რა არის იმუნოდეფიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის იმუნოდეფიციტი

იმუნიტეტი არის სტრუქტურებისა და უჯრედების ერთობლიობა, რთული მექანიზმი, რომელიც იცავს ორგანიზმს სხვადასხვა ტიპის, ძირითადად ინფექციური ხასიათის დაავადებებისგან.

იმუნოდეფიციტის დროს ორგანიზმის დაცვის მექანიზმის ერთი ან რამდენიმე რგოლი მწყობრიდან არის გამოსული, ნორმალურად არ მუშაობს, რაც იწვევს შესაბამისი სიმპტომების გამოვლენას.

ამ ტიპის პრობლემის დიაგნოსტიკა ექიმი იმუნოლოგის ამოცანაა. სპეციფიკური გამოკვლევების გამოყენებით ის ადგენს იმუნოდეფიციტის ტიპს და მის საკორექციოდ პაციენტს უნიშნავს შესაბამის თერაპიას.

იმუნოდეფიციტური მდგომარეობის შესახებ

იმუნოდეფიციტი არ არის უბრალო გახშირებული სურდო, არამედ სერიოზული, მძიმე დაავადებაა. მისი საშიშროებაა ის, რომ ბაქტერიები, სოკოები და მიკროორგანიზმების სხვადასხვა ფორმა იჭრებიან ორგანიზმში და ამ უკანასკნელის მხრიდან ვერ ხვდებიან ვერანაირ წინააღმდეგობას – შეუძლიათ უკონტროლოდ გამრავლება და ტოქსინების სისხლში გაშვება. ეს იწვევს დაავადების მძიმე მიმდინარეობას, ერთი შეხედვით, მარტივი ინფექციების სერიოზული, აგრესიული მკურნალობის აუცილებლობას, გართულებების ხშირ განვითარებას და სიკვდილსაც კი.

იმუნოდეფიციტი ნებისმიერი ასაკის ადამიანთან შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა ბავშვებთან ის უფრო ხშირად თანდაყოლილი ხასიათისაა. ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებთან იმუნოდეფიციტი ხშირად შეძენილია და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმატებით გამოსწორდეს (კორექტირდეს).

იმუნოდეფიციტის სახეები

განვითარების მიზეზებსა და მექანიზმზე დამოკიდებულებით, იმუნოდეფიციტები იყოფა 3 ჯგუფად:

1) ფიზიოლოგიური (წარმოიქმნება იმუნური სისტემის თავისებურებების გამო პაციენტის ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში – ახალშობილობის პერიოდში, ორსულობის დროს, სიბერეში);

2) პირველადი ანუ თანდაყოლილი (ვლინდება ბავშვის სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, გენეტიკური დარღვევების შედეგია);

3) მეორეული ანუ შეძენილი (ჯანმრთელ ადამიანს უვითარდება სიცოცხლეში, ორგანიზმზე არახელსაყრელი გარეგანი ფაქტორების ზეგავლენის შედეგად).

არსებობს ასევე იმუნოდეფიციტების კლასიფიკაცია იმუნური სისტემის დარღვევის დონის მიხედვით. ამ პრინციპით განასხვავებენ:

  • ჰუმორულ დეფიციტს (ანტისხეულების არასაკმარისი რაოდენობა ან მათი ფუნქციის დაქვეითება);
  • T-უჯრედების დეფიციტს;
  • გრანულოციტების რაოდენობის ან ფუნქციის დარღვევას;
  • ელენთის ფუნქციის დარღვევას (ასპლენიას);
  • კომპლემენტის სისტემის ფუნქციის დეფიციტს.

შესაძლებელია პათოლოგიის კომბინირებული შემთხვევებიც.

იმუნოდეფიციტის სიმპტომები

იმუნოდეფიციტის მთავარი ნიშანია ხშირი, მორეციდივე, მძიმე ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ან სხვა სახის აგენტებით გამოწვეული ინფექციები, რომლებსაც ყოველთვის ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული კლინიკური სიმპტომები. იმუნოდეფიციტის დროს აღნიშნული ინფექციები მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის მდგომარეობას, რთულად ექვემდებარება მკურნალობას, საჭიროებს ანტიმიკრობული საშუალებების დიდი დოზების გამოყენებას, აგრესიულ პათოგენეტიკურ და სიმპტომურ თერაპიას. დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში ასეთი ინფექციები სწრაფად იწვევს გართულებებს და შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილიც კი. იმუნოდეფიციტის სიმპტომები მოზრდილებთან მით მეტად არის გამოხატული, რაც უფრო მძიმეა პროცესი.

იმუნოდეფიციტით დაავადებული პაციენტები თითქმის ყოველთვის ასთენიზებულები არიან – განიცდიან სისუსტეს, თავის ტკივილს, თავბრუხვევას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, სწრაფად იღლებიან მცირე დატვირთვითაც კი.

ობიექტურად, იმუნოდეფიციტის მქონე მოზრდილებთან ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • გაურკვეველი ბუნების სუბფებრილიტეტი (დაბალი ხარისხის ცხელება (37,0-37,5°C));
  • კანის სიმშრალე, ხანგრძლივად მოუშუშებელი წყლულები, კანის ჩირქოვანი დაავადებები;
  • ლიმფადენოპათია (ლიმფური კვანძების გადიდება);
  • ღვიძლისა და ელენთის გადიდება;
  • ზოგიერთ შემთხვევაში – ელენთის ან ლიმფური კვანძების გარკვეული ჯგუფების არარსებობა.

იმუნიტეტის დეფექტებზე შეიძლება ეჭვი მიიტანოთ, თუ:

  • ჩირქოვანი ოტიტი წელიწადში 8-ჯერ ან მეტჯერ ვლინდება;
  • წელიწადში ორი ან მეტი სინუსიტი და პნევმონია ფიქსირდება;
  • გამოხატულია რბილი ქსოვილებისა და კანის მორეციდივე ჩირქოვანი პროცესები (აბსცესები, ფურუნკულები);
  • ვითარდება სისტემური კანდიდოზი;
  • წელიწადში ორჯერ ან მეტჯერ ვითარდება მძიმე სისტემური ინფექცია – ოსტეომიელიტი, მენინგიტი, სეფსისი;
  • აღმოცენდება ინფექციური დაავადებების ატიპური ფორმები;
  • ანტიბაქტერიული თერაპია საკმარისი დოზებით არაეფექტურია;
  • დაავადებები ვითარდება ცოცხალი ვაქცინებით ვაქცინაციის შემდეგ;
  • ამ პათოლოგიის გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომელთა ახლო ნათესავები განიცდიან (განიცადეს) იმუნოდეფიციტს.

იმუნოდეფიციტის მიზეზები

დაავადების პირველადი ფორმები ვითარდება გენეტიკური დეფექტების შედეგად, რომელთა განვითარებაზე შეიძლება გავლენა იქონიოს:

  • ორსული ქალის მავნე ჩვევებმა (ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება, მოწევა);
  • ორსულობის დროს ინფექციურმა დაავადებებმა;
  • ორსული ქალის მიერ გარკვეული მედიკამენტების მიღებამ;
  • რადიაციამ;
  • ინტოქსიკაციამ.

მოზრდილებთან შეძენილი იმუნოდეფიციტის მიზეზებია:

  • ვირუსები (ძირითადად აივ-ი ანუ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც არანამკურნალებ შემთხვევაში იწვევს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის – შიდსის – ფორმირებას);
  • მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აუტო­იმუნური დაავადებებისა და სიმსივნეების სამკურნალოდ (ციტოსტატიკები, იმუნოსუპრესორები, გლუკოკორტიკოიდები);
  • სხივური თერაპია;
  • მძიმე სომატური (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი) და ინფექციური დაავადებები.

იმუნოდეფიციტის მეორეული ფორმების განვითარების ალბათობას ზრდის ცხოვრების არაჯანსაღი წესი, კერძოდ, მავნე ჩვევები, ჰიპოდინამია, ძილის ქრონიკული დეფიციტი, დიდი ფსიქოემოციური დატვირთვები, დაუბალანსებელი კვება, რომელიც იწვევს ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ამინმჟავების ნაკლებობას.

შესაძლებელია თუ არა იმუნოდეფიციტის განკურნება?

ეს დამოკიდებულია დეფექტის ბუნებაზე, ტიპსა და კონკრეტულ კლინიკურ სიტუაციაზე. ზოგიერთი იმუნოდეფიციტი, რომელიც ექვემდებარება ადრეულ დიაგნოზს, სწორ მკურნალობასა და ქრონიკული დაავადებების არარსებობას, ხასიათდება კარგი პროგნოზით, ზოგი მოითხოვს ხანგრძლივ (ხშირად მთელი სიცოცხლის მანძილზე) და სპეციფიკურ თერაპიას, ზოგი კი იწვევს სიკვდილს. ყველაფერი ინდივიდუალურია.

რა მოხდება, თუ იმუნოდეფიციტს არ ვუმკურნალ­ებთ?

ასეთ ვითარებაში მაღალია ინფექციური დაავადებების მძიმე გართულებათა განვითარების რისკი და ლეტალური გამოსავალი.

როგორ ავირიდოთ იმუნოდეფიციტი?

აუცილებელია იმუნური დეფექტის სწორად ვერიფიცირება (დადგენა) და შესაბამისი იმუნომოდულაციური მკურნალობის შერჩევა. ეს ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის დაზიანებული რგოლის ფუნქციობის გაუმჯობესებას და ორგანიზმის წინააღმდეგობის გაზრდას ინფექციების მიმართ.

აივ ინფექცია და შიდსი

რა არის აივ ინფექცია?

აივ-ი არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის შემოკლებული სახელი, ანუ იმ ვირუსისა, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას. აივ ცოცხლობს და მრავლდება მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში.

აივ-ით ინფიცირებისას ადამიანების უმეტესობა არ განიცდის რაიმე შეგრძნებას. ზოგჯერ ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვითარდება გრიპის მსგავსი მდგომარეობა (ტემპერატურის მომატება, კანის გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება, დიარეა). ინფიცირების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ადამიანი შეიძლება თავს ჯანმრთელად გრძნობდეს. ამ პერიოდს დაავადების ფარული, იგივე ლატენტური ეტაპი (სტადია) ეწოდება. თუმცა არასწორია ვიფიქროთ, რომ ამ დროს ორგანიზმში არაფერი ხდება. როდესაც პათოგენი, მათ შორის აივ, შედის ორგანიზმში, იმუნური სისტემა აყალიბებს იმუნურ პასუხს. ის ცდილობს გაანეიტრალოს პათოგენი და გაანადგუროს ის. ამისათვის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ანტისხეულები უკავშირდებიან პათოგენს და ხელს უწყობენ მის განადგურებას. გარდა ამისა, სისხლის სპეციალური თეთრი უჯრედები (ლიმფოციტები) ასევე იწყებენ პათოგენთან ბრძოლას. სამწუხაროდ, აივ-თან ბრძოლისას ეს ყველაფერი საკმარისი არ არის – იმუნური სისტემა აივ-ს ვერ ანეიტრალებს და აივ-ი, თავის მხრივ, თანდათან ანადგურებს იმუნურ სისტემას.

ის, რომ ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით, ანუ გახდა აივ-ინფიცირებული, არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი). როგორც წესი, შიდსის განვითარებას დიდი დრო სჭირდება (საშუალოდ 10-12 წელი).

შიდსი - (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი)

ვირუსი თანდათან ანადგურებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ. გარკვეულ მომენტში ორგანიზმის წინააღმდეგობა იმდენად დაბალია, რომ ადამიანს შეუძლია განუვითარდეს ისეთი ინფექციური დაავადებები, რომლითაც სხვა ადამიანები პრაქტიკულად არ ავადდებიან ან ძალიან იშვიათად. ამ დაავადებებს „ოპორტუნისტული“ ეწოდება.

შიდსზე საუბრობენ მაშინ, როდესაც აივ-ინფიცირებულს უვითარდება ვირუსით განადგურებული იმუნური სისტემის არაეფექტური ფუნქციობით გამოწვეული ინფექციური დაავადებები.

შიდსი აივ ინფექციის განვითარების ბოლო ეტაპია.

  • შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომია,
  • სინდრომი არის დაავადების რამდენიმე ნიშნის- სიმპტომის მყარი ერთობლიობა (იგივე კომბინაცია, ნაკრები);
  • შეძენილი ნიშნავს, რომ დაავადება არ არის თანდაყოლილი, განვითარდა სიცოცხლის განმავლობაში.

იმუნოდეფიციტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ უწევს წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციას.

ამრიგად, შიდსი არის დაავადებების ერთობლიობა, რომელიც გამოწვეულია აივ-ით დაზიანებული (დამარცხებული, დასუსტებული) იმუნური სისტემის არასაკმარისი ფუნქციობით.