ყურის საცობი

რატომ ჩნდება ყურში საცობი, აუცილებელია თუ არა მისი ამორეცხვა? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა საოჯახო მედიცინის #3 ცენტრის ექიმს, ოტორინოლარინგოლოგ მიხეილ გრიგალაშვილს ვთხოვეთ.
- ბატონო მიხეილ, რას წარმოადგენს ყურის საცობი და რატომ უჩნდება ის ზოგ ადამიანს?
- მოგეხსენებათ, ჩვენ, ყველას, გარეთა სასმენ მილში, კანქვეშ, უხვად გვაქვს ქონისა და ცვილის (ანუ გოგირდის) ჯირკვლები, რომლებიც შესაბამის პროდუქტს (სეკრეტს) გამოყოფენ. გარკვეული ხნის განმავლობაში ეს სეკრეტი ყურში გროვდება და საცობს წარმოქმნის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ აღნიშნული სეკრეცია მეტად ინდივიდუალურია.
საცობის წარმოქმნა იმაზე არ არის დამოკიდებული, იწმენდს თუ არა ყურებს ადამიანი, ან, თუ იწმენდს, როგორი ინტენსივობითა თუ სიხშირით, როგორ ან რანაირად. ეს დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე, მის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. მე მყოლია ერთი წლის პაციენტიც უზარმაზარი საცობით, რომელიც მთლიანად ავსებდა სასმენ მილს, და 85 წლისაც, რომელსაც მანამდე არასოდეს ჰქონია ასეთი პრობლემა და არასოდეს ჩაუტარებია ყურის ამორეცხვა. გოგირდის საცობის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, ვის როგორი სეკრეცია აქვს - ჭარბი თუ მცირე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ხალხში გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ასაკთან ერთად იმატებს ყურში საცობის წარმოქმნის ალბათობაც, მაგრამ თუ ამოირეცხე, ყველაფერი რიგზე იქნება. არის შემთხვევები, როდესაც მოდიან და დაჟინებით ითხოვენ ყურის ამორეცხვას, იმ მიზეზით, რომ მათმა ნაცნობმა, ახლობელმა ჩაიტარა ეს პროცედურა და ახლა თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. ეს მაშინ, როცა თავად მათ ამორეცხვა შესაძლოა სულ არ სჭირდებოდეთ. ისიც აღსანიშნავია, რომ საცობი - მყარი კონსისტენციის მასა - შეიძლება წლობით იყოს ყურში და ადამიანს სრულიადაც არ უშლიდეს ხელს, შეიძლება იმ დონემდე იყოს გამხმარ-გამომშრალი, რომ ბგერებს ატარებდეს და მაინცდამაინც დიდ დისკომფორტს არ წარმოშობდეს. სმენის განსაზღვრული ხარისხის დაქვეითება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება გამოხატული, მაგრამ ადამიანი ამას ზოგჯერ ისეა შეჩვეული და შეგუებული, რომ დისკომფორტს ვერ გრძნობს, შესაბამისად, მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ საკმარისია, ყურში საპნიანი ან ზღვის წყალი ჩაუვიდეს, რომ საცობი ფუვდება, იჯირჯვება და უკვე საგრძნობლად ახშობს სასმენ მილს. ამის გამო სმენა შესამჩნევად სუსტდება და ადამიანს სერიოზული დისკომფორტი ექმნება.
არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი შეშფოთებული, შეშინებული მოდის ჩვენთან - ვაიმე, ექიმო, დავყრუვდი, რა მეშველებაო. უნდა ნახოთ მათი სიხარული, როცა სულ რაღაც ათწუთიანი მანიპულაციის შემდეგ სმენა უბრუნდებათ და შვებას გრძნობენ.
- გარდა სმენის დაქვეითებისა, რა სიმპტომები ახლავს თან სასმენ მილში საცობის არსებობას?
- ხშირია შუილი, ხმაური. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტი თავბრუხვევას უჩივის, ვინაიდან ზოგიერთს მეტად მგრძნობიარე ვესტიბულური აპარატი აქვს. ზოგჯერ სისხლძარღვოვან ან სხვა სახის დარღვევებს ვეჭვობთ. თავდაპირველად საჭიროა სასმენი მილის ოტოსკოპით დათვალიერება. თუ საცობის არსებობა დადგინდა, საჭიროა ყურის ამორეცხვა. თუ პაციენტს ჩივილები ამის შემდეგაც არ მოეხსნა, ესე იგი პრობლემას სხვა მიზეზი აქვს და მას უნდა მივაგნოთ. ასეთ დროს ტარდება აუდიომეტრია, რათა გაირკვეს, ნეიროსენსორულია თუ კონდუქტიური სმენის დაქვეითება. საფუძვლიანი გამოკვლევა და სწორი დიაგნოზი ექიმს საშუალებას აძლევს, რაციონალურად მიუდგეს, სწორი მკურნალობა დაუნიშნოს პაციენტს. რამდენადაც ახლა საცობების თემას ვეხებით - ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.
- უმეტესად რა ასაკის ადამიანები მოგმართავენ?
- როგორც უკვე მოგახსენეთ, საცობის წარმოქმნა მეტად ინდივიდუალურია და ასაკზე არ არის დამოკიდებული. რაც შეეხება მომართვას, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ყურადღებიანია ადამიანი და რამდენ დროს უთმობს საკუთარ ჯანმრთელობას. ამ თვალსაზრისით უფრო 50 წელს გადაცილებულები გამოირჩევიან, - ხომ იცით, ახალგაზრდებს, თუ რამემ მეტისმეტად არ შეაწუხათ, ექიმთან მისვლა არ უყვართ. ცალკე საკითხია ბავშვებისადმი დედ-მამის ყურადღება. ზოგიერთი მშობელი მეტად დაკვირვებულია და უმალვე ამჩნევს, რომ შვილს კარგად არ ესმის, არ აყოვნებს და ბავშვი დროულად მიჰყავს ექიმთან. იმას კი, სამწუხაროდ, ჯერ ვერ მივაღწიეთ, რომ ბავშვები პროფილაქტიკური გასინჯვისთვის მოგვიყვანონ.