ნიკოტინზე დამოკიდებულება (მოწევის მავნე ჩვევა და გენეტიკა) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნიკოტინზე დამოკიდებულება (მოწევის მავნე ჩვევა და გენეტიკა)

ამ სტატიიდან შეიტყობთ, რატომ არის ზოგიერთი ადამიანი ნიკოტინზე უფრო მეტად დამოკიდებული, ვიდრე სხვები და რატომ არის მოწევა მართლაც საშიში ჯანმრთელობისთვის.

  • როგორ გაჩნდა თამბაქო ევროპაში?

ევროპელებმა თამბაქოს ბალახი მე-15 საუკუნეში ჩამოიტანეს სამხრეთ ამერიკიდან, სადაც მას ინდიელები ეწეოდნენ. ამის შემდეგ თამბაქოს მოყვანა ევროპის ქვეყნებშიც დაიწყო, თანაც არა მხოლოდ გასართობად, არამედ მიდიცინაში გამოსაყენებელად.

არსებობდა თამბაქოს ოყნები დამხრჩვალთა რეანიმაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ტარდებოდა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიები და ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ მეცნიერი აქტიურად გამოდიოდა მოწევის წინააღმდეგ, საერთო აზრი მის მავნებლობაზე მხოლოდ მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა.

  • როგორ ვლინდება ნიკოტინზე დამოკიდებულება?

ნიკოტინი არის თამბაქოს შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერება, რომელიც შესუნთქვიდან რამდენიმე წამში აღწევს ტვინს. ტვინში ნიკოტინი აძლიერებს ქიმიური ნაერთების გამოყოფას, რომელთაც ეწოდება ნეიროტრანსმიტერები და რომლებიც ხელს უწყობენ განწყობისა და ქცევის რეგულირებას. ნიკოტინური რეცეპტორები მონაწილეობენ ადამიანის ნერვული სისტემის ფუნქციობაში. რეცეპტორების გასააქტიურებლად ორგანიზმი იყენებს ნეიროტრანსმიტერ აცეტილქოლინს. თუმცა, რეცეპტორებთან დაკავშირება და მათი გააქტიურება ნიკოტინსაც შეუძლია.

აცეტილქოლინისგან განსხვავებით, ნიკოტინი უფრო მჭიდროდ უკავშირდება რეცეპტორს და ჩერდება (ყოვნდება) მასზე. შედეგად, რეცეპტორების რაოდენობა სულ უფრო მცირდება, რაც ხელს უშლის ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციობას. მწეველს კიდევ უფრო მეტად უნდება მოწევა, რადგან მხოლოდ ნიკოტინს შეუძლია იგივე სიძლიერით რეცეპტორების გააქტიურება.

დოფამინი, ერთ-ერთი ნეიროტრანსმიტერია, რომელიც გამოიყოფა ტვინის „დაჯილდოვების“ ცენტრში და იწვევს სიამოვნების განცდას, განწყობის გაუმჯობესებას. რაც უფრო მეტს ეწევა ადამიანი, მით მეტი ნიკოტინი სჭირდება დაკმაყოფილებისა და კარგი განწყობისთვის. ნიკოტინი სწრაფად ხდება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, გადაჯაჭვული ჩვევებთან და გრძნობებთან.

  • ვინ ექვემდებარება რისკს

ნებისმიერს, ვინც ეწევა სიგარეტს ან სხვა სახის თამბაქოს, ემუქრება დამოკიდებულების რისკი.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ თამბაქოს მოხმარებაზე, მოიცავს:

- ასაკს – ადამიანების უმეტესობა მოწევას იწყებს ბავშვობაში ან მოზარდობისას. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი მოწევის დაწყებისას, მით მეტია იმის შესაძლებლობა, რომ დამოკიდებული გახდეს ამ მავნე ჩვევაზე.

- გენეტიკას – იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანმა მოწევა დაიწყოს და გააგრძელოს, შეიძლება ნაწილობრივ მემკვიდრეობით იყოს განპირობებული. გენეტიკურ ფაქტორებს შეუძლიათ იმაზე ზეგავლენა, თუ როგორ რეაგირებენ ტვინის ნერვული უჯრედების ზედაპირზე არსებული რეცეპტორები სიგარეტის მიერ მოწოდებული ნიკოტინის მაღალ დოზებზე.

- გარემოს – უფრო ხშირად ეწევიან ის ბავშვები, რომლებიც მწეველ მშობლებთან ერთად იზრდებიან. ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ მწეველი მეგობრები, ასევე უფრო ხშირად იწყებენ მოწევას.

- დეპრესიას და სხვა ფსიქიკურ დარღვევებს – დეპრესიის, შიზოფრენიის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ან ფსიქიკური დაავადების ცალკეული ფორმების მქონე ადამიანები უფრო ხშირად ეწევიან.

- სხვა ნივთიერებების გამოყენებას – ადამიანები, რომლებიც ეტანებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკს, უფრო ხშირად ეწევიან.

  • მოწევის საფრთხე ჯან­მრ­თე­ლობისთვის

თამბაქო ყოველწლიურად კლავს 8 მილიონზე მეტ ადამიანს, მათ შორის, დაახლოებით 1,3 მილიონი პასიური მწეველია, პრაქტიკულად არამწეველი, რომელიც ექვემდებარება მეორად კვამლს.

თამბაქოს კვამლი შეიცავს კიბოს გამომწვევ 60-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას (კანცეროგენს) და ათასობით სხვა მავნე ნივთიერებას. „ბუნებრივი, იგივე ნატურალური“ სიგარეტებიც კი შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს.

დღეს ყველამ იცის, რომ მწველები ბევრად უფრო ხშირად ავადდებიან და იღუპებიან გარკვეული დაავადებებით, ვიდრე არამწველები. მაგრამ ზოგი ბოლომდე მაინც ვერ აცნობიერებს, ჯანმრთელობის რამდენ პრობლემას იწვევს სინამდვილეში მოწევა.

ამ პრობლემებს შორისაა:

  1. კიბო და ფილტვის დაავადებები – მოწევა ფილტვის კიბოსგან სიკვდილის მთავარი მიზეზია. გარდა ამისა, მოწევა იწვევს ფილტვების დაავადებებს – ემფიზემასა და ქრონიკულ ბრონქიტს. მოწევა აუარესებს ასთმასაც.
  2. კიბოს სხვა ტიპები – მოწევა ზრდის მრავალი სახის კიბოს რისკს, მათ შორის – პირის ღრუს, ყელის (ხახის), საყლაპავის, ხორხის, შარდის ბუშტის, პანკრეასის, თირკმელების, საშვილოსნოს ყელის კიბოსა და ლეიკემიის ზოგიერთი სახეობის რისკს. საერთო ჯამში, მოწევა პასუხისმგებელია კიბოსგან სიკვდილის 30%-ზე.
  3. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები – მოწევა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილის რისკს, მათ შორის ინფარქტისა და ინსულტისგან. თუ ადამიანს აღენიშნება გულის ან სისხლძარღვების დაავადება, როგორიცაა, მაგალითად, გულის უკმარისობა, მოწევამ შეიძლება გააუარესოს მისი მდგომარეობა.
  4. შაქრიანი დიაბეტი – მოწევა ზრდის ინსულინრეზისტენტობას, რამაც შეიძლება შექმნას საფუძველი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისთვის. თუ ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტი, მოწევამ შეიძლება დააჩქაროს ისეთი გართულებების პროგრესირება, როგორებიცაა თირკმელების დაავადება (ნეფროპათია) და მხედველობის პრობლემები (კატარაქტა და მხედველობის დაკარგვა მაკულარული დეგენერაციის გამო).
  5. უნაყოფობა და იმპოტენცია – მოწევა ზრდის ქალებთან ფერტილობის დაქვეითების, ხოლო მამაკაცებთან იმპოტენციის რისკს.
  6. გართულებები ორსულობისას – ორსულობის დროს მწეველი ქალები ნაადრევი მშობიარობისა და დაბალი წონის მქონე ბავშვების გაჩენის მაღალი რისკის წინაშე დგანან.
  7. გაციება, გრიპი და სხვა დაავადებები – მწეველები უფრო მიდრეკილნი არიან რესპირატორული ინფექციებისადმი, ასეთებია – გაციება, გრიპი და ბრონქიტი.
  8. კბილებისა და ღრძილების დაავადებები – მოწევასთან დაკავშირებულია ღრძილების დაავადებებისა და სერიოზული ინფექციების განვითარების დიდი რისკი, რამაც შეიძლება გაანადგუროს კბილების შემაკავებელი სისტემა (პერიოდონტიტი).

მოწევა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მწეველების, არამედ მათი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობასაც! არამწეველ მეუღლეებსა და მწეველთა პარტნიორებს აქვთ ფილტვის კიბოსა და გულის დაავადებების განვითარების უფრო დიდი რისკი იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც არ ცხოვრობს მწეველთან.

ბავშვები, რომელთა მშობლებიც ეწევიან, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ასთმისა და ყურის ინფექციების განვითარებისადმი.

  • დამოკიდებულების სიმპტომები

ზოგიერთი ადამიანისთვის თამბაქოს ნებისმიერი რაოდენობით მოხმარებამ შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს ნიკოტინზე დამოკიდებულება. ნიშნები იმისა, რომ შესაძლოა ადამიანი დამოკიდებული იყოს:

1) ადამიანი ვერ ანებებს თავს მოწევას. ჰქონდა ერთი ან მეტი სერიოზული მცდელობა, მაგრამ წარუმატებლად.

2) მოწევისთვის თავის დანებების მცდელობებმა გამოიწვია ფიზიკური დისკომფორტი და განწყობის ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს შფოთვა, გაღიზიანება, მოუსვენრობა, კონცენტრაციის გაძნელება, დეპრესიული განწყობა, სევდა, ბრაზი, შიმშილის გაძლიერება, უძილობა, ყაბზობა ან დიარეა.

3) ადამიანი აგრძელებს მოწევას ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად. აქვს ფილტვების ან გულის ჯანმრთელობის პრობლემები და მაინც არ შეუძლია გაჩერება.

4) უარს აცხადებს სოციალურ საქმიანობაზე. შეიძლება შეწყვიტოს რესტორნებში ან სტუმრად სიარული, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ურთიერთობა, რადგან ასეთ სიტუაციებში არ შეუძლია მოწევა.

  • მოწევა და გენეტიკა

მწეველთა ჩვევებში გა­ნსხვავებას რამდენიმე გენეტიკური ვარიანტი განსაზღვრავს. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია ნიკოტინის რეცეპტორების სტრუქტურასა და ფუნქციობასთან.

ყველაზე მნიშვნელოვანია კავშირი მოწევის სიხშირესა და CHRNA3 გენის ვარიანტს შორის, რომელიც აკოდირებს ნიკოტინის რეცეპტორის შემადგენელ კომპონენტს.