სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

  • წვრილად დაჭერით 1 კონა ნიახური, დაასხით 300-400 გრამი ცივი წყალი და დალიეთ უზმოზე. ასე ყოველ დილით 7 დღის განმავლობაში. ეს ნაყენი ორგანიზმს აახალგაზრდავებს კიდეც.
  • ძილის წინ მტკივან ადგილზე დაიდეთ ახალგაჭრილი ბოლოკი, გადაიხვიეთ და დილამდე დაიტოვეთ.
  • გადაადნეთ ახალი უმარილო კარაქი, მოხადეთ ქაფი და დაამატეთ იმავე ოდენობის ღვინის სპირტი. შემდეგ ამ ნარევს ლითონის ჭურჭელში წაუკიდეთ ცეცხლი და აცადეთ, რომ სპირტი დაიწვას. დარჩენილი მასა შეიზილეთ მტკივან ადგილას. სასურველია, ამ დროს სითბოში იჯდეთ.
  • 10 ცალი დაფნის ფოთოლი 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ 300 მლ წყალში, შემდეგ შეფუთეთ და 3 საათით დააყენეთ. სვით ყლუპ-ყლუპად მთელი დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ გაიმეორეთ. სახსრების ტკივილი გაგივლით. 

 

ღრძილების ანთებას აცხრობს

კარგა ხანია, ღრძილები მაწუხებს. დროდადრო მიჩირქდებოდა და მისივდებოდა კიდეც. ხან რომელ ექიმთან მივედი, ხან რომელთან. ბოლოს ჩემს მხსნელსა და კეთილისმყოფელ ექიმს მივაგენი. მისმა მკურნალობამ მიშველა, მაგრამ უსახსრობის გამო მასთან ვეღარ ვიარე. ექიმი მიხვდა ჩემი გაუჩინარების მიზეზს, თავად მომძებნა და რამდენიმე რეცეპტი მასწავლა, რომლებსაც პერიოდულად ვიყენებ. ჩემი ექიმის თანხმობით მინდა ეს რეცეპტები თქვენც გაგიზიაროთ - იქნებ ვერც თქვენ დადიხართ ექიმთან და ამან მაინც გიშველოთ.

  • ორ სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და პირში გამოივლეთ. ეს ნაყენი ანგინასაც უხდება.
  • კიდევ ერთი სავლები: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მარწყვის გამხმარი ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი ერთი დღის ულუფაა.
  • ღრძილების გასამაგრებლად ღეჭეთ კომბოსტოს მწნილი.

 

შვრია დეპრესიას ამარცხებს

მას შემდეგ, რაც უმუშევარი დარჩა, ჩემმა მეუღლემ ცხოვრებისადმი ინტერესი დაკარგა, საკუთარ თავში ჩაიკეტა, აღარც ჭამდა და აღარც სვამდა, აღარაფერი აინტერესებდა, აღარავის გვკითხულობდა და გველაპარაკებოდა. რით მეშველა, აღარ ვიცოდი. ექიმთან არ მომყვებოდა, ძვირად ღირებული წამლების შეძენის საშუალებაც არ მქონდა... დავიწყე ხალხური რეცეპტების ძებნა და შესწავლა, უამრავი საშუალება  გამოვცადე და ბოლოს რამდენიმეზე შევჩერდი. ამ საშუალებებმა მე - მეუღლე, ბავშვებს კი მამა დაუბრუნა.

  • დეპრესიული მდგომარეობის, ნერვული სისტემის გამოფიტვის, ძალ-ღონის გამოლევისა და ნერვული წარმოშობის სისუსტის დროს სვით შვრიის ღეროების ნაყენი: 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ შვრიის ღეროს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ ჭამამდე, დღეში სამჯერ.
  • ნევრასთენიისა და დეპრესიის დროს, თუ არ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა და გული, არ გტანჯავთ უძილობა, მაშინ მატონიზებელი და მასტიმულირებელი საშუალების სახით მიიღეთ მანჯურიული არალიის ფესვების ნაყენი - 15-20 წვეთი დღეში ორჯერ.

 

სამყურა ასთმის დროს დაგეხმარებათ

ჩემი შვილი დაბადებიდან ბრონქული ასთმით არის ავად. მამაჩემსაც დიდხანს აწუხებდა ბრონქული ასთმა. მათ გამო მოვიძიე და გამოვცადე უამრავი ხალხური რეცეპტი. მინდა, ერთ-ერთი მათგანი თქვენც გაგაცნოთ:

  • მოაგროვეთ ზაფხულში წითელი სამყურას ყვავილი, გაახმეთ და შეინახეთ, ზამთარში კი დააყენეთ და ჩაისავით სვით. მომზადების წესი ასეთია: 1 სუფრის კოვზს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და 1-2 წუთის განმავლობაში ადუღეთ, გააგრილეთ და მიიღეთ.

 

უებარი კუნელი

ძალიან მძიმეა ცხოვრების თანამგზავრის დაკარგვა, მეტადრე მოხუცებულისთვის. ამ რამდენიმე წლის წინ უბედურება მეც დამატყდა თავს, მეუღლე დავკარგე. მას შემდეგ ხშირად მაწუხებდა გული, ნერვებიც მღალატობდა. ღმერთი გაახარებს ჩემს უმცროს დას - ბურჯივით ამომიდგა მხარში. რომ შემატყო, კარგად ვერ ვიყავი, სოფლიდან მთელი ტომარა კუნელის ყვავილი ჩამომიტანა - თურმე მისი ნაყენი გულისა და ნერვული სისტემისთვის ძალიან სასარგებლო ყოფილა: აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულსა და თავის ტვინში, ამბობენ, ქოლესტერინსაც ამცირებსო. ასეა თუ ისე, რაც ამ ნაყენის სმა დავიწყე, გამოვკეთდი. მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გასწავლოთ:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი ან ნაყოფი, დაასხით 1/2 ჭიქა სპირტი, დააყენეთ ერთი კვირა. მიიღეთ 15 წვეთი (ცოტაოდენ წყალთან ერთად) დღეში 2-ჯერ, ჭამამდე.

შეიძლება ნაყენის სხვაგვარად მომზადებაც: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კუნელი, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და დააყენეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

 

ფრჩხილის სოკო ფისით მოვირჩინე

ამას წინათ წავიკითხე ერთ-ერთი მკითხველის წერილი, რომელიც ფეხის სოკოს უჩიოდა. ამან გადამაწყვეტინა, გამეცნო თქვენთვის სოკოს მკურნალობის ძველებური ეფექტური მეთოდი, რომელიც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი:

  • ხელ-ფეხი კარგად დაიბანეთ თბილი წყლით (ხშირად სოკო ხელებსაც აზიანებს). აიღეთ წიწვოვანი ხეების ფისი, დაზიანებული ფრჩხილის ოდენად გააბრტყელეთ, დაიდეთ ფრჩხილზე და დოლბანდით გადაიხვიეთ. დაიტოვეთ 1-2 დღე.

თუ დაავადება დიდი ხნისაა, ფეხები კარგად დაიბანეთ და კიდევ ერთხელ გადაიხვიეთ.

პროცედურა უმტკივნეულოა, სოკო ქრება, ხოლო ფრჩხილი ჯანმრთელი და სუფთა რჩება.

 

სახიდან ლაქები რძემ მომაშორა

მშობიარობის შემდეგ სახეზე მოყავისფრო ლაქები გამიჩნდა. რა არ ვცადე, მაგრამ არაფერმა მიშველა. ერთმა კოსმეტოლოგმა ისეთი ნიღაბიც კი გამიკეთა, რომ სახიდან რამდენიმე პირი კანი გადამაძრო, მაგრამ უშედეგოდ. რა უნდა მექნა, გადავწყვიტე, ლაქები ტონალური კრემით შემენიღბა (იმხანად ტონალური კრემებიდან მხოლოდ დერმაკოლის შოვნა შეიძლებოდა). ამან სულ გამიფუჭა კანი. ერთხელ პურის რიგში (მაშინ პურზე დიდი რიგები იდგა) გავიცანი ქალბატონი, რომელმაც მშობიარობის შემდეგ გაჩენილი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო უმარტივესი რეცეპტი მასწავლა. ლაქები მართლაც გამიქრა. დღეს საკუთარ თავზე მეცინება - რამდენი რამ ვცადე, რამდენი ფული გადავყარე და თურმე უიაფესი და უადვილესი საშუალებით ყოფილა შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება:

  • აიღეთ 3 ჩაის კოვზი არაპასტერიზებული რძე, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი სუფთა სპირტი და ეს ნარევი ძილის წინ ლაქებიან კანში შეიზილეთ.

 

სახე კომბოსტოს წვენით გაიწმინდეთ

ყმაწვილქალობაში სახე მუწუკებით მქონდა სავსე. რა აღარ ვცადე მათ მოსაშორებლად, მაგრამ ამაოდ. დამეხმარა შემთხვევა. ჩემები საზამთროდ კომბოსტოს ამჟავებდნენ. მეც ვეხმარებოდი. დედა და უფროსი დები კომბოსტოს ჭრიდნენ. მე კომბოსტოს დაჭრას არ მანდობდნენ, ნარჩენების გადაყრა, თასების რეცხვა, დაჭრილი კომბოსტოს კასრში ჩაწყობა კი ჩემს ზურგზე გადადიოდა. ერთხელ ბევრი ვიმუშავე, თან დროდადრო შუბლზე ჩამოყრილ თმებს ვიწევდი და უნებლიეთ შუბლი კომბოსტოს წვენით მესვრებოდა. მეორე დღეს სარკეში ჩავიხედე და შევამჩნიე, რომ შუბლზე მუწუკები თითქოს გაფერმკრთალდა. მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე, დაუყონებლივ შევედი საკუჭნაოში, ავიღე ერთი თავი კომბოსტო, მოვაცალე რამდენიმე ფურცელი, დავჭერი, წვენი გამოვწურე და მთელ სახეზე წავისვი. ასე ვიქცეოდი, ვიდრე მუწუკებისგან სახე სულმთლად არ გამეწმინდა. მას აქეთ როგორც კი შევამჩნევ სახეზე მუწუკს, მაშინვე კომბოსტოს წვენს ვისვამ. თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო მუწუკები კი არ გამიქრა, არამედ კანმაც საოცარი ხავერდოვნება შეიძინა. ხშირად მეკითხებიან, რას ვისვამ სახეზე. ვეუბნები, კომბოსტოს წვენს-მეთქი, მაგრამ არავინ მიჯერებს, ჰგონიათ, რაღაც საიდუმლო ვიცი და არ ვამხელ. მინდა, "ოჯახის მკურნალის" ახალგაზრდა მკითხველებსაც ვურჩიო, სახე კომბოსტოს წვენით გაიწმინდონ - აღარ დასჭირდებათ ძვირადღირებული მუწუკების საწინააღმდეგო კრემების ყიდვა.

 

სლოკინის შესახებ ყველაფერი ვიცი

ძვირფასო რედაქციავ, ძალიან გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ჩემი რჩევები სლოკინისგან თავის დაღწევის შესახებ - გარწმუნებთ, ამაზე მე ყველაფერი ვიცი. ცოტა ხნის წინ თავად ვიტანჯებოდი სლოკინის მოულოდნელი შეტევებით. ჯერ მეგონა, ნერვიულობის ნიადაგზე მეწყებოდა, შემდეგ ცოტა არ იყოს შევშინდი, რადგან ვიფიქრე, რომ კუჭ-ნაწლავი მქონდა დაზიანებული. გამოვცადე სლოკინის საწინააღმდეგო ყველა საშუალება, შეშინებიდან დაწყებული, ენაზე მდოგვის წასმის ბარბაროსული მეთოდით დამთავრებული. სასაცილო მოგეჩვენებათ, მაგრამ ასეთი შელოცვაც კი მასწავლეს: "სლოკინო, სლოკინო, მე გამეყარე და სხვას შეეყარე"... ერთი სიტყვით, სლოკინი ჩემთვის აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა, მაგრამ ერთ დღეს უმარტივეს საშუალებას მივაგენი და მას მერე ვიყენებ: როგორც კი სლოკინი ამივარდება, ვუშვებ ცივი წყლის ონკანს, ველოდები, როდის წამოვა კარგად გაცივებული წყალი, ვასველებ მასში ბამბას და ყურის ბიბილოებზე ვიდებ. ამ მეთოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ყურის ბიბილოების გაცივებაა. შეტევა მყისვე გაივლის. ალბათ საამისოდ ყინულის ნატეხების გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ მე არ მიცდია.


 

კარტოფილი და ძმარი სიცხეს დაგიწევთ

მინდა, სიცხის დამწევი საშუალება გასწავლოთ. ალბათ იფიქრებთ, უამრავი სიცხის დამწევი წამალი არსებობს და თვითშემოქმედება რაღა საჭიროაო, მაგრამ ყველას როდი შეუძლია ტაბლეტების ყლაპვა - ზოგს ალერგია აქვს, ალერგიასთან ხუმრობა კი არ ღირს. თავადაც ერთ-ერთი ამათგანი ვარ, უამრავ წამალზე მაქვს ალერგია, სიცხის დამწევებზეც კი, მაგრამ გაციება და გრიპი ჩემს პრობლემებს რას დაეძებენ... წინათ სიცხის აწევა ჩემთვის ნამდვილი წამება იყო, ვიყავი ჟოლოიანი ჩაის სმასა და ოფლის დენაში. შემდეგ ერთ უმარტივეს საშუალებას მივაგენი, უფრო სწორად, ბებიაჩემის მეგობარმა, ყოფილმა პედაგოგმა და ძალზე განათლებულმა ქალბატონმა მასწავლა:

  • გახეხეთ 2 კარტოფილი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი, წაუსვით ეს ნარევი ტილოს ნაჭერზე და შუბლზე დაიფინეთ. 2 საათის შემდეგ შეცვალეთ ახლით.

ქალბატონმა, რომელმაც ეს რეცეპტი მასწავლა, ისიც მითხრა, რომ კარტოფილს შხამები გამოაქვს ორგანიზმიდან, ძმარი კი სიცხეს სწევს. ამისას ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მშველის. ერთხელ ჩვეულებრივი ღვინის ძმარი ვაშლის ძმრით შევცვალე და უკეთესი შედეგი მივიღე.

 

როცა მწერი გიკბენთ

ფოთი ზღვისპირა ქალაქია და, მოგეხსენებათ, ზაფხულში უამრავი ხალხი სტუმრობს. ფოთელების სტუმართმოყვარეობის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ორი-სამი კვირით ჩამოსული სტუმარი სტუმრებისადმი არცთუ კეთილგანწყობილი კოღოების დახმარებით რამდენიმე კვირაში იბარგება და უკანმოუხედავად გარბის. მათთან ბრძოლის უამრავი საშუალება ვცადეთ, ზოგი მართლაც დიდი შვების მომგვრელი აღმოჩნდა, მაგრამ ეს აბეზარა მწერები ჩვენს დამსვენებლებს მაინც არ ეშვებიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მომეწერა თქვენთვის და ჟურნალის საშუალებით მიმეწვდინა ხმა მათთვის, ვინც წელს დასასვენებელ სეზონზე ჩვენთან აპირებს ჩამოსვლას. ნუ შეგეშინდებათ კოღოების, თუ დაგკბინეს, არ დაიბნეთ: დაასველეთ ბამბა ნივრის წვენში და დაიდეთ ნაკბენზე. ნიორი სწრაფად დაამარცხებს ტკივილს და არც შეშუპებას მისცემს გასაქანს. დაასველეთ ცოტაოდენი საჭმლის სოდა წყლით, გააკეთეთ მისგან მცირე ზომის ფირფიტა და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე, ზემოდან აუცილებლად შეიხვიეთ სველი ნაჭრით. სოდისგან გამომცხვარი ფირფიტა უნდა გამოიცვალოთ 3-4 საათის შემდეგ - ეს საშუალება სწრაფად აქრობს ქავილსა და ტკივილს.

 

ჰერპესის საწინააღმდეგო კრემი

მინდა, გაგაცნოთ რეცეპტი, რომელიც ჩემს ოჯახში დიდი ხანია ინახება. ჰერპესი ბევრს მხოლოდ გაციების შემდეგ ნესტოებთან და ტუჩის კუთხეში გაჩენილი ბუშტუკები ჰგონია. მართლაც, ასეთი ფორმის ჰერპესი საკმაოდ ხშირია, მაგრამ თურმე სხვა, უფრო სერიოზული ფორმებიც არსებობს. ძველად გამოსაჩენი ადგილებიდან არასასიამოვნო, ზოგჯერ მტკივნეული გამონაყარის გასაქრობად სპეციალურ კრემს იყენებდნენ. ეს სასწაულმოქმედი მალამო ასე მზადდება:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ოროვანდის ნედლი ფოთოლი და 1/2 სუფრის კოვზი სამფერა იის ნედლი ყვავილი. ეს მცენარეები დასრისეთ და აურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაასხით 0,5 ლ მცენარეული ზეთი, გადაიღეთ მინის ბოთლში და დადგით სიბნელესა და სიგრილეში, თან დროდადრო შეანჯღრიეთ. ორი კვირის თავზე ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და წამოადუღეთ, შემდეგ შეფუთეთ და 1 საათით ასე დატოვეთ. ბოლოს გაფილტრეთ. წაისვით გამონაყარზე. ეფექტურია არამხოლოდ ჰერპესის დროს.

კრემი უნდა მოამზადოთ მცენარეების ყვავილობის დასაწყისში. თუ გრილ, ბნელ ადგილას შეინახავთ, მთელი წელი არ გაფუჭდება.

 

ღვია დაგეხმარებათ

ქალაქგარეთ პატარა ნაკვეთი გვაქვს, სადაც ხშირად ჩავდივართ მე და ჩემი მეუღლე. მიწაზე ხელთათმანებით მუშაობა მოუხერხებელია, ამიტომ ხშირად შიშველი ხელებით გვიწევს იარაღების აღება. ცხადია, ამის გამო ხელები ხშირად გვეჭრება და გვეკაწრება, ზოგჯერ ჭრილობაც გვიჩირქდება და გვიმიზეზდება. თითებს შორის ნახეთქებიც გვიჩნდება, მერე კი ხელთათმანების ჩაცმა უფრო მეტად მიჭირს, რადგან იარებზე მეხახუნება და მტკივა. რომ არ ჩავიცვა, არც ეს შეიძლება - შესაძლოა, ჭრილობა დაბინძურდეს და ინფექცია შეიჭრას. მეგობრის რჩევით ღამღამობით ცხელი საფენების კეთება დავიწყე. ხელებს ვიორთქლავდი, დაჩირქებულ ჭრილობებზე ცხელ ნაჭერს ვიფარებდი და ბინტით ვიხვევდი. ამ პროცედურებს ჩირქი გამოჰყავდა, მაგრამ ნახეთქები ბოლომდე მაინც არ მიხორცდებოდა. დერმატოლოგთანაც მივედი, მაგრამ ვერც მის მიერ დანიშნულმა მალამოებმა მიშველა. ასეთ ტანჯვაში ვიყავი, ვიდრე ჩემს გოგონას ასეთი წამალი არ ასწავლეს: თურმე შეუხორცებელი იარების დროს უნდა აიღო 4 წვეთი ღვიის ზეთი, შეურიო ერთ სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს (ყოველდღიურად რომ ვხმარობთ სამზარეულოში) და ფრთხილად წაისვა იარებზე. გაგონილი მქონდა, რომ ღვიით ღვიძლისა და ბრონქების მკურნალობაც შეიძლებოდა, თავადაც ხშირად გამიკეთებია გაციებისას ღვიის ნახარშის ინჰალაცია, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ღვიის ზეთი ასე იოლად ახორცებდა ჭრილობებს. ორ კვირაში ხელები სრულ წესრიგში მქონდა. მადლობა ღმერთს, დღეს აფთიაქებში ყველა მცენარის ზეთი იყიდება, აღარ არის საჭირო მათი შინ გამოხდა და ამისთვის დროის კარგვა. მე ნაკვეთში წასვლის წინ ყოველთვის ვყიდულობ ღვიის ზეთს.