სისხლის ჯგუფი და რეზუსფაქტორი

'
სისხლის ჯგუფისა და რეზუსის შესახებ საუბრისას უპირველეს ყოვლისა ის სიტუაციები გვახსენდება, როცა სისხლის გადასხმაა საჭირო. ოთხი განსხვავებული სისხლის ჯგუფის პაციენტთაგან რომელი ჯგუფის სისხლი შეიძლება გადაესხას თითოეულს?
-როგორც თავად ბრძანეთ, განასხვავებენ სისხლის ოთხ ჯგუფს -0 (I), A (II), B (III), AB (IV). ეს ოთხი ჯგუფი ერთმანეთისგან განსხვავდება ერითროციტებზე არსებული A და B ანტიგენებით და პლაზმაში არსებული ანტი-A და ანტი-B ანტისხეულებით.
- 0 (I) ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ერითროციტებზე არ გააჩნიათ არც A და არც B ანტიგენები, სამაგიეროდ პლაზმაში აქვთ ანტი-A და ანტი-B ანტისხეულები.
- A (II) ჯგუფის მქონე პირებს ერითროციტებზე აქვთ A ანტიგენი, ხოლო პლაზმაში ანტი-B ანტისხეულები;
- B (III) ჯგუფის შემთხვევაში ერითროციტებზე B ანტიგენია, ხოლო პლაზმაში ანტი-A ანტისხეულები;
- AB (IV) ჯგუფის ადამიანებს ერითროციტებზე აქვთ A და B ანტიგენი, ხოლო პლაზმაში ანტისხეულები არა აქვთ.
სისხლის გადასხმის დროს დაცული უნდა იყოს პრინციპი -არ უნდა მოხდეს თანამოსახელე ანტიგენისა და ანტისხეულის შეხვედრა. გამომდინარე აქედან:
- 0 (I) ჯგუფის პაციენტებისათვის მხოლოდ 0 (I) ჯგუფის სისხლის გადასხმა ანუ ტრანსფუზიაა დასაშვები;
- A (II) ჯგუფის ადამიანებს შეიძლება გადაესხათ 0 (I) და A (II) ჯგუფის სისხლი;
- B (III) ჯგუფის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ 0 (I) და B (III) ჯგუფის სისხლის გადასხმა;
- AB (IV) ჯგუფის ადამიანებისათვის ყველა ჯგუფის სისხლის გადასხმაა მისაღები.
მაგრამ ეს მხოლოდ ერითროციტების გადასხმის დროს არის გამართლებული. მთლიანი სისხლის გადასხმისას დონორისა და რეციპიენტის სისხლის ჯგუფი თანამოსახელე უნდა იყოს. |
თითქმის ყველას გვსმენია გამოთქმა "იდეალური დონორი", "იდეალური რეციპიენტი". პირველი I ჯგუფის სისხლის მქონე პირთა მიმართ გამოიყენებოდა, ხოლო მეორე -IV ჯგუფის შემთხვევაში. თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, შეხედულება, რომ I ჯგუფის სისხლი შეიძლება ნებისმიერი ჯგუფის მქონე პირს გადაესხას, როგორც ჩანს, შეიცვალა.
-სისხლის გადასხმის დროს დაცული ზემოთ მოყვანილი პრინციპიდან გამომდინარე, 0 (I) ჯგუფის ადამიანები თეორიულად მართლაც უნივერსალური დონორები, ხოლო AB (IV) ჯგუფის პირები უნივერსალური რეციპიენტები არიან, თუმცა დღეს გამართლებულად მიიჩნევა მხოლოდ თანამოსახელე ჯგუფის სისხლის გადასხმა. ამ შეხედულებას სათანადო საფუძველიც აქვს - აღმოჩენილია სისხლის ქვეჯგუფები. მაგალითად, A (II) ჯგუფს აქვს ქვეჯგუფები A1, A2, ხოლო AB(IV) ჯგუფს -A2B. სწორედ მათი არსებობა განაპირობებს, რომ სხვა სისხლის ჯგუფის მქონე პირისთვის უნივერსალურად მიჩნეული 0 (I) ჯგუფის სისხლის გადასხმისას შესაძლოა მოხდეს ერითროციტების აგლუტინაცია ანუ შეწებება. ამის გათვალისწინებით, უნივერსალური დონორისა და რეციპიენტის ცნებები ადრინდელ დატვირთვას აღარ ატარებს. დღეს ისინი, როგორც გითხარით, გამართლებულია მხოლოდ ერითროციტული მასის გადასხმისას, ხოლო მთლიანი სისხლის გადასხმის შემთხვევაში დონორი და რეციპიენტი აუცილებლად თანამოსახელე სისხლის უნდა იყვნენ. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია დასაშვები 0 (I) ჯგუფის სისხლის გადასხმა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის მქონე პირისთვის და ისიც მცირე დოზით -დაახლოებით 400 მილილიტრამდე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გარდა ამისა, დღეს აღიარებულია პრინციპი "ერთი დონორი -ერთი რეციპიენტი". მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უმჯობესია, პაციენტს ყოველთვის ერთი და იმავე, უკიდურეს შემთხვევაში, ორი ადამიანის სისხლი გადაესხას. რა თქმა უნდა, ასეთი პრინციპი შემთხვევითი არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ სისხლის გადასხმა, რომელსაც მოსახლეობა შეიძლება სრულიად უბრალო, მარტივ პროცედურად მიიჩნევდეს, ფაქტობრივად ქსოვილის ტრანსპლანტაციაა. სისხლის გადასხმის შედეგად შესაძლოა მოხდეს ორგანიზმის სენსიბილიზაცია, რასაც თან სდევს პოსტტრანსფუზიული (გადასხმის შემდგომი) გართულება. სწორედ ამ გართულებებს აგვაცილებს თავიდან პრინციპი "ერთი დონორი -ერთი რეციპიენტი". მისი დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა პაციენტის დაავადებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია სისხლის მრავალჯერადი გადასხმა ანუ განმეორებითი ჰემოტრანსფუზია.
გარდა სისხლის ჯგუფისა და რეზუსისა, რომელი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო დონორთა შერჩევისას?
-დონორთა შერჩევისას მრავალ ფაქტორს იღებენ მხედველობაში. უპირველეს ყოვლისა, პირი, რომელსაც სურს სისხლი გაიღოს, არ უნდა იყოს 18 წელზე ნაკლები და 65 წელზე მეტი ასაკის. მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომლის შესახებაც ელემენტარული წარმოდგენა რომ შეგვექმნას, დონორობის მსურველს უსინჯავენ პულსს, არტერიულ წნევას, სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას.
დონორებად არ დაიშვება პირი, რომელსაც აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, მძიმედ მიმდინარე ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი. სისხლს არ იბარებენ, თუ ადამიანს გრიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.
გარდა ამისა, როგორც წესი, მოწმდება სისხლის ინფიცირება შიდსის, C და B ჰეპატიტის ვირუსებით, ტარდება ვასერმანის რეაქცია, რათა გამოირიცხოს სიფილისი. საქართველოში მოქმედებს უსაფრთხო სისხლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სისხლის შემოწმებას ამ ვირუსებით ინფიცირების გამოსარიცხად. ამ კვლევებს პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აფინანსებს. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, C ან B ჰეპატიტის ვირუსებსა და სიფილისზე დადებითი პირის დონორობა დაუშვებელია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არის მინიმალური, აუცილებელი გამოკვლევები. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მათი სპექტრი გაცილებით ფართოა. ამ საყოველთაოდ მიღებული კვლევების გარდა ჩვენს ინსტიტუტში ტარდება სისხლის შემოწმება Kel-1 ანტიგენზე. ეს ანტიგენი მოსახლეობის 6-7%-ში გვხვდება. საკმარისია, რეციპიენტს გადაესხას Kel-1 დადებითი ანტიგენის მქონე ერითროციტები, რომ მოხდეს სენსიბილიზაცია და ანტი-Kel-1 ანტისხეულების გამომუშავება. მეორედ ასეთი ანტიგენის მოხვედრა ორგანიზმში პოსტტრანსფუზიულ გართულებას გამოიწვევს.
როგორ ხდება გადასასხმელი სისხლის ან დონორის შერჩევა ექსტრემალურ სიტუაციებში?
-ექსტრემალურ სიტუაციებში დონორის შერჩევის მიზნით აუცილებლად ტარდება სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა, სისხლის შემოწმება შიდსის, B და ჩ ჰეპატიტის ვირუსებზე, ვასერმანის რეაქცია (შემოწმება სიფილისზე). როგორი სასიცოცხლო აუცილებლობითაც არ უნდა იყოს განპირობებული ჰემოტრანსფუზიის საჭიროება, ამ გამოკვლევების გარეშე მისი ჩატარება დაუშვებელია. გამოუკვლეველი სისხლის გადასხმას დღეს არავითარი გამართლება არ აქვს.
როგორ გადაეცემა გენეტიკურად რეზუსფაქტორი? შესაძლებელია თუ არა, რეზუსდადებითი მშობლების შვილი რეზუსუარყოფითი იყოს?
-მშობლებისგან შვილებისთვის რეზუს-ფაქტორის გადაცემას განსაზღვრული გენეტიკური კანონზომიერებები ახასიათებს. მათი დეტალური განხილვა, რაც გენეტიკის შესწავლის საგანია, შორს წაგვიყვანს. უბრალოდ მოგახსენებთ, რომ ორ რეზუსუარყოფით მშობელს აუცილებლად რეზუსუარყოფითი შვილები ეყოლება, ხოლო თუ ორივე მშობელი რეზუსდადებითია, მათ შეიძლება ეყოლოთ როგორც რეზუსდადებითი, ასევე რეზუსუარყოფითი შვილები. ეს თავისებურება დამოკიდებულია მშობელთა გენოტიპზე.
გარდა ორსულობის პერიოდში აღმოცენებული პრობლემებისა შეიძლება თუ არა, რეზუსუარყოფითი პირი ჯანმრთელად მივიჩნიოთ?
-რასაკვირველია, რეზუსუარყოფითი ადამიანი ჯანმრთელია, უბრალოდ, მის ერითროციტებზე არ არის რეზუს (D) ანტიგენი.
როგორ გადაეცემა გენეტიკურად სისხლის ჯგუფი? შეიძლება თუ არა, სისხლის ჯგუფის საფუძველზე ვამტკიცოთ, ვინ არის ბავშვის ჭეშმარიტი დედა ან მამა?
-მშობლებისგან შვილებისთვის სისხლის ჯგუფის მემკვიდრეობითი გადაცემის თავისებურებები ცნობილი გახდა გენეტიკის კანონზომიერებათა წყალობით. მათ დეტალურ განხილვას აქ არ შევუდგებით, მხოლოდ რამდენიმე კერძო მაგალითს მოვიყვანთ.
- თუ ორივე მშობელს აქვს 0 (I) ჯგუფის სისხლი, მათ შეიძლება ეყოლოთ მხოლოდ 0 (I) ჯგუფის სისხლის მქონე შვილი;
- თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს 0 (I) ჯგუფის სისხლი, ხოლო მეორეს A (II) ჯგუფისა, მათი შვილები ან 0 (I) ჯგუფისანი იქნებიან, ან A (II) ჯგუფისანი;
- თუ ერთი მშობელი 0 (I) ჯგუფის სისხლის მქონეა, ხოლო მეორე -B (III)-სი, შვილებს შეიძლება ჰქონდეთ ან 0 (I), ან B (III) ჯგუფი;
- თუ მშობლები A (II) და B (III) ჯგუფისანი არიან, შვილებში შეიძლება გამოვლინდეს არსებული ოთხი ჯგუფიდან ნებისმიერი -0 (I), A (II), B (III), AB (IV).
მტკიცება, არის თუ არა პირი ჭეშმარიტი მშობელი, სისხლის ჯგუფის საფუძველზე მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება. მაგალითად, თუ შვილი A (II) ან B (III) ჯგუფისაა, ხოლო ორივე მშობელი -0(I) ჯგუფის, ამ შემთხვევაში 100%-ით სარწმუნოა, რომ შვილი მათი არ არის, მაგრამ თუ მშობლები A (II) და B (III) ჯგუფისანი არიან, როგორც აღვნიშნეთ, შვილს შეიძლება არსებული ოთხი ჯგუფიდან ნებისმიერი ჰქონდეს. ამ შემთხვევაში რამის მტკიცება გაგვიჭირდება. სისხლის ჯგუფი გარკვეულწილად დაგვეხმარება ამ საკითხზე მსჯელობისას, მაგრამ არც შემთხვევითი დამთხვევაა გამორიცხული. გენეტიკური კუთვნილების შესახებ ჭეშმარიტი დასკვნა დღეს პოლიმერიზაციულ-ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით შეიძლება გამოვიტანოთ.
რა შეიძლება მოჰყვეს შეუთავსებელი სისხლის გადასხმას? როგორი კლინიკური სურათი ვითარდება ამ დროს? რა ღონისძიებები ტარდება პაციენტის გადასარჩენად?
-შეუთავსებელი სისხლის გადასხმა შეიძლება პოსტტრანსფუზიული გართულებების მიზეზად იქცეს. ადამიანმა, რომელსაც შეუთავსებელი სისხლი გადაუსხეს, შესაძლოა მიიღოს ისეთი ერითროციტული, ლეიკოციტური და თრომბოციტული ანტიგენები, რომ მათ წინააღმდეგ გამომუშავებულმა ანტისხეულებმა აღნიშნული უჯრედების დაშლა ანუ ლიზისი გამოიწვიონ.
მსგავს შემთხვევაში პაციენტს ეწყება:
- აგზნება;
- ტაქიკარდია;
- სახე ეფარება ცივი ოფლით;
- ტკივილი მკერდის ძვლის;
- ტკივილი წელის არეში;
- არტერიული წნევის დაქვეითება.
მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს:
- თირკმელების უკმარისობა;
- სიყვითლე;
- შარდის გამუქება.
ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს სისხლის გადასხმა და ჩატარდეს შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა.
რამდენად არის მოსალოდნელი გართულებები სისხლის გადასხმისას, თუ გათვალისწინებული იქნება დონორისა და რეციპიენტის სისხლის ჯგუფი და რეზუსი?
-სისხლის გადასხმის ანუ ტრანსფუზიის დროს მხოლოდ ჯგუფისა და რეზუსის გათვალისწინება საკმარისი არ არის. ჰემოტრანსფუზიის წინ ტარდება ინდივიდუალური შეთავსების სინჯი. ის შეიძლება არ ჩატარდეს, თუ ადამიანს სისხლი სიცოცხლეში პირველად უნდა გადაესხას, მაგრამ მეორედ გადასხმისას და შემდგომშიც ასეთი სინჯის ჩატარება აუცილებელია, რათა განისაზღვროს დონორისა და რეციპიენტის შეთავსება და გამოირიცხოს სისხლის გადასხმის შემდგომი გართულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდა ტრანსფუზიის შემდგომი გართულებებისა, მომავალში გაძნელდება შესაფერისი დონორის შერჩევა.