ცხვირიდან სისხლდენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხვირიდან სისხლდენა

ეპიტაქსისის მიზეზები მოზრდილებში

ცხვირიდან სისხლდენა, როგორც ითქვა, ყოველთვის არ არის დაავადების ბრალი. ის შეიძლება სავსებით ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდეს, უმეტესად - ემოციური დაძაბულობის ან ფიზიკური დატვირთვის შედეგად. ასეთ დროს სისხლდენა ხანმოკლე და სუსტია და უმეტესად თავისთავად წყდება. ჯანმრთელ ადამიანს ცხვირიდან სისხლი შეიძლება სიცივეშიც წასკდეს - ეს იმიტომ, რომ ცივი და მშრალი ჰაერით დიდხანს სუნთქვისას ცხვირის ლორწოვანი გარსი შრება და წვრილი კაპილარები სკდება. ეპიტაქსისის მიზეზად შეიძლება იქცეს მზის დაკვრაც. ამ დროს სისხლდენას თავის ტკვილი, საერთო სისუსტე, ყურების შუილი ახლავს თან. არც გულის წასვლაა გამორიცხული. ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი უმეტესად ძგიდის წინა ნაწილის (ე.წ. კისელბახის ადგილის) სისხლძარღვთა დაზიანებაა. ცხვირის ძგიდის ეს უბანი განსაკუთრებით მდიდარია წვრილი არტერიოლებითა და კაპილარებით. მათ მსუბუქი ტრავმაც კი ადვილად აზიანებს - მშრალი ქერქის უხეშად მოცილება, ცხვირის უხეშად მოხოცვა, ცხვირის ქექვა თითითა თუ სხვა უხეში საგნით... სისხლი ამ დროს წვეთწვეთობით ან სუსტ ნაკადად მოედინება და სისხლის ნორმალური შედედების პირობებში მალევე წყდება. გაცილებით უარესია ცხვირის ღრუს ზედა და უკანა ნაწილის სისხლძარღვების დაზიანება. ამ უბნების სისხლძარღვები გაცილებით მსხვილია. ამიტომ მათი დაზიანების შედეგად განვითარებული სისხლდენა უფრო ინტენსიური და სახიფათია. ასეთ დროს კაშკაშა ალისფერი სისხლი ინტენსიურად მოედინება (შესაძლოა, პირის ღრუდანაც გადმოდიოდეს) და პრაქტიკულად არ წყდება. ამ სახის ეპიტაქსისის ერთ-ერთი გამოვლინებაა სისხლიანი ღებინება სისხლის გადაყლაპვის გამო. ცხვირის ტრავმის დროს (დარტყმა, დაცემა) დიდია ცხვირის სტრუქტურათა (ხრტილის, ძგიდის, ძვლების, მახლობელი წიაღების) დაზიანების ალბათობა. ტრავმით გამოწვეულ ეპიტაქსისს, წესისამებრ, თან ახლავს ცხვირისა და მის გარშემო არსებული ქსოვილების ტკივილი და შეშუპება. ამ დროს ცხვირი, ზოგჯერ - მთელი სახეც, დეფორმირდება. თუ ცხვირიდან სისხლდენა არაინტენსიურია და სისხლის შედედებულ კოლტებს ლორწოვანი გამონადენიც ერთვის, სავარაუდოდ, საქმე ეხება რინიტს - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას. სისხლის კოლტები რინიტის დროს ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული წვრილი კაპილარების ტრავმის შედეგია. როდესაც ეპიტაქსისი თავის ტკივილის, სურდოსა და სიცხის ფონზე აღმოცენდება, მიზეზია წიაღების ანთება - სინუსიტი (ფრონტიტი - შუბლის წიაღის ლორწოვანის ანთება - ან ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ლორწოვანის ანთება). განმეორებითი სისხლდენა შესაძლოა ცხვირის ღრუში არსებული სიმსივნური პროცესის შედეგი იყოს. ასეთ დროს პაციენტის გამოკვლევა-დათვალიერებისას ცხვირის ღრუში ხშირად აღმოაჩენენ კეთილთვისებიან (პოლიპი, ანგიომა, პაპილომა) ან ავთვისებიან (კიბო, სარკომა) წარმონაქმნებს. ჰიპერტონიული დაავადების დროს ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა დაერთოს არტერიული წნევის მნიშვნელოვან მომატებას - ჰიპერტონიულ კრიზს. ამ დროს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის წვრილი სისხლძარღვები სკდება და ეპიტაქსისს იწვევს. ამას წინ უძღვის თავის ტკივილი, ყურების შუილი და თავბრუხვევა. ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება ამა თუ იმ სპრეის (შესასხურებელი საშუალების, მაგალითად, ბეკონაზეს, ნაზონექსის) გამოყენების გამოც განვითარდეს. კორტიკოსტეროიდები და ალერგიის საწინააღმდეგო (კერძოდ, ანტიჰისტამინური) მრავალი პრეპარატი ცხვირის ლოწოვან გარსს აღიზიანებს და კაპილარების სკდომას იწვევს. ეპიტაქსისის მიზეზად შეიძლება იქცეს სისხლის შედედების შემაფერხებელი პრეპარატების (ვარფარინის, ჰეპარინის, ასპირინის) ხანგრძლივი გამოყენებაც. ცხვირიდან სისხლდენა, განსაკუთრებით - საშვილოსნოდან და ღრძილებიდან სისხლდენასთან შეუღლებული, ახასიათებს აპლაზიურ ანემიას (ამ დროს ძვლის ტვინი წყვეტს სისხლის უჯრედების გამომუშავებას), ლეიკოზს (სისხლის ავთვისებიან დაავადებას), თრომბოციტოპენიურ პურპურას (დაავადება, რომლისთვისაც თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირებაა დამახასიათებელი). ეპიტაქსისის მიზეზებიდან აღსანიშნავია არა მხოლოდ ზოგადად სისხლისა და სისხლძარღვთა დაავადებები, არამედ ისეთი პათოლოგიებიც, როგორებიცაა გულის მანკი, ფილტვების ემფიზემა, ღვიძლისა და ელენთის დაავადებები, ჰიპოვიტამინოზები და ავიტამინოზები.


ეპიტაქსისის მიზეზები ბავშვებში

ცხირიდან სისხლდენა ყოველთვის არც ბავშვებშია პათოლოგიის ნიშანი. ის ზოგჯერ ცხვირის ლორწოვანი გარსის მექანიკური გაღიზიანების (თითით ან რაიმე საგნით) შედეგია, ზოგჯერ კი ცხვირის ტრავმის ან ცხვირის ღრუში უცხო სხეულის (მცირე ზომის სათამაშო, მარცვალი და ა. შ.) მოხვედრისა. თუ ბავშვს ცხვირიდან სისხლის კოლტებთან შერეული ლორწოვანი გამონადენი აქვს, ეს რინიტზე მიუთითებს, ხოლო ხშირი, სილურჯეებსა და სისხლჩაქცევებთან შეუღლებული ეპიტაქსისი ჰემოფილიის ან სისხლის შედედების პროცესის დარღვევასთან დაკავშირებული სხვა დაავადების სიმპტომია.

პირველი დახმარება ეპიტაქსისის დროს

1. ადამიანი უნდა დავსვათ და თავი ოდნავ წინ დავახრევინოთ. დაუშვებელია თავის უკან გადაწევა (ჩვეულებრივ, სწორედ ეს შეცდომა მოსდით, როდესაც ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებას ცდილობენ) - შესაძლოა, ადამიანს სისხლი გადაეყლაპოს, გულისრევა აუვარდეს ან სისხლი სასუნთქ გზებში გადასცდეს.

2. ეპიტაქსისის დროს აუცილებელია სუფთა ჰაერის მიწოდება. ადამიანს უნდა შეუხსნათ საყელო და გამოაღოთ სარკმელი, რათა თავისუფლად ისუნთქოს.

3. სასურველია ცხვირთან ყინულიანი ტომსიკის მიდება. თუ სისხლდენა არ შეწყდა, თითით ნესტოს ისე უნდა მიაწვეთ, რომ ის ცხვირის ძგიდეს მიებჯინოს და 5-10 წუთს ასე გაჩერდეთ. ნესტოზე თითის მიჭერის დროს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებზე ზეწოლა ხდება და სისხლდენა უმეტესად წყდება.

4. ეპიტაქსისის დროს არ შეიძლება ცხვირის მოხოცვა - ეს ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას და სისხლძარღვის დეფექტის არეში მის დაცობას. აქედან გამომდინარე, სისხლდენა არათუ შეწყდება, შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც.

5. თუ ეპიტაქსისის დროს ადამიანს გული წაუვიდა, აუცილებლად უნდა დააწვინოთ ზურგზე, თავი გვერდზე მიუბრუნოთ და სასწრაფოდ გადაიყვანოთ კლინიკაში.

6. თუ ეპიტაქსისი ტრავმით არის გამოწვეული და ცხვირის კონტურის ან მთელი სახის შეშუპება და დეფორმაცია ახლავს თან, პაციენტს ცხვირის არეზე ცივ წყალში დასველებული ნაჭერი ან ყინულიანი ტომსიკა უნდა დაადოთ, მერე კი სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს.

თუ ამ გზით სისხლდენა ვერ შეაჩერეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები (მაგალითად, ნაფტიზინი, ნაფაზოლინი, სანორინი): დოლბანდისგან უნდა გააკეთოთ მცირე ზომის ტამპონი, დაასველოთ ამ სითხეში და პაციენტს ნესტოში შეუდოთ. როდესაც ეპიტაქსისი რინიტის შედეგია, ცხვირის ღრუში ვაზელინით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი უნდა მოათავსოთ. ვაზელინი ცხვირის ლორწოვანზე გაჩენილ ფუფხს არბილებს და ხელს უწყობს სისლხდენის შეჩერებას. თუ სისხლდენა გადახურების შედეგად აღმოცენდა, პაციენტი აუცილებლად უნდა გადაიყვანოთ ჩეროში, სადაც გრილა და მზის სხივები ვერ აღწევს, ცხვირზე კი ყინულიანი ტომსიკა ან ცივ წყალში დასველებული ნაჭერი დაადოთ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

  • ტრავმის შედეგად განვითარებული ეპიტაქსისის დროს, როდესაც აღინიშნება ცხვირის კონტურის ან მთელი სახის დეფორმაცია, ცხვირის მიმდებარე ქსოვილები შეშუპებული და მტკივნეულია;
  • ცხვირიდან ინტენსიური სისხლდენისას, რომელიც განვითარდა მაღალი არტერიული წნევის ფონზე ან ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების გამო;
  • როდესაც ეპიტაქსისი ცხვირის ღრუში მოხვედრილი უცხო სხეულის ბრალია. ასეთ დროს არაფრით არ შეიძლება საკუთარი მეთოდებით უცხო სხეულის ამოღება. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს (ოტორინოლარინგოლოგს).
  • როდესაც ეპიტაქსისი 30 წუთზე მეტხანს გრძელდება და ჩვენ მიერ რეკომენდებული საშუალებები უეფექტოა.
  • ხშირი სისხლდენის დროს, რომელიც დიდხანს არ წყდება, შეუღლებულია სილურჯეებსა და სისხლჩაქცევებთან, თან ახლავს ინტენსიური სისხლდენა ღრძილებიდან და სხვა.

ეპიტაქსისის მკურნალობა

ცხვირიდან ინტენსიური სისხლდენის დროს სამედიცინო დახმარება ითვალისწინებს:

1. ცხვირის ღრუს ტამპონადას. ცხვირის ღრუში ათავსებენ ვაზელინით ან სისხლის შედედების ხელშემწყობი სპეციალური პასტით დამუშავებულ დოლბანდს. ტამპონის შეყვანის ორი მეთოდი არსებობს: წინა ტამპონადა, რომლის დროსაც ტამპონი ცხვირის ღრუში ნესტოებიდან თავსდება და უკანა ტამპონადა, რომლის დროსაც ტამპონი ღრუში პირხახიდან შეჰყავთ.

2. ქირურგიულ ჩარევას. ქირურგიულ მეთოდებს მაშინ იყენებენ, როდესაც სისხლდენის შეჩერება სხვაგვარად ვერ ხერხდება. ასეთ დროს უმეტესად ცხვირის სისხლმომარაგების უზრუნველმყოფი არტერიის დაცობა ან გადაკვანძვა ხდება. არსებობს სხვა მეთოდებიც, მათ შედარებით იშვიათად იყენებენ.