ნაწლავის მიკროფლორა
ჩვენი სხეულისა და მიკროსამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანაარსებობა სიმბიოზის სახელწოდებითაა ცნობილი, ხოლო ორგანიზმისათვის დამახასიათებელი მიკროორგანიზმების ერთობლიობა ჩვენს მიკროფლორას ქმნის.
ადამიანის მიკროფლორა, განსაკუთრებით კი ნაწლავის მიკროფლორა, განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც დაახლოებით 150-ჯერ მეტი გენის მატარებელია, ვიდრე ადამიანის მთლიანი ორგანიზმი. მნიშვნელოვანი კვლევები მიუთითებენ, რომ ნაწლავის მიკროფლორა მონაწილეობს სასიცოცხლოდ აუცილებელ ბიოლოგიურ პროცესებში, როგორებიცაა: ნივთიერებათა ცვლა, ეპითელიუმის (მფარავი ქსოვილი) განვითარება, იმუნიტეტზე ზემოქმედება. ადამიანის მიკროფლორასთანაა დაკავშირებული ქრონიკული დაავადებები – სიმსუქნე, ნაწლავთა ანთებითი დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, ათეროსკლეროზი, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება, არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლი, ციროზი, ღვიძლის კიბო.
უკანასკნელი ათწლეულების კვლევები მიუთითებენ, რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და დაავადებებისას მიკროფლორას გადამწყვეტი როლი ენიჭება მრავალი მექანიზმის გამო. მიკროფლორის ზემოქმედებით იზრდება საკვებში არსებული ენერგიის გამოთავისუფლება, საკვების ნაყოფიერება, მადის სტიმულირება. მიკროფლორა გაცილებით უნივერსალურ მეტაბოლურ გენებს შეიცავს, ვიდრე ადამიანის გენომი და სხეულს უზრუნველყოფს უნიკალური და სპეციფიკური ფერმენტებით და ბიოქიმიური გზებით. მიკროორგანიზმების მეტაბოლური (ნივთიერებათა ცვლის) პროცესები ამავე დროს სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის, რადგანაც მნიშვნელოვანია საკვები ნივთიერებების ათვისებისა და მავნე ნივთიერებების გადამუშავებისათვის, აუთვისებელი ნახშირწყალბადების მონელებისა და ვიტამინების სინთეზისათვის.
მეორე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც ასრულებს ჩვენი მიკროფლორა, არის ფიზიკური ბარიერის – დაბრკოლების ფორმირება, რითაც მასპინძელ ორგანიზმს იცავს უცხო პათოგენური, ანუ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისაგან.
გარდა ამისა, მიკროფლორა აუცილებელია მასპინძლის ნაწლავის ლორწოვანისა და იმუნური სისტემის განვითარებისათვის.
ზემოთქმულიდან აშკარაა, რომ მიკროფლორა მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებზე. საზოგადოდ, ორგანიზმში მიკროფლორის შემადგენლობა და ფუნქციები განსხვავებულია მათი ლოკალიზაციის (მდებაროება), ადამიანის ასაკის, სქესის, რასისა და კვების ხასიათის მიხედვით. ადამიანის დაბადებისთანავე მის ორგანიზმში სახლდებიან კომენსალური ბაქტერიები. კომენსალიზმი არის სიმბიოზის ფორმა, რომლის დროსაც ერთი ორგანიზმი ცხოვრობს მეორის ხარჯზე ისე, რომ მისთვის არც მავნეა, არც სასარგებლო. ადამიანის ზრდასთან ერთად ეს მიკროორგანიზმები მრავალფეროვან ეკოსისტემად გარდაიქმნებიან. დროთა განმავლობაში ფორმირდება მათი სიმბიოზი – ბაქტერიები მონაწილეობენ მოუნელებელი საკვების მონელებაში, ორგანიზმს უზრუნველყოფენ აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, იცავენ პირობით პათოგენური (გარკვეულ პირობებში დაავადებების გამომწვევი) მიკროორგანიზმებით კოლონიზაციისაგან, ხელს უწყობენ ნაწლავის არქიტექტურის ფორმირებას.
ნაწლავის მიკროფლორა ინელებს იმ საკვებს, რომელიც ვერ გადამუშავდება კუჭსა და წვრილ ნაწლავში. ასეთია საკვებში არსებული ბოჭკოები, მაგალითად, ქსილოგლუკანები, რომლებსაც შეიცავს ბოსტნეული და გადამუშავდებიან ბაქტეროიდების მიერ. მოუნელებელი ბოჭკოებია ასევე ფლუქტოოლიგოსაქარიდები და ოლიგოსაქარიდები, რომლებიც გადამუშავდებიან სასარგებლო მიკრობების – ლაქტობაცილებისა და ბიფიდობაქტერიების – მიერ.
კვლევებით დადგენილია ნაწლავის მიკროფლორის როლი ცხიმოვან და ცილოვან ცვლაში, ძირითადი ვიტამინების მიკრობულ სინთეზში. ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა დღე-ღამეში 50-100 მმოლ/ლ მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს (აცეტატის, ბუტირის) წარმოქმნის, რაც ორგანიზმის ნაწლავის ეპითელიუმისათვის (შიგნითა შრე) ენერგიის წყაროა. აღნიშნული მჟავები სწრაფად შეიწოვება მსხვილ ნაწლავში და მრავალ განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს ნაწლავის მოტორიკის (მოძრაობა), ანთების, გლუკოზის ცვლის და ენერგიის დაგროვების რეგულაციის თვალსაზრისით.
ცნობილია, რომ ნაწლავის მიკროფლორა მასპინძელ ორგანიზმს აწვდის ვიტამინებს – ფოლატებს, კ ვიტამინს, ბიოტინს, რიბოფლავინს (ბ2), კობალამინს (ბ12) და შესაძლოა ბ ჯგუფის სხვა ვიტამინებსაც.
ბაქტერიები, რომლებიც ნაწლავებში ბინადრობენ (ახდენენ მათ კოლონიზაციას), ლორწოვანის ჰუმორული და უჯრედული იმუნური სისტემის ნორმალური განვითარების სტიმულატორები არიან.
ნაწლავის მიკროფლორის ბიოსტრუქტურა
მართალია, ნაწლავის ბაქტერიები ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მიკროფლორაა, მაგრამ მსხვილი ნაწლავის ბაქტერიათა მრავალი სახეობა მაინც უცნობია. დადგენილია, რომ ნაწლავში ჭარბობენ ანაერობები (ბაქტერიები, რომელთაც ცხოველმყოფელობისათვის არ სჭირდებათ ჟანგბადი), მრავალფეროვნება კი საკმაოდ დიდია – 3 000-დან 5 000-მდე მერყეობს.
მსხვილ ნაწლავში ბაქტერიების კონცენტრაცია ერთ მილილიტრში 1011-ს აღწევს და ფეკალური (განავლოვანი) მასის 90%-ს შეადგენს. ბაქტერიების ასეთი მაღალი კონცენტრაცია მაშინ მიიღწევა, როცა არსებობს მათი ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები. ასეთი ფაქტორებია ნაწლავების პერისტალტიკა – მუდმივი თავისთავადი მოძრაობა, რომელიც ინტენსიურად ახდენს საკვებში არსებული ბოჭკოსა და ბაქტერიების შერევას, ოპტიმალური სიბლანტე და ტემპერატურა, თუმცა ყველაზე გასაოცარი თავისებურება, რაც ბაქტერიების ზრდას განაპირობებს, არის ის, რომ ნაწლავში ფაქტობრივად არ არსებობს ბაქტერიების ზრდის დათრგუნვის მექანიზმები.
თავდაპირველად ითვლებოდა, რომ იმუნური სისტემა მკაცრად აკონტროლებს პათოგენური (დაავადებების გამომწვევი) ბაქტერიების ზრდას ისე, რომ სიმბიოზური ბაქტერიების ზრდას არ თრგუნავს. ამ შეხედულებასთან ერთად სულ უფრო მკვიდრდება აზრი, რომ მსხვილი ნაწლავის ფლორის დაყოფა ბაქტერიებად, რომლებიც დაავადებას იწვევენ ან არ იწვევენ (პათოგენური და არაპათოგენური), იოლი არ არის. მაგალითად, Escherichia coli იწვევს სეფსისს, Bacteroides – აბსცესებს, Enterococci – ენდოკარდიტს, Clostridium histolyticum – აიროვან განგრენას. მიუხედავად ამისა, დასახელებული ბაქტერიები ადამიანის მსხვილი ნაწლავის ნორმალური მიკროფლორაა და ყველა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში უნდა აღმოჩნდნენ.
მიუხედავად ნაწლავის სანათურში არსებული უამრავი ბაქტერიისა, ჯანმრთელი ადამიანის მსხვილი და თეძოს ნაწლავის ბიოპტატის მიკროსკოპული შესწავლით დადგენილია, რომ ნაწლავის ლორწოვანი გარსი დაფარულია ლორწოთი, რომელშიც ბაქტერიები არ აღმოჩნდება.
ნორმალურად ფორმირებული განავლის ზედაპირი ისევეა დაფარული თხელი (თვალისათვის უხილავი) ლორწოს ფენით, როგორც ნაწლავის ლორწოვანი. განავლის მიკროფლორა შეიძლება დაიყოს ჩვეულ (აღმოჩნდება ყველა ჯანმრთელი ადამიანის განავალში) და შემთხვევით აღმოჩენილ ბაქტერიებად. ჩვეული ფლორა არ არის კომენსალური ფლორის სინონიმი. კომენსალური ბაქტერიებია ბიფიდობაქტერიები, ენტერობაქტერიები, კლოსტრიდიები, ლაქტობაცილები, ენტეროკოკები, რომლებიც ხშირად, მაგრამ არა აუცილებლად არიან ჯანმრთელი ადამიანის მსხვილ ნაწლავში და რომელთა არსებობა-არარსებობა ან რაოდენობის შეცვლა არ მიუთითებს ნაწლავის დაავადებაზე. ჩვეული ფლორის წარმომადგენლებია Eubacterium rectale, ბაქტეროიდები, Faecalibacterium prausnitzi. თითოეული შეადგენს განავლოვანი ფლორის 20-50 პროცენტს და ერთიანად მათ წილად მოდის განავალში არსებული ბაქტერიების 70%. სხვა ბაქტერიები მხოლოდ პაციენტთა ნაწილში აღმოჩნდება. ნაწლავის ლორწოვანთან მიმართებით ბაქტერიები იყოფა ფეკომუკოზურად (ბინადრობს განავალში), მუკოფობურად (არ აღმოჩნდება ლორწოში, მაგალითია ბიფიდობაქტერიები), მუკოტროფულად (ბინადრობს ლორწოში. მაგალითად, ენტერობაქტერიები). ყველა ჩვეული ბაქტერია ფეკომუკოზურია, მათი ყველაზე მაღალი კონცენტრაცია განავალში აღმოჩნდება, თუმცა ისინი ლორწოშიც აღწევენ. ჩვეული ბაქტერიების კონცენტრაცია განავლის სიღრმეში იკლებს.
დადგენილია, რომ სხვადასხვა ადამიანის განავლის ბიოსტრუქტურა და ბაქტერიული შემადგენლობა განსხვავებულია. იგივე მახასიათებლები ცალკეული ადამიანისა, ძირითადად, სტაბილურია დღეების განმავლობაში, მაგრამ 6 თვეზე მეტი პერიოდის შემდეგ შეიძლება არსებითად შეიცვალოს.
განავლის მიკროფლორის ბიოსტრუქტურა და ნაწლავთა ანთებითი დაავადებები
მსხვილი ნაწლავი მაღალეფექტური ბიორეაქტორია, რომელიც ადვილად „გამოდის მწყობრიდან“ საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი თუ სხვა დაავადებების დროს. ნაწლავის მიკროფლორის კვლევები ძირითადად განავლის ჰომოგენიზებული მასალიდან ტარდება, რაც არ გვაძლევს მსხვილი ნაწლავის ცალკეულ სეგმენტში (ნაწილში) აღმოცენებული ცვლილების შეფასების საშუალებას. სხვადასხვა დაავადება მსხვილი ნაწლავის მიკრობული შემადგენლობის ცვლილებას იწვევს. ნებისმიერი მიზეზით აღმოცენებული ფაღარათი იწვევს ლორწოს შრის გასქელებას და განავალში ლორწოს არსებობას. აღნიშნული არ ეხება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისას აღმოცენებულ ფაღარათს. ნაწლავების დაავადებების დროს ხშირია ბაქტერიების ზრდისა და მეტაბოლიზმის დათრგუნვა. როგორც წესი, ყველაზე მეტად თვალშისაცემია ჩვეული ბაქტერიების ზრდის დათრგუნვა.
ნაწლავთა ანთებითი დაავადებების დროს ვითარდება დამახასიათებელი ცვლილებები. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისას ლორწოს ფენა ჩანაცვლდება ლეიკოციტებით. კრონის დაავადების აქტიურ ფორმას ახასიათებს F. prausnitzii-ს გაქრობა განავალში.
წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომი
ჯანმრთელი ადამიანის წვრილი ნაწლავის კუჭისაგან დაშორებულ (როგორც სამედიცინო ტერმინოლოგიით უწოდებენ – პროქსიმულ) ნაწილში, ჩვეულებრივ, ბაქტერიების შემცველობა არის ერთ მილილიტრში 105. უპირატესად ეს არის გრამდადებითი აერობული ბაქტერიები – ბაქტერიები, რომლებიც ჟანგბადს მოიხმარენ. ბაქტერიების ასეთ საკმაოდ დაბალ შემცველობას უზრუნველყოფს ნაწლავების პერისტალტიკური აქტივობა, ანუ ნაწლავის ბუნებრივი მოძრაობა, მარილმჟავას სეკრეცია, ლორწოსა და იმუნოგლობულინის გამომუშავება, თეძოსა და ბრმა ნაწლავს შორის სარქველის არსებობა. გარკვეული მდგომარეობებისას ვითარდება წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლება, რაც სამედიცინო ლიტერატურაში წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომის სახელწოდებითაა ცნობილი.
დისბაქტერიოზი – დაავადება თუ მდგომარეობა
დღეს ფართოდაა გავრცელებული ტერმინი „დისბაქტერიოზი“, რომელსაც ზოგჯერ დიაგნოზის სახითაც ვხვდებით. ჩვეულებრივ, ასეთი „დიაგნოზი“, რომელიც ფართოდაა გავრცელებული რუსულენოვან სამედიცინო ლიტერატურაში, უხშირესად ემყარება განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით მიღებულ შედეგებს. თანამედროვე ამერიკული და განვითარებული ევროპული ქვეყნების სამედიცინო ლიტერატურაში ნაწლავთა დისბაქტერიოზი ან დისბიოზი არ განიხილება დამოუკიდებელ დიაგნოზად. არც განავლის ბაქტერიოლოგიური (სპეციალურ საკვებ ნიადაგებზე დათესვით) გამოკვლევით გამოვლენილი მიკროფლორაა მიჩნეული ნაწლავების კრიპტებში არსებული მიკროორგანიზმების რეალურ ასახვად. ეს არ ნიშნავს ზოგადად დისბიოზის, როგორც პრობლემის, უარყოფას. პირიქით, სულ უფრო მზარდია მონაცემები, რომ ჩვენი ორგანიზმის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული ბაქტერიების, სოკოებისა და ვირუსების ბალანსის დარღვევა, ანუ დისბიოზი, ზრდის არა მარტო საჭმლის მომნელებელი, არამედ სხვა სისტემების დაავადებების აღმოცენების შანსსაც. მათ შორის აღსანიშნავია:
- ნაწლავთა ანთებითი დაავადებები;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- დიაბეტი;
- სიმსუქნე;
- სიმსივნე;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.
რატომ აღმოცენდება წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომი
წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომის აღმოცენებას შეიძლება ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის ანატომიურმა (აგებულების) ცვლილებებმა ან მისი ფუნქციონირების დარღვევამ.
კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის აგებულების დარღვევა ხელს უწყობს მონელების პროცესში საკვების შეფერხებას და ბაქტერიების ჭარბ ზრდას. ამ მიზეზით ვითარდება ბაქტერიების ჭარბი გამრავლება წვრილი ნაწლავის დივერტიკულოზის, ნაწლავის ან კუჭის ოპერაციის, ნაწლავის შევიწროების, ნაწილობრივი გაუვალობის დროს.
ნაწლავის მოტორიკის (მოძრაობის) დარღვევის გამო წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომი შეიძლება განვითარდეს დიაბეტური ნეიროპათიის, სისტემური სკლეროდერმიის, ამილოიდოზის, ჰიპოთირეოზის დროს. ხანშიშესულ პაციენტთა წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომის მიზეზი შეიძლება გახდეს კუჭის მჟავა წვენის გამომუშავების დაქვეითება, ნაწლავის მოტორიკის დარღვევა.
ცვლილებები წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომის დროს
ზემოთ განხილული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად წვრილ ნაწლავში ხშირად ჭარბად მრავლდება სტრეპტოკოკები, ბაქტეროიდები, ეშერიხია, ლაქტობაცილები, კლებსიელა, აერომონა. ჭარბი ბაქტერიები ჭარბად შთანთქავენ საკვებ ნივთიერებებს, მათ შორის ნახშირწყლებს, ბ12 ვიტამინს, რაც ენერგიისა და აღნიშნული ვიტამინის დეფიციტს იწვევს. ბაქტერიები არღვევენ ნაღვლის მჟავების სტრუქტურას და შედეგად ცხიმების შეწოვას. ბაქტერიების მკვეთრი სიჭარბე აზიანებს წვრილი ნაწლავის ლორწოვანს. ცხიმების შეწოვის დარღვევის და ნაწლავის ლორწოვანის დაზიანების შედეგად კი ფაღარათი აღმოცენდება.
რას ემყარება წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომის დიაგნოზი
წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნიშანია მუცლის შებერვა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სიმპტომებია არასასიამოვნო შეგრძნება მუცელში, ფაღარათი, გაზების ჭარბად გამოყოფა. ზოგჯერ ფაღარათი და ცხიმის მოუნელებლობა ძალიან მნიშვნელოვნადაა გამოხატული.
როდესაც პაციენტს აქვს აღნიშნული სიმპტომები, მით უფრო – ზემოთ დასახელებული ანატომიური დარღვევების ფონზე, წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომის დიაგნოზის დადგენის მიზნით იგეგმება:
- სუნთქვითი ტესტი – პაციენტი იღებს ნახშირწყლების (ლაქტულოზა, გლუკოზა) შემცველ სითხეს. ჭარბი ბაქტერიები ნახშირწყლებს ინტენსიურად შლიან, რის შედეგადაც ადამიანი უფრო მეტ წყალბადს ამოისუნთქავს, ვიდრე ჩვეულებრივ.
- წვრილი ნაწლავის შიგთავსის ასპირატის დათესვა და გაზრდილი კოლონიების რაოდენობრივი შეფასება – არის დიაგნოზის დასადგენი სტანდარტული მეთოდი, თუმცა მის ჩასატარებლად აუცილებელია ენდოსკოპიის ჩატარება – სპეციალური ხელსაწყოს – ენდოსკოპის დახმარებით წვრილი ნაწლავის შიგთავსის ასპირაცია („ამოქაჩვა“). თუ დათესვის შედეგად გამოვლენილი ბაქტერიების რაოდენობა > 103 კოლონიაწარმომქმნელი ერთეული/მლ-ში, დასტურდება დიაგნოზი. ამ მიზნით განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა არ ტარდება, ასეთი კვლევისას მიღებული შედეგების საფუძველზე წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომის დიაგნოზის დადგენა შეუძლებელია.
გამომსახველობითი კვლევა – თუ პაციენტს არ აქვს ჩატარებული ქირურგიული ჩარევა, წვრილი ნაწლავის მოტორიკის (მოძრაობის) შესასწავლად შესაძლოა ჩატარდეს წვრილი ნაწლავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმით, ზოგჯერ კი კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლების სინდრომის მკურნალობა
მკურნალობა ემყარება სხვადასხვა ანტიბიოტიკის ან 2 მათგანის კომბინირებულ დანიშვნას პერორულად (დასალევად) 10-14 დღის განმავლობაში.
რადგანაც წვრილ ნაწლავში ბაქტერიები ძირითადად ნახშირწყლების და არა ცხიმების მონელებას განაპირობებენ, რეკომენდებულია საკვებში შეიზღუდოს ნახშირწყლები და ბოჭკოვანი ნივთიერებები, ხოლო ცხიმების შემცველობა გაიზარდოს.
როგორ შევინარჩუნოთ ნაწლავის ჯანმრთელი ფლორა
ნაწლავის ჯანმრთელი ფლორის შენარჩუნების გზებია:
- პრებიოტიკების – ნაწლავში არსებული ნორმალური ფლორის ზრდის ხელშემწყობი საკვების მიღება. პრებიოტიკებით მდიდარია ბოჭკოს შემცველი მრავალი ხილი და ბოსტნეული – ვაშლი, ბანანი, კენკროვნები, სტაფილო, ნიორი, შვრია, ტკბილი კარტოფილი, სელის თესლი.
- პრობიოტიკების – ცოცხალი ბაქტერიების შემცველი საკვების მიღება. ასეთია იოგურტი, მაწონი, კეფირი, ყველის გარკვეული სახეობები (გაუდა, მოცარელა, ჩედარი), ხაჭო, ნაღები, კიმჩი, ჩაის სოკო, მჟავე კომბოსტო, მჟავე კიტრი.
- ანტიბაქტერიული პრეპარატების მიღება მხოლოდ აუცილებლობისას, ექიმის დანიშნულებით.