მარხვა და მარხვის შემდგომი პერიოდი
ალბათ, ზოგიერთი იტყვის, ასე ხანგრძლივად ხორცსა და რძის პროდუქტებზე უარის თქმის გამო ორგანიზმს პროტეინები (ცილები) და ამინომჟავები აკლდებაო, მაგრამ ეს დეფიციტი მცენარეული ცილების საშუალებით ივსება.
მაგალითად, პარკოსნებში (სოია, ლობიო, მუხუდო), არაქისში, თხილში, კაკალში, სოკოში უხვად არის ამინომჟავები, მიკროელემენტები, ვიტამინები, რომლებიც ცილოვან პროდუქტებზე ადამიანის მოთხოვნილებას მთლიანად აკმაყოფილებს. უჯრედისით მდიდარი მცენარეული საკვების წყალობით ძლიერდება ნაწლავთა პერისტალტიკა და წესრიგდება კუჭის მოქმედება. ამასთანავე, ნახშირწყლებს ორგანიზმი ცილოვან საკვებზე (ხორცი, თევზი) იოლად ითვისებს. შესაბამისად, მის გადასამუშავებლად ნაკლები ენერგია იხარჯება.
მარხვის დროს ნორმალიზდება საჭმლის მონელება და ნივთიერებათა ცვლა. ცხოველური ცხიმის მცენარეულით ჩანაცვლება მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზებისა და ქოლესტერინის დონის შემცირების საშუალებას იძლევა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტენზიის დროს. ცხოველური ცხიმი დიდი ოდენობით შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ახშობს სისხლძარღვთა განვლადობას და ამცირებს მათ ელასტიკურობას, ქმნის მიდრეკილებას ათეროსკლეროზისა და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ჩამოყალიბებისკენ, მაგრამ ქოლესტერინი აუცილებელიც არის ორგანიზმისთვის – მისგან სინთეზდება ბევრი საჭირო ნივთიერება, მაგალითად: ჰორმონები, ნაღვლის მჟავები, ზოგიერთი ვიტამინი. ამიტომ გახსნილებისას ვიღებთ ცხოველურ პროდუქტებს და, მაშასადამე, ქოლესტერინს, ხოლო მარხვისას ორგანიზმს ამ ნივთიერებისგან ვასვენებთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი პროდუქტისგან თავის შეკავება სულაც არ ნიშნავს ერთფეროვან კვებას და საკვები ნივთიერებების უკმარისობას. სამარხვო მენიუში შედის ყოველგვარი ბურღული, პური, სოია, პარკოსნები, სოკო, ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი. ტკბილეულის მოყვარულებს შეუძლიათ ჭამონ მურაბა, თაფლი, ჩირი, სამარხვო ნამცხვარი.
ეს საინტერესოა:
არსებობს მოსაზრება, რომ ვეგეტარიანული დიეტა გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. როდესაც საკვები ნივთიერება სისხლში უხვადაა, გონებრივი აქტივობა მცირდება. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ დანაყრების შემდეგ ადამიანი ითენთება და გონებრივი სამუშაოს შესრულება მის ძალებს აღემატება.
ადაპტაციის პერიოდი
მარხვის დასრულება ანუ გახსნილება მეტად რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ კვებაში შეზღუდვები თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვეულებრივ კვებით რეჟიმზე გადასასვლელად ორგანიზმისთვის აუცილებელია გარკვეული ადაპტაციის პერიოდი, რასაც რიგი ფაქტორი განაპირობებს. მარხვის პერიოდში მხოლოდ მცენარეული საკვების მიღება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობაზე აისახება. კერძოდ, ჩვენი ორგანიზმი ეჩვევა განსაზღვრულ, უმთავრესად, ნახშირწყლოვან საკვებს და გამოიმუშავებს მხოლოდ ისეთ ფერმენტებს, რომლებიც შლის სახამებელს, შაქარს, უჯრედისს, მცენარეულ ცილასა და ცხიმს.
რაკი ორგანიზმი ცხოველური ცილებითა და ცხიმებით აღარ იტვირთება, ქვეითდება პანკრეასის მიერ იმ ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც ამ კომპონენტების გადამუშავებაში მონაწილეობს. თუ მარხვის შემდეგ ცხოველურ საკვებს ერთბაშად მივეძალებით, დისკომფორტს აუცილებლად ვიგრძნობთ. ამ დროს მოსალოდნელია: მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გულძმარვა და სხვა სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებას ახლდეს თან.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მარხვის შემდეგ ორგანიზმში ცხოველური სურსათის გადამუშავებაში მონაწილე ფერმენტების შედარებითი (და არასრული) დეფიციტი ვითარდება, ანუ ორგანიზმს ამ ფერმენტების გამომუშავების უნარი შესწევს, მაგრამ მათი რაოდენობაა შემცირებული. ასე რომ, ფერმენტთა ის რაოდენობა, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვალი მარხვის შემდეგ გამოიმუშავებს, მხოლოდ მცირეოდენი ცხოველური საკვების მოსანელებლადაა საკმარისი. შესაძლოა, დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ მარხვა საჭმლის მომნელებელ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ ასეთი საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება – როდესაც ცხოველური საკვების მიღება განახლდება, ფერმენტების გამომუშავებაც თანდათან იმატებს. მთავარია, ადამიანი ნელ-ნელა დაუბრუნდეს ჩვეულ რაციონს, რათა აღნიშნული პროცესი უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად წარიმართოს.
რა შეიძლება გამოიწვიოს მარხვიდან არასწორმა გამოსვლამ
ზოგიერთი ჩვენგანი მარხვის დასრულებისთანავე გემრიელ და ცხიმიან საკვებს იღებს, რითაც საკუთარ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს სერიოზულ გამოცდას უწყობს. ჩვეულებრივ კვებაზე ერთბაშად გადასვლა ხშირად გასტრიტის, დუოდენიტის, წყლულოვანი დაავადების, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ჰემოროიდული დაავადების გამწვავებას იწვევს.
მადისაღმძვრელი სუფრა, ნაირგვარი საკვები კუჭის წვენისა და მარილმჟავას სეკრეციის მკვეთრ მატებას განაპირობებს, ეს კი განსაკუთრებით არასასურველია, როდესაც ადამიანს კუჭის წყლული აქვს. გარდა ამისა, ზომაზე მეტად იტვირთება პანკრეასი – სწორედ ის გამოიმუშავებს ცხოველური საკვების მონელებაში მონაწილე ფერმენტებს. თუ უხვ საკვებს დიდი ოდენობით ალკოჰოლიც დაემატა, დიდია მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკი. საფრთხე ნაღვლის ბუშტსაც ემუქრება: ცხოველური ცხიმით მდიდარი საკვები შესაძლოა ნაღველკენჭოვანი დაავადების გამწვავების მიზეზად იქცეს, ყოველივე ეს კი ნაწლავის გაღიზიანებასაც იწვევს.
სადღესასწაულო სუფრა გულ-სისხლძარღვთა სისტემას მეტისმეტად ტვირთავს, მით უმეტეს, თუ ადამიანი არტერიულ ჰიპერტენზიას ან გულ-სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიას უჩივის. ზედმეტი საკვების მიღების გამო საჭმლის მომნელებელ სისტემას მეტი სისხლი მიეწოდება, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სისხლისა და ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს. სწორედ ეს არის სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის რისკის მატების მიზეზი. დიდი ოდენობით მარილიანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება არტერიული წნევის მატებას განაპირობებს და ჰიპერტონიული კრიზის წინაპირობას ქმნის.
აუცილებელია ზომიერების დაცვა
დიეტოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ტრადიციულ რაციონს თანდათანობით უნდა დავუბრუნდეთ და არა – ერთბაშად. თუ ადამიანი ჯანმრთელია, ერთი კვირა მაინც არის საჭირო, რათა ორგანიზმმა პირვანდელი მდგომარეობა აღიდგინოს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტები კვლავ საკმარისი ოდენობით გამოიმუშაოს.
ავადმყოფებს ადაპტაციისთვის 2-3 კვირა სჭირდებათ. გარდა ამისა, საკვები გონივრულად უნდა იყოს შერჩეული.
მარხვის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში რეკომენდებულია კვება მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ. ეს რჩევა განსაკუთრებით ხანშიშესულმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ, ვინაიდან ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმის ადაპტაციის უნარი ქვეითდება. რასაკვირველია, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უკანასკნელი ულუფა დაძინებამდე, სულ მცირე, 2 საათით ადრე უნდა მივიღოთ.
გახსნილებისას ცხოველური პროდუქტის მიღება რძის ნაწარმით უნდა დავიწყოთ. ამ მხრივ საუკეთესოა მაწონი – რძემჟავა პროდუქტი, რომელიც ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. დაიწყეთ რძემჟავა პროდუქტებით – მაწვნით, კეფირით, იოგურტით, შემდეგ კი თანდათან გადადით რძეზე, ხაჭოზე, ნაღებზე, კარაქზე, ყველზე. რეკომენდებულია ჭყინტი, უმარილო ყველი, ხოლო მარხვის შემდეგ პირველ დღეებში შებოლილი სულგუნი და თუშური ყველი მძიმე მოსანელებელი იქნება.
ხსნილის პირველ დღეს კარგია კვერცხის მიღება, მაგრამ არა უზომოდ. პირველ დღეებში თითო კვერცხზე მეტი არ უნდა ჭამოთ, რადგან კარგად მოხარშული კვერცხი საკმაოდ ძნელი მოსანელებელია.
ხსნილის პირველ დღეებში შეგიძლიათ მიიღოთ მჭლე, დაქუცმაცებული, მოხარშული, ჩაშუშული ხორცი; გარნირად კი გამოიყენოთ კომბოსტო, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი, მჟავე კენკრა – შტოში, წითელი მოცვი.
გახსოვდეთ:
ხორცის მიღება არ შეიძლება მაკარონსა და ბურღულის ფაფასთან ერთად.
თუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სერიოზული პრობლემა გაქვთ, ჭამამდე შეგიძლიათ მიიღოთ ავშანის ან გვიმრის ნაყენი ან გადაყლაპოთ 2-3 მწიკვი ამ მცენარეთა გამხმარი, დაფშვნილი ფოთლები.
მარხვის დასრულებისთანავე არასასურველია ისეთი მძიმე საკვების მიღება, როგორებიცაა: შემწვარი გოჭი, ხინკალი, ხორციანი ღვეზელი, ხაჭაპური, მწვადი, ღორის ცხიმიანი ხორცი, ნაღები, ყველი.
ძნელი მოსანელებელია ხორცისა და სოკოს ან ხორცისა და პარკოსნების კომბინაცია. კატეგორიულად აკრძალულია ალკოჰოლის ჭარბი მიღება.
ხსნილში დაუშვებელია რაციონიდან მცენარეული პროდუქტების ამოღება. მარხვის შემდეგ საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს – მცენარეული და ცხოველური პროდუქტების ოპტიმალური თანაფარდობაა 3:1.
საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სრულფასოვანი გამომუშავების აღდგენამდე შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც პანკრეასის ფერმენტებს შეიცავს. საბედნიეროდ, მათი არჩევანი ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში საკმაოდ ფართოა.
მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა უნდა მოხდეს თანდათანობით – ყოველ კვებაზე მიიღეთ არა უმეტეს თითო ცხოველური პროდუქტისა. უმჯობესია, ხსნილის პირველ დღეებში არასამარხვო კერძებიდან მხოლოდ კვერცხი და უკრემო, ნაკლებად მსუყე ნამცხვარი ჭამოთ, ისიც – ზომიერად. იდეალურ შემთხვევაში მხოლოდ მესამე დღეს შეიძლება, თავს ხორცის მიღების უფლება მისცეთ.
ხსნილის პირველი ორი დღის განმავლობაში ნუ მიიღებთ მჟავე საკვებს, ზედმეტად მარილიან და სანელებლებით უხვად შეზავებულ კერძებს.