ფსიქიკური აშლილობა - მისი მიზეზები და სახეები
რომლის დროსაც ადამიანი ვერ ეგუება ცხოვრების ცვალებად პირობებს (ვერ ადაპტირდება) და ვერ წყვეტს არსებულ პრობლემებს.
ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია გაუმკლავდეს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სირთულეს, მოერგოს ცხოვრებისეულ ცვლილებებს ანუ ადაპტირდეს მათთან, იყოს კრიტიკული თავისა და სხვების მიმართ. თუ სტრესის, სომატური დაავადებების ან სხვა ფაქტორების გავლენით ხდება ძვრა, ვითარდება ფსიქიკური აშლილობა.
სტატისტიკა არასახარბიელოა: დღეს მსოფლიოში ყოველი მეოთხე ადამიანი ფსიქიკური აშლილობით იტანჯება. რატომ უმკლავდება ზოგი ადამიანი კრიტიკულ სიტუაციებს, ზოგისთვის კი ოდნავი სტრესიც შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს?
ფსიქიკური აშლილობის მიზეზები
ფსიქიკური აშლილობა, მიუხედავად გენეტიკური წინასწარგანწყობის ან წინაპირობებისა, პრაქტიკულად, მაინც მატრავმირებელი მოვლენის, განცდილი, გადატანილი უარყოფითი ემოციისა თუ სტრესის შედეგად იწყება, მაგალითად, მოწამვლის, საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ალკოჰოლიზმის ან გარკვეული ფსიქოლოგიური ტრიგერების (გამომწვევი მიზეზების) ფონზე. დარღვევებთან გამკლავება შეიძლება კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული, მას შეუძლია გაართულოს და გააღრმავოს სიტუაცია.
ფსიქიკური აშლილობის მიზეზებია:
- მემკვიდრეობა (თუ მშობლებს გარკვეული სახის ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებათ, ბავშვთან დარღვევების განვითარების შანსი იზრდება, (მაგალითად, შიზოფრენიის, ოლიგოფრენიის);
- ნაყოფის ინტოქსიკაცია მუცლადყოფნის პერიოდში (ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან სხვა ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენება ორსულობის დროს);
- გართულება ინფექციური დაავადებების ან ქრონიკული მოწამვლის შემდეგ, განსაკუთრებით ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების შედეგად;
- თავის ტვინის ტრავმული დაზიანება;
- მძიმე ფსიქიკური ტრავმა, რომელიც შეიძლება იყოს უეცარი, მწვავე, ქრონიკული ან გახანგრძლივებული.
ფსიქიკური აშლილობის განვითარებას შეიძლება საფუძვლად დაედოს როგორც ერთი, ისე რამდენიმე მიზეზი, საერთო მახასიათებლებით. მიზეზები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის პიროვნულ თავისებურებებზე.
ეტიოლოგიური კრიტერიუმის მიხედვით ფსიქიკური დარღვევები იყოფა ტიპებად:
- ეკზოგენური, პანიკური დარღვევები წარმოიქმნება გარე ფაქტორების შედეგად, ძირითადად: ალკოჰოლის, ნარკოტიკების, სხვადასხვა ტოქსინების გავლენით;
- ენდოგენური, წარმოიქმნება შინაგანი ფაქტორების გავლენის ქვეშ: გენეტიკური დაავადებები, სომატური ფაქტორები.
წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც კი, დაავადების აღმოცენებისა და განვითარებისთვის საჭიროა გარკვეული ხელსაყრელი პირობები, ერთგვარი გამშვები ფაქტორი: ფსიქიკური შოკი, იძულებითი უძილობა, მოწამვლა და ა.შ. ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობა, დროული დიაგნოსტიკისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში, ყოველგვარი ნარჩენი დეფექტის გარეშე მთავრდება (ალაგდება), ნაწილი კი ქრონიკულ დაავადებებში გადაიზრდება.
ქრონიკული დარღვევების აღწერისას განასხვავებენ დაავადების დამახასიათებელ შემდეგ ეტაპებს:
- წინამორბედი სტადია ხასიათდება სიმპტომებით, რომლებიც საერთოა ყველა დარღვევისთვის: გაღიზიანება, შრომისუნარიანობის დაქვეითება, განგაში, შფოთვა, თავის ტკივილი და ძილის დარღვევა;
- საწყისი ეტაპი, რომლის დროსაც ვლინდება დაავადებისათვის დამახასიათებელი პირველი სიმპტომები: ბოდვები, ჰალუცინაციები და ა.შ.;
- დაავადების პროგრესირება შეიძლება იყოს ავთვისებიანი (სიმპტომების სწრაფი ზრდა) ან ხანგრძლივი (დაავადების თანდათანობითი გაუარესება დამახასიათებელია პროგრესირებადი დარღვევებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, შიზოფრენია);
- რემისია, ანუ გაუმჯობესების პერიოდი (გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდე).
ფსიქიკური აშლილობის ტიპის მიუხედავად, დროული დიაგნოსტიკა და რაციონალური მკურნალობა საშუალებას აძლევს პაციენტს თავი დააღწიოს დაავადებას ან მიაღწიოს სტაბილურ გრძელვადიან რემისიას.
ფსიქიკური აშლილობები არც ისე იშვიათია, როგორც ამას ზოგჯერ ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც შორს არიან ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიისა და ფსიქიატრიისგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში ყოველ მეოთხე-მეხუთე ადამიანს აქვს ფსიქიკური ან ქცევითი აშლილობა.
მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის მცხოვრებელთა 20-25% „ფსიქიკურად დაავადებულია“. „ფსიქიკური აშლილობის“ ცნება უფრო ფართოა, ვიდრე „ფსიქიკური დაავადების“.
და მაინც, რატომ ვითარდება ფსიქიკური აშლილობა, როგორ ვლინდება ის?
ფსიქიკური დარღვევები (აშლილობები) ვლინდება მეხსიერების, ინტელექტის, ემოციური სფეროს ან ქცევის დარღვევით. იცვლება თავისი თავისა და არსებული სამყაროს აღქმა.
ფსიქიკური პრობლემების აღმოცენების მიზეზები იყოფა: ენდოგენურ და ეკზოგენურ მიზეზებად. ერთ შემთხვევაში, მაგალითად, თავის ტვინის ორგანული დაზიანებისას (სისხლძარღვთა პრობლემების, ინტოქსიკაციის ან ქალა-ტვინის ტრავმის გამო), მიზეზი ნათელია. სხვა შემთხვევაში (ბიპოლარული დარღვევის ან შიზოფრენიის დროს), მიუხედავად მრავალრიცხოვანი კვლევისა, აშკარა, კონკრეტული მიზეზის დადგენა შეუძლებელია; მეცნიერები და ექიმები საუბრობენ ფაქტორთა კომბინაციაზე, მათ ერთობლიობაზე, ანუ აღნიშნული პათოლოგია (ფსიქიკური აშლილობა) განიხილება მულტიფაქტორულ დაავადებად.
ენდოგენურ ფაქტორებს მიეკუთვნება:
1. გენეტიკური წინასწარგანწყობა (მიდრეკილება);
2. მუცლადყოფნის განვითარების დარღვევები, განვითარების დარღვევები ადრეულ ასაკში;
3. იმუნოლოგიური დარღვევები და ნივთიერებათა ცვლის მოშლა (მეტაბოლური დარღვევები);
4. სომატური დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტვინის მდგომარეობაზე არასაკმარისი სისხლით მომარაგების გამო (დისცირკულაციური ენცეფალოპათია გულის დაავადებისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს), აუტოინტოქსიკაცია (ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებები) ან ჰორმონული დისბალანსი (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი).
ძალიან მნიშვნელოვანია!
ფსიქიკური პრობლემების მიზეზები ხშირად კომბინირებულია – ადამიანი სტრესშია (სტრესს განიცდის), ორგანიზმი დასუსტებულია ინფექციით ან გადატვირთვით, ოდესღაც იყო ტრავმა, ნათესავს აწუხებს აშლილობა (დამძიმებული ოჯახური ანამნეზი). თითოეული ამ ფაქტორის მნიშვნელობა უნდა შეაფასოს გამოცდილმა ფსიქოთერაპევტმა.
ეკზოგენურ ფაქტორებს მიეკუთვნება:
1. ინტოქსიკაცია (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ტოქსიკომანია, მავნე ნივთიერებებით ტოქსიკური დაზიანება სამსახურში ან სახლში);
2. ქალა-ტვინის ტრავმები;
3. ინფექციური პროცესები (ენცეფალიტი, მენინგიტი);
4. რადიაციული ზემოქმედება;
5. მწვავე ან ქრონიკული ემოციური სტრესი.
ექიმები ფსიქიკურ და ქცევით დარღვევებს მულტიფაქტორულ დაავადებად მიიჩნევენ. მაშინაც კი, თუ ფსიქიკური პრობლემის მთავარი მიზეზი არის მკაფიოდ განსაზღვრული გარემოება (მაგალითად, არახელსაყრელი მემკვიდრეობა), ადამიანის მდგომარეობა მაინც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ესენია:
- პიროვნული მახასიათებლები;
- აღზრდის ტრადიციები ოჯახში;
- საცხოვრებელი პირობები;
- სოციალური გარემო;
- ურთიერთობა მეუღლესთან და შვილებთან;
- სამუშაო გარემო;
- რამდენად ჯანმრთელია ადამიანი, რომელი ქრონიკული დაავადებები აღენიშნება, რამდენად ხშირად ცივდება, აქვს თუ არა გადატანილი თავის ტვინის ტრავმა.
გამოცდილი სპეციალისტების – ფსიქიატრების, ფსიქოთერაპევტებისა და ზოგჯერ ნევროლოგების მიერ ადრეული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით, ფსიქიკური აშლილობები კარგად ექვემდებარება თერაპიას. ექიმები იყენებენ თანამედროვე მედიკამენტებსა და არამედიკამენტურ მეთოდებს -_ფსიქოთერაპიას (ინდივიდუალური, ჯგუფური) და სხვა.
აზროვნების დარღვევა, არასტაბილური ემოციური მდგომარეობა, ქცევის ცვლილებები – ეს ფაქტორები ფსიქიკური აშლილობის ნიშნებია. ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს უვითარდება ანომალური აზროვნება, ჰალუცინაციები. ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია: ვითარდება აგრესია ან შეინიშნება დეპრესია, ჩნდება საზოგადოებაში ქცევის სირთულეები. ყველაზე ხშირად გვხვდება ხანმოკლე დარღვევები, რის შედეგადაც ადამიანს არ შეუძლია ზიანი მიაყენოს თავის თავს ან სხვებს. თუ ეს დარღვევები ხელს უშლის ადეკვატურ აზროვნებასა და ქცევას, გავლენას ახდენს შრომისუნარიანობაზე, საუბრობენ სერიოზულ დაავადებაზე.
ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები
ფსიქიკურ აშლილობას თან ახლავს აზროვნებითი ფუნქციის, ემოციური მდგომარეობისა და ქცევის დარღვევა.
დარღვევების ნიშნებია:
- არაადეკვატური რეაქციები გარე ფაქტორებზე;
- თვითკრიტიკის არარსებობა;
- თვითიდენტიფიკაციის დარღვევა;
- თვითკონტროლის დაკარგვა;
- ქცევის შეუსაბამობა საკანონმდებლო და მარეგულირებელ კრიტერიუმებთან;
- მოქმედებების თანმიმდევრობის არარსებობა;
- აზრების შეუსაბამობა განცხადებებთან;
- ცხოვრებისეულ გარემოებებთან ადაპტაციის უნარის დაკარგვა.
ფსიქიკურმა აშლილობამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დარღვევები და, პირიქით, ფიზიკური დაავადებები შეიძლება საფუძვლად დაედოს ფსიქიკურ დარღვევებს. ამიტომ, დიაგნოზის დასმამდე პაციენტს უტარდება კომპლექსური გამოკვლევა.
ყველაზე ხშირად ფსიქიკური აშლილობა ვითარდება ქრონიკული ან მწვავე სტრესის ფონზე. პირველი, დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და არყევს მას. ძილის რეგულარულმა ნაკლებობამ, გადაჭარბებულმა მუშაობამ, გადაღლა-გადაძაბვამ, არახელსაყრელმა ვითარებამ კოლექტივში, სტრესულმა გუნდურმა გარემომ, ძალადობამ (ფსიქოლოგიურმა ან ფიზიკურმა) შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მწვავე სტრესია მაგალითად, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, ავადმყოფობა, ფულის დაკარგვა, სოციალური სტატუსის ცვლილება, განქორწინება და სხვა. ხშირად ფსიქიკური აშლილობები ბავშვობაში მიღებული ტრავმის შედეგია. ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში ახლობლების ან თანატოლების მხრიდან დაცინვა-დაკნინებას განიცდიდნენ (იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი), მიდრეკილნი არიან ფსიქიკური დარღვევებისადმი. არასწორი აღზრდა, გადამეტებული მზუნველობა, ძალადობა, აგრესია ოჯახში ხელს უწყობს ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა:
- აგრესიული ქცევა;
- მომატებული შფოთვა;
- საკუთარი ძალებისადმი რწმენის დეფიციტი და გარე მონაცემებისადმი ნდობის ნაკლებობა;
- თვითბრალდება.
ბავშვობაში მიღებული ტრავმების შედეგად ყალიბდება დევიანტური ქცევა, რომელიც განსხვავდება საზოგადოებაში საზოგადოდ მიღებული ნორმებისგან. ბავშვის ფსიქიკაზე ასეთი ზემოქმედების შედეგი შეიძლება იყოს ციკლოიდური, შიზოიდური და ფსიქოასთენიური დარღვევები. არასწორი აღზრდის შედეგია შიზოფრენია და დეპრესია ზრდასრულ ასაკში. ზრდასრულთა ფსიქიკური აშლილობა საკმაოდ ხშირად მშობლებთან არასწორი ურთიერთობის შედეგია. მაგალითად, როდესაც ბავშვის მიმართ წაყენებულია ძალიან დიდი მოთხოვნები, ის აღზრდილია სიმკაცრით, მიუხედავად შესაძლებლობისა, არ იღებს საჩუქრებს, ლამაზ ტანსაცმელს, მის მიმართ მუდმივად გამოხატავენ უკმაყოფილებას, სწავლასთან, გარეგნობასთან, ქცევასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ბავშვი კარგად სწავლობს, ამთავრებს სკოლას, უნივერსიტეტს და პოულობს პრესტიჟულ სამუშაოს. თუმცა, მისი მუდმივი თანამგზავრია საკუთარი თავის უკმაყოფილების განცდა, მუდმივად არ ასვენებს ფიქრი არასრულყოფილებაზე, მოლოდინების შეუსაბამობის განცდა. ამ ფონზე ვითარდება დეპრესიული აშლილობა. ადამიანი შეიძლება ჩაერთოს, „ჩაიძიროს“ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებაში.
ფსიქიკური აშლილობის სახეები
ფსიქიკური აშლილობა იწვევს ცვლილებებს ადამიანის აზროვნებაში. ფსიქიკური აშლილობის აშკარა ნიშნებია: შეთქმულების თეორიების რწმენა, დევნის მანია, მაგიისადმი გადაჭარბებული ვნება, ეზოთერიზმი, საკუთარი ექსკლუზიურობისადმი და განსაკუთრებული მისიისადმი ნდობა. საგანგაშო სიგნალია უეცარი დესოციალიზაცია, როდესაც სოციალური კავშირები ნადგურდება, ადამიანი ტოვებს სამუშაოს, წყვეტს სახლიდან გასვლას, ყურადღებას არ აქცევს გარეგნობას და ჰიგიენას.
ყველაზე ხშირად ვითარდება შემდეგი პათოლოგიები:
- დეპრესია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც იწვევს ინვალიდობას. კვლევის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 264 მილიონი ადამიანია მგრძნობიარე ამ აშლილობის მიმართ. ამასთან, დეპრესიისკენ უფრო მიდრეკილნი არიან ქალები. დაავადება ვლინდება დათრგუნული მდგომარეობით, დაბალი თვითშეფასებით, ძილის რეჟიმის ცვლილებით (უძილობა), მადის დაქვეითებით, ადვილად დაღლითა და ყურადღების კონცენტრაციის უუნარობით. მდგომარეობას თან ახლავს მუდმივად დანაშაულის განცდა. განასხვავებენ ეპიზოდურ და ხანგრძლივ დეპრესიას. დეპრესიას მკურნალობენ ნარატიული, კოგნიტურ-ქცევითი თერაპიისა და ფსიქოთერაპიის საშუალებით.
- ბიპოლარული აშლილობა. თან ახლავს დეპრესიული და მანიაკალური გამოვლინებები, ნორმალური ქცევის მონაცვლეობით. ადამიანს უეცრად ეწყება გაღიზიანებადობა ან აგზნება, ზედმეტად აქტიური ხდება და უჩქარდება მეტყველების ტემპი. მას ეჩვენება, რომ დასვენება არ სჭირდება. შემდეგ მოდის შეკავების (დამუხრუჭების) ეტაპი, იგივე ფაზა.
- შიზოფრენია და ფსიქოზი. მსოფლიოში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი იტანჯება მსგავსი დარღვევებით. დაავადება ვლინდება საკუთარი თავის, მიმიდნარე მოვლენების და სამყაროს დამახინჯებული აღქმით, რაც აისახება ადამიანის ქცევაზე. პაციენტი განიცდის ჰალუცინაციებს, ბოდვებს, ეჭვს და თავისი იდეების რწმენას, მიუხედავად მათი აბსურდულობისა. ასეთი მდგომარეობა შეუძლებელს ხდის დასწავლას და მუშაობას. მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში პაციენტის მიმართ ვითარდება სტიგმა და დისკრიმინაცია. შიზოფრენიის პირველი გამოვლინებები ყველაზე ხშირად მოზარდობის ასაკში შეიმჩნევა.
- დემენცია. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ქვეითდება, დეგრადირდება კოგნიტური ფუნქცია. დემენცია ყველაზე ხშირად ვითარდება ხანდაზმულ ასაკში. უარესდება მეხსიერება, არსებული ვითარებისა და მიმდინარე მოვლენების გაგება, აზროვნების უნარი. ქვეითდება მეტყველების, ორიენტირების, დათვლისა და მსჯელობის უნარი. იცვლება ემოციური მდგომარეობა საზოგადოებაში ქცევის შემდგომ დეგრადაციასთან ერთად. დემენციის განვითარებას ხელს უწყობს ტრავმა და ავადმყოფობა (ალცჰეიმერი, ჰიპერტონია, ინსულტი).
- აუტიზმი და სხვა დარღვევები. ფსიქიკურ აშლილობას თან ახლავს გონებრივი ჩამორჩენა და განვითარების დარღვევები. აუტიზმის დროს ასეთი დარღვევები ვლინდება ბავშვობიდანვე და ნარჩუნდება ზრდასრულ ასაკში. თუ საუბარია განვითარების ანომალიებზე, მაშინ, სხვა ფსიქიკური (მენტალური) აშლილობებისგან განსხვავებით, ეს გამოვლინებები ერთგვაროვანია, რემისიებისა და რეციდივების გარეშე. განვითარების დეფექტები (მანკები) ხელს უშლის ყოველდღიური დავალებების (ამოცანების) გადაწყვეტას. აუტიზმის დროს დაქვეითებულია სოციალური ქცევა, განუვითარებელია კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი.
ფსიქიკური აშლილობების დროს ძალზე მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა. აუცილებელია იმის გაგება, თუ რა ვითარებაში აღმოცენდება რეციდივი და მნიშვნელოვანია მისი პრევენციისათვის პირობების შექმნა. ბავშვთა ასაკში მნიშვნელოვანია პაციენტისთვის მკაფიო ყოველდღიური რეჟიმის უზრუნველყოფა, რომელიც უნდა მოიცავდეს ძილისა და სიფხიზლის განრიგს, ვარჯიშს, დასწავლას, საგანმანათლებლო და განმავითარებელ თამაშებს, რეგულარულ კვებას.
რისკის ჯგუფი: ვინ არის მიდრეკილი
ფსიქიკური აშლილობა არ წარმოიქმნება ანამნეზში მხოლოდ ფსიქიკის ინდივიდუალური მახასიათებლების ან სისტემური დაავადებების არსებობის გამო. ფსიქიკური აშლილობის განვითარებას პროვოცირებს აგრეთვე სოციალური გარემო და პოლიტიკური ხასიათის მიზეზები, მათ შორის არასაკმარისი სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და ახლობლების მხარდაჭერის ნაკლებობა. ამდენად, რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მძიმე ცხოვრების პირობები, ცხოვრობენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ბავშვობაში ან ზრდასრულ ასაკში განცდილი აქვთ ძალადობა, დაკარგეს საყვარელი ადამიანები ან აქვთ მძიმე სისტემური დაავადებები ანამნეზში.