პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
შესაბამისად, მკითხველები ხშირად გვწერენ ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვისთვის არის ვაქცინაცია გამიზნული, რამდენადაა აუცილებელი, რომელ ასაკშია რეკომენდებული მისი დაწყება და სხვა. სწორედ ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ კომენტარი ვთხოვეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს უფროსს - ლია ჯაბიძეს:
- ქალბატონო ლია, რატომ გახდა ასე აქტუალური პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
- დავიწყოთ იმით, რომ 2018 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო/ჭHO) საშვილოსნოს ყელის კიბო შეაფასა როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა, ხოლო 2019 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე უკვე დაისახა დაავადების ელიმინაციის სტრატეგია 2020-2030 წლებისთვის.
აქვე მინდა მოგაწოდოთ მოკლე სტატისტიკური ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ/HPV) გახლავთ.
მსოფლიოში ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული კიბოს შემთხვევების რაოდენობა 700 000-ს აღწევს და აქედან დაახლოებით 500 000 საშვილოსნოს ყელის კიბოა. საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე-მეხუთე ადგილზეა მსოფლიოსა და ევროპის რეგიონში;
2018 წელს მსოფლიოში დაფიქსირდა საშვილოსნოს ყელის კიბოს 570 000 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 311 000 შემთხვევა, რომელთა 87% მოდის განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ქალებზე;
საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს. 2018 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მეოთხე ადგილზეა ძუძუს, ფარისებრი ჯირკვლისა და კოლორექტალური კიბოს შემდეგ.
რაც შეეხება ადამიანის პაპილომავირუსს, ის არის რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციებისა და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევი მიზეზი, როგორც ქალებთან, ასევე მამაკაცებთან. აღსანიშნავია, რომ ადამიანთა დაახლოებით 80% სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე ერთხელ მაინც ინფიცირდება ამ ვირუსით.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვირუსით დაინფიცირება ძირითადად ხდება 25 წლამდე ასაკში და უმრავლესობა ინფიცირდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში.
ადამიანის პაპილომავირუსი გადაეცემა სქესობრივი გზით, ვირუსი აზიანებს კანსა და ლორწოვან ქსოვილს. 10 შემთხვევიდან ერთში ინფექცია განაგრძობს განვითარებას რაც შემდგომში საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების, მიზეზი ხდება. საყურადღებოა, რომ პაპილომავირუსის ზოგიერთ სახეობას შეუძლია ასევე გამოიწვიოს ოროფარინგეალური, ანუსის, საშოს, ვულვის, მამაკაცის სასქესო ორგანოს კიბო, ანოგენიტალური მეჭეჭები, რესპირატორული რეკურენტული პაპილომატოზი და სხვა სერიოზული პათოლოგიები.
- რა მნიშვნელობა აქვს აპვ ვაქცინაციას საზოგადოდ, რისგან იცავს ის ქალებს და რამდენად ეფექტურია?
- აპვ ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვის ეფექტური საშუალებაა - ვაქცინირებულების 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების დამცველობითი ტიტრი. საშვილოსნოს ყელის კიბო პაპილომავირუსით გამოწვეული ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. შესაბამისად, აპვ ვაქცინაციის მთავარი მიზანი ამ ფატალური დაავადებისგან ქალების დაცვაა.
აპვ ვაქცინაცია, რეგულარულ სკრინინგთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.
- რას მოიცავს ვაქცინა და რამდენად უსაფრთხოა ის?
- დღესდღეობით მსოფლიოში არსებობს სამი სახის ვაქცინა, რომლებიც განსხვავდება შტამური შემადგენლობით, თუმცა, ყველა მათგანი შეიცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ვირუსის ორ ძირითად ტიპს (16, 18).
საქართველოში ამჟამად გამოიყენება აპვ საწინააღმდეგო ოთხვალენტიანი ვაქცინა, და როგორც უკვე აღვნიშნე, ის შეიცავს ვირუსის იმ ტიპებს (16 ,18, 6, 11), რომლებიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული და ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და გენიტალურ მეჭეჭებს.
ვაქცინა ჯვარედინი მოქმედების მექანიზმით უზრუნველყოფს ვირუსის იმ ტიპებისაგან დაცვასაც, რომლებიც არ შედის ვაქცინის შემადგენლობაში.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას საკმაოდ ხანგრძლივი სამეცნიერო კვლევები დაედო საფუძვლად. მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებში გერმანელ მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სწორედ აპვ ვირუსი და მისი ორი ტიპი (16 და 18) არის საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი გამომწვევი. ამ უდიდესი აღმოჩენისთვის 2008 წელს გერმანელმა მეცნიერმა ჰარალდ ზურ ჰაუზენმა მიიღო ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში.
2006 წლიდან დღემდე ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა 90-ზე მეტი ქვეყნის აცრების კალენდარში; ამ ქვეყნებს შორისაა აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, ლიტვა, სლოვენია, ხორვატია, სომხეთი, მოლდოვა და სხვა. ზოგიერთ ქვეყანაში ტარდება როგორც გოგონების, ასევე ვაჟების ვაქცინაცია (დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, აშშ და სხვა).
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 მლნ-მდე დოზით მსოფლიოში უკვე აიცრა 100 მლნ-ზე მეტი ადამიანი.
აპვ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფთხო, ეფექტური ვაქცინაა და ბაზარზე გამოსვლამდე (2006 წელი), კლინიკური კვლევების სტადიაში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საფუძვლიანი შემოწმება გაიარა. მონიტორინგი ვაქცინის დანერგვის შემდეგაც გაგრძელდა და მსოფლიოში გამოყენებული 300 მლნ-მდე დოზის მიღების შემდეგაც დასტურდება მისი უსაფრთხოება. ვაქცინა პრეკვალიფიცირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
- რა ასაკში უნდა დაიწყოს აღნიშნული ვაქცინაცია და როგორია მისი განრიგი?
- ვაქცინაციისათვის საუკეთესო ასაკია 9-14 წელი და სწორედ ამ ასაკში ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად ყალიბდება მყარი და ეფექტური იმუნური პასუხი.
საქართველოში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრები უტარდებათ 10, 11, 12 წლის გოგონებს. ვაქცინაციის კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალით 6 თვე.
- რა გართულებები ახლავს ვაქცინაციას და როგორ შეიძლება ამ გართულებათა არიდება?
- სხვა ვაქცინებისა და მედიკამენტების მსგავსად, აპვ ვაქცინამ შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი ხარისხის გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა ინიექციის ადგილის სიწითლე, შეშუპება, თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება.
აპვ ვაქცინაცია გავლენას არ ახდენს ქალის მომავალ ორსულობაზე და არც მამაკაცის ფერტილობაზე.
პირიქით, ვაქცინაცია იცავს აპვ ინფექციით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებისგან, მათ შორის, საშვილოსნოს ყელის კიბოსგან უნაყოფობისა და ლეტალური გამოსავლისგან!
მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო აცრა
მშობლებს განსაკუთრებულად აშინებთ ტერმინი მენინგიტი. ვაქცინაციის მომხრენი ხშირად კითხულობენ კიდეც, არსებობს თუ არა მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ კატეგორიას მოვახსენებთ, რომ მენინგიტს, ანუ თავის ტვინის გარსების ანთებას, სხვადასხვა გამომწვევი იწვევს, როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული ეტიოლოგიის, და უშუალოდ მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. არსებობს ვაქცინები, რომლებიც ადამიანს იცავს მენინგიტის გამომწვევი ინფექციებისაგან, კონკრეტულად, მენინგოკოკებისა და პნევმოკოკებისაგან, რადგან ეს უკანასკნელნი სტატისტიკურად ყველაზე ხშირად გვევლინებიან მენინგიტის გამომწვევებად.
ქალბატონი ლია ჯაბიძე ამ საკითხზეც დეტალურად გვესაუბრება:
- ქალბატონო ლია, დავიწყოთ იმით, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში ვაქცინაციის დიდი პროპაგანდისა, ბევრი ადამიანი საჭიროების შემთხვევაშიც არ იტარებს აცრას. რა დროს არის აუცილებელი მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იცავს თუ არა ის ადამიანს მენინგიტისაგან?
- მენინგიტს სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს, დაწყებული ქიმიური აგენტებით, დამთავრებული მიკროორგანიზმებით (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და სხვ). ჩვენს შემთხვევაში ვსუბრობთ ბაქტერიებითა და ვირუსებით გამოწვეული ინფექციების გართულებებზე. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოყენებული ვაქცინების დიდი ნაწილი იცავს როგორც თავად სამიზნე ინფექციებისაგან (ტუბერკულოზი, პოლიომიელიტი, წითელა, ყბაყურა, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ/ჰიბ, პნევოკოკური ინფექცია), ასევე ისეთი გართულებებისაგან, როგორიცაა მენინგიტი. ამიტომ, ცალსახად უნდა ითქვას, რომ თუკი გვინდა მენინგიტებისგან თავის დაცვა, ბავშვმა უნდა ჩაიტაროს ვაქცინაციის კალენდრით გათვალისწინებული ყველა აცრა.
ზემოთ ჩამოთვლილი ინფექციებიდან მენინგიტებს განსაკუთრებით ხშირად იწვევს ბაქტერიები: ჰემოფილუსი ინფლუენცა ტიპი ბ (ჰიბ) და პნევმოკოკი.
ჰიბ ვაქცინა ქვეყანაში დაინერგა 2010 წელს, ხოლო პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა - 2014 წელს.
მხოლოდ ამ ორი ვაქცინით აცრების შედეგად ბოლო 9 წლის განმავლობაში მენინგიტებით დაავადების შემთხვევების საერთო რაოდენობა 56%-ით შემცირდა, კიდევ უფრო მეტად იკლო ბავშვების დაავადებამ.
- როგორია მენინგოკოკური ინფექციით დაავადების სტატისტიკა საქართველოში და რამდენია ამათგან ვაქცინირებულთა შემთხვევა?
- მენინგოკოკური ინფექციის საწინაღმდეგო ვაქცინოპროფილაქტიკა ევროპის რეგიონში ტარდება დაახლოებით 17 ქვეყანაში და ეს დამოკიდებულია ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ თავისებურებებზე, დაავადების გავრცელების სიხშირეზე. საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ აღირიცხება მენინგოკოკური მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის 20-მდე შემთხვევა.
- ვინ არის ყველაზე მეტად რისკჯგუფში და შესაბამისად, ვისთვის არის აუცილებელი ეს ვაქცინა?
- მენინგოკოკური ინფექციის რისკჯგუფების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია: სამხედრო სამსახურის წვევამდელები, ინფექციის ენდემურ ტერიტორიებზე მოგზაურები, ექიმი-ინფექციონისტები, ბავშვთა დაწესებულებებში მობინადრე ბავშვები და აღმზრდელები, საერთო საცხოვრებელში მობინადრენი, 5 წლამდე ბავშვები და 13-17 წლის მოზარდები ეპიდემიოლოგიური ჩვენების შესაბამისად, 60 წელზე უფროსი ასაკის პირები, პირველადი და მეორეული იმუნოდეფიციტების მქონე პირები, კოხლეარული ინპლანტების რეციპიენტები და სხვა.
- რა დროის განმავლობაში ნარჩუნდება ამ ვაქცინის ეფექტურობა, როგორ „მუშაობს“ ის და დგება თუ არა რევაქცინაციის საჭიროება?
- საზოგადოდ, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების დამცველობითი ეფექტი დიდი და ხანგრძლივია, მაგრამ, იმდენად, რამდენადაც არსებობს რამდენიმე სახის ვაქცინა, მათი დამცველობითი უნარი, ხანგრძლივობა, დოზირება, აცრების სქემა და ასაკობრივი ჯგუფები მცირედად განსხვავებულია.
- გართულებების გამო ბევრს აშინებს ვაქცინაცია, რა გართულებები მოსდევს აცრას და შეიძლება თუ არა მათი არიდება?
- გადარჩენილ სიცოცხლეთა რაოდენობის თვალსაზრისით, კაცობრიობა მედიცინის არც ერთი დარგის წინაშე არ არის ისეთ ვალში, როგორც იმუნიზაციის. იმუნიზაცია შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში (პენიცილინი, რენტგენის სხივები, დნმ, ინსულინი, ანესთეზია და სხვა);
XX საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმ მიღწევათა ათეულში, რომელთაც შეცვალეს კაცობრიობა (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ინფექციურ დაავადებათა კონტროლი, უსაფრთხო საკვები და გარემო, ოჯახის დაგეგმარება და სხვა) იმუნიზაცია იკავებს პირველ ადგილს;
ვაქცინაცია იცავს მოსახლეობას მართვადი ინფექციებისა და მათგან გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევებისაგან. ეს ინფექციებია - დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა, ჰეპატიტი, ზოგიერთი პნევმონია და მენინგიტი, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული დიარეა, ტუბერკულოზი, ცოფი, ყვითელი ცხელება, ტიფი, იაპონური ენცეფალიტი, ჩუტყვავილა, ადამიანის პაპილომავირუსი, ჰერპეს ზოსტერი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინები სხვა ფარმაცევტულ პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. მათი უსაფრთხოება წარმოებისა და მოხმარების ყველა ეტაპზე მკაცრად კონტროლდება. ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი სერიოზული მოვლენები უკიდურესად იშვიათია და შედარებაც არ შეიძლება ვაქცინაციით მართვადი დაავადებების მიერ გამოწვეული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გართულებების სიხშირესთან.
საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოიყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული და პრეკვალიფიცირებული ვაქცინები. აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, გამოირჩევა დიდი ეფექტიანობითა და უსაფრთხოებით.
- რა საფრთხე გვემუქრება აუცრელობის შემთხვევაში?
- უნდა გვახსოვდეს, რომ აუცრელობით უდიდეს საფრთხეს ვუქმნით ჩვენი შვილების და სხვათა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს!