სინუსიტი - მიზეზები და მკურნალობა

ისეთი ბანალური დაავადებაც კი, როგორიც კარიესია, შეიძლება მწვავე სინუსიტის მიზეზად იქცეს. თვით მწვავე სინუსიტი, თუ დროულად არ ვუმკურნალეთ, შეიძლება ქრონიკულში გადაიზარდოს, რომლის მკურნალობასაც უამრავი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. დროული დიაგნოსტიკისა და კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში კი მწვავე სინუსიტი ადვილად იკურნება.
სინუსიტის განვითარების მიზეზებზე, მისი დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებებზე გვესაუბრება ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის ამბულატორიული განყოფილების უფროსი ექიმი ოტორინოლარინგოლოგი მაია მაისაშვილი:
- რა არის სინუსიტი?
- იმისთვის, რომ გასუფთავდეს, ჰაერმა ცხვირში არსებული ლორწოვანი გარსით დაფარული ღრუების რამდენიმე ლაბირინთი უნდა გაიაროს. ამ ღრუებს დანამატი წიაღები ეწოდება და ემსახურება არა მარტო კომფორტულ სუნთქვას, არამედ წნევის გათანაბრებას ქალას ღრუ წარმონაქმნებსა და ატმოსფეროს შორის. ამ წიაღების ანთებას ექიმები სინუსიტს უწოდებენ (ლათინურად სინუს წიაღს ნიშნავს).
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ადამიანს ცხვირის სულ 4 წყვილი დანამატი წიაღი აქვს: ჰაიმორისა, შუბლისა, ძირითადი და ცხავისა. ჰაიმორის წიაღი ყველაზე დიდია, ამიტომ ჰაიმორიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სინუსიტია. მისი სიმპტომები პირველად ექიმმა ჰაიმორმა აღწერა XVII საუკუნეში. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც.
- როგორ მიმდინარეობს სინუსიტები ბავშვებში?
- დაბადებისას დამანატი წიაღები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. მათი ფორმირება სხვადასხვა ასაკში ხდება. თუკი წიაღი არ არსებობს, ბუნებრივია, ვერც მისი ანთება განვითარდება... თავდაპირველად შუბლის წიაღები ყალიბდება, ამიტომ პატარა ბავშვებს უმეტესად მათი ანთება - ეთმოიდიტი ემართებათ. მოზრდილებში ხშირად გვხვდება პოლისინუსიტი - ყველა წიაღის ერთდროული ანთება. ყველა წიაღს, განურჩევლად ზომისა, აქვს პატარა მილი, რომლითაც იგი ცხვირის ღრუში იხსნება. ლორწოვანი გარსის შეშუპების დროს გამოსავალი მილები იხშობა, ირღვევა წიაღიდან ლორწოს დენა, რის შედეგადაც ვითარდება ანთება.
- რა იწვევს სინუსიტს?
- სინუსიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ბოლომდე არანამკურნალევი სურდო და ფეხზე გადატანილი მწვავე ვირუსული ინფექცია (გრიპი, წითელა და სხვა). ასევე - ის მდგომარეობები, რომლებიც ართულებს ცხვირით სუნთქვას: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული (ალერგიული ან ვაზომოტორული) სურდო. ხშირად სინუსიტს პროვოცირებას უწევს დაავადებული ადენოიდები ან ზედა უკანა ოთხი კბილის ფესვის დაავადებები. თავდაპირველად წიაღში ხვდება დაავადების გამომწვევი მიკრობები, ხოლო ორგანიზმი იმუნიტეტის დაქვეითების, გაციების ან ალერგიის გამო ვერ ერევა ინფექციას. შეშუპების გამო წყდება წიაღის ვენტილაცია, ის იზოლირდება ცხვირის ღრუსგან, მაგრამ მასში თანდათანობით გამოიყოფა ლორწო, რომელიც ნელ-ნელა ავსებს წიაღს. წარმოიშობა იდეალური პირობები მიკრობების გამრავლებისთვის და წიაღში გროვდება ჩირქი.
- როდის ვითარდება ქრონიკული სინუსიტი?
- თუ მწვავე სინუსიტს არ ვუმკურნალეთ, ის მიიღებს ქრონიკულ ფორმას. ამ დროს დაავადება თითქოს უკან იხევს: თავის ტკივილი თანდათანობით ქრება და სიმძიმის შეგრძნებაში გადადის, ცხვირი გვეჭედება არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ წოლისას, ჩნდება სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ცხვირ-ხახის ქრონიკული ანთებისთვის: ჩახეხილობა, ყლაპვისას ყელის ტკივილი, სიმშრალე. ზოგჯერ ეს პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და წლების შემდეგ იჩენს თავს. გაქრონიკულებული სინუსიტი ხშირად იწვევს გართულებებს შინაგანი ორგანოების: გულის, თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების, - მხრივ.
- როგორ სვამენ დიაგნოზს?
- ოტორინოლარინგოლოგები სინუსიტის დიაგნოზს, ჩვეულებრივ, რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე სვამენ. დღეისთვის დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმაციული მეთოდია დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია. დამხმარე მეთოდად მიიჩნევა დიაფანოსკოპია.