ორსულობა და მავნე ჩვევები - ღირს თუ არა რისკის გაწევა?
- ალკოჰოლის მოხმარება სერიოზულ საფრთხეს უქადის ორსულს. საქმე ის არის, რომ ალკოჰოლი ყოველგვარი სირთულის გარეშე გადის პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფის ორგანიზმში ხვდება. მავნეა როგორც თავად სპირტი (ეთანოლი), ისე მისი დაშლის პროდუქტი - აცეტალდეჰიდი. სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტის სისხლძარღვებისა და ჭიპლარის სპაზმი, შედეგად კი - ნაყოფის ჟანგბადოვანი შიმშილი. აცეტალდეჰიდი აქვეითებს ნაყოფის უჯდერებში თუთიის დონეს, რაც ხელს უშლის ნაყოფის ზრდასა და განვითარებას. მასვე შეუძლია გამოიწვიოს ცვლილებები (მუტაციები) ჩანასახოვანი უჯრედების დნმ-ში, რაც ნაყოფის ორგანოებისა და ქსოვილების უხეშ მანკებამდე მიგვიყვანს. გარდა ამისა, ალკოჰოლი იწვევს ვიტამინების დეფიციტს, არღვევს ჰორმონების, პროსტაგლანდინების და სხვა ნივთიერებათა ცვლას. შედეგად ზიანდება ნაყოფის ორგანოები, პირველ რიგში კი ცენტრალური ნერვული სისტემა (კერძოდ, ინტელექტი და ქცევითი სფერო). ორსულობისას ზომიერი სმა ზრდის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის, მცირეწონიანი ბავშვის გაჩენის რისკს, ხოლო ჭარბი მოხმარება ხშირად იწვევს ნაყოფის ანომალიებს. ქრონიკულმა სმამ შესაძლოა ნაყოფის განვითარების მანკებამდე მიგვიყვანოს, რომელთა ერთობლიობას ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს (FAშ - Fეტალ Aლცოჰოლ შყნდრომე) უწოდებენ. ამ სინდრომს სახის სპეციფიკური ანომალიები - მოკლე ცხვირი, ბრტყელი ზედა ყბა, სიელმე ახასიათებს. ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევითი გადახრები, გულისა და სხვა ორგანოთა დაზიანებები. მათი სიკვდილიანობა პერინატალურ პერიოდში 15-20%-ს შეადგენს. ნაყოფის ალკოჰოლური დაზიანების შედეგები შეუქცევადია და მკურნალობას პრაქტიკულად არ ექვემდებარება, მაგრამ ასეთი სურათი ყოველთვის არ შეინიშნება.
- რაზეა დამოკიდებული რისკი - ალკოჰოლის დოზაზე, მის რეგულარულ მოხმარებაზე თუ რაიმე სხვა ფაქტორზე?
- ნაყოფზე ალკოჰოლური ზემოქმედების შედეგები მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპირტიანი სასმლის რაოდენობა და მოხმარების სიხშირე. სამეცნიერო გამოკვლევები ადასტურებს: ორსულის მიერ 30 გრამი სპირტის (ან, სპირტზე გაანგარიშებით, სხვა ალკოჰოლური სასმლის) ყოველდღიური მიღებისას დიდია ალბათობა, ბავშვს ფეტალური ალკოჰოლური სინდრომი განუვითარდეს, მაგრამ არცთუ იშვიათად გვხვდება ეს სინდრომი ისეთ ბავშვებშიც, რომელთა დედები არ იღებენ დღეში 3-5 გრამზე მეტ სპირტს. ამან იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ არ არსებობს ალკოჰოლის ორსულისთვის უსაფრთხო დოზა; ნაყოფზეEალკოჰოლის მავნე ზემოქმედება, გარდა მისი ოდენობისა, დამოკიდებულია ქალის ორგანიზმის თავისებურებებზე, სპირტის გადამუშავებასა და ორგანიზმის რეაქციაზე, ორსულის ორგანოებისა და სისტემების მდგომარეობაზე, დიეტის თავისებურებებზე, სხვა მავნე ჩვევებზე, ნაყოფის გენოტიპზე, ორსულობის ვადაზე... ამიტომ არის, რომ ყველა ალკოჰოლური სასმლის ეტიკეტზე იბეჭდება შესაბამისი გაფრთხილება ორსულებისთვის. თუ უნებლიეთ ერთი ჭიქა ღვინო ან ნახევარი ქილა ლუდი დალიეთ, პანიკას ნუ აჰყვებით, მაგრამMთუU ვინმემ გითხრათ, რომ მომცრო ჭიქა პორტვეინის ან ღვინის ყოველდღიური მიღება "აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას", ხოლო რომელიმე "ჯადოსნური მცენარის" სპირტიანი ნაყენი ამაღლებს იმუნიტეტს, გახსოვდეთ - სასწორის მეორე მხარეს დევს ფეტალური ალკოჰოლური სინდრომის რეალური რისკი. გთავაზობთ ზოგიერთი სასმლის სპირტის ეკვივალენტობას:
- 100 გ ლუდი - 3,6 გ სპირტი;
- 100 გ სუფრის ღვინო - 9,5 გ სპირტი;
- 100 გ დასპირტული ღვინო - 15,3 გ სპირტი;
- 100 გ ლიქიორი - 21 გ სპირტი;
- 100 გ არაყი, ვისკი, რომი - 38-42 გ სპირტი;
- 150 გ კოქტეილი "სისხლიანი მერი" - 14 გ სპირტი;
- 100 გ ჯინ-ტონიკი - 7,1 გ სპირტი;
- 150 გ ჯინი ტეკილათი - 18,5 გ სპირტი.
თვალის ერთი გადავლებითაც მიხვდებით, რომ ისეთი სუსტი ალკოჰოლური სასმელიც კი, როგორიცაა ლუდი, თუ ყოველდღე დალევთ, ნაყოფისთვის უკვე სარისკოა. ამიტომ ექიმების რეკომენდაციები კატეგორიულია: ორსულობის დროს ალკოჰოლი რაციონიდან სრულიად უნდა გამოირიცხოს. უფრო უკეთესი იქნება, თუ ალკოჰოლურ სასმელზე უარს იტყვით ორსულობის დაგეგმვის პერიოდშიც, თუნდაც სავარაუდო ჩასახვამდე სამი თვით ადრე. ამასთან, ეს რეკომენდაცია არ ეხება მხოლოდ ქალებს; ალკოჰოლი ხელს უშლის მამაკაცის ორგანიზმში სრულფასოვანი სპერმატოზოიდების გამომუშავებას, ეს კი შესაძლოა ნაყოფის ჯანმრთელობაზე აისახოს.
- თუ ორსული უარს ვერ ამბობს ამ ჩვევაზე, როგორ მოვიქცეთ?
- თუ სპირტიან სასმელებს ქალის ცხოვრებაში მყარად უკავია ადგილი და მას ამ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება არ შეუძლია, ნარკოლოგს უნდა მიმართოს. მას დახმარებას ანონიმურად გაუწევენ და ფსიქოლოგიური დისკომფორტიც ნაკლები იქნება.
- სამწუხაროდ, დღეს ბევრი ქალი ეწევა. რა გავლენას ახდენს თა-მბაქოს წევა ორსულობაზე?
- თუ ეწევით, მაშინ თქვენი შვილისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იქნება ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმა. ორსულობის დროს თამბაქოს მავნებლობას ფაქტები ადასტურებს. თამბაქოს მთავარი კომპონენტი ნიკოტინია. იგი ისე იოლად გადის პლაცენტაში, რომ მისი კონცენტრაცია ნაყოფის ორგანიზმში ხშირად უფრო მაღალიც კია, ვიდრე დედისაში. სიგარეტის, პაპიროსის, ჩიბუხისა თუ სიგარის წევისას სასუნთქ გზებში ხვდება ბევრი საშიში ნივთიერება - მხუთავი აირი, ბენზოპერიდინი და რადიაქტიური იზოტოპებიც კი (თუმცაღა მცირე რაოდენობით). შხამიანი პროდუქტების ნაწილი, მაგალითად, თიოციანიტი, ორგანიზმშივე წარმოიქმნება თამბაქოს ინგრედიენტების დაშლის შემდეგ. ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ იწყებს ზემოქმედებას ნაყოფის განვითარებაზე. როდესაც დედა სიგარეტს მოსწევს, ვითარდება პლაცენტის სისხლძარღვების სპაზმი და ნაყოფი რამდენიმე წუთის განმავლობაში მსუბუქ ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის, რეგულარული მოწევის დროს კი ნაყოფს პრაქტიკულად განუწყვეტლივ აკლია ჟანგბადი. ამის შედეგია ზრდის შეფერხება, რომელიც მწეველთა შვილებში გაცილებით ხშირად გვხვდება, ვიდრე არამწეველთა შვილებში. გარდა ამისა, მოწევის დროს აქტიურად შთაინთქმება ორგანიზმში არსებული ბ და ც ვიტამინები, აგრეთვე - ფოლიუმის მჟავა, რომლის დეფიციტმაც შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დეფექტებამდე მიგვიყვანოს. ამრიგად, მოწევასა და ნაყოფის განვითარების შეფერხებას შორის უშუალო კავშირია. პირველ რიგში, დადასტურებულია, რომ მწეველ ქალებს ხშირად უჩნდებათ მცირეწონიანი - 2000 გ-ზე ნაკლები მასის - ბავშვები. ამასთან, ახალშობილის წონის დაქვეითება მოწეული ღერების რაოდენობის პირდაპირპროპორციულია. ასეთ ბავშვებს უჭირთ გარემოსთან ადაპტირება, აქვთ ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები და, საერთოდ, სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩევიან, უფრო ხშირად და მძიმედ ავადმყოფობენ სასუთქი გზების ინფექციებით, სხვა ბავშვებთან შედარებით მომატებული აქვთ უეცარი სიკვდილის რისკი და ეს რისკიც პირდაპირპროპორციულად უკავშირდება მოწეული ღერების რაოდენობას. დადგენილია, რომ უეცარი სიკვდილის ალბათობა 35%-ით მაღალი აქვთ იმ ქალების ჩვილებს, რომლებიც ორსულობისას დღეში ერთ კოლოფზე მეტს ეწეოდნენ. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ მწეველ ორსულთა შვილებს ავთვისებანი სიმსივნეების განვითარების ალბათობაც მაღალი აქვთ.
- როგორ მოქმედებს მოწევა ორსულობის მიმდინარეობასა და თავად ორსულზე?
- სტატისტიკა მოწმობს, რომ ორსულობის დროს მოწევა თითქმის 2-ჯერ ზრდის ორსულობის არასასურველი დასასრულის ალბათობას. მოწევის ფონზე იმატებს პლაცენტის მოცილების რისკი: დაახლოებით 25%-ით - ზომიერად მწეველებში და 65%-ით - სერიოზულ მწეველებში. მწეველ ქალებში უფრო ხშირია პლაცენტის წინამდებარეობა (პლაცენტის მდებარეობა უშუალოდ საშვილონოს გამოსავალთან), ამასთან, ზომიერ მწეველებში რისკი 25%-ით იმატებს, ხოლო სერიოზულ მწეველებში - 90%-ით. თამბაქოს უვნებელი ოდენობა დადგენილი არ არის, ამიტომ უმჯობესია, საერთოდ უარი ვთქვათ მოწევაზე და არა დაორსულების შემდეგ, არამედ დაორსულებამდეც. თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, ახლავე გააკეთეთ. მეცნიერული კვლევები ადასტურებს: თუ ორსულმა ეს ჩვევა ორსულობის მე-4 თვემდე მიატოვა, არასასურველი შედეგების ალბათობა ნაკლებია.
- როგორ დავანებოთ თავი მოწევას?
- უნდა გააცნობიეროთ, რომ თამბაქოს გარეშე ცხოვრება შეიძლება და უფრო უკეთესიც კია, ვიდრე მასთან ერთად - ოდესღაც ხომ ცხოვრობდით ასე? თუ ნებისყოფა არ გყოფნით, სცადეთ სხვადასხვა საშუალება: პლასტირი, საღეჭი აბები, მზესუმზირა... გახსოვდეთ: თამბაქოსთვის თავის დანებება ყოველთვის შეიძლება, მთავარი მონდომებაა.
- ცნობილია, რომ პასიური მოწევაც არანაკლებ საშიშია. ამ შემთხვევაში რაღა ქნას ქალმა, რომელიც ბავშვს ელოდება?
- პასიური მოწევის, ანუ სხვისი მოწეული სიგარეტის კვამლის შესუნთქვისას შედეგი, სამწუხაროდ, ისეთივეა, როგორიც "აქტიური" მოწევის დროს, ამიტომ განაჩენი ერთმნიშვნელოვანია და "გასაჩივრებას არ ექვემდებარება": უარი უნდა თქვათ მოწევაზე და მაქსიმალურად ერიდოთ მწეველებთან ერთად დახურულ სივრცეში ყოფნას. გახსოვდეთ, პასიური მოწევა მავნეა როგორც თქვენთვის, ისე ნაყოფისთვისაც. ასე რომ, მწეველ ოჯახის წევრებს მოუწევთ, დათმონ კომფორტი.
- ბევრი რამ თქმულა ორსულობაზე ნარკოტიკების გავლენის შესახებაც...
- ნარკომანიამ მთელ მსოფლიოში ეპიდემიის ხასიათი მიიღო და არცთუ იშვიათად გვხვდება ორსულებშიც. ნარკომანიის დროს იმატებს თვითნებითი აბორტის, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების, ჰიპოქსიის, ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობადობის, ნაყოფის განვითარების მანკების, აგრეთვე - ახალშობილთა აბსტინენციური სინდრომის რისკი. დადგენილია, რომ ოპიატებს შეუძლია გამოიწვიოს ეიფორია, მოდუნება ან ძილიანობა, დააქვეითოს ტკივილისადმი მგრძნობელობა. ნარკოტიკების ამ ჯგუფს მიეკუთვნება მორფინი, ჰეროინი და კოდეინი. როდესაც ქალი ორსულობის დროს ოპიატებს იღებს, იზრდება ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის ზრდის შეფერხების, გვიანი გესტოზის და სხვა გართულებების რისკი. ასეთი დედის შვილი შეიძლება გონებრივად ჩამორჩენილი აღმოჩნდეს. ჰალუცინოგენებმა - ლსდ, მესკალინი, პეილოტი, პენციკლიდინი - შესაძლოა ფსიქიკური დარღვევები გამოიწვიოს. ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორები, ამფეტამინები, იწვევს ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარების მანკებს. მარიხუანა და ჰაშიში ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს. კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობისას ამ ნარკოტიკის მოხმარებამ შესაძლოა ნაყოფის ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარების მძიმე მანკები გამოიწვიოს. კოკაინი ყველაზე საშიში ნარკოტიკია ორსულისთვის. მისი მოხმარებისას მკვდრადშობადობა უფრო ხშირია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნარკოტიკის მოხმარებისას. კოკაინმა შესაძლოა შეაფერხოს ნაყოფის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში, გამოიწვიოს პლაცენტის ნაადრევი აცლა, ნაადრევი მშობიარობა, მკვდარი ნაყოფის დაბადება. თუ კოკაინს მოიხმარს მეძუძური დედა, ნარკოტიკი მაშინვე ხვდება დედის რძეში; შედეგად ბავშვი მუდამ აღგზნებულია, ცუდად სძინავს, შესაძლოა ეპილეფსიური გულყრები განუვითარდეს. ყოველივე ამის გამო ჯობს ქალმა დაორსულებამდე შეწყვიტოს ნარკოტიკების მოხმარება. თუ ნარკოტიკს მაინც მოიხმართ, იყავით გულახდილი თქვენს ექიმთან, უთხარით, რომელ პრეპარატს იღებთ. ნარკომანიის მსხვერპლი პირველ რიგში თქვენი შვილია და რაც უფრო ადრე მოჰკიდებს ექიმი ხელს ამ პრობლემის მოგვარებას, მით უკეთესი იქნება შედეგი.
- რას გვეტყვით ისეთ გავრცელებულ ჩვევაზე, რო-გორიცაა ყავის უზომო სმა? რა გავლენას ახდენს იგი ორსულსა და მის მომავალ შვილზე?
- კოფეინი ნერვული სისტემის ძლიერი სტიმულატორია. არც ორსულისა და არც ნაყოფისთვის ის სასურველი არ არის. კოფეინის ზემოქმედებით იმატებს არტერიული წნევა, ვითარდება პლაცენტის სისხლძარღვთა სპაზმი, ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ნაყოფის ორგანიზმამდე ვერ აღწევს ჟაგბადი და საკვები ნივთიერებები. ეს ყველაფერი ხელს უშლის რკინის ათვისებას. ორსულობის დროს ყავა რეკომენდებული არ არის იმის გამოც, რომ კოფეინს აქვს შარდმდენი მოქმედება და ამით გაუწყლოების პროვოცირებას ახდენს. დანიელმა მეცნიერებმა ათეულათასობით ორსული გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ ქალებმა, რომლებიც დღე-ღამეში 2-5 მგ კოფეინს იღებენ, შესაძლოა ორსულობა ბოლომდე ვერ მიიყვანონ. თუ ძალიან გინდათ ყავა, შეიძლება მიირთვათ დღე-ღამეში ერთი ფინჯანი, თუ ძალიან კარგი ჯანმრთელობა გაქვთ - 3 ფინჯნამდე. მაგრამ ასეთი ჯანმრთელობით დღეს ცოტა თუ დაიკვეხნის, ამიტომ ექიმები მომავალ დედებს ყავაზე უარის თქმას ურჩევენ.