News

.
აუტიზმის წამლის კლინიკური გამოცდა სახიფათოა
Associated Press-ის ცნობით, ამერიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალურმა ინსტიტუტმა (NIMH) უარი თქვა აუტიზმის მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის - ხელატებით თერაპიის - კლინიკურ გამოცდაზე. გადაწყვეტილების შეცვლა მათ ბავშვების უსაფრთხოების გამო შიშმა აიძულა.ხელატებით თერაპიის ეფექტიანობის დასადგენად დაგეგმილი იყო 4-დან 10 წლამდე ასაკის აუტიზმით დაავადებულ 120 ბავშვზე დაკვირვება. მათ ნახევარს უნდა მიეღო ხელატური ნაერთი დიმერკაპტოიანტარის მჟავა (DMSA), ნახევარს კი - პლაცებო. ამ გამოკვლევით უნდა მომხდარიყო ხელატებით თერაპიის პირველი მეცნიერული შემოწმება. მისი ჩატარების ნებართვა მიმდინარე წლის ივლისში გასცა სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ. როგორც FDA-ს განცხადებაშია ნათქვამი, ხელატებითა და პლაცებოთი ნამკურნალევი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის განსხვავების არარსებობას შეეძლო საბოლოოდ გაექარწყლებინა მითი ხელატების სასწაულებრივი უნარის შესახებ.
აუტიზმის დროს ხელატური თერაპიის ეფექტურობის რწმენა ეფუძნება ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც აუტიზმს იწვევს ვერცხლისწყალი, რომელიც ბავშვის ორგანიზმში შეიძლება ვაქცინაციის შედეგად მოხვდეს. ეს კონცეფცია მეცნიერულად არ დამტკიცებულა. მიუხედავად ამისა, მას აქტიურად უჭერს მხარს იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მთელი წყება, რომლებშიც გაერთიანებულნი არიან აუტიზმით დაავადებული ბავშვების მშობლები.
სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვერცხლისწყლის საფუძველზე შექმნილი კონსერვანტები 2001 წლიდან აღარ გამოიყენება ვაქცინებში (გამონაკლისია გრიპის რამდენიმე ვაქცინა).
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ხელატები ქიმიური ნაერთების განსაკუთრებული ჯგუფია, რომელთაც შეუძლიათ, დაუკავშირდნენ მძიმე ლითონებს, კერძოდ, ვერცხლისწყალსა და ტყვიას, და ორგანიზმიდან გამოიტანონ. 2007 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხელატებით ნამკურნალევ მღრღნელებს თავის ტვინის მყარი დაზიანებები უვითარდებოდათ. სწორედ ამიტომ თქვეს უარი ბავშვებში ხელატური თერაპიის კლინიკური გამოცდის ჩატარებაზე.
ნაყინსა და იოგურტში შარდკენჭოვანი დაავადების გამომწვევი აღმოაჩინეს
ქიმიკატი მელამინი, რომელმაც ჩინელ ახალშობილებში შარდკენჭოვანი დაავადების რამდენიმე შემთხვევა გამოიწვია, ჰონკონგში, კომპანია Yili Industrial Group Co-ს მიერ წარმოებულ ნაყინსა და იოგურტშიც აღმოაჩინეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განკარგულება გასცა, გაყიდვიდან ამოიღონ ამ კომპანიის მიერ წარმოებული ყოველგვარი რძის პროდუქტი.
მანამდე Yili Industrial Group Co შემჩნეულ იქნა მელამინის შემცველი ბავშვთა საკვების წარმოებაში, რომლის რეალიზებაც უმთავრესად ჩინეთის ბაზარზე ხდებოდა.
ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ტოქსიკური საკვები პროდუქტების მიღების შედეგად 4 ბავშვი დაიღუპა.
პროვინცია ხებეიაში, რომელიც ჩინეთის რძის ინდუსტრიის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენს, დააკავეს უხარისხო რძის პროდუქტების წარმოებაში ეჭვმიტანილი 18 კაცი, მათ შორის - ფერმერები, რომლებიც რძეს მელამინს უმატებდნენ და ქიმიური საწარმოს თანამშრომლები, რომლებიც ფერმერებს ამ ნივთიერებით ამარაგებდნენ.
მასშტაბური შემოწმების შედეგად მელამინის გამოყენებაში გამოაშკარავებულ იქნა რძის შემცვლელების დამამზადებელი სამი ცნობილი საწარმო: Sanlu Group, Yili Industrial Group co და Mengniu Dairy co.
სიმსუქნეს ხამანწკებით მკურნალობენ
ბრაზილიის სამხრეთ შტატში, სანტა-კატარინაში, მოსწავლეთა ხამანწკებით კვება განიზრახეს. ვარაუდობენ, რომ ეს დაბალკალორიული პროდუქტი ბავშვებში სიმსუქნის მატებას შეაჩერებს.
თავდაპირველად ექსპერიმენტში მონაწილეობას მიიღებს სანტა-კატარინას სახელმწიფო სკოლების 800 მოსწავლე. ხამანწკებს ბავშვებს საუზმეზე მიართმევენ. თუ ექსპერიმენტის მონაწილეთა 85%-მა მიიღო ახალი კერძი, მაშინ ხამანწკებს ყველა სკოლის მენიუში შეიტანენ, ხოლო შტატის ხელისუფლება 800 კგ ამ დელიკატესს შეისყიდის.
აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში პაციენტთა "სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას" შეისწავლიან
აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ათეულობით სამედიცინო ცენტრი მიიღებს მონაწილეობას ხანგრძლივ კვლევით პროექტში იმის დასამტკიცებლად, რომ "სიკვდილის შემდეგ ცხოვრება" არსებობს. ორგანიზატორებს განზრახული აქვთ, კვლევაში ჩააბან 1,5 ათასი პაციენტი, რომელთაც გულის გაჩერება აქვთ გადატანილი.
კვლევას საფუძვლად დაედო კლინიკურსიკვდილგამოვლილთა მონათხრობი იმის შესახებ, რომ მათ ცნობიერება მას შემდეგაც კი არ დაუკარგავთ, რაც ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია მოიშალა, რომ ხედავდნენ შავ დერეფანს, რომლის ბოლოში თვალისმომჭრელი შუქი ანათებდა ან ზემოდან დაჰყურებდნენ საკუთარ სხეულს და თვალს ადევნებდნენ ექიმების მოქმედებას.
ამ მონათხრობის ჭეშმარიტების შესამოწმებლად დაგეგმილია, საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში დამონტაჟდეს თაროები გამოსახულებებით, რომელთა დანახვაც მხოლოდ პალატის ჭერიდან იქნება შესაძლებელი. მაშასადამე, ამ სურათების დათვალიერებას ადამიანი მხოლოდ "სხეულის დატოვებისა" და ჭერზე "აფრენის" შემთხვევაში შეძლებს. ამგვარად გაირკვევა, სიმართლეა სიკვდილის შემდგომი "მოგზაურობა" თუ გამონაგონი ან ავადმყოფის ცრუ მოგონებების შედეგი.
პროექტის ორგანიზატორის სემ პარნიას აზრით, თუ კლინიკური სიკვდილიდან თავდაღწეული რამდენიმე ავადმყოფი მაინც შეძლებს ჩვეულებრივი პაციენტების თვალისთვის დაფარული სურათების დანახვას, გონის სხეულის გარეშე არსებობის ჰიპოთეზა შეიძლება მეცნიერულად დადასტურებულად ჩაითვალოს.
ანტიდეპრესანტები სპერმის ხარისხზე მოქმედებს
ჟურნალი New Scientist გვაცნობებს, რომ დეპრესიის ფართოდ გავრცელებული წამლების მიღებამ შეიძლება დააზიანოს სპერმატოზოიდების გენეტიკური სტრუქტურა და უარყოფითად იმოქმედოს სპერმის ხარისხზე. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ნიუ-იორკის კორნელის სამედიცინო ცენტრის მეცნიერები მცირემასშტაბიანი კვლევის შედეგების საფუძველზე.
მეცნიერთა ჯგუფმა პეტერ შლეგელის ხელმძღვანელობით შეისწავლა ანტიდეპრესანტ პატოქსეტინის (პაქსილი, სეროქსატი) ეფექტი 35 ჯანმრთელი მამაკაცის ორგანიზმზე. გაირკვა, რომ ანტიდეპრესანტი სპერმის მოცულობასა და მოძრაობაზე არ მოქმედებდა, მაგრამ მისი მიღების შემდეგ იზრდებოდა სპერმატოზოიდების გენეტიკური დაზიანების ალბათობა. თუ თავდაპირველად მონაწილეთა სპერმატოზოიდების თოთხმეტამდე პროცენტს ჰქონდა ფრაგმენტირებული დნმ, ანტიდეპრესანტის მიღების შემდეგ ეს მაჩვენებელი 30-მდე გაიზარდა.
სპერმატოზოიდების დნმ-ს ფრაგმენტაცია შედარებით ახალაღმოჩენილი მოვლენაა. ამჟამად მას, როგორც მამაკაცების უშვილობის მიზეზს, ინტენსიურად შეისწავლიან. ახლახან გამოიკვლიეს წყვილები, რომელთაც ექსტრაკორპორალური განაყოფიერება ჰქონდათ ჩატარებული. გამოკვლევამ აჩვენა, რომ სპერმატოზოიდების დნმ-ს ფრაგმენტაციის მატებასთან ერთად მცირდებოდა ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობა.
უშვილობის პრობლემაზე მომუშავე სპეციალისტები თვლიან, რომ 30%-ზე მეტ სპერმატოზოიდში დნმ-ს დაზიანება მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემაა.
მეცნიერთა თქმით, საბოლოო დასკვნის გამოსატანად უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი კვლევაა საჭირო, მანამდე კი მამაკაცებმა, განურჩევლად იმისა, აპირებენ თუ არა შვილების ყოლას, ანტიდეპრესანტების მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა შეწყვიტონ - ეს გაზრდის სუიციდის ალბათობას.
რატომ სცივათ მარტოხელებს
კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მას, ვისაც მარტოობის განცდა ტანჯავს, გარემოს ტემპერატურა რეალურზე დაბალი ეჩვენება.
ტემპერატურის აღქმაზე მარტოობის განცდის გავლენის შესაფასებლად ტორონტოს უნივერსიტეტში ორი ექსპერიმენტი ჩატარდა. პირველში მონაწილეობა მიიღო 65-მა სტუდენტმა. ისინი ორ ჯგუფად გაყვეს. ერთ-ერთის წვრებს სთხოვეს, გაეხსენებინათ მარტოობასთან ან გაუცხოებასთან დაკავშირებული ცხოვრებისეული ეპიზოდები, ხოლო მეორის წევრებს - ისეთი ეპიზოდები, რომლებიც ხალხმრავლობას უკავშირდებოდა. ამის შემდეგ ორივე ჯგუფს სთხოვეს, შეეფასებინათ გარემოს ტემპერატურა. აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფის წევრებს უფრო მეტად სციოდათ.