მედიცინის სიახლეები
-
ზღვის წყალმცენარეები სიმსუქნის წინააღმდეგ
წყალმცენარის Undaria pinnatifida-ს პიგმენტი ფუკოქსანტინი შესაძლოა სიმსუქნის საწინააღმდეგო ახალი მედიკამენტის დასამზადებლად გამოიყენონ. იაპონელი მეცნიერების მონაცემებით, საკვებში ფუკოქსანტინის დამატებამ ლაბორატორიული ვირთხების წონის 5-10%-ით დაქვეითება გამოიწვია.ცხოველების მიერ დაკარგული წონის უმეტესი ნაწილი მოდიოდა ვისცერულ - შინაგანი ორგანოების გარშემო დაგროვილ - ცხიმზე.
ცხიმის დაგროვების ეს ფორმა ცუდად ექვემდებარება დიეტასა და ფიზიკურ ვარჯიშს. მეცნიერები 200-ზე მეტ ცხოველს აკვირდებოდნენ. მათ დაადგინეს, რომ პიგმენტი ფუროქსანტინი ცხიმგროვებს ორი მეთოდით ებრძვის: ჯერ ერთი, ააქტიურებს ცხიმის დამშლელ პროტეინს UCP1-ს. ეს პროტეინი დიდი ოდენობით შედის იმ ცხიმოვანი ქსოვილის შემადგენლობაში, რომელიც მუცლის ღრუში გროვდება. დადგენილია, რომ ცხიმის დაგროვების ეს ტიპი განსაკუთრებით საშიშია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ფუროქსანტინი ღვიძლში ასტიმულირებს ისეთი ნივთიერების გამომუშავებას, რომელიც ხელს უწყობს სისხლში არსებული მავნე ქოლესტერინის დაქვეითებას. ამასთანავე, კონცენტრირებული ფუროქსანტინის გამოყენებისას საცდელ ცხოველებში გვერდით მოვლენებს თავი არ უჩენია.
Undaria pinnatifida იაპონური სამზარეულოს ცნობილი ინგრედიენტია, მაგრამ იაპონურ რესტორნებში სიარული ჭარბი ცხიმისგან ვერ დაგიცავთ, ვინაიდან წყალმცენარეებში ბუნებრივი სახით შემავალი ფუროქსანტინი მჭიდროდ არის დაკავშირებული მცენარეულ ცილებთან და ამიტომ ორგანიზმს მისი ათვისება უჭირს. სამკურნალოდ ვარგისია მხოლოდ გაწმენდილი ფუროქსანტინი. მეცნიერები გვპირდებიან, რომ მისი პრეპარატები 3-5 წლის შემდეგ გაიყიდება. ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ექსპერიმენტის დროს მიღწეული წონის 5-10%-ით დაქვეითება სავსებით მისაღებია ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში.
-
რატომ უნდა ერიდონ ორსულები ზღვის თევზს
ზღვის თევზმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან თინუსის ხორცში დიდი ოდენობით ტყვიის აღმოჩენით, მაკონტროლებელი ორგანოებისგან მოითხოვენ, აშკარად გამოხატონ თავიანთი პოზიცია ამ საკითხის მიმართ და განსაზღვრონ, დასაშვებია თუ არა ეს თევზი ორსულთათვის, ხოლო თუ დასაშვებია - რამდენი.
FDA-ს ექსპერტების მიერ არარეკომენდებული თევზების სიაში მოხვდნენ ზვიგენი, შიმშერი, სამეფო სკუმბრია და ლოფოლატილუსი. რაც შეეხება სხვა სახეობებს, მათ შორის - თინუსსა და ოკეანის პატარა თევზებს, ქალებს ნება დართეს, კვირაში 350 გრამამდე მიირთვან, თუმცა თინუსშიც შეიძლება, დიდი ოდენობით ტყვია ამოჩნდეს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რეპროდუქციული ასაკის ქალების დაახლოებით 8%-ის სისხლში ამ ლითონის იმდენი შენაერთია, რომ შეიძლება, ნაყოფის განვითარების დარღვევები გამოიწვიოს. რისკის ჯგუფში ყოველწლიურად პოტენციური პრობლემების მქონე 60 ათასამდე ბავშვი იბადება მხოლოდ იმიტომ, რომ დედამ ორსულობისას დიდი ოდენობით ტყვია მიიღო.
-
წითელი წყალმცენარეები და პაპილომავირუსი
საკვების შესასქელებლად გამოყენებული ნივთიერება შესაძლოა ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის პროფილაქტიკის ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს. შეგახსენებთ: პაპილომავირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს და სასქესო ორგანოების კონდილომებს იწვევს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზღვის წითელი წყალმცენარის - კარაგენანის ექსტრაქტი ხელს უშლის ადამიანის უჯრედებში პაპილომავირუსის შეჭრას. კარაგენანი ბლანტი მასაა და პოლისაქარიდების ნარევს წარმოადგენს. იგი პაპილომავირუსის პროფილაქტიკის იდეალური საშუალებაა, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა გენიტალიური მალამოს დასამზადებლად და ადგილობრივი გამოყენებისთვის ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა. მისი 100-ჯერ ნაკლები კონცენტრაციაც კი სხვა პროფილაქტიკურ საშუალებებზე არანაკლებ ეფექტურია, თუმცა პაპილომავირუსული ინფექციის თავიდან აცილების თვალსაზრისით მისი ეფექტიანობის დასადგენად კვლევები ჯერ არ დასრულებულა.
-
თანამგზავრი წინასწარმეტყველი
მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ქოლერის ეპიდემიის აფეთქების წინასწარმეტყველება შესაძლებელია სატელიტური სისტემების მეშვეობით, რომლებიც წყალსატევებში ტემპერატურულ და კლიმატურ ცვლილებებს აღნუსხავს. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სიცხე და მყაყე წყალი ქოლერის ვიბრიონის გამრავლებისთვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს.
მეცნიერებმა ამ საშიში დაავადების აფეთქებას, ზღვის წყლის ტემპერატურასა და ზღვის დონის ცვალებადობას შორის პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს, თანაც თურმე სავსებით შესაძლებელია, ამ ცვლილებებს თანამგზავრიდან დავაკვირდეთ. ქოლერის მოსალოდნელი აფეთქების შესახებ დროულად მიღებული ინფორმაცია მედიკოსებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს დამატებით დროს მისცემს მოსალოდნელი ეპიდემიის გავრცელების რაიონში ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად.
ეპიდემიების რისკის მატება გლობალური დათბობის შედეგია. ასე რომ, სატელიტური წინასწარმეტყველის დახმარებით ზღვის ტემპერატურისა და მისი დონის ცვალებადობის განსაზღვრა დიდ დახმარებას გაგვიწევს არა მარტო ქოლერის, არამედ სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიის თავიდან აცილებაში.
-
დელფინოთერაპია - აიკრძალოს თუ არა იგი?
ვეშაპებისა და დელფინების დაცვის ბრიტანული საზოგადოების წარმომადგენლებმა (Whale and Dolphin Conservation Society) აუტიზმის კვლევის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით დაჟინებით მოითხოვეს დელფინოთერაპიის აკრძალვა. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდი ცხოველების მიმართ საკმაოდ სასტიკია და შესაძლოა, ავადმყოფებისთვისაც საშიში აღმოჩნდეს, ხოლო მისი თერაპიული ეფექტი ჯერ დაუდასტურებულია.
დელფინოთერაპია ფართოდ გამოიყენება აუტიზმისა და არაერთი სხვა დაავადების სამკურნალოდ მოზრდილებსა თუ ბავშვებში. მეცნიერთა თქმით, დელფინები გარეული ცხოველები არიან და შესაძლოა, აგრესია გამოამჟღავნონ, განზრახ მიაყენონ ტრავმა ადამიანს. მათ გაიხსენეს შემთხვევები, როდესაც დელფინები კბენდნენ და ურტყამდნენ მოცურავეებს, აკავებდნენ მათ წყალქვეშ, ავლენდნენ სექსუალური ხასიათის ქმედებებს. გარდა ამისა, დელფინოთერაპიის დროს არსებობს როგორც ადამიანისგან ცხოველის, ისე ცხოველისგან ადამიანის დასნებოვნების საშიშროება. მრავალი დელფინი ადამიანისთვის საშიში ბაქტერიების (მათ შორის - ბრუცელოზის გამომწვევის) მატარებელია.
დაბოლოს, დელფინოთერაპია უარყოფითად მოქმედებს დელფინებზე, იწვევს სტრესს და სიცოცხლეს უმოკლებს თავისუფლების მოყვარე ცხოველებს.
-
წყალმცენარეები და პროთეზები
ავსტრალიელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამიერიდან პროთეზებს წყალმცენარეებისგან დაამზადებენ. ახალი ტექნოლოგია საგრძნობლად ამცირებს ინფექციურ გართულებათა რისკს ისეთი ოპერაციების შემდეგ, როგორიც არის მენჯ-ბარძაყის სახსრის ან გულის სარქვლების პროთეზირება. ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად საკმარისია, იმპლანტირებული დეტალის ზედაპირი დაიფაროს ფურანონით, რომელსაც ზღვის წყალმცენარე Deliesa pilchra გამოყოფს.
სიდნეის თვალისა და ტექნოლოგიების ცენტრში დაადგინეს, რომ ამ ნივთიერებას უნარი შესწევს, თითქმის მთლიანად გაანადგუროს პროთეზის ზედაპირზე დაბუდებული ეპიდერმული სტაფილოკოკი. ფურანონი ასევე მაღალ აქტივობას ავლენს ოქროსფერი სტაფილოკოკის, მათ შორის - მეტიცილინმდგრადი შტამების მიმართ, რომლებიც მედიკოსებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
საცდელ ცხვრებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ კათეტერებზე, რომლებსაც 12 კვირით უდგამდნენ, ფურანონების გამოყენებისას 85%-ით ნაკლები ბაქტერია იკიდებდა ფეხს, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში. ფურანონები მიკრობებს კი არ ხოცავს, არამედ ერთმანეთთან არ უშვებს და კოლონიების წარმოქმნაში უშლის ხელს, მეცნიერთა აზრით კი, ანტიბიოტიკები და ადამიანის იმუნური სისტემა სწორედ მიკრობულ კოლონიებს ვერ უმკლავდება. მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ ეს აღმოჩენა ქირურგიაში თავის სიტყვას იტყვის.