როგორ ვაკონტროლოთ და ვარეგულიროთ წნევა
-
რა შეიძლება ჩაითვალოს არტერიული წნევის ნორმულ მაჩვენებლად და რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას?
- მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი სამუშაო ანუ ჩვეულებრივი წნევა. მიიჩნევა, რომ წნევა არ უნდა აღემატებოდეს 140/90 მმ ვწყ. სვ-ს. ზოგისთვის ნორმული მაჩვენებელი 100-ზე დაბალია, მაგალითად, 90/60 მმ ვწყ. სვ. სისხლის წნევის მაჩვენებლები ნორმის დროს შესაძლოა მერყეობდეს ასაკის, სქესის, პაციენტის რასობრივი კუთვნილების მიხედვით. ცვლილება დამოკიდებულია სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობაზე, პაციენტის პოზაზე, ჩონჩხის კუნთების ტონუსზე და სხვა.
არტერიული წნევის მერყეობა აღინიშნება არა მხოლოდ ავადმყოფებში, არამედ ჯანმრთელებშიც, მაგალითად, ჯანმრთელი პირების სისხლის წნევის მერყეობის ამპლიტუდამ დღე-ღამის განმავლობაში შესაძლოა 30 მმ ვწყ. სვ-ს მიაღწიოს, ამიტომ ძნელია სისხლის წნევის ლიმიტის დადგენა ნორმის დროს და საზღვრის გავლება ნორმულ და მომატებულ მაჩვენებლებს შორის. ამის გამო მიღებულია პირობითი ნორმები, რომლებიც იძლევა იმ პირთა იდენტიფიკაციის საშუალებას, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ამა თუ იმ გართულების აღმოცენების რისკი აქვთ. ეს ნორმები ითვალისწინებს სისხლის წნევის როგორც სისტოლურ, ისე დიასტოლურ მაჩვენებლებს.
როგორც ითქვა, არტერიულ წნევაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არა დაავადებასთან, არამედ გარემოს ფაქტორებთან გვაქვს საქმე. მაგალითად, სიცხეში არტერიული წნევა შეიძლება დაქვეითდეს, რაც სითბოს მომატებული გაცემის მიზნით სისხლძარღვების რეფლექტორული გაფართოებით, აგრეთვე ოფლის გამოყოფის გამო ორგანიზმის მიერ სითხის კარგვით არის განპირობებული.
მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს არტერიული წნევის მატება გულისცემის გახშირებასა და გულის გაძლიერებულ მუშაობას უკავშირდება.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც არტერიულ წნევაზე ახდენს გავლენას, ორთოსტატიკური ეფექტია. ის აღინიშნება ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში სწრაფად გადასვლისას. ამ შემთხვევაში გული და სისხლძარღვების ტონუსი ვერ ასწრებს ახალ პირობებთან შეგუებას და წნევა ქვეითდება. ასეთ დროს შესაძლოა ადამიანს თვალთ დაუბნელდეს. გულისმანკიან პაციენტებში ეს ეფექტი უფრო ძლიერად ვლინდება.
-
როგორ ვარეგულიროთ არტერიული წნევა?
- არტერიული წნევა ნერვული სისტემითა და ჰორმონული მექანიზმებით რეგულირდება. უკვე გითხარით, რომ დღის განმავლობაში წნევა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ჩვეულებრივ, ძილის დროს ის უფრო დაბალია, ხოლო ღვიძილისას, ასევე - სტრესის შემთხვევაში მაღლა იწევს. ძლიერ გავლენას ახდენს ემოციური მდგომარეობაც. ემოცია იწვევს სისხლში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონის - ადრენალინის გადასროლას. შედეგად გულისცემა ძლიერდება და ხშირდება, ხოლო სისხლძარღვებში წნევა იმატებს. წნევის ციფრებზე მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვლის მეორე ჰორმონი - კორტიზოლიც. ოღონდ ეს ჰორმონი, ადრენალინისგან განსხვავებით, ანტისტრესულია.
-
არტერიულ წნევას ორი რიცხვით გამოსახავენ. რას აღნიშნავს ეს რიცხვები და მათი ცვლილება?
- დიახ, არტერიულ წნევას გამოსახავენ სისტოლური და დიასტოლური წნევის აღმნიშვნელი ორი რიცხვით. პირველი აღნიშნავს ძალას, რომლითაც გული სისხლს მარცხენა პარკუჭიდან სისხლძარღვებში გადაისვრის, ხოლო მეორე გამოხატავს სისხლძარღვთა ტონუსს, რომელიც დამახასიათებელია მათთვის გულის დიასტოლის დროს.
-
რა შეიძლება იყოს მხოლოდ სისტოლური წნევის მატების მიზეზი?
- სისტოლური წნევა, როგორც მოგახსენეთ, გულის მუშაობას ასახავს. მისი ზედა ზღვარი 140 მმ ვწყ. სვ-ია. სისტოლური წნევის იზოლირებული მატებისას დიასტოლური წნევა 90 მმ ვწყ. სვ-ზე დაბალია. ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია ხანდაზმული ადამიანებისთვის. ამასთან, აღინიშნება ე.წ. პულსური წნევის მომატება. პულსური წნევა არის სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევათა შორის. ნორმაში იგი 40-დან 50 მმ ვწყ. სვ-მდე მერყეობს. პულსური წნევის მატება ორგანიზმში ზოგიერთი დარღვევის წინმსწრებ მდგომარეობად მიიჩნევა.
-
რა არის მოსაზღვრე არტერიული ჰიპერტენზია?
- მოსაზღვრე არტერიული ჰიპერტენზია ის მდგომარეობაა, რომლის დროსაც აღინიშნება წნევის მცირედი ეპიზოდური მატება 140/90 მმ ვწყ. სვ-ზე მეტად; დანარჩენ დროს მაჩვენებელი უფრო დაბალია. ადამიანებმა, რომლებსაც არტერიული წნევის ასეთი ცვალებადობა აღენიშნებათ, წნევა რეგულარულად უნდა იზომონ და იკონტროლონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა გართულებები თავიდან აიცილონ.
-
რამდენად ხშირად გხვდებათ არტერიული ჰიპერტენზია?
- არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც კი ექიმი თავის პრაქტიკაში შეიძლება შეხვდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეხუთე ადამიანს ჰიპერტონია აღენიშნება. საქართველოში არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება მაღალია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ მისი მასშტაბი იზრდება, განსაკუთრებით - შრომისუნარიან მოსახლეობაში. ფსიქიკური გადატვირთვა, სტრესი, უძილო ღამეები, თამბაქოს წევა - ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ჰიპერტონიული დაავადების განვითარებას.
-
რა არის ამ დაავადების უშუალო მიზეზი?
- ამთავითვე უნდა ითქვას, რომ არტერიული წნევის მომატება ზოგჯერ მხოლოდ სიმპტომია, რომელიც სხვა დაავადებას ახლავს თან, ამიტომ თუ პაციენტს ჰქონდა არტერიული წნევის მატების არაერთი ეპიზოდი, ექიმის მთავარი ამოცანა პირდაპირ `წნევის წამლის~ დანიშვნა კი არა, ყველა იმ დაავადების გამორიცხვაა, რომელიც ჰიპერტენზიას შეიძლება ედოს საფუძვლად. ასეთებია თირკმლისა და ენდოკრინული დაავადებები, გულისა და სისხლძარღვების განვითარების ანომალიები და სხვა. წნევის მეორეული მატება ჰიპერტენზიის შემთხვევათა საერთო რიცხვის 10%-ს შეადგენს. დანარჩენი 90% პირველადი, ესენციური ჰიპერტენზიაა, იგივე ჰიპერტონიული დაავადება, რომელიც დამოუკიდებელ პათოლოგიას წარმოადგენს.
-
ესენციური ჰიპერტენზიის ეტიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე არ არის ნათელი...
- თანამედროვე მედიცინა ჰიპერტონიული დაავადების განვითარების მრავალ თეორიას იცნობს. ეს პოლიეტიოლოგიური ანუ მრავალი მიზეზით განპირობებული დაავადებაა. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით განწყობას, ჭარბ წონას, ქრონიკულ სტრესს, გადაჭარბებულ ემოციურობას, სულიერ განცდებს, ნერვულ დაძაბულობას (სტაბილურად მაღალ არტერიულ წნევას ყველაზე ხშირად სწორედ ნერვული მექანიზმი იწვევს), თამბაქოს წევას, სუფრის მარილის ჭარბ და ხანგრძლივ მოხმარებას, საკვებში კალციუმის სიმცირეს, ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას, შაქრიან დიაბეტს, ასაკს (ხანდაზმულ ასაკში სისხლძარღვის კედელი სქელდება და მისი სანათური ვიწროვდება, რის შედეგადაც ბევრს ჰიპერტონიული დაავადება უვითარდება).
როგორც უკვე ითქვა, ჰიპერტონიის მიზეზად შეიძლება იქცეს თირკმელების დაავადებაც. სისხლის წნევის მომატებას იწვევს სისხლის გაძლიერებული შედედება, მაგალითად, არასწორი კვებისას, რასაც ქოლესტერინის დონის მომატებაც ახლავს თან, ასევე - გულის გაძლიერებული მუშაობა. განსაკუთრებით საყურადღებოა სტაბილური ჰიპერტენზიის სტადია - ამ პერიოდში ორგანიზმი ეჩვევა დატვირთვას და იქმნება `კარგად ყოფნის~ ილუზია, ანუ ადამიანი პრაქტიკულად არ განიცდის ტკივილს, უსიამოვნო შეგრძნებებს, დისკომფორტს და ამიტომ არც მკურნალობს.
-
როგორ ვლინდება ჰიპერტონიული დაავადება?
- ესენციური ჰიპერტენზია შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და დაავადების ნიშნებმა თავი იჩინოს მხოლოდ სამიზნე ორგანოებში (გული, თავის ტვინი, თირკმელები, თვალები, პერიფერიული არტერიები) ჩამოყალიბებულ გართულებებთან (მარცხენა პარკუჭის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, სისხლჩაქცევები ბადურაში, ცერებრული უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა და სხვა) ერთად.
ესენციურ ჰიპერტენზიას სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები არ გააჩნია; მისთვის დამახასიათებელმა ნიშნებმა შესაძლოა თავი იჩინოს ნორმული წნევის მქონე პირებშიც სხვა დაავადებების დროს. ხშირად მსუბუქად და ზომიერად მიმდინარე ესენციური ჰიპერტენზიის დროს დაავადების სუბიექტური სიმპტომები მას შემდეგ ვლინდება, რაც ავადმყოფი შემთხვევით შეიტყობს, რომ სისხლის წნევა მომატებული აქვს.
ჩივილებიდან აღსანიშნავია: საერთო სისუსტე, სწრაფი დაღლა, თავის ტკივილი, თავბრუ, ადვილად გაღიზიანება, უძილობა, გულისცემის გახშირება, ტკივილი გულის არეში, ხშირად - მეხსიერებისა და ინტელექტის დაქვეითებაც. ჩივილებს გარდამავალი ხასიათი აქვს. მოგვიანებით, როდესაც წნევა სტაბილურად მაღალი რჩება, ჩამოთვლილ ნიშნებს ერთვის ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, გულის ფრიალი, ტკივილი გულის არეში, გამოხატული თავის ტკივილი, განსაკუთრებით - კეფის მიდამოში, ზოგჯერ - ცხვირიდან სისხლდენა, პულსაციის შეგრძნება კეფის მიდამოში და კისერში, უფრო მეტად - დილაობით და დაწოლისას; დღის განმავლობაში პულსაცია არ შეიგრძნობა.
ჩივილების თავისებურება ხშირად არ ემთხვევა არტერიული წნევის მაჩვენებლებს. გარეგნულად ავადმყოფები ნორმალურად გამოიყურებიან. ზოგჯერ უწითლდებათ კანი, განსაკუთრებით - აღელვებისას. არტერიული ჰიპერტენზია განსაკუთრებით საყურადღებო და საშიშია, როდესაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს. როგორც უკვე ითქვა, ჰიპერტონიით დაავადებული ბევრი ადამიანი არაფერს უჩივის. შედეგად პაციენტების მესამედმა არც კი იცის, რომ მომატებული აქვს არტერიული წნევა, არ მკურნალობს და წლობით ცხოვრობს ასე. ხანგრძლივი ჰიპერტენზია თანდათანობით სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების შეუქცევად დაზიანებას იწვევს. მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი - ადამიანთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი - ხშირად ჰიპერტონიული დაავადების შედეგია. ამიტომ ჰიპერტონიული დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენას და ადეკვატურ მკურნალობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
-
რაკი მკურნალობა ახსენეთ, იქნებ გვითხრათ, როგორ ვუმკურნალოთ ჰიპერტონიულ დაავადებას.
- მკურნალობის მიზანია არტერიული წნევის დაქვეითება, ნორმალიზება, რაც შეამცირებს გართულებების რისკს. სამწუხაროდ, დღესდღეობით ჰიპერტონიული დაავადება არ იკურნება. პაციენტებს უმეტესად მთელი სიცოცხლე უწევთ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მიღება, თუმცა ჰიპერტონიის საწყის სტადიებში ზოგჯერ ხერხდება წნევის დარეგულირება არამედიკამენტური მეთოდებითაც - ცხოვრების წესის შეცვლით, წონის დაკლებით, სწორი კვებით, ნატრიუმის, ალკოჰოლის, კოფეინის შეზღუდვით, კალციუმის მიღებით, ფიზიკური აქტიურობის გაზრდით, თამბაქოსთვის თავის დანებებით, ფსიქოთერაპიული ზემოქმედებით და სხვა.
თუ ამ გზით წნევის რეგულირება ვერ მოხერხდა, პაციენტმა უნდა მიიღოს წნევის დამწევი პრეპარატები - არა ეპიზოდურად, თავის ტკივილის ან გულისცემის გახშირების დროს, არამედ რეგულარულად, სპეციალისტის კონტროლით, მკურნალობის სქემის პერიოდული კორექციით. ჰიპერტონიული დაავადების ადრეულ სტადიაში დაწყებული სწორი მკურნალობა საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე უამრავი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი იყიდება. ეს, ცხადია, ძალიან კარგია, თუნდაც იმით, რომ ექიმებს არჩევანის საშუალებას აძლევს. საქმე ის არის, რომ პრაქტიკულად ყველა წამალს ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ხშირად უფრო შემაწუხებელი და საშიშია, ვიდრე თვით ჰიპერტენზია. ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების შესარჩევად მთელ მსოფლიოში ფართოდ იყენებენ არტერიული წნევის სადღეღამისო მონიტორინგის მეთოდს. ცნობილია, რომ არტერიული წნევა დღე-ღამის განვალობაში რამდენიმეჯერ იცვლება, გარდა ამისა ბევრს აღენიშნება `თეთრი ხალათის~ ჰიპერტენზია - წნევა იმატებს ექიმთან ვიზიტის დროს, ამიტომ ზუსტი მონაცემების მისაღებად იყენებენ ამ მეთოდს, რომელიც ცხოვრების ჩვეული რეჟიმის პირობებში წნევის მაჩვენებლების ავტომატური რეგისტრირების საშუალებას იძლევა.
-
როგორ ტარდება გამოკვლევა?
- პაციენტის სხეულზე მაგრდება მონიტორი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ციფრულ რეჟიმში აღნუსხავს არტერიული წნევის ცვილილებებს. ამ მონაცემებს შიფრავს ექიმი და ამის მიხედვით გასცემს რეკომენდაციების, ახდენს მკურნალობის კორექტირებას. არტერიული წნევის სადღეღამისო მონიტორინგის გზით შესაძლებელია, პაციენტს ინდივიდუალურად, მისი არტერიული წნევის პროფილის, სადღეღამისო რიტმისა და ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით შევურჩიოთ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი. სიმპტომური ჰიპერტენზიის მკურნალობის ძირითადი პრინციპი კი იმ დაავადების მკურნალობაა, რომლის სიმპტომიც არის არტერიული წნევის მატება. თუ პაციენტი ძირითადი დაავადებისგან განიკურნა, წნევაც დაიწევს.
-
როგორია ზოგადი რეკომენდაციები?
- შრომისა და დასვენების ჯანსაღი რეჟიმი, ემოციურ-ნერვული დაძაბულობის შემცირება, სტრესთან ბრძოლა; ძილის მოწესრიგება; ყოველდღიური ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სასიამოვნო კუნთოვან დაღლილობამდე; დიეტის დაცვა, სუფრის მარილის, ცხიმების, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების, ალკოჰოლის შეზღუდვა; თამბაქოსთვის თავის დანებება (ნებადართულია დღეში 50-60 გ არაყი, კონიაკი ან ვისკი, 1 ჩაის ჭიქა ღვინო ან ნახევარი ლიტრი ლუდი). ყოველივე ეს მიზანშეწონილია არტერიული ჰიპერტენზიის როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე მკურნალობისთვისაც. ჭარბი წონის შემთხვევაში დაავადების პროფილაქტიკისთვის ზოგჯერ ზედმეტი რამდენიმე კილოგრამის მოშორებაც საკმარისია.