სიმსუქნე და მასთან გამკლავების საშუალებები
სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებსა და ამ პრობლემის მოგვარების საშუალებებზე გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ქეთევან ნათმელაძე.
– ქალბატონო ქეთევან, რამდენად აქტუალურია სიმსუქნის პრობლემა და რა იწვევს მას?
– სიმსუქნე მსოფლიოს მოსახლეობაში დიდი სისწრაფით მატულობს და 2 მილიარდს აღწევს. რაც უფრო მეტად შემაშფოთებელია, ეს პრობლემა ბავშვთა კონტინგენტსაც მოიცავს.
სიმსუქნის გამომწვევ 3 ძირითად მიზეზად ითვლება:
- არაჯანსაღი, ჭარბი საკვების მიღება;
- დაბალი ფიზიკური აქტივობა;
- გენეტიკური ფაქტორი.
– როდის ითვლება ადამიანი ჭარბწონიანად?
– ჭარბი წონა ჯერ კიდევ არ ითვლება სიმსუქნედ. მისი დადგენა შესაძლებელია მარტივი ფორმულით, რომელიც ცნობილია მასის ინდექსის სახელწოდებით და გამოითვლება სხეულის წონის შეფარდებით სიმაღლის კვადრატთან (მეტრის განზომილებით). მაგ., თუ თქვენი წინაა 75 კგ, ხოლო სიმაღლე – 160 სმ, ანუ 1,6მ, თქვენი მასის ინდექსი შეადგენს 75:(1,6•1,6)=29. აღნიშნული მონაცემი ფასდება როგორც ჭარბი წონა, ვინაიდან ნორმალური ინდექსი 18,5-24,9-ია, ინდექსი 25-29,9 ჭარბი წონაა, ცხადია, მასის ინდექსის უფრო მეტი მონაცემი კი სიმსუქნის ნიშნულია.
არსებობს სიმსუქნის I ხარისხი, როცა მასის ინდექსია 30-34,9, II ხარისხი – 35-39,9 და III ხარისხი, როდესაც მასის ინდექსია >40. ცხადია, რაც მაღალი ხარისხისაა სიმსუქნე, მით სახიფათოა ის ჯანმრთელობისათვის.
– რა გართულებები შეიძლება ახლდეს სიმსუქნეს?
– ზომების მიღება უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება ადრე, ვინაიდან როგორც კი დაისმება სიმსუქნის დიაგნოზი, იწყება მისი გართულებების მთელი წყება, რაც მოიცავს, პირველ რიგში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ხელშეწყობას.
– როგორია სიმსუქნის სიმპტომები?
– პირველი ჩივილი, რომელიც სიმსუქნის დროს ვლინდება, არის ქოშინი მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს, ძილიანობა, კონცენტრაციის უუნარობა და უხასიათობა, რაც გამოწვეულია ვიზუალური არაეფექტური მდგომარეობის გამო.
– როგორ მკურნალობენ სიმსუქნეს?
– სიმსუქნის მკურნალობა, ცხადია, იწყება დიეტითა და ფიზიკური აქტივობით, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია მიზანი, რომელიც ადეკვატური უნდა იყოს და მოიცავდეს წონის თანდათანობით, თვეში, არა უმეტეს, 3-5კგ-ის კლებას. დიეტა უნდა იყოს დაბალანსებული და მოიცავდეს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფიზიოლოგიურ ნორმას და უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად თითოეული ადამიანისათვის, მისი ცხოვრებისა და მუშაობის სტილის გათვალისწინებით. მაგალითად, არ შეიძლება ერთი და იგივე დღის რაციონით ისარგებლოს სტუდენტმა და მშენებლობაში დასაქმებულმა პირმა.
– რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია სიმსუქნის მედიკამენტური მკურნალობა?
– წონის დასაკლებ პრეპარატებს სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ. ისინი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს. თუმცა, არსებობს საერთო წესი – ეს არის ადვილად შესაწოვი ნახშირწყლების შეზღუდვა, უმჯობესია მთლიანად ამოღება. ვგულისხმობთ შაქარს და მასზე დამზადებულ პროდუქტებს, რაც თავისუფალად შეიძლება ჩანაცვლდეს შაქრის შემცვლელი ბუნებრივი საშუალებებით. ცალკე განსახილველი საკითხია ენდოკრინული დარღვევებით გამოწვეული სიმსუქნის მკურნალობა, რაც, ცხადია, მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობას ექვემდებარება. მაგალითად, ინსულინის ჭარბი სეკრეციით, თირკმელზედა ჯირკვლისა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით გამოწვეული სიმსუქნე უნდა მართოს ენდოკრინოლოგმა ადეკვატური პრეპარატებით.
– როდის დგება დღის წესრიგში სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობის საკითხი?
– დიდ ინტერესს იწვევს სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობა, რომელსაც თავისი კრიტერიუმი აქვს და ეს არის, პირველ რიგში, სიმსუქნის მაღალი ხარისხი, როდესაც პაციენტს, მთელი რიგი ზემოთ აღწერილი ქმედებების მიუხედავად, არ აქვს შედეგი და ჩარევის დაყოვნება ქმნის გულის უკმარისობის ჩამოყალიბების საფრთხეს, აღენიშნება ე.წ. „პიკვიკის სინდრომი“, რაც გულისხმობს ჩვეულებრივი საუბრისას ჩაძინებას და ღამის აპნოეს, როდესაც პაციენტს ეღვიძება სულხუთვის შეგრძნებით. ცხადია, ეს ყოველივე საჭიროებს რადიკალურ ჩარევას. აღნიშნულ მეთოდს აქვს გართულება, რაც გულისხმობს საკმაოდ არასასიამოვნო პოსტოპერაციულ პერიოდს, როდესაც მიუხედავად სურვილისა, პაციენტი საკვების მცირე ულუფით უნდა დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეწყება პირღებინება. უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ყალიბდება ე.წ. მალაბსორბციის სინდრომი, რაც გულისხმობს აუცილებელი ნივთიერებების შეწოვის დაქვეითებას.
– წონის კლების შემდეგ რატომ ხდება ისევ წონის მატება?
– ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხია, რაც გულისხმობს არც ისე იშვიათ მოვლენას: დიეტის შემდგომ კვლავ წონის მატებას, რაც ზოგჯერ საწყის წონაზე მეტია. მიზეზი ამგვარია: როდესაც ვიწყებთ დიეტას და მეტი ეფექტისთვის ვამატებთ წონის დასაკლებ პრეპარატებს, ვიკლებთ სითხის ფორსირებული გამოდევნის ხარჯზე, ორგანიზმი კი ცდილობს, რაც შეიძლება მალე აღიდგინოს დაკარგული სითხე.
ეფექტური დიეტა არის მხოლოდ წონის მცირე ოდენობით კლება, საკვები რაციონის მთლიანად შეცვლით. დიეტაზე ყოფნისას არ უნდა გშიოდეთ, უნდა იღებდეთ საკმარისი რაოდენობის ცილოვან საკვებს, რაც, თავის მხრივ, დატვირთვაა თირკმლის მუშაობაზე. ამიტომ, უნდა მიიღოთ საკმარისი ოდენობის წყალი, სრულად გაემიჯნოთ ფასტფუდსა და გაზიან სასმელებს, იაროთ ფეხით, დღეში, სულ მცირე, 20 წუთი, ესტუმროთ საცურაო აუზს, იძინოთ დღე-ღამეში არანაკლებ 7 საათი, რადგან უძილობის დროს გამოიყოფა მადის გამაძლიერებელი ჰორმონი, ტკბილეული და ცომეული კი მაქსიმალურად შეზღუდეთ. უპირატესობა მიანიჭეთ შავ შოკოლადს (არანაკლებ 72%), პურეულიდან კი – უსაფუარო თხელ ლავაშს, მერწმუნეთ, შედეგი აუცილებლად იქნება!