზე ის საგრძნობლად გახშირდა. უვითარდებათ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვან ადამიანებს. ბავშვებში მელანომა ძალიან იშვიათად გვხვდება. ორმოციოდე წლის წინ პიგმენტური წარმონაქმნის ავთვისებიანი გადაგვარების მიზეზად (და ამავე დროს სიმპტომადაც) ითვლებოდა დაწყლულება და სისხლდენა. ამის გამო დიაგნოსტიკა გვიანდებოდა - გამოვლენილი მელანომა ასიდან 50 შემთხვევაში ოპერაციას აღარ ექვემდებარებოდა. ბოლო ხანს ექიმების მიზნად მელანომის ადრეულ სტადიაში გამოვლენა იქცა. მართებული დიაგნოსტიკის წყალობით ქირურგიული ჩარევის ეფექტურობა საგრძნობლად გაიზარდა. მელანომების 30% ვითარდება უკვე არსებული პიგმენტური წარმონაქმნებისაგან, 70% კი აღმოცენდება კანის საღ საფარველზე. მეტასტაზირება ხდება სისხლისა და ლიმფის გზით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
კანის ონკოლოგიური დაავადებების დროს სწორი დიაგნოზისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ციტოლოგიურ კვლევას. მხოლოდ ციტოლოგიური დიაგნოზის შემდეგ ეძლევა კლინიცისტს საშუალება, აირჩიოს დაავადების ქირურგიული თუ არაქირურგიული მკურნალობის ტაქტიკა და მასშტაბი. მელანომის დადგენის შემთხვევაში წარმონაქმნი უმოკლეს ხანში უნდა ამოიკვეთოს. მელანომის მკურნალობის მეთოდებია ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია. პროგნოზი სხვადასხვანაირია. თუ სიმსივნური ინვაზია (ორგანიზმში შეჭრა) არ აღინიშნება, დადებითი შედეგის ალბათობა სწორი მკურნალობის შემთხვევაში 98%-ია. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრეულ დიაგნოსტიკას, რომელიც ამ დაავადებებთან ბრძოლის ძირითადი იარაღია. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მელანომის დიაგნოსტიკაში დიდი მიღწევებია. თუ სამოციან წლებში პაციენტების ხუთწლიანი გადარჩენადობა 60%-ს შეადგენდა, სამოცდაათიანი წლების ბოლოს და ოთხმოციანების დასაწყისში ეს მაჩვენებელი 83%-მდე გაიზარდა.