კანის დაზიანება შაქრიანი დიაბეტის დროს

ამ გართულებათა შესახებ ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია. დიაბეტის კანისმიერ გამოვლინებებზე კი ხალხმა ბევრი არაფერი იცის. ამიტომ გადავწყვიტეთ, შაქრიანი დიაბეტის დროს მოსალოდნელ კანის დაზიანებაზე გესაუბროთ. რუბრიკის სტუმარია დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი დერმატოლოგი ლია ჭითანავა.
- ქალბატონო ლია, შაქრიან დიაბეტს კანის დაზიანება თუ ახასიათებს?
- დადგენილია, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა 30-50%-ს დროთა განმავლობაში კანი უზიანდება. თუ კანისმხრივ გამოვლინებათა წაშლილ ფორმებსაც გავითვალისწინებთ, მაგალითად, ისეთებს, როგორიც არის ფრჩხილების, სისხლძარღვებისა და კანის შემაერთებელი ქსოვილის ნაკლებად გამოხატული ცვლილებები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი 100%-ს აღწევს. კანის დაზიანებას უმეტესად უკვე დიაგნოსტირებული დიაბეტის ფონზე ამჩნევენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ეს ცვლილებები დიაგნოზის დასმამდეც გახდეს თვალსაჩინო. ამრიგად, შესაძლოა კანის დაზიანება შაქრიანი დიაბეტის ადრეული ნიშანი იყოს.
- ამ ცვლილებებს შორის რომელიმე თუა ისეთი, მხოლოდ შაქრიან დიაბეტს რომ ახასიათებდეს?
- დიახ, მაგალითად, პემფიგუსი ანუ ბუშტუკოვანი გამონაყარი (დიაბეტური ბუშტი) შაქრიანი დიაბეტის სპეციფიკური ნიშანია. ის უმეტესად გართულებული დიაბეტის დროს გვხვდება, როცა უკვე ჩამოყალიბებულია დიაბეტური ნეიროპათია. კანზე, მეტწილად - ქვედა კიდურებზე, ჩნდება ბუშტუკები. ამ ბუშტუკების წარმოშობის პათოგენური მექანიზმი უცნობია, მაგრამ ელექტრომიკროსკოპული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ისინი ჩნდება ეპიდერმისის (კანქვეშა შრის) და დერმის (კანის) შეერთების ადგილას სტრუქტურული ცვლილებების არსებობის გამო.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
არსებობს კანის სხვა პათოლოგიური მდგომარეობებიც, რომელთა დიაბეტთან კავშირი აშკარაა. ერთ-ერთი მათგანია ლიპოიდური ნეკრობიოზი. ამ დროს ცხიმოვანი ქსოვილი თანდათანობით კვდება, რაც ნივთიერებათა ცვლის (ნახშირწყლოვანი ცვლის) დარღვევით არის გამოწვეული. ნეკრობიოზური პროცესი ყოველთვის არ იწვევს უჯრედის სიკვდილს - სისხლში შაქრის დონის რეგულირების შედეგად უჯრედი შეიძლება ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
- კანის რა სახის დაზიანება გვხვდება ყველაზე ხშირად დიაბეტის დროს?
- შაქრიანი დიაბეტის დროს განსაკუთრებით ხშირია თითების გამსხვილება, ფრჩხილის საწოლის ტელეანგიოექტაზიები, სახის სიწითლე, სტიგმები (აკროქორდონები), დერმოპათია, ყვითელი კანი, ყვითელი ფრჩხილები და ტერფების პეტექიური პურპურა. უფრო იშვიათად გვხვდება დიაბეტური ლიპოიდური ნეკრობიოზი (რომელზეც უკვე ვისაუბრეთ), დიაბეტური ბულოზური (ბუშტუკოვანი) გამონაყარი Acantosis nigricans და Scleredema adultorum.
- რას ნიშნავს თითების გამსხვილება?
- თითების გამსხვილება წარმოადგენს მრავლობით შეჯგუფებულ პაპულას (მშრალ მუწუკს, კვანძს), რომელთაც ახასიათებთ თითების მომხრელი ზედაპირის დაზიანების ტენდენცია, განსაკუთრებით - სახსრების ირგვლივ. თითების გამსხვილება ხშირად უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო, ძლიერ წაშლილი ფორმით მიმდინარეობს. ამ დროს ჰისტოლოგიური გამოკვლევა აჩვენებს, რომ კანის დვრილები დიდი რაოდენობით კოლაგენს შეიცავს.
- რა არის აცანტჰოსის ნიგრიცანს/Acantosis nigricans?
- ეს არის დერმატოზი, რომელიც კანის პაპილომური ჰიპერპლაზიით ვლინდება. ამ დროს დაზიანებულ კანს ისეთი შესახედაობა აქვს, თითქოს მეჭეჭები გამოსვლიაო. ეს მდგომარეობა თან ახლავს შაქრიან დიაბეტს, სიმსუქნეს, აკრომეგალიას, კუშინგის სინდრომს, ავთვისებიან სიმსივნეებს, ზოგიერთი მედიკამენტის მიღებას. შეიმჩნევა Acantosis nigricans-ის განსაკუთრებული კავშირი ინსულინრეზისტენტულ შაქრიან დიაბეტთან.
Acantosis nigricans ყველაზე მეტად შესამჩნევია იღლიებში, სარძევე ჯირკვლების ქვეშ, საზარდულის არეებში, კისრის ნაოჭებში. ამ ადგილებზე კანი ჰიპერპიგმენტურია, ხავერდისებრის და ჭუჭყიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითებზე, სახსრების გარშემო, პაპულები ჩნდება. Acantosis nigricans მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის დროს არ გვხვდება. ის შეიძლება გამოიწვიოს სხვა დაავადებებმაც, რომლებიც ინსულინის მიმართ რეზისტენტობას განაპირობებს. ესენია კუშინგის სინდრომი, კორტიზოლის სიჭარბე, აკრომეგალია, ზრდის ჰორმონის სიჭარბე, საკვერცხეების პოლიკისტოზი და სხვა. ოჯახურ სიმსუქნეს Acantosis nigricans-თან ერთად ახლავს ჰიპერინსულინემია. ავთვისებიანი სიმსივნეები, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ადენოკარცინომა, თვითონვე გამოიმუშავებს ინსულინის მსგავს ფაქტორს და Acantosis nigricans-ს იწვევს.
- რა არის დიაბეტური დერმოპათია?
- დიაბეტური დერმოპათია ანუ დიაბეტური ლაქები კანის დიაბეტისთვის ჩვეული დაზიანებაა. თავდაპირველად წვივის მხარეს ჩნდება სხვადასხვა ზომის ერითემული პაპულები ან მაკულები, რომლებიც შემდეგ ატროფიულ, დანაწიბურებულ, ჰიპერპიგმენტურ უბნებად გარდაიქმნება. საინტერესოა, რომ შაქრიანი დიაბეტის არმქონეთა შორის კანის ამგვარი დაზიანება იშვიათია. ეფექტური მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს. ზოგიერთი დაზიანება 1-2 წლის განმავლობაში თავისთავად გაივლის, თუმცა ჩნდება ახალი.