ჯანმრთელობა ციფრებით
არტერიული წნევა
უეცრად დაწყებული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და გაბრუება, რომელსაც საკმაოდ ხშირად უჩივიან ახალგაზრდა ასაკშიც კი, სერიოზულ შეშფოთებას რატომღაც არ იწვევს. ალბათ, წნევამ ამიწია, იტყვიან და მშვიდად გააგრძელებენ ჩვეული საქმის კეთებას. არადა, საკმაოდ ხშირად ეს სიმპტომები შესაძლოა ისეთი სერიოზული დაავადების წინასწარმაუწყებელი იყოს, როგორიც არტერიული ჰიპერტენზია, იგივე არტერიული ჰიპერტონიაა – მდგომარეობა, როცა არტერიული წნევის მაჩვენებელი დასაშვებ ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალია.
არტერიული წნევა ის ძალაა, რომლითაც სისხლი სისხლის მიმოქცევის კალაპოტში მოძრაობისას სისხლძარღვის კედელზე მოქმედებს.
ნორმები კი ასეთია: ზედა, ე.წ. სისტოლური წნევის მაჩვენებელი - 140 მმ.ვწყ.სვ-ს, ქვედა, დიასტოლურისა კი 90-ს არ უნდა აჭარბებდეს.
დღე-ღამის განმავლობაში არტერიული წნევის მაჩვენებლები იცვლება: 1.00-დან 5.00 სთ-მდე იგი, ჩვეულებრივ, დაბალია და 6.00-დან 8.00 სთ-ის პერიოდში მატულობს, შემდეგ, დღის განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლება და 11.00-12.00 სთ-ის პერიოდში ქვეითდება.
მაჩვენებელი ვარირებს ასაკის მიხედვითაც, ბავშვთა ოპტიმალური მაჩვენებელი 70/5-ზეა, ასაკოვნებისა კი - 120/80-ზე.
სტატისტიკური მონაცემები
- ჯანმოს მონაცემით, არტერიული ჰიპერტენზია ყველაზე გავრცელებული ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებაა, რომელიც მოსახლეობის მთელი სიკვდილობის მაჩვენებლის 30%-ს შეადგენს;ნ დღეისათვის 1,5 მილიარდ ადამიანზე მეტს არტერიული ჰიპერტენზია აქვს, ამასთან, 150 მილიონზე მეტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მკვიდრია;ნ არტერიული ჰიპერტენზია ხანშიშესულებში მეტადაა გავრცელებული, 60 წელს გადაცილებულ პირებთან ეს მაჩვენებელი 60%-ია; ნ დაავადება ერთნაირადაა გავრცელებული როგორც დაბალი, ისე საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში;ნ არტერიული ჰიპერტენზიის მქონეთა მხოლოდ 50%-მა იცის, რომ ავადაა და მათ შორის სისტემატურად ყველა როდი გადის მკურნალობის კურსს;ნ არტერიული წნევის სტაბილური მატება შეიმჩნევა როგორც ხანშიშესულებში, ისე ახალგაზრდებში, 20-30 წლის ასაკის ყოველი მეათე ადამიანისთვის ის კარგად ნაცნობი პრობლემაა, 45-50 წლის ასაკში - ყოველი მეხუთის, 60 წლის ზევით კი სამიდან ორს ეს მაჩვენებელი ნორმაზე მაღალი აქვს.
არტერიული ჰიპერტენზიის რისკფაქტორები
არტერიულ ჰიპერტენზიას იწვევს არაჯანსაღ ცხოვრების წესთან შეჭიდული რამდენიმე რისკფაქტორი:
- არარაციონალური და არასწორი კვება;ნ თამბაქოს წევა;ნ ადინამია ან ჰიპოდინამია – ფიზიკური აქტივობის შემცირება;ნ ჭარბი წონა;ნ ფსიქოემოციური გადატვირთვა;ნ მემკვიდრული განწყობა;ნ სისხლში მავნე ქოლესტერინის მომატებული დონე.
ჰიპერტონია 6-ჯერ ხშირია მათთან, რომლებიც არარაციონალურად იკვებებიან, მათ რაციონში ჭარბობს ცხიმიანი და მლაშე საკვები, ალკოჰოლური სასმელები, აქვთ ჭარბი წონა.
სტრესული სიტუაციები და განსაკუთრებით არაადეკვატური რეაქცია მათზე ასევე მიეკუთვნება ჰიპერტენზიის გამომწვევ ფაქტორებს.
არტერიული წნევის დონე სხვადასხვა ადამიანში ვარირებს და დამოკიდებულია მათ ფიზიკურ აქტივობაზე, მაგალითად, მოსვენებულ მდგომარეობაში გული მშვიდად მუშაობს, ფიზიკური სამუშაოს შესრულებისას ან სპორტის რომელიმე სახეობით დაკავებისას იზრდება უჯრედების ჟანგბადით გაძლიერებული მომარაგება, შესაბამისად, გული გაძლიერებულად იწყებს მუშაობას და არტერიული წნევა მატულობს.
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი სხეულის წამოდგომისას მატულობს არტერიული წნევაც, რათა არ შეფერხდეს თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგება. თუ ამ მხრივ მცირე ხარისხით შეფერხებაა, შესაძლოა მსუბუქი თავბრუსხვევა ან სისუსტე გაჩნდეს, ეს განსაკუთრებით ხანშიშესულებთან არის მოსალოდნელი, რადგან ასაკის მატებასთან ერთად, სისხლძარღვოვანი რეფლექსები სუსტება.
დიდი ხნით ფეხზე დგომისას მოსალოდნელია მსუბუქი გაბრუებაც, რადგან ასეთ დროს სისხლი ქვედა კიდურების ვენებში გროვდება და ტვინს სათანადო რაოდენობით ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება.
არტერიული წნევის რეგულაცია
სხეულის მოძრაობის, დატვირთვის და გარკვეული მდგომარეობების შესაბამისად არტერიული წნევის რეგულაციას საკმაოდ რთული ნერვულ-ჰუმორული სისტემა ახდენს, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან: გული, არტერიები, თირკმელები, რამდენიმე ჰორმონი და ფერმენტი, ასევე ზოგიერთი ანატომიური სტრუქტურა.
გული
მარცხენა პარკუჭიდან სისხლის აორტაში გადატყორცნა ხორციელდება გულის კუნთის მოქმედებით, რაც უფრო ძლიერია გულის როგორც ტუმბოს მოქმედების უნარი, მით მეტია ძალა და შესაბამისად, ის წნევა, როლითაც სისხლი არტერიათა კედლებზე მოქმედებს. გულის მუშაობის ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს არტერიული წნევის მაჩვენებელს.
არტერიები
არტერიათა კედელს გააჩნია გლუვკუნთოვანი ბოჭკოები, რომელთა საშულებითაც სისხლძარღვში სისხლის ტალღის გავლისას მისი სანათური საჭიროებისამებრ ფართოვდება და ვიწროვდება.
რაც უფრო ელასტიკურია არტერია, მით ნაკლები წინააღმდეგობა ექმნება სისხლს მოძრაობისას და შესაბამისად, ისიც ნაკლები ძალით მოქმედებს არტერიის კედელზე, იმ შემთხვევაში კი, როდესაც რაიმე მიზეზით არტერიათა კედელს ელასტიკურობა აკლდება, სისხლის ნაკადს მეტი წინააღმდეგობა ხვდება, რაც იწვევს იმ ძალის გაზრდას, რომლითაც სისხლი არტერიათა კედელზე მოქმედებს და არტერიული წნევის მაჩვენებელიც მატულობს.
თირკმელები
თიკრმელები არეგულირებენ ორგანიზმში ნატრიუმისა და სითხის რაოდენობას, ნატრიუმი ორგანიზმში სითხეს აკავებს, ამიტომ, რაც უფრო მეტი ნატრიუმია ორგანიზმში, მით მეტი სითხე ცირკულირებს სისხლთან ერთად, რაც ზრდის არტერიულ წნევას. გარდა ამისა, თავად ჭარბი ნატრიუმიც შესაძლოა აღმოჩნდეს სისხლძარღვის დაზიანების მიზეზი.
ნერვული სისტემა
ცენტრალური ნერვული სისტემა ჰორმონებსა და ფერმენტებთან ერთადაც მოქმედებს არტერიული წნევის მაჩვენებელზე.
ბარორეცეპტორები
ბარორეცეპტორები - გულისა და ზოგიერთი სისხლძარღვის კედელში არსებული მიკროსკოპული კვანძოვანი სტრუქტურებია, რომლებიც, ოთახის თერმომეტრის მსგავსად, მუდმივად აკონტროლებენ არტერიებსა და ვენებში წნევის დონეს. როდესაც ნორმალური წნევის მაჩვენებელი იცვლება, ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ ამის შესახებ თავის ტვინს, საიდანაც წამოსული ბრძანების თანახმად იზრდება ან მცირდება გულის შეკუმშვათა რაოდენობა, ვიწროვდება ან ფართოვდება არტერიის სანათური, რათა წნევის ნორმალური მაჩვენებელი შენარჩუნდეს.
ადრენალინი
თავის ტვინი ბარორეცეპტორებიდან მიღებულ ინფორმაციაზე ჰორმონებისა და ფერმენტების საშუალებით რეაგირებს, რომელთაც შეუძლიათ გულის, სისხლძარღვებისა და თირკმელების მუშაობის გაკონტროლება.
ერთ-ერთი ასეთი ჰორმონი ადრენალინი, იგივე ეპინეფრინია. იგი გადმოიტყორცნება სისხლში განგაშის, შიშის, დაძაბვის, სტრესისას და იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, გულის შეკუმშვათა ძალისა და სიჩქარის გაზრდას, რაც არტერიულ წნევას ზრდის. წნევის მატება ხშირად სწორედ სისხლში ადრენალინის მომატებული კონცენტრაციის შედეგია.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონი
რენინი თირკმელებში პროდუცირებული ჰორმონია, რომელიც ჯერ ანგიოტენზინ I-ად, ხოლო სისხლის მიმოქცევის წრეში მოხვედრისას ანგიოტენზინ II-ად გარდაიქმნება. ეს უკანასკნელი კი, ერთი მხრივ, ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს, მეორე მხრივ კი, თირკმელზედა ჯირკვლებს ჰორმონ ალდოსტერონის სინთეზს აიძულებს, რომლის სისხლში მოხვედრის შემდეგ თირკმელები ორგანიზმში წყლისა და მარილების შეკავებას იწყებენ.
არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ ადამიანთან არტერიული წნევის მატებას ერთ-ერთი გენი იწვევს, რომელიც ანგიოტენზინის სინთეზზეა პასუხისმგებელი, რის შედეგადაც ორგანიზმი საჭიროზე მეტ ანგიოტენზინს გამოიმუშავებს.
ენდოთელიუმი
არტერიების სანათური ამოფენილია უჯრედების თხელი ფენით, რომელსაც ენდოთელიუმი ჰქვია. ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ არტერიული წნევის რეგულაციაში ენდოთელიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რამდენადაც სისხლძარღვების შემკუმშველ და მოსადუნებელ ქიმიურ ნაერთებს გამოყოფს.
აზოტის ოქსიდი
აზოტის ოქსიდი აირია, რომელსაც სისხლი შეიცავს, იგი გავლენას ახდენს არტერიულ წნევაზე, მას შეუძლია სისხლძარღვის კედლის მოდუნება და მისი სანათურის გაფართოება.
ამ აირის დონეს სისხლში ზრდის პრეპარატი ნიტროგლიცერინი, რომელიც ზოგიერთი გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება არტერიული წნევის დასაქვეითებლად და სისხლძარღვის სანათურის გასაფართოებლად.
ენდოთელინი
ეს აზოტის ოქსიდის საპირისპირო მოქმედების მქონე ცილოვანი ნაერთია, იგი სისხლძარღვებს ავიწროებს, ენდოთელინი-1 გადამწყვეტ როლს თამაშობს არტერიული წნევის მატებაში.
ამგვარი სარეგულაციო აპარატის მოქმედებით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზმი არეგულირებს არტერიული წნევის ნორმალურ მაჩვენებელს, მაგრამ გარკვეული ფაქტორების გავლენით მარეგულირებელი აპარატი ზოგჯერ გამოდის ჩვეული მუშაობის რეჟიმიდან და არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლის დარეგულირება სულ უფრო რთულდება, შედეგად კი ვითარდება არტერიული ჰიპერტენზია, ხოლო მოგვიანებით მისი გართულებანიც იჩენს თავს.
არტერიული ჰიპერტენზიის შედეგები
140 მმ. ვწყ. სვ-ის ზევით პირობებში ჰიპერტენზიის მქონეთა 70%-ს უვითარდება გულის იშემიური დაავადებებისა და ჰემორაგიული ინსულტების ალბათობა;
ჰიპერტონია სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებების განვითარების წინაპირობაა, როგორიცაა:
- იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;ნ მიოკარდიუმის ინფარქტი;ნ იშემიური დაავადება;ნ გულის ქრონიკული უკმარისობა;ნ თირკმლის უკმარისობა.
გარდა გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებისა, საშუალო ასაკში მომატებული არტერიული წნევა ასოცირდება კოგნიტური უნარების დარღვევასა და დემენციასთანაც.
საბედნიეროდ, ბოლო 30-35 წლის განმავლობაში დაავადების მკურნალობისა და მართვის მეთოდების დახვეწამ 50%-ით შეამცირა ინსულტებით გამოწვეული სიკვდილობა, ინფარქტების შემთხვევაში კი - 40%-ით.