შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი

უპირველესი კვლევა, რომელიც შაქრიან დიაბეტზე ეჭვისას ტარდება, დილით, უზმოზე, სისხლში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრაა.

სისხლში გლუკოზის შემცველობა ნორმალურია, თუ ის 110 მგ/დლ-ზე ნაკლებია. ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ეს მაჩვენებელი 100 მგ/დლ-ზე ნაკლებია.

თუ უზმოზე სისხლში გლუკოზის შემცველობა 110-დან 125 მგ/დლ-მდეა, ითვლება, რომ პაციენტს პრედიაბეტი – უზმოზე სისხლში გლუკოზის შემცველობის დარღვევა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადების დიდი შანსი აქვს.

თუ ორ სხვადასხვა დღეს ჩატარებული კვლევისას უზმოზე სისხლში გლუკოზის შემცველობა 126 მგ/დლ ან მეტია, პაციენტს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუდგინდება.

გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტი

რიგ შემთხვევებში, შაქრიან დიაბეტზე ეჭვისას, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტის ჩატარება. ის უფრო მგრძნობიარე მეთოდია პრედიაბეტის გამოსავლენად, ვიდრე სისხლში უზმოზე გლუკოზის შემცველობის განსაზღვრა, თუმცა ნაკლებად მარტივია ჩასატარებლად. გლუკოზოტოლერანტული ტესტისას იზომება სისხლში გლუკოზის შემცველობა უზმოზე, შემდეგ პაციენტს დასალევად ეძლევა გლუკოზის წყალხსნარი და განსაზღვრავენ სისხლში გლუკოზის შემცველობას მისი მიღებიდან 1 და 2 საათის შემდეგ.

თუ გლუკოზის ხსნარის მიღებიდან 2 საათის შემდეგ სისხლში გლუკოზის შემცველობა 139 მგ/დლ ან ნაკლებია, მაჩვენებელი ნორმალურია. გლუკოზის შემცველობის 140-99 მგ/დლ ადასტურებს, რომ პაციენტს აქვს პრედიაბეტი – გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, რაც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის აღმოცენების მომატებულ რისკზე მიგვანიშნებს, თუმცა კვლევის მომენტისათვის პაციენტს დიაბეტი ჯერ არ აქვს. თუ გლუკოზის ხსნარის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ სისხლში გლუკოზის შემცველობა 200 მგ/დლ ან მეტია, პაციენტს შაქრიანი დიაბეტი აქვს.

სისხლში გლუკოზის შემცველობის რანდომული განსაზღვრა

ექიმმა შესაძლოა მიზანშეწონილად ჩათვალოს სისხლში გლუკოზის შემცველობის შემთხვევითი (რანდომული) განსაზღვრა. თუ ასეთ დროს სისხლში გლუკოზის შემცველობა 200 მგ/დლ და მეტია და ამასთან ერთად, პაციენტს დიაბეტის ისეთი სიმპტომები აქვს, როგორებიცაა გახშირებული შარდვა, გაძლიერებული წყურვილი, აუხსნელი წონის კლება, შეიძლება მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს. გარდა ამისა, საყურადღებო სიმპტომებია სისუსტე, მხედველობის დაქვეითება, გაძლიერებული მადა, ჭრილობების გაძნელებული შეხორცება. ასეთ შემთხვევებში დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმი დანიშნავს უზმოზე გლუკოზის შემცველობის განსაზღვრას.

გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა

ჰემოგლობინი არის ცილის შემცველი ნაერთი, რომლითაც გაჯერებულია სისხლის წითელი უჯრედები – ერითროციტები. სისხლში არსებული გლუკოზა უკავშირდება ერითროციტებში არსებულ ჰემოგლობინს. გლიკირებული ჰემოგლობინი გვიჩვენებს, რა რაოდენობის გლუკოზაა შეკავშირებული ჰემოგლობინთან. რადგან სისხლის წითელი უჯრედების ანუ ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 თვეა, გლიკირებული ჰემოგლობინის ტესტი გვიჩვენებს, როგორი იყო სისხლში გლუკოზის საშუალო შემცველობა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. თუ ბოლო კვირების განმავლობაში სისხლში გლუკოზის შემცველობა მომატებული იყო, გლიკირებული ჰემოგლობინიც მომატებული იქნება. ამ ტესტს სხვაგვარად ჰემოგლობინ A1ც-ს (HბA1ც) ან გლიკოჰემოგლობინის ტესტს უწოდებენ. თუ პაციენტს შაქრიანი დიაბეტი აქვს, სხვა მრავალ კვლევასთან ერთად, მას რეგულარულად უნდა განესაზღვროს სისხლში გლიკოჰემოგლობინიც, მისი მაჩვენებლის ნორმის დასაზუსტებლად. გარკვეულ შემთხვევებში გლიკოჰემოგლობინის შემცველობა სისხლში შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკის მიზნითაც შეიძლება განისაზღვროს.

ჯანმრთელი ადამიანების გლიკირებული ჰემოგლობინის შემცველობა 4%-დან 5,6%-მდეა. თუ პაციენტს გლიკირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი 5,7%-სა და 6,4%-ს შორის აქვს, ეს მიუთითებს, რომ შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების მომატებული რისკი არსებობს, 6,5% და მეტი კი ადასტურებს დიაბეტის არსებობას.

შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში გლიკოჰემოგლობინის სამიზნე ციფრია 7%-ზე ნაკლები. გლიკოჰემოგლობინის მომატებული მაჩვენებელი ზრდის შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების ალბათობას. დიეტის, ვარჯიშისა და გარკვეული მედიკამენტების წყალობით შესაძლებელია გლიკოჰემოგლობინის შემცველობის დაქვეითება.

თუ პაციენტს შაქრიანი დიაბეტი აქვს, მიზანშეწონილია გლიკოჰემოგლობინის შემცველობა განისაზღვროს ყოველ 3 თვეში, დასარწმუნებლად, რომ სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი რეკომენდებულ ფარგლებშია. თუკი შაქრიანი დიაბეტი კარგადაა გაკონტროლებული (სისხლში გლუკოზის შემცველობა მოწესრიგებულია), შესაძლებელია ინტერვალის გაზრდა, თუმცა აუცილებელია გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა, სულ ცოტა, 6 თვეში ერთხელ.

გარკვეული მდგომარეობებისას გლიკირებული ჰემოგლობინის მაჩვენებლის სარწმუნოობა მცირდება. მაგალითად, კვლევის შედეგები იცვლება, თუ პაციენტს აქვს ანემია, იღებს ც ან ე ვიტამინებს, აქვს მაღალი ქოლესტეროლი, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება.

რატომ ტარდება შარდის ანალიზი

დაავადებულმა პაციენტებმა კარგად იციან, რომ დაავადების ლაბორატორიული კონტროლისთვის, სისხლის გამოკვლევის გარდა, ტარდება შარდის ანალიზიც. ის ექიმს ეხმარება თირკმლის მდგომარეობის შეფასებასა და სისხლში გლუკოზის მკვეთრი მომატების გამოვლენაში.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედს დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემები აქვს. ამის მიუხედავად, სისხლში გლუკოზის შემცველობის ადრეული და რეგულარული კონტროლი და განსაზღვრული მედიკამენტები ორგანოს ფუნქციის ხანგრძლივი დროით შენარჩუნების საშუალებას იძლევიან.

თირკმლის მდგომარეობის შესაფასებლად განისაზღვრება მიკროალბუმინურია – შარდში ცილა ალბუმინის შემცველობა. ალბუმინი არის სისხლში არსებული ცილა. მისი შემცველობა შარდში გარკვეულ ზღვრულ, ძალიან მცირე რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს და შესაბამისად, ტესტირებით არ უნდა ვლინდებოდეს. აღნიშნული ტესტი უნდა ჩატარდეს ყოველწლიურად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დიაგნოსტიკისთანავე. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა საჭიროა ასეთი ადრეული ტესტირება? მიზეზი მარტივია – როგორც წესი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დიაგნოზის დადასტურების მომენტისათვის პაციენტს უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში აქვს დაავადება, თუმცა მისი გამოვლინება გვიან ხდება. აღნიშნულისაგან განსხვავებით, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს მიკროალბუმინურიის განსაზღვრა შესაძლოა დიაგნოზის დადგენიდან 5 წლის შემდეგ დაიწყოს.

რაზე მეტყველებს მიკროალბუმინურიის გამოვლენა?

პოზიტიური ტესტი მიუთითებს, რომ თირკმლის ფუნქცია შეიძლება დაქვეითდეს, ასევე მიგვანიშნებს, რომ სისხლძარღვების დაზიანება შეიძლება გულის პრობლემების მიზეზი გახდეს. ასეთ დროს, გართულებათა ასარიდებლად, ექიმი გეგმავს ღონისძიებებს.

  • თირკმლის დაზიანება – მისი პრევენციის მიზნით შეიძლება დაინიშნოს გარკვეული მედიკამენტები. თუ მიკროალბუმინურია მნიშვნელოვანია, უნდა დაიგეგმოს მისი განსაზღვრა 24-საათიან შარდში. ეს ტესტი უფრო ინფორმაციულია.
  • მომატებული გლუკოზა – კვლევათა შედეგების თანახმად, სისხლში გლუკოზის სათანადო კონტროლით ქვეითდება თირკმლის დაზიანების რისკი. ამიტომ გლუკოზის დონის საკონტროლოდ ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო აგრესიული მკურნალობა.
  • მაღალი არტერიული წნევა – არტერიული წნევის დაქვეითებით შეიძლება შემცირდეს დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის დაზიანების რისკი. ამის გათვალისწინებით, არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტების რეგულარულ მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
  • ქოლესტეროლი – რადგანაც მიკროალბუმინურია გულის დაავადების მომატებულ რისკზე მეტყველებს, ექიმი იკვლევს სისხლში ქოლესტეროლის შემცველობას და საჭიროებისას ნიშნავს მედიკამენტს მისი სასურველი დონის მისაღწევად.

შარდში კეტონური სხეულების განსაზღვრა

შაქრიანი დიაბეტის დროს ზოგჯერ შარდში შეიძლება აღმოჩნდეს კეტონური სხეულები. კეტონური სხეულები მაშინ წარმოიქმნება, როცა ორგანიზმს არ აქვს საკმარისი ინსულინი ცხიმოვანი მჟავების დასაჟანგად. კეტონური სხეულების შემცველობის მნიშვნელოვანი მატება საშიში მდგომარეობის – კეტოაციდოზის მიზეზია.

როდის განისაზღვრება შარდში კეტონური სხეულების შემცველობა

ჩვეულებრივ, კეტონური სხეულების არსებობა განისაზღვრება შარდის საერთო ანალიზისას. კეტონები მიზანმიმართულად შეიძლება განისაზღვროს, თუ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულ პაციენტს აქვს:

  • ვირუსული ინფექცია, რასაც ერთვის გულისრევა და ღებინება;
  • ორსულია;
  • სისხლში გლუკოზის შემცველობა 300 მგ/დლ-ს უახლოვდება და უფრო მაღალია;
  • უჩვეულოდ გაძლიერებული წყურვილი, დაღლილობა, ამოსუნთქულ ჰაერში გრძნობს აცეტონის სუნს.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს კეტონური სხეულების მომატების რისკი მაღალი არ არის მაშინაც კი, თუ პაციენტი ინსულინით მკურნალობს. მიუხედავად ამისა, მძიმე დაავადებების დროს შესაძლებელია, კეტოაციდოზი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროსაც აღმოცენდეს. ამის გამო კვლევა შეიძლება დაიგეგმოს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულებთანაც, თუ პაციენტს აქვს:

  • ვირუსული ინფექცია, რომელსაც თან ახლავს აუხსნელი გულისრევა და ღებინება;
  • სისხლში გლუკოზის შემცველობა 300 მგ/დლ და მეტია და დღის განმავლობაში განაგრძობს მატებას.

სამწუხაროდ, შაქრიანი დიაბეტი ის დაავადებაა, რომლის სამიზნეც მრავალი ორგანოა. ბუნებრივია, მათი მდგომარეობის შესაფასებლად ექიმი პაციენტს სრულყოფილად სინჯავს და სათანადო ჩვენებისას დამატებით სხვადასხვა ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ კვლევას ნიშნავს. აღნიშნულ კვლევათა დაგეგმვა, რასაკვირველია, ექიმს უნდა მივანდოთ.