იზოლირებული სისტოლური ჰიპერტონია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იზოლირებული სისტოლური ჰიპერტონია

.

"ზედა და ქვედა წნევას შორის სხვაობა მუდმივად დიდი მაქვს. მაგალითად, როცა ზედა მაჩვენებელი 180-ია, ამ დროს ქვედა 80-ს უდრის, ან, შესაბამისად, 150\ 65-ზე მაქვს. ვარ 68 წლის. გთხოვთ ამიხსნათ, რისი ბრალია ეს, საშიში თუა და როგორ ვიმკურნალო."

სასურველი იქნებოდა, მეტი გვცოდნოდა წერილის ავტორის ავადმყოფობის ისტორიაზე, რათა შედარებით ზუსტად მიგვეწოდებინა ის ინფორმაცია, რომელიც მას აინტერესებს. მხოლოდ წნევის მაჩვენებელი ამის საშუალებას არ იძლევა. არსებული მონაცემების საფუძველზე ვეცდებით, ვუპასუხოთ დასმულ შეკითხვებს.

ჰიპერტონია ანუ არტერიული ჰიპერტენზია არტერიული წნევის ნორმაზე მეტად აწევაა. ნორმა, ასაკის შესაბამისად, 110/70 – 130/80მმ.ვწყ.სვ-ის დიაპაზონში მერყეობს. აქვე აღვნიშნავ, რომ ასაკთან ერთად სისტოლური არტერიული წნევის მომატება არცთუ ისე დიდი ხნის წინ ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესად განიხილებოდა და "სიბერის გამოხმაურებად" ითვლებოდა.

იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის ცალკე გამოყოფა სწორედ იმის გამო გახდა საჭირო, რომ ის გულ-სისხლძარღვთა, ცერებრული და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის ასაკობრივ ნორმად მიჩნევა და ამ მოტივით მკურნალობის გარეშე დატოვება სერიოზული შეცდომაა, რომელსაც ავადმყოფისთვის საბედისწერო შედეგი მოაქვს.

იზოლირებულ სისტოლურ ჰიპერტენზიას ჯანდაცვის ექსპერტები ამგვარად განმარტავენ:

"იზოლირებული სისტოლური ჰიპერტონია - ეს არის ზოგადი ტერმინი, რომელიც მიესადაგება ყველა იმ ავადმყოფს, რომელსაც აქვს მაღალი (140 მმ.ვწყ.სვ-ის ტოლი ან მეტი) სისტოლური და 90 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები დიასტოლური წნევა".

აღნიშნული პათოლოგია იმატებს 55 წელს გადაცილებულ პაციენტებში. ჰიპერტენზიის ეს ფორმა ქალების 14%-სა და მამაკაცების 23%-ს აღენიშნება.

ასევე ცალკეა გამოყოფილი და ხშირად გვხვდება სკლეროზული სისტოლური ჰიპერტონია, რაც გულისხმობს მხოლოდ სისტოლური წნევის მომატებას, გვხვდება ხანდაზმულ პირებში და საფუძვლად არ უდევს რომელიმე დაავადება, რომელსაც შეეძლო მაღალი სისტოლური წნევა გამოეწვია.

საჭიროა, ერთმანეთისგან განვასხვაოთ პირველადი იზოლირებული და მეორეული ანუ სიმპტომური ჰიპერტონია.

მეორეული ანუ სიმპტომური ჰიპერტონია თან ახლავს შემდეგ დაავადებებსა და მდგომარეობებს: აორტის სარქვლის უკმარისობას, სრულ ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას, არტერიოვენურ ანევრიზმას, ღია არტერიულ სადინარს, აორტიტს, მონკებერგის სკლეროზს, აორტის კოარქტაციას, თირეოტოქსიკოზს, პეჯეტის დაავადებას, ბერი-ბერის ავადმყოფობას, ანემიას, ცხელებას. თითოეული დაავადების დროს განვითარებული მაღალი წნევის მექანიზმს ამ სტატიაში, სამწუხაროდ, ვერ განვიხილავთ. ჩვენს მკითხველს ვურჩევთ, ჩაიტაროს საფუძვლიანი გამოკვლევა, რათა დაადგინოს წნევის მატების მიზეზი, რაც სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების საწინდარია.

  • კლინიკური სურათი

არტერიული წნევის ხასიათის, მისი დინამიკის, კლინიკური სიმპტომატიკის მიხედვით მიზანშეწონილია გამოიყოს პირველი და მეორე ტიპი, ლაბილური და სტაბილური ჰიპერტონია.

  1. პირველი ტიპი - სკლეროზული სისტოლური ჰიპერტონიის ე.წ. პირველადი ფორმა. ამ დროს არც ანამნეზში, არც უშუალოდ ავადმყოფზე დაკვირვებისას არ აღინიშნება დიასტოლური წნევის მომატება (გარდა ძალიან იშვიათი შემთხვევებისა). ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის, აღინიშნება სისტოლური ჰიპერტონია, რომელიც ენაცვლება წნევის ნორმალურ მაჩვენებელს.
  2. მეორე ტიპი – სისტოლურ-დიასტოლური ჰიპერტონიის თანდათანობითი ტრანსფორმაცია სკლეროზულ სისტოლურ ჰიპერტონიაში.
  3. ჰიპერტენზიის სტაბილური მიმდინარეობისას ადგილი აქვს სისტოლური წნევის შედარებით მუდმივ მატებას მცირე მერყეობით. დიასტოლური წნევა არ არის მომატებული ან ჯერ კიდევ მცირედ მერყეობს. ჰიპერტონიული კრიზები არ ვითარდება ან იშვიათია.
  4. ჰიპერტონიის ლაბილური მიმდინარეობისას სისტოლური წნევის მერყეობა მკვეთრად გამოხატულია, დიასტოლურისა - ნაკლებად; წნევა შეიძლება მკვეთრად მერყეობდეს დღის მანძილზე, ხშირია პერიოდები წნევის ნორმალური მაჩვენებლით, ხშირია ჰიპერტონიული კრიზი.

მომატებული სისტოლური წნევის მქონე პირებს აღენიშნებათ სიმპტომების წყება, რომელთაგან ერთი შეიძლება დავუკავშიროთ თვითონ ჰიპერტონიას, დანარჩენი კი თანმხლებ ათეროსკლეროზს.

ჰიპერტონიასთან დაკავშირებული სიმპტომები, თავის მხრივ, შეიძლება დაიყოს:

  1. ტიპურ ნიშნებად- ნებისმიერი სახის ჰიპერტონიისთვის დამახასიათებელი;
  2. არატიპურ ნიშნებად- მხოლოდ სისტოლურ ჰიპერტონიას ახასიათებს და კლინიკური სურათი მოიცავს სუბიექტურ და ობიექტურ სიმპტომებს (თუმცა ზოგიერთ ავადმყოფში სუბიექტური შესაძლოა არც იყოს).

უფრო ხშირად სისტოლური ჰიპერტონიის დროს 160-200/60-90 მმ.ვწყ.სვ. წნევა ფიქსირდება. იშვიათად გვხვდება ავადმყოფი 300 მმ.ვწყ.სვ. სისტოლური და ნორმალური დიასტოლური, ასევე - 50-40 მმ.ვწყ.სვ. და უფრო ნაკლები დიასტოლური წნევით.

შედარებით ხშირი ჩივილია: თავის ტკივილი, მეორე ადგილს იკავებს თავბრუხვევა, ხმაური და პულსაცია თავში. ეს სიმპტომები ზოგიერთს უძლიერდება სისტოლური წნევის მომატებისას, ზოგიერთს კი ასეთი კავშირი არ აღენიშნება.

არსებობს სუბიექტურ გამოვლინებათა წყება (რომლებიც ობიექტურადაც დასტურდება) ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, რომლებიც დაბერებადი ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი: ადამიანს ავიწყდება ბოლო ხანს მომხდარი მოვლენები, უჭირს ახლის ათვისება, უქვეითდება შრომისუნარიანობა, უსუსტდება ყურადღება, უვითარდება არაადეკვატური ემოციური რეაქცია, ერღვევა ძილი.

ავადმყოფების მესამედს უვითარდება ტიპური სტენოკარდია, ზოგიერთი ჩივილი მკვეთრად არის დაკავშირებული განსაზღვრული სისხლძარღვების ათეროსკლეროზთან. მაგალითად, გარდამავალი კოჭლობა, რომლის მიზეზიც ქვედა კუდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზია. ზოგიერთი ობიექტური სიმპტომი დიდი პულსური წნევით მიმდინარე სისტოლურ ჰიპერტონიასთან არის დაკავშირებული. ესენია მაღალი და ხშირი პულსი, ძაფისებრი პულსი, ზოგჯერ - საძილე და ლავიწქვეშა არტერიების გაძლიერებული პულსაცია, იშვიათად - მაჯისცემასთან ერთად სინქრონული რიტმული თავის ქნევა. ამავე დროს, აღინიშნება გულის საზღვრების გადიდება მარცხნივ. მიუხედავად იმისა, რომ შარდის ჩვეულებრივი ანალიზი თირკმელების დაზიანებას არ ავლენს, მათ ფუნქციურად უჭირთ.

  • დიაგნოსტიკა

იზოლირებული სისტოლური ჰიპერტონიის დიაგნოზის დადგენის გზები განსხვავებულია. ზოგიერთი მკვლევარი მიმართავს არტერიული წნევის 5-ჯერად გაზომვას ყოველი ორი შემოვლისას, სხვები – 6-ჯერადი შემოვლისას 25-წუთიანი ინტერვა-ლებით. რაკი წნევის ვარიაბელურობა ასაკთან ერთად იზრდება, კვლევისას საჭიროა წნევის რამდენჯერმე გაზომვა. თუ სისტოლური აღემატება 160 მმ.ვწყ.სვ-ს, ხოლო დიასტოლური 90მმ.ვწყ.სვ-ზე დაბალია, სვამენ სისტოლური ჰიპერტე-ნზიის დიაგნოზს. ლაბორატორიული კვლევისას ყურადღება უნდა მიექცეს სისხლის პლაზმასა და შარდში კატექოლამინების (ადრენალინისა და ნორადრენალინის) განსაზღვრას.

  • მკურნალობა

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მიზანი მხოლოდ არტერიული წნევის დაწევა კი არ არის, არამედ ამ პათოლოგიით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება ანუ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაც.

წლების მანძილზე ამ ფორმის ჰიპერტონიის აქტიური მედიკამენტური მკურნალობა მიზანშეწონილად არ მიაჩნდათ, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ მოხუცებში სისხლძარღვების რიგიდულობა შეუქცევად ხასიათს ატარებს, მეორე მხრივ კი ასაკოვნებში ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით გამოწვეული თანმხლები გართულებებისგან თავის დაზღვევის მიზნით, თუმცა მრავალმხრივმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მკურნალობის შედეგად საგრძნობლად შემცირდა გართულებები და ამ მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა.

მკურნალობა ითვალისწინებს:

  1. ჰიპოლიპიდემიურ თერაპიას;
  2. ანტიაგრეგაციულ თერაპიას;
  3. საკუთრივ ჰიპოტენზიურ თერაპიას.

იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის მკურნალობისას განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს წნევის თანდათანობითი დაწევა. სწრაფი დაწევა და დაწევა დაბალ მაჩვენებლამდე აღრმავებს ტვინისა და თირკმელების უკმარისობას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ინფარქტისა და ინსულტის შიშით არტერიული წნევის უეცარი და მკვეთრი დაწევა უმართებულოა. მაღალი ზედა წნევა გულისთვის დატვირთვას არ წარმოადგენს. დიასტოლური წნევის მომატება ქმნის ინფარქტის განვითარების რისკს. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს ზოგად ღონისძიებებს, რაც მკურნალობის დაწყების წინაპირობაა.

გაითვალისწინეთ გერმანელი ექიმების მოწოდება: "მოწევა ვერ იქნება მოდური, როდესაც მოდურია ჯანმრთელობა". საჭიროა მოდუნება (დასვენებისას წნევა თავისთავადაც ქვეითდება), მშვიდი ძილი. ზედმეტი წონა ხელს უშლის გულის მუშაობას. ხანშიშესულთა და მოხუცებულთათვის რეკომენდებულია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა 30-45 წუთის მანძილზე კვირაში 3-5-ჯერ, მარილის, სპირტიანი სასმელების ნაკლები ოდენობით მოხმარება, ნებადართულია დღეში 30 გ სუფთა სპირტი.

დაბოლოს, სისტოლური არტერიული წნევის ქრონიკული მომატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თირკმლის ფუნქციის უკმარისობას ნორმალური დატვირთვისას. აქედან გამომდინარე, თირკმელების ფუნქციის გაუმჯობესებით გარკვეული ხნის შემდეგ ორგანიზმი თვითონვე დაარეგულირებს არტერიულ წნევას.