News

მულტივიტამინური პრეპარატებისა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ურთიერთდამოკიდებულების შესასწავლად ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანი, რომელიც ვიტამინების კომპლექსს მიიღებს, სხვებზე მეტხანს იცოცხლებს. მეცნიერებმა ქრონიკულად დაავადებული 586 ქალის მონაცემები გააანალიზეს. მათ ნაწილს რამდენიმე წლის განმავლობაში რეკომენდაცია ეძლეოდა ვიტამინების მიღების შესახებ.
მეცნიერებმა მათი დნმ-ს ანალიზის შედეგები შეადარეს იმ ქალების ანალიზის შედეგებს, რომლებიც ვიტამინებს არ იღებდნენ. უჯრედის დაყოფისას ხდება დნმ-ს მოლეკულების დამოკლება, რაც სწრაფ დაბერებას იწვევს, ვიტამინები კი ხელს უშლიან მოლეკულების დამოკლებას და, შესაბამისად, ორგანიზმის დაბერებას. უფრო მეტიც: მულტივიტამინებმა, რომლებსაც ქალები რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდნენ, ხელი შეუწყვეს ქრომოსომის 5%-ით ზრდას, რაც სიცოცხლის 9,8 წლით გახანგრძლივებას ნიშნავს.
ხვრინვა თავის ტვინის მუშაობას აფერხებს
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ბრიტანელი მეცნიერები წერენ, რომ ხვრინვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე. მათ აღმოაჩინეს ბიოქიმიური ცვლილებები, რომლებიც ხვრინვასთან არის დაკავშირებული. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ტვინის ფუნქციის დარღვევას ხვრინვის დროს სუნთქვის შეკავებით განპირობებული ჟანგბადის უკმარისობა იწვევს. ამ დროს მომხდარ ცვლილებებს სპეციალისტები ტვინში ინსულტის დროს განვითარებულ დარღვევებს ადარებენ.
ძალისმიერი ვარჯიშები კიბოსგან გვიცავს
თურმე მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, უფრო იშვიათად ემართებათ კიბო. ბოლო ხანს ონკოლოგები კიბოს პროფილაქტიკის ერთ-ერთ საშუალებად ცხოვრების ჯანსაღ წესს, კერძოდ, სირბილსა და აერობიკას მიიჩნევენ, ახლახან კი მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ დაავადების პრევენციაში დიდ როლს ასრულებს კუნთოვანი მასა. გამოკვლევაში, რომელიც 20 წელიწადს გრძელდებოდა, მონაწილეობა მიიღო 20-დან 82 წლამდე ასაკის 8677-მა მამაკაცმა. მეცნიერები რეგულარულად იკვლევდნენ მონაწილეებს და აღრიცხავდნენ თითოეული მათგანის კუნთოვან ძალას. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები, რომლებიც რეგულარულად ასრულებდნენ ძალისმიერ ვარჯიშებს და ჰქონდათ დიდი კუნთოვანი მასა, კიბოთი 30-40%-ით იშვიათად ავადმყოფობდნენ. ასე რომ, მეცნიერები დაბეჯითებით ურჩევენ მამაკაცებს, კვირაში ორჯერ მაინც შეასრულონ ძალისმიერი ვარჯიშები და ამასთან ერთად ყურადღება მიაქციონ მასის ნორმალურ ინდექსს.
რძის პროდუქტები ჰიპერტონიის განვითარების რისკს ამცირებს
ბრიტანელმა ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ რძე და რძის ნაწარმი ამცირებს წნევას და, შესაბამისად, ჰიპერტონიის განვითარების რისკს, თანაც ეს ეფექტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ასაკოვან ადამიანებში. სპეციალისტებმა ექვსი წლის განმავლობაში ორი ათასზე მეტი ასაკოვანი ადამიანი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ უცხიმო რძისა და რძის პროდუქტების მოყვარულები 7%-ით იშვიათად უჩიოდნენ არტერიული წნევის მომატებას. სპეციალისტებმა ეს იმით ახსნეს, რომ რძის პროდუქტები მდიდარია კალციუმით, რომელიც სისხლძარღვშიგა წნევას არეგულირებს. მკვლევარები აცხადებენ, რომ ჯანმრთელობას შესაძლოა არგოს შედარებით ცხიმიანმა რძის პროდუქტებმაც, მაგრამ ზოგიერთი პირობით, მაგალითად, ყველის მიღება საჭიროა მცენარეულ საკვებთან ერთად, ხოლო არაჟანი და ნაღები უნდა დაემატოს სალათს.
მწვანე ჩაი აივ-ინფექციის წინააღმდეგ
გერმანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მწვანე ჩაის კომპონენტებს უნარი შესწევთ, უჯრედები აივ ინფექციისგან დაიცვან. რამდენიმე ხნის წინ დამტკიცებულ იქნა, რომ სპერმაში შემავალ პროტეინებს აივ-ინფექციის უჯრედებში შეყვანა შეეძლოთ, ამიტომ სპეციალისტებმა ამ პროტეინთა მოქმედების დამბლოკავი საშუალების პოვნა გადაწყვიტეს. ინფექციის შეჩერების უნარი მწვანე ჩაის კომპონენტებს აღმოაჩნდათ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ვაგინალური გელის შესაქმნელად, რომელსაც ინფექციის შეფერხება შეეძლება და კანის გაღიზიანებასაც არ გამოიწვევს. ამ გელის ერთ-ერთი აქტიური კომპონენტი მწვანე ჩაის კონცენტრატი იქნება.
ძილის წინ ტელევიზორის ყურება შესაძლოა ქრონიკული დაავადებების მიზეზად იქცეს
ფსიქოთერაპევტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საძინებელში ტელევიზორის დადგმა არ შეიძლება - უშუალოდ ძილის წინ ტელეგადაცემებისა და ფილმების ყურება უძილობასა და ქრონიკულ დაავადებებს იწვევს. ამერიკელმა მეცნიერებმა 21 500 კაცი გამოიკვლიეს. მათი თავის ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ ტელევიზორის ყურების დროს ტვინი ისევე აქტიურად მუშაობს, როგორც ფიზიკური ვარჯიშის დროს, რამაც, ადვილი შესაძლებელია, უძილობა გამოიწვიოს, ძილის დარღვევა კი მოქმედებს იმუნიტეტზე და ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების განვითარებას. ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები გვირჩევენ, არ დავიდგათ საწოლ ოთახში ტელევიზორი და არ ვუყუროთ ტელეგადაცემებსა და ფილმებს უშუალოდ ძილის წინ.
აღმოჩენილია გენი, რომელიც მენსტრუაციისა და მენოპაუზის დაწყების დროს განსაზღვრავს
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც მენსტრუაციის და კლიმაქსის დაწყებას განაგებს. 17 438 ქალის გამოკვლევის შედეგად მათ მენსტრუაციის დაწყების დროსთან დაკავშირებული გენების 19 ვარიანტი და მენოპაუზის დაწყებასთან დაკავშირებული გენების 13 ვარიანტი გამოავლინეს. გამოკვლევის ავტორის აზრით, სქესობრივი მომწიფებისა და მენოპაუზის ვადის გენეტიკური ბუნების აღმოჩენა მედიცინას ქალის რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული დაავადებების შესწავლაში დაეხმარება.
იაპონური პირშუშხა კარიესის წინააღმდეგ
იაპონური მწვანე პირშუშხა ამცირებს კიბოსა და თრომბების წარმოქმნის რისკს, აიშვიათებს ასთმის შეტევებს. გარდა ამისა, აქვს ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება. მისგან დამზადებულ საკაზმს უმი თევზისგან მომზადებულ კერძებთან ერთად მიირთმევენ. ახლახან კი იაპონელმა მეცნიერებმა მისი კიდევ ერთი სამკურნალო თვისება აღმოაჩინეს: თურმე პირშუშხას კარიესის განვითარების შეფერხება შესძლებია. მის შემადგენლობაში შედის იზოთიოციანატები, რომლებიც კარიესის გამომწვევ მიკროორგანიზმებს დაავადების განვითარების საშუალებას არ აძლევენ.
ჰორტენზია - დიაბეტისა და ართრიტის სამკურნალო საშუალება
ჰორტენზიის ფესვების საფუძველზე დამზადებული პრეპარატები შველის ისეთ დაავადებებს, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი, ფსორიაზი, დიაბეტისა და ართრიტის ზოგიერთი ფორმა. საქმე ის არის, რომ ჩამოთვლილი დაავადებები ემართებათ ადამიანებს, რომელთაც იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული. ამჟამად არსებულ იმუნოსტიმულატორებს ყველაზე მძიმე შემთხვევებში მიმართავენ როგორც უკანასკნელ საშუალებას. ისინი პაციენტს ინფექციებისგან არ იცავენ, თანაც გვერდითი ეფექტებიც აქვთ. სწორედ მათ ალტერნატივად შეიძლება იქცეს ახალი წამალი. ჰორტენზიის ეფექტს განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება, რომელიც აბრკოლებს აუტოიმუნური დაავადებების გამომწვევი განსაზღვრული ტიპის უჯრედების განვითარებას.