დავეხმაროთ ერთმანეთს

დავამარცხოთ ვარიკოზი ფიტოთერაპიით
ვენების ვარიკოზული გაგანიერება ის სენია, რომელიც ყველას შეიძლება დაემართოს. მეც მათ რიცხვში ვარ. გარდა იმისა, რომ ულამაზოა, ფეხების შემაწუხებელი ტკივილი და სიმძიმის შეგრძნებაც სდევს თან. ვენების სამკურნალო თითქმის ყველა პრეპარატი ცხენისწაბლაზეა დამზადებული. ცხენისწაბლას ნაყოფისა თუ ყვავილისგან შინ წამლის მომზადება ძნელი არ არის:
- აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ყვავილი ან ნაყოფი, დაასხით 100 მლ არაყი, დაახურეთ თავზე და 5 დღე გააჩერეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.
ხახვი და თაფლი ფურუნკულს მოგირჩენთ
ჩემს შვილებს დროდადრო ჩირქოვანი მუწუკები გამოსდიოდათ. ექიმმა ფურუნკულოზის დიაგნოზი დაგვისვა და წამლები გამოგვიწერა. სანამ ამ წამლებს ვიყიდიდი, გადავწყვიტე, შინაური საშუალებები მესინჯა. მეზობელმა მასწავლა მალამო, რომელმაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო.
- მალამო ასე მზადდება: წვრილად დაჭრილი ხახვი მოვათავსოთ მცირე ზომის ქვაბში, დავამატოთ 2 ჩაის კოვზი სელის თესლი და 2 სუფრის კოვზი თაფლი. ქვაბი შევდგათ ნელ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ვურიოთ და ადუღებამდე მივიყვანოთ. შემდეგ გავაცივოთ.
მაღალ წნევას ჟოლოს ჩაი უხდება
ჟოლო გაციების საწინააღმდეგო ცნობილი საშუალებაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის ჰიპერტენზიასაც უხდება.
- დიდხანს მაწუხებდა მაღალი წნევა. წავიკითხე, რომ მაღალ წნევას აქვეითებს ჟოლოს ჩაი და გადავწყვიტე, საკუთარ თავზე გამომეცადა. კოჯორში, აგარაკზე, ჟოლოც მაქვს დარგული. დავკრიფე ფოთლები, მოვხარშე და მთელი დღის განმავლობაში 1,5 ლიტრი დავლიე. როდესაც წნევა გავიზომე, 210/110-დან 115/75-მდე ჩამოსულიყო. თვითონ ჩაიც ძალიან მომეწონა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
თუ ამგვარად მკურნალობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ჟოლოს ფოთლების ჩაის მიღებისას სიფრთხილეა საჭირო - წნევა მკაცრად აკონტროლეთ და საჭიროების შემთხვევაში წამალიც მიიღეთ.
კოთხუჯის ფესვი მიოზიტს უხდება
მართალია, სპორტს აქტიურად აღარ მივდევ, მაგრამ ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო. ერთხელ ვარჯიში ცოტა ზედმეტი მომივიდა და საშინლად ამტკივდა ფეხის კუნთები. მართალია, ექიმი არ ვარ, მაგრამ ყველა სპორტსმენისთვის ადვილი მისახვედრია, რომ მიოზიტი მქონდა. როდესაც სპორტს მივდევდი, ხშირად ვხმარობდი ხალხურ საშუალებებს: კოწახურის, შტოშის, ჭინჭრის ნაყენს. ამჯერად კოთხუჯის ნაყენი ვსინჯე და გაამართლა.
- კოთხუჯის გამხმარი ფესვი დაფქვით. აიღეთ 1 სუფრის კოვზი ფხვნილი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ მინიმუმ 3 საათი, უმჯობესია - 4-5. ნაყენი სვით მთელი დღის განმავლობაში, 3-4 საათში ერთხელ, სუფრის კოვზით. 4-5 დღეში კუნთების ტკივილი ჩაცხრება, თუმცა სრული გამოჯანმრთელებისთვის რეკომენდებულია ნაყენის მიღება კიდევ 2-3 დღე.
ანგინის სამკურნალო შინაური საშუალება
ეგებ გაგიკვირდეთ, ამ პაპანაქებაში რა დროს ანგინააო, მაგრამ ბავშვების პატრონებმა იციან, რომ სწორედ სიცხეში, ნაყინისა თუ ცივი ლიმონათის წყალობით, ხშირად იჩენს თავს ყელის ტკივილი. ამ დროს მე ჩემს შვილებს ასე ვმკურნალობ:
- ვიღებ ერთ ჩაის ჭიქა კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკის) ძალიან ბაც ხსნარს, ვამატებ 4-5 წვეთ იოდს და ცოტაოდენ (ჩაის კოვზზე ნაკლებ) სოდას, თბილ-თბილს ვავლებინებ ყელში ბავშვებს 2 საათში ერთხელ, ვიდრე ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება არ გაივლის.
სცადეთ, დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩებით.
ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი ყაბზობისა და მეტეორიზმის წამალია
დიდი ხანია, მაწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემა. ყველაფერი დაზიანებული მაქვს: ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, კუჭი... ხშირად მაწუხებს ყაბზობა და აირების დაგროვება. დამინიშნეს უამრავი წამალი, რომელთა შეძენის საშუალება მე არ მაქვს, ამიტომ ისევ ხალხურ მედიცინას მივმართე და ბაბუაწვერას ფესვებში ვიპოვე შვება.
- 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი. გააჩერეთ 8 საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. ეს ნაყენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას.
ჭრილობებს ალოეს მალამო მოგიშუშებთ
სოფელში საგაზაფხულო სამუშაოების დროს ხელი დავიშავე. ჭრილობა დიდხანს არ მომიშუშდა, ძალიან მაწუხებდა. მეზობელმა თავისივე ხელით მომზადებული მალამო მომაწოდა და, შეიძლება ითქვას, გადამარჩინა. მერე ამ მალამოს რეცეპტიც მასწავლა, მე კი მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.
- თანაბარი რაოდენობით აიღეთ ალოეს წვენი და თაფლი, დაუმატეთ სუფთა სპირტი (1 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა ნარევს), კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ და მაცივარში შედგით. ისვით დღეში 2-3-ჯერ ჭრილობაზე, წყლულზე ან ფისტულაზე. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახვევიც დაიდოთ.
მათთვის, ვისაც ვიტილიგო აწუხებს
რაც თავი მახსოვს, დედაჩემს ტანზე, სხვადასხვა ადგილას, ბაცი ლაქები ჰქონდა. მერე გავიგე, რომ ამ დაავადებას ვიტილიგო რქმევია. მინდა, მკითხველს ვასწავლო მისი სამკურნალო საშუალება, რომელსაც ჩვენ წარმატებით ვიყენებდით.
- აიღეთ 6-7 ცალი ოდნავ შემხმარი წითელი წიწაკა, მოათავსეთ ლიტრიან ქილაში და დაასხით ნახევარი ლიტრი 400C-იანი არაყი. თავზე მჭიდრო თავსახური დაახურეთ, შემოახვიეთ ნაჭერი და დადგით ბნელ, გრილ ადგილას 25 დღით. ქილა ყოველდღე შეანჯღრიეთ. 25 დღე რომ გავა, წიწაკა ქილიდან ამოიღეთ, ნაყენი კი ისვით ლაქებზე დღეში 3-ჯერ. არ გამოტოვოთ, დაზიანებული კანი სისტემატურად დაიმუშავეთ. ამ პროცედურის შემდეგ კანის დაზიანებული უბნები ნახევარი საათის განმავლობაში მიუფიცხეთ მზეს.
მასტიტს ალოეს წვენისა და თაფლის ნარევი მოგირჩენთ
რამდენიმე თვის წინ ბიჭი შემეძინა. ბავშვი ძალიან სუსტი იყო, ძუძუს ბოლომდე ვერ წოვდა, რის გამოც მასტიტი დამემართა. რაც იმ დღეებში გამოვიარე, მშობიარობის ტკივილზე უარესი იყო. ბებია უკრაინელი მყავს. მას ქიმიურ საშუალებებზე მეტად ხალხური მედიცინისა სჯერა და უამრავი წამლის მომზადებაც იცის. სწორედ მან მომარჩინა მასტიტისაგან. აი ბებიაჩემის რეცეპტი:
- აიღეთ ალოეს 4 დიდი ფოთოლი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და კარგად გამოწურეთ. წვენს დაამატეთ 3 სუფრის კოვზი შემთბარი თაფლი და 2 სუფრის კოვზი მზესუმზირას ზეთი, ასევე - ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. მოზილეთ ცომივით, დაიდეთ მკერდზე, თბილად შეიხვიეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. დღისითაც შეგიძლიათ დაიდოთ. სამი პროცედურის შემდეგ შვებას იგრძნობთ
სააფთიაქო გვირილის სასიამოვნო სუნს ყველა ჩვენგანი ბავშვობიდან იცნობს. პირველი ყვავილი, რომლის დახატვასაც ვსწავლობთ, გვირილაა. პირველი სიყვარულის საიდუმლოსაც ხომ ყველა გოგონა მას ანდობს... ქალიშვილობისას მეც ხშირად ვიქცეოდი ასე, უკვე მოზრდილმა კი ამ მშვენიერ ყვავილს სულ სხვა თვალით შევხედე და მანაც რთულ პერიოდში ფასდაუდებელი დახმარება გამიწია. მან უამრავი დაავადება დამამარცხებინა, მათ შორის - ენტერიტიც, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სიცოცხლეს მიმწარებდა. ენტერიტი წვრილი ნაწლავების დაავადებაა. გვირილას კი ანთების საწინააღმდეგო, დამარბილებელი და გამომრეცხავი თვისებები აქვს. იგი კუჭსა და ნაწლავებს შესანიშნავად აცილებს დაზიანებულ ლორწოვან გარსს, აქრობს ანთებას და აამებს ტკივილს, ამცირებს ნაწლავებში დუღილის პროცესს.