ენდოკრინული დაავადებების პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენდოკრინული დაავადებების პროფილაქტიკა

მათი პრევენციის შესახებ ექიმი ენდოკრინოლოგი ეკა უჩანეიშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონო ეკა, უმთავრესად რომელი ენდოკრინული პათოლოგიებია გავრცელებული საქართველოში და რატომ?

- ბოლო წლებში შესამჩნევი გახდა ენდოკრინული დაავადებების მატების ტენდენცია. შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, მეტაბოლური სინდრომი, რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა დარღვევა, სიმსუქნე - ეს იმ დაავადებათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ენდოკრინოლოგს მის ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდება. ბოლო 20-30 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. შაქრიან დიაბეტს გავრცელებით პირველი ადგილი უკავია ენდოკრინულ დაავადებებს შორის.

უახლესი პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის მოსახლეობის თითქმის 7% დიაბეტით იქნება დაავადებული. დაავადებათა ასეთი მატების უმთავრეს მიზეზებად მივიჩნევდი ცუდ ეკოლოგიას, არაჯანსაღი პროდუქტების სიმრავლეს ყოველდღიურ რაციონში, მომატებულ სტრესულ ფონს, ჰიპოდინამიას...

- ვინ ქმნის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ზრდის პრობლემებისა და დიაბეტის რისკ-ჯგუფს?

- ამა თუ იმ დაავადების რისკ-ჯგუფში ერთიანდებიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ ამ დაავადებათა გამომწვევი რისკ-ფაქტორები. შაქრიანი დიაბეტის განვითარებისთვის რისკის ფაქტორებია გენეტიკური განწყობა, პათოლოგიური ორსულობა, დაბადება 4,5 კგ-ზე მეტი წონით, ასეთი ბავშვის გაჩენა, სიმსუქნე, ჰიპერტონიული დაავადება, ხშირი ან მუდმივი სტრესი, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერინსულინემია, რაფინირებული საკვების ჭარბი გამოყენება, უმოძრაო ცხოვრების წესი, ვირუსული ინფექციები. ენდემური ჩიყვის რისკ-ჯგუფი მოიცავს მოსახლეობას, რომელიც იმ გეოგრაფიულ ზოლში ცხოვრობს, სადაც იოდის დეფიციტია.

ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა ტიპის პათოლოგიებს ვხვდებით ორსულებში. რისკის ფაქტორებია ასევე ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის ოჯახური ანამნეზი, სხვადასხვა მწვავე თუ ქრონიკული ვირუსული ინფექციით ავადობა. ზრდის პრობლემების რისკ-ჯგუფში გაერთიანებულნი არიან მწვავე ინფექციებით ხშირად მოავადე, ასევე - ქრონიკული ინფექციებით მოავადე, გენეტიკური განწყობის, არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვებითი რაციონის, არასასურველ გარემოში მცხოვრები ბავშვები.

- აქვს თუ არა ასაკს მნიშვნელობა ენდოკრინული პათოლოგიების განვითარების კუთხით?

- სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი და მათი მანიფესტაცია სწორედ ასაკობრივ ჯგუფზეა დამოკიდებული. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 უმთავრესად ბავშვებსა და მოზარდებს ემართებათ, ტიპი 2 უმთავრესად 40 წლის შემდეგ იჩენს თავს, თუმცა გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებს შორისაც. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებსაც აქვს კავშირი ასაკთან. მაგალითად, ტოქსიკური ჩიყვი ხშირია 20-დან 50 წლამდე, 40 წლის შემდეგ ჭარბობს ჰიპოთირეოზის ფორმები, კლიმაქსი. მართალია, ეს უკანასკნელი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ ხშირია მისი პათოლოგიური გამოვლინება. კლიმაქსი ქალებში ძირითადად 45-დან 55, მამაკაცებში კი 45-დან 60 წლამდე დგება.

- რა როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორი?

- თითქმის ყველა ენდოკრინულ დაავადებას საფუძვლად გენეტიკური განწყობა უდევს. დადგენილია, რომ შაქრიანი დიაბეტის I ტიპს აქვს კავშირი მთავარ გენეტიკურ სისტემა HLA-სთან (ჰუმან ლეუცოცყტე ანტიგენს). შაქრიანი დიაბეტის II ტიპის დროს გენეტიკური განწყობა უფრო მკაფიოდ არის გამოხატული (დიაბეტის ოჯახური ფორმები). ტოქსიკური ჩიყვი განიხილება როგორც გენეტიკურ-აუტოიმუნური დაავადება. იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა ტოქსიკური ჩიყვი ემართება ოჯახის რამდენიმე წევრს სხვადასხვა თაობაში. დაავადების ოჯახურ ხასიათს განსაკუთრებული რეცესიული გენის არსებობა განაპირობებს. ჰიპოთირეოზიც შეიძლება იყოს გამოწვეული თირეოიდული ჰორმონების ბიოსინთეზის მემკვიდრეობითი დეფექტით, რომელიც აუტოსომურ-რეცესიული გენით არის განპირობებული.

ჰიპოფიზური ნანიზმი კიდევ ერთი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც გადაეცემა როგორც აუტოსომურ-რეცესიული ნიშანი. მსოფლიო ეპიდემიად ქცეული სიმსუქნის ერთ-ერთი გამომწვევი სწორედ გენეტიკური ფაქტორია, კერძოდ, ლიპოგენეზის ფერმენტების მომატებული აქტივობა და ლიპოლიზის ფერმენტების მცირე აქტივობა.

- სიმსუქნის პრევენციის ღონისძიებები რას მოიცავს?

- სიმსუქნე ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს. რომ მოვახდინოთ სიმსუქნის პრევენცია, უნდა ვიცოდეთ მისი გამომწვევი მიზეზები, ესენია: კვებითი ქცევის დარღვევა, ცხიმიანი, ნახშირწყლებით მდიდარი და უჯრედისით ღარიბი საკვების ჭარბი მოხმარება, ცხოვრების უმოძრაო წესი, სტრესისადმი მიდრეკილება, უძილობა, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება, ეთნიკური კუთვნილება, ასაკი.

სამწუხაროდ, სიმსუქნის ეპიდემიის უკუქცევა ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო. შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ პირთა გასუქების ალბათობის შემცირება. სიმსუქნესთან ბრძოლა მუცლადყოფნის პერიოდიდანვე უნდა დავიწყოთ. ორსულობისას ქალის სწორ, ადეკვატურ კვებას უნდა მიექცეს ყურადღება, ბავშვი კი ადრეული ასაკიდანვე უნდა შეეჩვიოს სწორ კვებას. ჯანსაღი ფიზიკური აქტიურობა უნდა იქცეს ცხოვრების წესად.

- როგორ შეიძლება შევაჩეროთ ან შევანელოთ პროცესის განვითარება?

- ეს საკმაოდ რთული და პრობლემური საკითხია. დაბინძურებული გარემო, მომატებული რადიაციული ფონი, სტრესები, ცხოვრების აჩქარებული ტემპი, ამის გამო დარღვეული კვებითი ქცევა, იმუნოდეფიციტი - ყოველივე ეს ზრდის დაავადებათა განვითარების რისკს და, სამწუხაროდ, მათი ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რისკჯგუფების გამოყოფა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, პედიატრიული სამსახურის სწორად მართვა, რაც ოდნავ მაინც დაგვიცავს იმ დაავადებებისგან, რომელთა რიცხვიც არითმეტიკული პროგრესით იმატებს.

- რას გვირჩევთ ენდოკრინული პათოლოგიების პრევენციისათვის?

- ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იოდდეფიციტთან ბრძოლა, ვინაიდან ის შეიძლება სხვადასხვა ენდოკრინული დაავადების მიზეზად იქცეს. იოდის დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია იოდით მდიდარი საკვების, იოდიანი მარილის ყოველდღიური მოხმარება, ხოლო ზამთარში, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობა ფიზიოლოგიურად ნელდება, იოდიანი მედიკამენტების მიღება - რეკომენდებულია ყოველდღიურად 100-200 მგ ასაკის შესაბამისად.

საზოგადოდ, ფიზიკური აქტიურობა, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები, სწორი დღისა და კვების რეჟიმი, სრულფასოვანი დასვენება ყოველი ჩვენგანის ცხოვრების წესად უნდა იქცეს.