რატომ ვბერდებით
.
დღეისთვის შემუშავებულია 300-ზე მეტი თეორია, რომლებიც სიბერის არსის ახსნას ცდილობენ. რამდენიმე მათგანი ყველაზე უკეთ ხსნის ამ ფენომენს და ჩვენც სწორედ მათ გაგაცნობთ.
-
გენრეგულატორული მექანიზმი
ცნობილია, რომ მემკვიდრეობითი ინფორმაცია უჯრედში, მის ბირთვში არსებულ დნმ-ს მოლეკულაშია მოთავსებული. იქვეა გენები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ორგანიზმის თითოეულ ნიშან-თვისებას, ამასთანავე, განაგებენ უჯრედში ცილის და ფერმენტების სინთეზს.
დროთა განმავლობაში, არახელსაყრელ გარეგან (რადიაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ქიმიური მუტაგენები) და შინაგან (ენდოტოქსინები, ვირუსები, ქსოვილთა არასრულად დაუჟანგავი პროდუქტები, თავისუფალი რადიკალები) არახელსაყრელ ფაქტორთა გავლენით, იცვლება ცილის ამინმჟავური შედგენილობა და დნმ-ს მოლეკულაში წერტილოვანი მუტაციები (ცვლილებები) ვითარდება. თავდაპირველად უჯრედი ამ ცვლილებებს ეგუება, რისთვისაც იგი დაცვის სისტემას (რეპარაცია-აღდგენა და ბირთვულ-ციტოპლაზმური კონტროლი) იყენებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მომრავლებული წერტილოვანი მუტაციები ასუსტებს უჯრედის დაცვით ძალებს და იგი არასრულფასოვანი ცილის სინთეზს იწყებს, რომლებშიც ერთი სახის საჭირო ამინმჟავა მეორე სახის ნაერთითაა შეცვლილი. ეს იწვევს უჯრედში ნივთიერებათა ცვლის მოშლას, მის მემბრანაზე აქტიურდება ცხიმების დაჟანგვა, ირღვევა ენერგეტიკული ცვლა, უჯრედის შიგნით იმატებს კალციუმის შემცველობა, რაც ცვლის უჯრედის ელექტროქიმიურ პოტენციალს და ისიც იღუპება.
-
ნეიროჰუმორული მექანიზმი
30 წლის შემდეგ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მცირდება უჯრედების - ნეირონების რაოდენობა. დარჩენილ ნერვულ უჯრედებში კი გროვდება ნივთიერება - ლიპოფუსცინი, იგი ნეირონის ცხოველქმედების პროდუქტია და ტოქსიკური თვისებები აქვს. ამის გამო ქვეითდება ნეირონებში იმპულსის გატარების სიჩქარე, რაც ნერვული სისტემის მთავარი სამოქმედო პროცესია, შედეგად კი ზარალდება შინაგანი ორგანოები, რადგან სარეგულაციო მექანიზმების მოშლით მათი ფუნქციები ქვეითდება. ნერვული სისტემის დაბერების თანმხლები პროცესია ნეირომედიატორების სინთეზის შემცირება. ეს ის ძირითადი ნივთიერებებია, რომლებიც ნერვული იმპულსის ერთი ნეირონიდან მეორეზე გადაცემას ახორციელებს. ასაკობრივი ცვლილებები განსაკუთრებით ჰიპოთალამუსს აზიანებს. ტვინის ეს ნაწილი ნახევარსფეროების სიღრმეში მდებარეობს და განაგებს ნერვული ცენტრების ფუნქციობას, შინაგანი ორგანოების კოორდინირებულ მუშაობას, ჰორმონთა წინამორბედების გამომუშავებას. ჰიპოთალამუსში მიმდინარე ცვლილებები ნეგატიურად აისახება ენდოკრინულ, იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემებზე, შემაერთებელ ქსოვილზე.
-
სიბერის ამხსნელი თეორიები
ასაკის კვალდაკვალ ორგანიზმში მიმდინარე დამანგრეველი ცვლილებების განვითარების მიზეზებს ყველაზე უკეთ უჯრედული, ფიზიოლოგიური და მოლეკულური დაბერების თეორიები ხსნიან. ისინი კონკურენტულნი არიან, თუმცა ერთმანეთს ავსებენ და სიბერის ზოგად სურათს წილობრივი რეალობით ასახავენ.
-
უჯრედული დაბერების თეორია
უჯრედი სამი თანამიმდევრული პროცესის შედეგად ბერდება:
- დგება პერიოდი, როცა უჯრედების დაყოფა შეუძლებელია;
- ქვეითდება იმ უჯრედების შრომის უნარი, რომლებმაც დაკარგეს გაყოფის უნარი (კუნთოვანი და ნერვული უჯრედები);
- უჯრედს სხვადასხვა სახის გენეტიკური მუტაციები აბერებს.
-
-
უჯრედების დაყოფა შეზღუდულია
-
ადამიანის უჯრედებს განსაზღვრული რაოდენობით შეუძლიათ დაიყონ. ამ რაოდენობას ჰეიფლიკის ლიმიტი ეწოდება და სხვადასხვა ტიპის უჯრედებისთვის დაახლოებით 50-70-ს უდრის. შემდგომ ლიმიტი იწურება და უჯრედის დაყოფა შეუძლებელი ხდება. ასეთი ტიპის უჯრედებში დაკარგულია აპოპტური სიგნალებისადმი მგრძნობელობა. ეს ის სიგნალებია, რომლებიც ძველ, უვარგის უჯრედს თვითლიკვიდაციისკენ მოუწოდებს. შედეგად ძველი უჯრედები ორგანიზმში გროვდება და როდესაც მათი რაოდენობა გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ქსოვილი კარგავს ჯანსაღი ფუნქციობის უნარს.
-
-
უჯრედშიდა ნაგვის დაგროვება
-
უჯრედში განუწყვეტლივ მიმდინარეობს დიდი ზომის მოლეკულების დაშლა მარტივ კომპონენტებად. ნარჩენ წიდასა და ნაგავს უჯრედი სპეციალური დამასუფთავებელი სისტემის მეშვეობით ანეიტრალებს და გარეთ გამოდევნის. რთული ნივთიერებების მარტივ კომპონენტებად დაშლისას ზოგჯერ ისეთი არაბუნებრივი შემადგენლობის ნაერთები მიიღება, რომელთა უჯრედიდან გამოდევნასაც დამასუფთავებელი სისტემა ვერ ახერხებს და ეს ნაგავი უჯრედის შიგნით გროვდება. როცა უჯრედები ინტენსიურად იყოფიან, ეს პროცესი დამანგრეველი არ არის, რადგან დაყოფისას უჯრედებში იკლებს ნაგვის კონცენტრაცია, მაგრამ მაშინ, როდესაც უჯრედების ინტენსიური დაყოფა წყდება, ნაგავი დიდი რაოდენობით გროვდება და ქსოვილს ნორმალური ფუნქციობის საშუალებას აღარ აძლევს.
-
-
გენეტიკური მუტაცია
-
დროთა განმავლობაში სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორის გავლენით გენური მუტაციები ორგანოებისა და ქსოვილების ასაკობრივ ცვლილებებსა და ახალწარმონაქმნების - სიმსივნეებისა და კიბოს - განვითარებას იწვევს. კიბოს შეუძლია, ადამიანი იმ შემთხვევაშიც კი გაანადგუროს, თუ შესაბამისი მუტაცია თუნდაც ერთ უჯრედში განვითარდება, რადგან ამგვარ უჯრედებს უსასრულოდ დაყოფის უნარი შესწევთ. ახალგაზრდა ასაკში დნმ-ში განვითარებული მუტაციების პასუხად უჯრედები ან თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, ან უარს ამბობენ დაყოფაზე და ამით პასუხობენ დნმ-ს ცვლილებას, წინ ეღობებიან სიმსივნის განვითარებას, ხანდაზმულ ასაკში კი ეს საპასუხო რეაქციები ქვეითდება.
-
ფიზიოლოგიური თეორია
იმ შემთხვევაშიც კი, ჯანსაღ უჯრედებს, სიმსივნურთა მსგავსად, უსასრულოდ დაყოფის უნარი რომ ჰქონოდათ, ორგანიზმი მუდამ ახალგაზრდა ვერ დარჩებოდა. ადამიანის თითოეული ორგანო უჯრედების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და თუ ისინი ჯანმრთელნი არიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანოც ჯანმრთელია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი უჯრედი რა ადგილას მდებარეობს, როგორია მათი რიცხვი და როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ერთმანეთთან. ასაკთან ერთად ორგანიზმში ფიზიოლოგიური ცვლილებების წყება მიმდინარეობს: ქვეითდება ტვინის მასა და მასში წყლის შემცველობა, მკვეთრად მცირდება ნეირონების რაოდენობა და სისხლის მიმოქცევის ინტენსივობა; 20 წლიდან თიმუსის ქსოვილის ნახევარს ცხიმოვანი ქსოვილი ცვლის; ქვეითდება ორგანიზმის დამცველობითი, იმუნური ძალები. ბოლო ხანს მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ისეთი პრეპარატების შესაქმნელად, რომლებიც ხელოვნურად შეანელებენ ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს და ორგანიზმს ფუნქციური წონასწორობის დიდხანს შენარჩუნებაში დაეხმარებიან.
-
მოლეკულური თეორია
ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც მოლეკულურ ცვლილებებს იწვევს, თავისუფალი რადიკალებია. უჯრედშიდა მოლეკულური დაზიანების მეორე ფაქტორია ცილოვანი მოლეკულების არასწორი ურთიერთქმედება. იგი გლუკოზის გავლენით იწყება - ცილის მოლეკულები ერთმანეთს ეწებებიან და წარმოქმნიან არასწორ ბმებს, შესაბამისად, კარგავენ თავიანთი ფუნქციის შესრულების უნარს. ასეთი არასწორი კავშირები ასაკთან ერთად ხშირდება. ამასთან, ცილების არანორმალური ურთიერთქმედების უარყოფითი შედეგი იმდენად თავად ცილების მოდიფიკაცია არ არის, რამდენადაც ამ ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ დნმ-ს მოლეკულაზე და ზემოხსენებულ გენურ მუტაციებს იწვევენ. სწორედ ამიტომ გვირჩევენ მეცნიერები დაბალკალორიულ კვებას, შაქრის შემცვლელების გამოყენებას - ყოველივე ეს სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს. ყველაზე ადრე კანი და საჭმლის მომნელებელი ორგანოები ბერდება. პირველი - გარეგანი ფაქტორებისა და ემოციების, ხოლო მეორე - საკვების ზემოქმედების შედეგად. ნეგატიური ფაქტორების გავლენით კანისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა უჯრედები უფრო ხშირად და სწრაფად იყოფიან, ვიდრე ეს ბუნების მიერაა განსაზღვრული, ამიტომ ისინი დაყოფის გენეტიკურ მარაგს სხვებზე სწრაფად ამოწურავენ, იფიტებიან და ბერდებიან.
-
სიბერის 7 ძირითადი მიზეზი
მსოფლიოში ცნობილმა გერონტოლოგმა ობრი დე გრეიმ სიბერის ყველა ცნობილი და აღიარებული თეორიის გათვალისწინებით სიბერის 7 ძირითადი მიზეზი ჩამოაყალიბა:
- უჯრედში ნივთიერებათა ცვლის შედეგად ნაგვის დაგროვება - ამიტომ აუცილებელია იმ ბუნებრივი ფერმენტების შეყვანა, რომელთაც ამ ნაერთების დაშლა და ნაგვის გამოტანა შეუძლიათ.
- ნაგვის დაგროვება უჯრედის გარეთ - ათეროსკლეროზული ფოლაქები. აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება და პეპტიდური ცილების შეყვანა, რომლებიც ამ ფოლაქებს დაშლიან.
- არასწორი ცილოვანი კავშირების წარმოქმნა - იმ პრეპარატების შექმნაა აუცილებელი, რომლებიც დაშლიან უსარგებლო კავშირებს.
- დეფექტური უჯრედების დაგროვება, განსაკუთრებით - ცხიმოვანი უჯრედებისა, რომლებიც იწვევს გაცხიმოვნებას, მოწამვლას და იმუნტეტის დაქვეითებას - იმ პრეპარატების შექმნაა აუცილებელი, რომლებიც ამ დეფექტურ უჯრედებს თვითგანადგურებას უბრძანებენ.
- უჯრედების განახლების შემცირება - აუცილებელია ფიზიკური აქტივობა.
- ქრომოსომული მუტაციები - სიმსივნეები.
- მიტოქონდრიებში მიმდინარე მუტაციები, რომელთა შედეგიც არის დიაბეტი და მეტაბოლური დაავადებების მთელი წყება.