სისხლის საერთო ანალიზი (რას გვიჩვენებს და როდის იცვლება) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის საერთო ანალიზი (რას გვიჩვენებს და როდის იცვლება)

რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დაავადებათა დიაგნოსტიკაში. ადამიანის სისხლი მრავალი კომპონენტისგან შედგება, შესაბამისად, საერთო ანალიზის დროს ხდება ამ კომპონენტებისა და მათი სპეციფიკური მახასიათებლების შეფასება. რა მნიშვნელობა აქვს სისხლის კლინიკურ ანალიზს, რომელი ძირითადი კომპონენტების კვლევა მიმდინარეობს ამ დროს, როგორია თითოეული ძირითადი კომპონენტის ნორმული მაჩვენებელი და რას მიანიშნებს მათი მომატება-დაკლება, ამ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ლაბორატორიისა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული სამსახურის უფროსი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის (GLMA) ბორდის წევრი თამარ ბოლოთაშვილი. ქალბატონ თამარს 2008 წელს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი.

- ქალბატონო თამარ, რას გვეტყვით სისხლის საერთო ანალიზის კლინიკურ და სადიაგნოზო მნიშვნელობაზე?

- სისხლის საერთო ანალიზი ყველაზე ინფორმაციული, მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ლაბორატორიული კვლევაა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ასახავს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ცვლილებებს. სისხლის საერთო ანალიზი არის პროფილაქტიკური კვლევების ნაწილი, ამიტომ საჭიროა ყველა ექიმმა პირველივე ვიზიტისას დანიშნოს, რათა შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის სტატუსი ან მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობაზე: ცხელება, სისხლდენა, ინფექციური პროცესის არსებობა, ალერგიული რეაქციები, სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება და სხვა. სისხლის საერთო ანალიზი მთავარი მინიშნებაა ჰემატოლოგიური (ანემია, ლეიკოზი) დაავადებების დიაგნოსტირებაში, თუმცა საბოლოო დიაგნოზი სპეციფიკური, მიზნმიმართული და გაღრმავებული კვლევებით ისმება.

მიზანშეწონილია სისხლის საერთო ანალიზი ზრდასრულ ასაკში გეგმურად გაკეთდეს წელიწადში 1-2-ჯერ, ბავშვებს კი 3-4-ჯერ ჩაუტარდეთ.

- რა წესები უნდა დავიცვათ ანალიზისათვის სისხლის ჩაბარებისას?

- ანალიზისთვის გამოიყენება ძირითადად ვენური, იშვიათად - კაპილარული (თითიდან აღებული) სისხლი, გამოიყენება 0.5-2.5 მლ K3EDTA სინჯარა/ვაკუუმსინჯარა.

ანალიზის აღების წინ აუცილებლად გასათვალისწინებელია პრეანალიტიკური (წინასაანალიზო) ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ანალიზის შედეგებზე. მათი გაუთვალისწინებლობა ხშირად განსხვავებული შედეგების ან შეცდომების მიზეზი ხდება:

  • სასურველია, ანალიზის ჩაბარებამდე პაციენტი იყოს უზმოდ ან მსუბუქად ნასაუზმები;
  • მნიშვნელოვანია პაციენტის კლინიკური მდგომარეობა ანალიზის აღებისას (უნდა გამოირიცხოს ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და ა.შ.);
  • არ არის რეკომენდებული ანალიზის გაკეთება რენტგენოლოგიური, ფიზიოთერაპიული პროცედურების, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შემდეგ;
  • გავლენას ახდენს მენსტრუალური ციკლი, იცვლება ერითროციტების, თრომბოციტების რაოდენობა, ჰემოგლობინი და ედს-ი;
  • ლაბორატორიის მხრიდან აუცილებელია სისხლის აღების, შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების ზუსტი დაცვა, შიდა და გარე ხარისხის კონტროლის ჩატარება.

სისხლის საერთო ანალიზი რამდენიმე პარამეტრს მოიცავს და თითოეულს თავისი შინაარსი და ნორმის მაჩვენებელი აქვს. ანალიზის შედეგები იძლევა საშუალებას შევაფასოთ, ნორმაშია თუ არა ეს პარამეტრები და ვიმსჯელოთ, რაზე მიანიშნებს ნორმის ფარგლებიდან მათი გადახრა. ანალიზის ნორმები განსხვავებულია პოპულაციის, სქესისა და ასაკის შესაბამისად. მაგალითად, 2 წლამდე ბავშვებს ლიმფოციტების რაოდენობა გაცილებით უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე ზრდასრულებს, მაგრამ ეს ნორმაა და არა პათოლოგია. ორსულობისას (II ტრიმესტრში) ფიზიოლოგიურად ერითროციტების რაოდენობა ქვეითდება და ლეიკოციტები იმატებს, ასევე ფიზიოლოგიურია ლეიკოციტოზი ახალშობილებთან. ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, სტეროიდები, ქიმიოთერაპიული პრეპარატები, შარდმდენები, ანტიბიოტიკები და ა.შ.) იწვევს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას.

სადღეისოდ სისხლის საერთო ანალიზი თითქმის ყველა ლაბორატორიაში სამ- ან ხუთდიფერენცირებულ (3DIფ/5DIფ) მაღალტექნოლოგიურ ჰემატოლოგიურ ანალიზატორზე კეთდება, რომლებიც უჯრედების დიფერენცირების საშუალებას იძლევა და მიღებული პასუხით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომელი მათგანია მომატებული და ვივარაუდოთ ესა თუ ის დაავადება. ანალიზატორზე შესრულებული კვლევა ზუსტი და ინფორმაციულია, პრაქტიკულად გამორიცხულია ის ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, რომელთა ალბათობა მანუალური მეთოდით კვლევისას გამორიცხული არ არის. ამასთან, შესაძლებელია ისეთი პარამეტრების გაზომვა, რომელთა განსაზღვრა მანუალური მეთოდით შეუძლებელია, არადა მნიშვნელოვანი კლინიკური ღირებულება აქვს: ერითროციტების საშუალო მოცულობა, ერითროციტების განაწილების ფართი, ჰემოგლობინის ინდექსები, თრომბოკრიტი. არის შემთხვევები, როდესაც ნეიტროფილების დიფერენცირების, ფსევდოთრომბოციტოპენიის (რაც გამოწვეულია თრომბოციტების ინ ვიტრო აგრეგაციით) გამოსარიცხად, სხვადასხვა ჰემატოლოგიური დაავადებისა და პათოლოგიების დროს ნაცხი იღებება და კეთდება მიკროსკოპია.

- რომელი კომპონენტების კვლევას ეფუძნება სისხლის საერთო ანალიზი და რაზე მეტყველებს ყოველი პარამეტრის მნიშვნელობა?

- სისხლის შემადგენლობაში შედის წითელი უჯრედები, ანუ ერითროციტები, თეთრი უჯრედები ანუ ლეიკოციტები, თრომბოციტები და სისხლის პლაზმა. ეს ერთიანობა არის ის უნივერსალური ბიოლოგიური მასალა, რომელიც გამოიყენება სისხლის საერთო ანალიზისთვის. მაშინ როცა სხვა ბიოქიმიური თუ იმუნოლოგიური გამოკვლევები კეთდება მხოლოდ პლაზმაში ან შრატში.

  • ლეიკოციტების (WBC) რაოდენობა;
  • ლეიკოციტური ფორმულა (ნეიტროფილი, ლიმფოციტი, მონოციტი, ეოზინოფილი, ბაზოფილი);
  • ერითროციტების (RBC) რაოდენობა;
  • ჰემოგლობინი (HGB);
  • ჰემატოკრიტი (HCT);
  • თრომბოციტების (PLT) რაოდენობა;
  • ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ESR).

ერითროციტების რაოდენობა RBC - ერითროციტები სისხლის ფორმიანი უჯრედებია, წარმოიქმნება ძვლის ტვინში, შეიცავს ცილა ჰემოგლობინს, რომელსაც ჟანგბადი - ფილტვებიდან ქსოვილებამდე, ხოლო ნახშირორჟანგი ქსოვილებიდან ფილტვებამდე მიაქვს. ერითროციტები მონაწილეობენ ორგანიზმში მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაში.

<> RBC ერითროციტების რაოდენობის მატება (პოლიციტემია) აღინიშნება გულის უკმარისობის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ზოგიერთი სახის სიმსივნის, ძვლის ტვინის იშვიათი პათოლოგიების (ჭეშმარიტი პოლიციტემია) დროს, ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს მოხმარების შედეგად, ზოგიერთი მედიკამენტის, მათ შორის - სტეროიდების მიღებისას, სიმაღლეზე, მაგალითად, ალპურ ზონაში ასვლისას (ამ დროს იმატებს ჰემოგლობინის ლიგანდის 3-ფოსფოგლიცერალდეჰიდის კონცენტრაციაც).

დეჰიდრატაცია, დიარეა, ღებინება, ჭარბი ოფლიანობა, დამწვრობა, შარდმდენი საშუალებების გამოყენება ასევე ხასიათდება პოლიციტემიით. ამ მდგომარეობას ხშირად ცრუპოლიციტემიის სახელით მოიხსენიებენ, რადგანაც სისხლში ერითროციტების რაოდენობის მატება მხოლოდ სითხის დაკარგვითა და პლაზმის მოცულობის შემცირებითაა განპირობებული, რეალურად სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა ამ დროს უცვლელია.

<> RBC ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია) ვითარდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა სისხლდენა, თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, თალასემია, ნამგლისებრური ანემია, რკინადეფიციტური ანემია, ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინის დეფიციტი, ფიზიოლოგიური მდგომარეობის, მაგალითად, ორსულობისას ჰიპერპროტეინემია.

ჰემოგლობინის ინდექსები: ერითროციტის საშუალო მოცულობა - MჩV და ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა ერითროციტში - MCH.

  • MCV და MCH მატება, მაკროციტოზი, ახასიათებს ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის დეფიციტს (ამ დროს MCHC-ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია ხშირად ნორმალურია), ღვიძლის დაავადებას, ალკოჰოლიზმს, ჰიპოთირეოზს, ძვლის ტვინის მიერ სისხლის წითელი უჯრედების ზრდას, მაგალითად, სისხლის დაკარგვის შემდეგ, ძვლის ტვინის დაავადებას, მიელოდისპლასტიურ სინდრომს, არის გარკვეული მედიკამენტების გვერდითი ეფექტი.
  • MCV და MCH შემცირება ვლინდება მიკროციტული ჰიპერქრომული ანემიის, რკინის დეფიციტის, თალასემიის, სიდერობლასტური ანემიის დროს, შესაძლებელია რკინის შეწოვის დარღვევა.
  • MCV და MCH ნორმალურია ჰემოლიზის, სისხლდენით გამოწვეული ანემიის, ანთების ან სიმსივნით გამოწვეული ანემიების დროს.

ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია – MCHC გვიჩვენებს ერითროციტის ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს და მნიშვნელოვანია ანემიების მკუნალობის მონიტორინგისთვის.

  • MCHC - იმატებს თანდაყოლილი ნამგლისებური ანემიების დროს, სიცივის აგლუტინინების არსებობისას, მაღალი ლიპემიის დროს;
  • MCHC - მცირდება შორსწასული ჰიპერქრომული ანემიების დროს.

ერითროციტების განაწილების ფართი - RDW გამოიყენება როგორც ერითროციტების პოპულაციის ვარიაციის კოეფიციენტი, ერითროციტების ანიზოციტოზის მაჩვენებელი. ეს პარამეტრი მნიშვნელოვანია ანემიების დიფერეცნიალური დიაგნოსტირებისას.

RDW იმატებს სხვადასხვა სახის ანემიის, რკინადეფიციტური, სიდერობლასტური და მაკროციტული ანემიების, მიელოდისპლაზიური სინდრომების, ძვლის ტვინის მეტაპლაზიების დროს.

ჰემოგლობინი HGB - ჰემოგლობინი ერითროციტების ძირითადი ცილაა, რომელიც შედგება ჰემისა და გლობინისაგან და უზრუნველყოფს აირთა ცვლას.

  • ↑HGB ჰემოგლობინის დონის მატება აღინიშნება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ემფიზემის, გულის უკმარისობის, თირკმლებისა და ღვიძლის სიმსივნეების, ჭეშმარიტი პოლიციტემიის დროს.
  • ↓HGB ჰემოგლობინის შემცველობის შემცირება აღინიშნება სისხლდენის, სხვადასხვა ტიპის ანემიების, თირკმლებისა და ღვიძლის პათოლოგიების, სიმსივნეების დროს, ასევე ისეთი მდგომარეობების შემთხვევაში, როდესაც მიმდინარეობს ერითროციტების გაძლიერებული დაშლა, მაგალითად, თალასემია, პორფირია, ნამგლისებრური ანემია.

ჰემატოკრიტი - HCT სისხლის ფორმიანი ელემენტების და პლაზმის შეფარდებაა. იგი დამოკიდებულია ერითროციტის რაოდენობასა და მოცულობაზე.

  • ↑HCT ერითროციტოზები, ფილტვის ქრონიკული სნეულებები, სიმაღლეზე ყოფნა, დეჰიდრატაცია, ერითროპოეტინის გაძლიერებული წარმოქმნით მიმდინარე თირკმლის სიმსივნეები და პოლიკისტოზი.
  • ↓HCT ანემია, სიხლდენა. როდესაც იკარგება სისხლის 30-40%, პაციენტს აღენიშნება პოსტჰემორაგიული ანემია - სისხლდენის შემდგომი სისხლნაკლებობა, რომელიც სწორედ სისხლის საერთო ანალიზში გამოიხატება ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის ან ერითროციტის კრიტიკულად შემცირებული მაჩვენებლით და არის სისხლის გადასხმის (ჰემოტრანსფუზიის) ჩვენება. სისხლის გადასხმის მნიშვნელოვანი მიზეზია სხვადასხვა სახის ანემია, მაგალითად, როდესაც პაციენტს უდგინდება რკინადეფიციტური, ჰემოლიზური, სისხლწარმოქმნის დარღვევის შედეგად განვითარებული თუ სხვა სახის დაუზუსტებელი ანემია.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე - ESR ედს-ი ასახავს სისხლის ფიზიკური და ქიმიური თვისებების ცვლილებებს, რაც გამოხატულია ერითროციტების დალექვის სიჩქარის მაჩვენებლით.

  • ↑ESR ედს-ის მატება არაპირდაპირ (ირიბად) მიუთითებს ორგანიზმში არსებულ ანთებით პროცესზე, ასევე აღინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის, ონკოლოგიური დაავადებების, თირკმლების პათოლოგიებისა და ორსულობის პერიოდში. ედს-ი იმატებს სხვადასხვა ტიპის ანემიის დროს, მაშინაც, როცა მცირე რაოდენობითაა ერითროციტები და სიმცირის გამო სწრაფად ილექება.
  • ↓ESR დაბალი ედს-ი 0-1-2 ერითროციტების მაღალი რაოდენობის დროს აღინიშნება.

ბოლო დროს განხილვის საგანია, რამდენად საჭიროა ედს-ის მაჩვენებელი, თუმცა ზოგიერთი დაავადებების დროს, როცა კლინიკური ნიშნები და ანალიზის სხვა პარამეტრები ნორმაშია, ედს-ის მატება შეიძლება იყოს ინფორმაციული დაავადებაზე ეჭვის მისატანად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არასაკმარისია და ექიმი შესაბამისად ნიშნავს დამატებით გამოკვლევებს, კრებს ანამნეზს და განსაზღვრავს მკურნალობის მიმართულებას.

ლეიკოციტები WBC - ლეიკოციტები სისხლის თეთრი უჯრედებია, რომლებიც ელენთაში, ლიმფურ კვანძებსა და ძვლის წითელ ტვინში წარმოიქმნება. ლეიკოციტები ორგანიზმს ინფექციისგან იცავენ, აქტიურად ებრძვიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და სხვა მიკროორგანიზმებს. მათი მომატება სისხლში მიუთითებს ანთებითი პროცესის მიმდინარეობაზე. ლეიკოციტების რაოდენობის მომატების მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციური პროცესები, ქსოვილების დაზიანება (მაგალითად, გულის კუნთის ინფარქტი), დამწვრობა, თირკმლების უკმარისობა, ტუბერკულოზი, ლეიკემია. ასევე ლეიკოციტების რაოდენობის მატება შეიძლება განაპირობოს მედიკამენტების გამოყენებამ (მაგალითად, კორტიკოსტეროიდების), თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებმა, ელენთის ამოკვეთამ. ლეიკოციტები იმატებს ძლიერი ემოციური სტრესის, ფიზიკური დატვირთვის, ორსულობის დროს, რაც განპირობებულია ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობით.

რაც შეეხება ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას, აღინიშნება თირკმლის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, აპლასტიური ანემიის, ვირუსული ინფექციების: გრიპის, მალარიის, აივ-ინფექციის, ალკოჰოლიზმის დროს. ასევე შეიძლება გამოიწვიოს ქიმიოთერაპიამ და სხვადასხვა მედიკამენტის მიღებამ.

ლეიკოციტების ცალკეული ტიპის რაოდენობრივი ცვლილებები განსაზღვრავენ დიაგნოსტიკურ მიმართულებას. ლეიკოციტების ძირითადი ტიპია ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები, მონოციტები და ლიმფოციტები.

ნეიტროფილები NEU - სისხლში არსებული გრანულოციტური ლეიკოციტების ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლებია.

↑NEU – ნეიტროფილების რაოდენობის მატებას ნეიტროფილოზი ეწოდება. ნეიტროფილების მომატება შესაძლოა იყოს ცრუ - ტირილის, აღგზნების, ფიზიკური დატვირთვის ფონზე გამოწვეული და ჭეშმარიტი, ანუ პათოლოგიური - სხვადასხვა ინფექციური (ნაკლებად - ვირუსული ინფექციების დროს) და ანთებითი პროცესების, შოკის, სისხლდენის, კეტოაციდოზის, მიოკარდიუმის ინფარქტის, სპლენექტომიის დროს. ამ პათოლოგიების მძიმე მიმდინარეობისას შეიძლება მოიმატოს ჩხირბირთვიანი ნეიტროფილების რაოდენობამ და გაჩნდეს უმწიფარი გრანულოციტები (მიელოციტები, მეტამიელოციტები), რასაც ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრას ვუწოდებთ.

↓ NEU - ნეიტროფილების ნაკლებობა ვლინდება ტიფის, ბრუცელოზის, მალარიის, ვირუსული ინფექციების, გრიპის, წითელას, წითურას, ჰეპატიტების დროს. შესაძლოა ნეიტროფილების რაოდენობა შემცირდეს დასხივების შედეგად.

ეოზინოფილები EOS - მიეკუთვნება გრანულოციტების ჯგუფს. ეოზინოფილები სუსტი ფაგოციტებია. ახასიათებთ ქემოტაქსისი, მაგრამ ნეიტროფილებთან შედარებით მათი მნიშვნელობა ორგანიზმის ინფექციისაგან დაცვაში მცირეა. ლეიკოციტურ ფორმულაში ეოზინოფილების რაოდენობა შეადგენს 2-4%-ს.

EOS ეოზინოფილების რიცხვი მკვეთრად მატულობს სისხლში პარაზიტული ინფექციების (ასკარიდოზი, ექინოკოკოზი, ლამბლიოზი), დერმატოზების, ალერგიული დაავადებების დროს, ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნისა და მეტასტაზური კარცინომის, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის დროს;

↓ EOS ეოზინოფილების რაოდენობის შემცირება კი აღინიშნება ტუბერკულოზის მძიმე ფორმის, სეფსისის, კუშინგის სინდრომის დროს, სტეროიდებით მკურნალობისას.

მონოციტების MON - რაოდენობის მატება ხშირია მწვავე ინფექციური მონონუკლეოზის, წითელას, ყივანახველის, ინფექციური პაროტიტის, ქრონიკული ტუბერკულოზის, ათაშანგის და ბრუცელოზის დროს, ბაქტერიული ენდოკარდიტის, ჰოჩკინის ლიმფომის დროს, გლიკოკორტიკოიდებით მკურნალობისას.

ბაზოფილები BAS - ბაზოფილია, ანუ ბაზოფილების მომატება აღინიშნება მძიმე ანემიის, ლეიკოზის, სპლენექტომიის დროს.

ლიმფოციტები LYM – ლიმფოციტები მთელი ლეიკოციტების 20-35%-ს შეადგენენ. მონაწილეობენ ანტისხეულების სინთეზში და უმთავრეს როლს თამაშობენ იმუნოლოგიურ პროცესებში. ლიმფოციტოზი სისხლში ლიმფოციტების მაღალი შემცველობაა.

↑LYM - მატება გვხვდება ვირუსული ინფექციების, ინფექციური მონონუკლეოზის, ყივანახველის, ჰეპატიტის, ქრონიკული ლიმფოლეიკოზისა და სხვა დაავადებათა დროს, ტრავმის შემდეგ, სპლენექტომიის შემდგომი მდგომარეობისას.

↓LYM - შემცირება დამახასიათებელია შიდსის, ტუბერკულოზის, იმუნოსუპრესორული, ქიმიო- და სხივური თერაპიის, სისტემური წითელი მგლურას, ჰოჩკინის ლიმფომისათვის. წლევანდელი მსოფლიო პანდემიის გამო ლაბორატორიებზე მოვიდა დიდი დატვირთვა, კერძოდ, ჩOVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს სისხლის საერთო ანალიზში აღენიშნებათ ლიმფოციტების შემცირება და ნეიტროფილებისა და ედს-ის მატება.

თრომბოციტები PLT - სისხლის შედედებაზე არიან პასუხისმგებელნი, გარდა ამისა, მონაწილეობენ ანთებით პროცესებში. თრომბოციტების რაოდენობის მომატებას - თრომბოციტოზი, დაკლებას თრომბოციტოპენია ეწოდება. თრომბოციტებს აქვთ აგრეგაციის (შეწებება) და ზედაპირზე ადჰეზიის უნარი, შეუძლიათ გამოიმუშაონ შედედების თრომბოციტული ფაქტორები და გადაიტანონ პლაზმური ფაქტორები, აღადგინონ დაზიანებული სისხლძარღვი.

↑PLT - თრომბოციტების რაოდენობის მატება აღინიშნება სისხლდენის, რკინის დეფიციტის, სიმსივნეების, ძვლის ტვინის პათოლოგიების დროს, ძლიერი სისხლდენის, პოსტოპერაციული მდგომარეობის, სპლენექტომიის, ინფექციების, სხვადასხვა სიმსივნის დროს.

↓PLT - შემცირება დამახასიათებელია სისხლის დაავადებების, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის, ორსულობის, აუტოიმუნური დაავადებებისათვის, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება (ანტიბიოტიკები, შარდმდენები, დიგოქსინი, ნიტროგლიცერინი) ასევე ამცირებს სისხლში თრომბოციტების შემცველობას, ტოქსიკური ზემოქმედებით, თრომბოციტების რაოდენობა სისხლში იკლებს ალკოჰოლის გამოყენების, მძიმე მეტალებით მოწამვლისას.

რეტიკულოციტები RET - ახალგაზრდა მოუმწიფებელი ერითროციტებია, 24 სთ-ში ისინი ერითროციტებად ყალიბდებიან. რეტიკულოციტების რაოდენობა ასახავს ეფექტურ ერითროპოეზს. რეტიკულოციტები ნორმაში 5-10%-ია. მათი მომატება აღინიშნება სისხლის რეგენერაციის პროცესების გაძლიერების დროს. მატულობს მწვავე სისხლდენის, ჰემოლიზური ანემიის დროს. რეტიკულოციტების რაოდენობა მცირდება ვიტამინი B12, ფოლიუმის მჟავას დეფიციტის, რკინის შეთვისების დარღვევისას, თირკმლისმიერი ანემიის დროს.

ლაბორატორიაში კვალიფიციურად შესრულებულ და ექიმის მიერ სწორად წაკითხულ სისხლის საერთო ანალიზს აქვს კლინიკური ღირებულება დიაგნოსტირების ან უკვე დიაგნოსტირებული საკითხის გადასაჭრელად. სისხლის ზოგიერთი პარამეტრი იძლევა სპეციფიკურ ინფორმაციას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ანალიზებში არსებული ცვლილებები გამოხატავენ იმ პათოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც საერთოა მთელი რიგი დაავადებებისთვის. ლაბორატორია არის ბევრად მეტი, ვიდრე სერვისი და მოითხოვს მუდმივ კავშირს ექიმებთან. აღნიშნული კი იმის გარანტიაა, რომ სწრაფად და ეკონომიურად დაისმება დიაგნოზი და დაიზოგება პაციენტი.

mkurnali.ge