ფსიქიკის დარღვევები
შიზოფრენია
მსოფლიო მოსახლეობის 10-11%-ს ერთი ან მეტი ფსიქიკური აშლილობა აქვს, რომელთაგან ყველაზე ხშირია მძიმე ფსიქოზური დაავადება – შიზოფრენია. მას აზროვნების პროცესის, აღქმისა და სოციალურ ურთიერთობებში არსებული შეფერხებები ახასიათებს.
ტერმინი ბერძნულია და გაყოფილ ტვინს ნიშნავს, რაც თავისთავად დარღვევის ტიპზე მიგვითითებს, ორი ტიპის აზროვნებაზე, რომელსაც ერთი ტვინი ახორციელებს, ნაწილი – სრულიად ჯანმრთელი, ნაწილი კი – გარკვეულ საზოგადოებასა და პერიოდებში ნორმისგან განსხვავებული აზროვნებით.
გამომწვევი მიზეზები
რა იწვევს შიზოფრენიას, დღემდე ბოლომდე გაურკვეველი და დაუდგენელია, ექიმები იზიარებენ იმ ვერსიას, რომლის თანახმადაც დაავადება ვითარდება გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ურთიერთქმედებით, ამასთან, რისკი იმატებს მათთან, რომელთა ნათესავებსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა.
შიზოფრენიას ასევე აპროვოცირებს:
- სამშობიარო ტრავმები;
- მუცელშიდა განვითარების პერიოდში გადატანილი ინფექციები;
- ცხოვრების არახელსაყრელი სოციალური პირობები;
- ბავშვობის ასაკში გადატანილი სექსუალური და ფიზიკური ძალადობა;
- ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ჰალუცინოგენურ და მასტიმულებელ პრეპარატებზე დამოკიდებულება;
- არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც შიზოფრენია უკავშირდება თავის ტვინის ზოგიერთი სტრუქტურის განუვითარებლობას, მაგალითად, შუბლის წილში აქტივობის დაქვეითებას და პარკუჭების ჰიპერტროფიას;
- ნეირომედიატორული თეორიის თანახმად, შიზოფრენია თავის ტვინში ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების სინთეზის დარღვევის შედეგს წარმოადენს.
მემკვიდრეობითი შიზოფრენია
დამტკიცებულია, რომ მემკვიდრეობით გადაეცემა არა თავად დაავადება, არამედ მისადმი დადებითი გენეტიკური წინასწარგანწყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადების განსავითარებლად საჭიროა რაიმე ტიპის გარეგანი ბიძგი, რათა იგი „გააქტიურდეს“.
სტატისტიკის მიხედვით, პირველ თაობაში დაავადების განმეორების ალბათობა 30 პროცენტია, მეორეში კი – 10. ამასთან, პირველი ნიშნების მანიფესტირება ემთხვევა წინა თაობისას.
დამახასიათებელი ნიშნები
შიზოფრენიის გამოვლენის სარისკო პერიოდებია ჰორმონული ბიძგები: სქესობრივი მომწიფების პერიოდი – პუბერტი, მენოპაუზა, ასევე 21-დან 31 წლამდე ასაკი.
დასაწყისში თავს იჩენს ჰიგიენური ჩვევების ცვლილება, ადამიანი ნაკლებ ყურადღებას აქცევს გარეგნობას, არ აინტერესებს გარშემომყოფთა შეხედულებანი, ვლინდება აგრესია და არაადეკვატური ემოციები, უმიზეზო ეჭვიანობა, სახის მიმიკის ცვლილება, ძილის დარღვევები, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, არაორგანიზებული მეტყველება, ინტერესთა სფეროს დავიწროება, ინტელექტუალური უნარების დაქვეითება.
ვლინდება ამბივალენტობა, როდესაც ადამიანი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციასა და გრძნობას ავლენს, ერთ შემთხვევაში უყვარს და მოსწონს, მეორე შემთხვევაში სძულს, გუშინ მოეწონა ნაყინი, დღეს კი – სძულს.
ზოგჯერ პირიქითაც ხდება, ადამიანი იძენს უცნაურ ქცევებს, ჩნდება ისეთი გატაცებანი, რომლებიც მანამდე არ ჰქონია, ზეფასეული იდეები და სხვა.
ზოგადი პორტრეტი კი ასეთია:
- სოციუმსა და ყოფა-ცხოვრებაში ირღვევა მიზეზ-შედეგობრივი, ლოგიკური და თანმიმდევრული კავშირები, ადამიანი უარს ამბობს თავის მოვლაზე, რადგან ამის მნიშვნელობას ვერ იაზრებს.
- ირღვევა ვერბალური ფუნქციები და ლექსიკური მარაგი ღარიბდება, ადამიანი საუბრობს ნელა, მარტივად;
- ემოციური ფონი ღარიბდება, სრულ ემოციურ დეფიციტამდე, მინისებრი თვალები, მხედველობითი კონტაქტისგან თავის არიდება;
- კონცენტრაციის მკვეთრი გაუარესება, ადამიანი საერთოდ ვერ ახერხებს რაიმეზე დაფიქსირებას;
- ანგედონია – უწინდელი ინტერესებისადმი ინტერესის სრული გაქრობა;
- აფექტური მდგომარეობა. სრული არაადეკვატურობა: უმიზეზო სიცილი ან ტირილი.
- ჰალუცინაციები – ვერბალური, მხედველობითი და სმენითი. პაციენტს ესმის, ხედავს და გრძნობს იმას, რაც სინამდვილეში არ არის, ესმის ხმები, ესაუბრება ან ეკონტაქტება არარსებულ არსებებს;
- აკვიატებული აზრები და იდეები – ჩნდება დესტრუქციული, გამოგონილი აზრები, ვლინდება აგრესია, თუ ვინმე მათ საწინააღმდეგოში დარწმუნებას შეეცდება;
- ლოგიკისა და აზროვნების ფუნქციის დარღვევა – ნეირონული დისბალანსი მოვლენებს შორის ლოგიკისა და მიზეზ-შედეგობრიობის დადგენას შეუძლებელს ხდის, მაგალითად, პაციენტი ვერ იგებს რატომ არ შეიძლება შუქნიშანზე წითელზე გადასვლა ან რატომ უნდა ვუფრთხილდეთ რკინიგზის ლიანდაგებს;
- ფსიქომოტორული აგზნება – ვლინდება ქაოტურ, დესტრუქციულ მოძრაობებში, საკუთარი სხეულის დაუმორჩილებლობაში, ადამიანს შეუძლია ამტვრიოს ავეჯი, ურტყას თავი კედელს, წამოიძახოს არალოგიკური ფრაზები, ამასთან ვერ გაიაზროს რას აშავებს;
- ბოდვა – ბოდვის კლასტერი ყველაზე ხშირად ითვალისწინებს დევნას ან მასზე ფარულ ნეგატიურ გავლენას, მაგალითად, ადამიანი ფიქრობს, რომ მას უთვალთვალებენ და დასდევენ, მოქმედებენ მასზე გარკვეული მოწყობილობებით, ტალღებით, რადიაციული გამოსხივებით ან ქიმიური აგენტებით, ასევე მოსალოდნელია ურთიერთობაში ბოდვა, რომ ყველა მისი წინააღმდეგია, მზადდება მის წინააღმდეგ შეთქმულება, ეჩვენება რომ შეუძლია სხვათა აზრების კითხვა.
გაითვალისწინეთ! დაუშვებელია ყოველგვარი თვითდიაგნოსტიკა ოჯახის რომელიმე წევრის მიმართ, დაავადების დიაგნოზს სვამს მხოლოდ ფსიქიატრი, სპეციალური ტესტირების შედეგებისა და სიმპტომთა ნაკრების გათვალისწინებით.
ცხოვრება დიაგნოზის შემდეგ...
რემისიის, დაავადების მიძინების პერიოდში, შიზოფრენიის მქონე პირი თითქმის არ განირჩევა დანარჩენებისგან, იგი ნორმალურად იქცევა და საუბრობს, მუშაობს და შეუძლია კომუნიკაცია სოციუმში, საინტერესოა, გამწვავების პერიოდში რამდენად საჭიროა სტაციონარული მკურნალობა?
პასუხი ასეთია: ყველა მდგომარეობა ინდივიდუალურია, სტაციონარული მკურნალობა ყოველთვის სავალდებულო არ არის.
ყველაფერს განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობა და ფსიქოზების სიხშირე, ეპიზოდური გამოვლინებისას, რაც დაავადების ყველაზე მსუბუქი ფორმაა, ფსიქოზები იშვიათია, ადამიანს შეუძლია იმუშაოს და ჰყავდეს ოჯახი, ასეთ დროს გამოიყენება მედიკამენტური თერაპია, რომელიც შეტევების კუპირების საშუალებას იძლევა.
პროგრესირებადი ფორმისას, როდესაც მკურნალობას პოზიტიური შედეგი არ მოაქვს, თანაც ფსიქოზების რეციდივები და სიხშირე მატულობს, საჭიროა ე.წ. რეზისტენტობის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს როგორც მედიკამენტურ, ისე მკურნალობის არამედიკამენტურ საშუალებათა გამოყენებას.
მედიკამენტური თერაპია
მედიკამენტური თერაპია ითვალისწინებს სხვადასხვა სქემით შემუშავებულ მკურნალობას.
შიზოფრენიის სამკურნალოდ გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ თავის ტვინში დოფამინის გამოყენებას – ეს ნეიროლეპტიკებია, ანტიფსიქოზური პრეპარატები.
1. ატიპური ანტიფსიქოტიკები;
2. კონვენციური ნეიროლეპტიკები;
3. პროლონგირებული (გახანგრძლივებული) მოქმედების ნეიროლეპტიკები;
მედიკამენტური თერაპიის დაწყებას, მის სახეობასა და დოზებს საზღვრავს ფსიქიატრი, კლინიკური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. ის თერაპიის მსვლელობისას მუდმივად აწარმოებს დაკვირვებას ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: საჭიროა ტვინის აქტივობის, ჰორმონული ფონის, ნეიროფიზიოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური მაჩვენებლების კონტროლი.
სწორად შერჩეული პრეპარატის ოპტიმალური დოზირება გვერდითი ეფექტების არიდებისა და პაციენტის ბოდვის, ჰალუცინაციების, ჩაკეტილობის, ახლობლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებისა და უინიციატივობის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას იძლევა.
შიზოფრენია მრავალსახოვანი დაავადებაა, შესაბამისად, კატეგორიულად დაუშვებელია თვითმკურნალობა, მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტს შეუძლია საჭირო პრეპარატის საჭირო დოზებით შერჩევა, ნეიროლეპტიკური პრეპარატის ზედოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს დოფამინის რეცეპტორების ჭარბი ბლოკირება და დეპრესია, დაბალი დოზით დანიშნულმა კი გაზარდოს რეციდივის განვითარების რისკი.
ფსიქოსოციალური თერაპია
მედიკამენტური თერაპიის პარალელურად, შიზოფრენიის მკურნალობის კურსში გამოიყენება ინდივიდუალურად შერჩეული ფსიქოთერაპიის მეთოდები, რომელთა დახმარებითაც მცირდება სიმპტომების გამოხატვის ხარისხი, აღდგება კოგნიტური უნარები და უმჯობესდება ადამიანის სოციალური და პროფესიული ადაპტაცია.
ფსიქოთერაპიული მეთოდებიდან გამოიყენება:
- კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, რომელიც ასუსტებს დაავადების სიმპტომებს და აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ ხარისხს: თავისი თავისადმი პატივისცემას, თავისი მდგომარეობის გააზრებას და სოციუმში საჭირო ქცევას, აგრეთვე აქვეითებს რეციდივების გამოვლენას;
- ოჯახური თერაპია მიმართულია პაციენტის ოჯახური კავშირების აღდგენაზე, ეფექტიანია არა მხოლოდ პაციენტთან, არამედ მისი ოჯახის წევრებთანაც, ის ეხმარება მათ დაავადების არსის უკეთ გარკვევაში, მის გაცნობასა და პაციენტთან დამოკიდებულების გაუმჯობესებაში;
- არტთერაპია ითვალისწინებს უშუალოდ სიმპტომების შერბილებას და კუპირებას, მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება შიზოფრენიის პროგრესირებას;
- ინდივიდუალური მხარდამჭერი თერაპია გამოიყენება დარღვეული ქცევის კორექციისთვის კრიტიკულ სიტუაციებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა ისეთი ინდივიდუალურია, როგორც მისი გამოვლინება, დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, ხანგრძლივობასა და თავისებურებებზე, ასევე მკურნალი ექიმის პროფესიონალიზმზე. ოპტიმალურად ჩატარებული მკურნალობა საშუალებას იძლევა საკმაოდ ხანგრძლივი, ზოგჯერ კი მთელი ცხოვრების მანძილზე რემისიის მიღებისა.
ბიპოლარული აფექტური აშლილობა
ბიპოლარული აფექტური აშლილობა (ბპა) დაავადებაა, რომელსაც ადეკვატური მიზეზის გარეშე, გუნება-განწყობის პოლარული – ერთმანეთის საწინააღმდეგო მონაცვლეობა ახასიათებს. უწინ ამ მდგომარეობას მანიაკალურ-დეპრესიულ სინდრომად მოიხსენიებდნენ.
ბპა შედარებით ახალგაზრდა დაავადებაა, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება 14-დან 44 წლამდე ასაკის პირებში და გენეტიკურ ხასიათს ატარებს, თუ ოჯახის რომელიმე წევრს იგი აღენიშნებოდა, სხვებში გამოვლენის ალბათობა გაცილებით დიდია.
შემთხვევათა 90%-ში იგი დეპრესიით იწყება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მის დიაგნოსტიკას.
დაავადება ორ ფაზად მიმდინარეობს:
- დეპრესიული, იგივე უნიპოლარული – ამ ფაზაში ადამიანი დათრგუნულია, მოწყენილი, ზოგჯერ სასოწარკვეთილი, აღნიშნავს ენერგიის დეფიციტს და ყურადღების კონცენტრირების პრობლემებს. ზოგჯერ ირღვევა ძილის რეჟიმი და უარესდება მადა. დეპრესიული მდგომარეობის პიკში თავს იჩენს დეპერსონიზაცია და რეალობასთან კავშირის დაკარგვა, ადამიანი ვერ აცნობიერებს პიროვნულ საზღვრებს და გარე სამყაროს არაადეკვატურად აღიქვამს.
- მეორე მანიაკალური, იგივე ჰიპომანიაკალური ფაზაა, მას ახასიათებს ენერგიის ნაკადის მიწოლა, თვითშეფასების მომატება, ოპტიმიზმი და ეიფორია. პიკურ მდგომარეობაში ადამიანი ახორციელებს გაუაზრებელ ფინანსურ ოპერაციებს, გაუმართლებელ სარისკო ნაბიჯებს დგამს, მეტყველების ტემპი უჩქარდება და საუბრისას მუდმივად გადადის ერთი თემიდან მეორეზე.
ამ ორ ფაზას შორის არის სიმშვიდის პერიოდები, როდესაც ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ნორმალურად და ადეკვატურად რეაგირებს მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებზე, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მკურნალობის გარეშე, მისი მდგომარეობა კვლავ უარესდება.
კლინიკური გამოვლინების მიხედვით განირჩევა ბიპოლარული აფექტური აშლილობის ორი ტიპი.
ბპა – ტიპი I
მისთვის დამახასიათებელია მუდმივად აგზნებულ მდგომარეობაში ყოფნა, არაადეკვატური აღფრთოვანებული ქცევა, მანიაკალური ფსიქოზი და გახანგრძლივებული დეპრესია. ეს მძიმე ფორმაა, რომელიც კვალიფიციურ სამედიცინო მკურნალობას საჭიროებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სტაციონარულ პირობებში.
ბპა – ტიპი II
მისთვის დამახასიათებელია ხანმოკლე პრემანიაკალური მდგომარეობა, ჰიპომანია, ეს იმდენად ხანმოკლე პერიოდია – რამდენიმე საათიდან დღე-ღამემდე, რომ ზოგიერთი პაციენტი მას ვერც კი ამჩნევს. ჰიპომანიური პერიოდის დასრულების შემდგომ კი გახანგრძლივებული დეპრესია იწყება.
მკურნალობა
მკურნალობა ტარდება რამდენიმე მიმართულებით, შიზოფრენიის მსგავსად, ისიც ითვალისწინებს როგორც მედიკამენტურ თერაპიას, განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში, ისე მუშაობას თავად პაციენტთან, მის ოჯახის წევრებთან.
ტარდება:
- ოჯახური თერაპია;
- კოგნიტურ-ქცევითი;
- პიროვნებათშორისი;
თანამედროვე მედიკამენტური თერაპიისას კი გამოიყენება:
- გუნება-განწყობის სტაბილიზატორები;
- ანტიდეპრესანტები;
- ანტიკონვულსანტები;
- ანტიფსიქოლიზური პრეპარატები.
კვალიფიციური მკურნალობის პირობებში, პაციენტები, რამდენიმეთვიანი თერაპიების შემდგომ, ცხოვრების ჩვეულ წესს უბრუნდებიან.
აქტუალური კითხვები
- როდისაა საჭირო განწყობის სტაბილიზატორის მიღება?
- ერთი შეტევის შემდგომ იმის თქმა, განმეორდება თუ არა კიდევ, ძნელია, მაგრამ თუ მეორედაც გამოვლინდა, მაშინ დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ახალი შეტევები იქნება. ასეთ დროს ზოგიერთი ცდილობს პრეპარატის მიღებაზე უარის თქმას, რაც დაუშვებელია, რადგან შეტევის განმეორების შემთხვევაში შედეგები საკმაოდ მძიმე, მტკივნეული და დამანგრეველია.
- რა ვადითაა რეკომენდებული პრეპარატების მიღება?
- მდგომარეობის გათვალისწინებით 1-2 წლიდან 5 წლამდე. ამასთან, პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდგომ, საჭიროა კიდევ 2 წელი სპეციალისტთან კონსულტაცია რეციდივის თავიდან ასაცილებლად.
- როდის შეიძლება დაორსულება და ბავშვის გაჩენა?
- ეს საკითხი უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან, ის უკეთ გადაწყვეტს თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის სტაბილურობას და დაადგენს რამდენად დასაშვებია შვილის გაჩენა და მისი აღზრდა.
ბპა-ს მქონე ორსულებისთვის მნიშვნელოვანია მედიკამენტური უსაფრთხოებაც, რათა პრეპარატებმა ბავშვის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. გასათვალისწინებელია ლაქტაციის პერიოდში თერაპიულ საშუალებათა მიზნობრივი შერჩევაც.
ბპა-ს არსებობის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს მეან-გინეკოლოგიც.
ზოგადი რჩევები პაციენტებს
- თვითკონტროლი – ისწავლეთ იმ ნიშნების დროული ამოცნობა, როდესაც თქვენი განწყობა კონტროლიდან გამოდის, რათა დროულად მიმართოთ ექიმს. ამით შეძლებთ თავიდან აიცილოთ ფართომასშტაბიანი შეტევები;
- დაიწყეთ განწყობის დღიურის წარმოება, რათა უკეთ დაადგინოთ, რა გშველით, გეხმარებათ და რა პირიქით, ხელს გიშლით განწყობის კონტროლში;
- გაზარდეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულობა, გაიგეთ უფრო მეტი იმის შესახებ, თუ რა გემართებათ და როგორ დაეხმაროთ თავს;
- თავი არიდეთ სტრესებს – რამდენადაც მათ მანიაკალურ-დეპრესიული შეტევების პროვოცირება შეუძლიათ, ყოველთვის ამის გაკეთება შეუძლებელია, ამიტომ ისწავლეთ მასთან გამკლავება და თქვენთვის ყველაზე მეტად მისაღები სარელაქსაციო საშუალებებით ფონს გასვლა;
- ურთიერთობა ახლობლებთან – დეპრესია და მანია საკმაოდ სერიოზული ჯვარია თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვისაც, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მათთან ურთიერთობების აღდგენა მოგიწევთ – გამოჯანმრთელების შემდგომ შეეცადეთ მათ აუხსნათ, რა გემართებთ და თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა თქვენთვის;
- დააბალანსეთ თქვენი ცხოვრება, სამსახური, დასვენება, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა, თუ ზომაზე მეტად დაიტვირთებით, შესაძლოა ამან მანიაკალური შეტევის პროვოცირება მოახდინოს, თუ უმუშევარი ხართ, ეცადეთ დაკავდეთ.
- ფიზიკური ვარჯიში კვირაში 3-ჯერ ასევე წაადგება სტაბილური რემისიის მიღწევას, არ შეწყვიტოთ პრეპარატების მიღება თვითნებურად;
- მიეცით თქვენს თავს დრო და სივრცე ძალების აღსადგენად. დარწმუნდით იმაში, რომ გაქვთ სასიამოვნოდ ცხოვრების დრო და საშუალება, აკეთეთ საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ და იყავით ძვირფასი ადამიანების გვერდით.