აივ ინფექცია/შიდსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აივ ინფექცია/შიდსი

აივ ინფექციის გადაცემის გზები

სადღეისო მონაცემებით, აივ ინფექციის გადაცემა უმთავრესად სამი გზითაა შესაძლებელი. ესენია:

  • დაუცველი (პრეზერვატივის გარეშე) სქესობრივი კონტაქტი აივინფიცირებულ პირთან;
  • აივინფიცირებული სისხლის ორგანიზმში მოხვედრა, რაც შესაძლოა მოხდეს ინექციისა თუ სხვა მანიპულაციის არასტერილური ინტრუმენტებით ჩატარების დროს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ხშირად დაავადების გადაცემა ხდება ინტრავენური ნარკომანიისას აივინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების მეშვეობით;
  • ინფიცირებული დედისგან შვილზე გადაცემა ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

აივ ინფექციის გადაცემის სქესობრივი გზა

ამჟამად არსებული მონაცემებით, საქართველოში პაციენტთა 42,4% ინფიცირებულია ჰეტეროსექსუალური (საპირისპირო სქესის პირებთან) სქესობრივი კონტაქტის შედეგად, 7,5% - ჰომოსექსუალური (იმავე სქესის პირებთან) სქესობრივი კონტაქტის შედეგად, ინექციური ნარკომანია კი შემთხვევათა 47%-შია დაავადების გადაცემის მიზეზი.

აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის სქესობრივი გზა მნიშვნელობას არ კარგავს. უფრო მეტიც - შეიძლება ითქვას, უფრო და უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს დაავადების ახალ შემთხვევებთან მიმართებით.

2015 წლის 7 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხულია აივ ინფექცია/შიდსის 5257 შემთხვევა. 3875 მამაკაცია, 1382 - ქალი.

  • პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა;
  • შიდსი განუვითარდა 2979 პაციენტს, 1044 გარდაიცვალა;
  • 2015 წელს გამოვლინდა 562 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობას იტარებს 2903 პაციენტი (მათ შორის 355 - აფხაზეთში).

2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 36,9%-ით მოიმატა. მათ შორის ჰეტეროსექსუალური სქესობრივი კონტაქტის შედეგად ინფიცირებისა - 25%-ით, ჰომო- და ბისექსუალური კონტაქტის შედეგად ინფიცირებისა - 163%-ით, ხოლო ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა 18,5%-ით იკლო.

ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ შიდსის გადაცემის ალბათობა არსებობს დაუცველი (პრეზერვატივის გარეშე) სქესობრივი კონტაქტის ყოველგვარი ფორმის დროს. ამ თვალსაზრისით საშიშია როგორც ვაგინალური, ისე ანალური და ორალური სქესობრივი კონტაქტი.

ბუნებრივია, იბადება კითხვა: იძლევა თუ არა პრეზერვატივი შიდსის ვირუსისგან დაცვის 100%-იან გარანტიას? ამჟამად არსებული მონაცემებით, მიჩნეულია, რომ ხარისხიანი (ახალი, დაუზიანებელი, აფთიაქში შეძენილი) პრეზერვატივი, თუ სქესობრივი აქტის დროს არ დაზიანდა, საიმედოდ იცავს ადამიანს აივ ინფექცია/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციებისაგან.

როგორ არ გადაეცემა აივ ინფექცია

ამ კითხვაზე პასუხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ უსაფუძვლო შიში.

დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა:

  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
  • ხველით, ცემინებით;
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის მეშვეობით;
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობისას;
  • აუზით სარგებლობისას;
  • მწერის ნაკბენით;
  • სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში აივინფიცირებულთან ურთიერთობით.

აივ ინფექციის კლინიკური ნიშნები

შეუძლებელია, გამოვყოთ დაავადების რომელიმე პათოგნომური (მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ტიპობრივი) ნიშანი, მაგრამ ცნობილია სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა აღმოჩენისას, უპირველეს ყოვლისა, აივ ინფექცია/შიდსი უნდა გამოირიცხოს. ესენია:

  • უმიზეზო ცხელება;
  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • წონის კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად;
  • ოფლიანობა;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ფაღარათი;
  • სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე;
  • თეთრი ნადები ენაზე;
  • გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც ცუდად ექვემდებარება ჩვეულებრივ ანტიბაქტერიულ თერაპიას;
  • ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება (დემენცია, მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელოპათია, პერიფერიული ნეიროპათია) და სხვა.

რასაკვირველია, რომელიმე ამ სიმპტომის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტს აივ ინფექცია/შიდსი აქვს. ჩამოთვლილი ნიშნების გამოვლენისას ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს: ეკუთვნის თუ არა პაციენტი მაღალი რისკის ჯგუფს (ინტრავენური ნარკომანი, კომერციული სექსმუშაკი და ა. შ.), ჰქონდა თუ არა აივინფიცირებულთან კონტაქტი და სხვა. გარდა ამისა, აივ ინფექციაზე გამოკვლეულ უნდა იქნენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მქონე პაციენტები, B და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულები, ტუბერკულოზით დაავადებულები.

ვინაიდან აივ ინფექციას პათოგნომური კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, გადამწყვეტი მის დიაგნოსტიკაში ლაბორატორიული გამოკვლევაა.


დაავადების პროგრესირების სიჩქარე სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვაა და დამოკიდებულია, ერთი მხრივ, მასპინძლის დაცვით ფაქტორებზე, მეორე მხრივ კი ვირუსის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, ასევე მნიშვნელოვნად იცვლება იგი მკურნალობისა და პროფილაქტიკის ფონზე.

შიდსის კლინიკური გამოხატულება მრავალფეროვანია. როგორც დაავადების სახელწოდება გვიჩვენებს, ვირუსის ზემოქმედებით ინფიცირებულ ადამიანს უყალიბდება იმუნოდეფიციტი, ღრმა იმუნოდეფიციტის ფონზე კი შესაძლოა განვითარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ინფექცია და სიმსივნე. ბუნებრივია, მათი განვითარების სიხშირე ერთნაირი არ არის. ყველაზე ხშირად ვითარდება ე. წ. ოპორტუნისტული ინფექციები და ის სიმსივნეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ვირუსებთანაა ასოცირებული.

ოპორტუნისტული ეწოდება ინფექციას, რომლის გამომწვევიც (ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი თუ სოკო) შესაძლოა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც ბინადრობდეს, მაგრამ დაავადება არ გამოიწვიოს. ასეთ მიკროორგანიზმებს დაავადების გამოწვევა მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებთან შეუძლიათ. შიდსით ავადმყოფებთან ოპორტუნისტული ინფექცია, წესისამებრ, მძიმედ მიმდინარეობს, ძნელად ექვემდებარება მკურნალობას და ხშირად სიკვდილით მთავრდება.

აივ ინფექციის მკურნალობა

აივ ინფექცია/შიდსის განკურნება ამჟამად არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც საშუალებას იძლევა, შიდსი მომაკვდინებლიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად იქცეს. სწორად შერჩეული და დროულად დაწყებული არვ თერაპია მაღალი აქტიურობით გამოირჩევა.

არვ თერაპიის ფონზე ადვილია ოპორტუნისტული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

არვ თერაპიის შეწყვეტა ან რეჟიმის დარღვევა იწვევს დაავადების სწრაფ პროგრესირებას და ვირუსის რეზისტენტული ფორმების განვითარებას, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატების მიღების რეჟიმის ზედმიწევნით დაცვას, ასევე - გვერდითი ეფექტების დროულ გამოვლენას და მათთან ბრძოლას.

ანტირეტროვირუსული თერაპია მოითხოვს დიდ ეკონომიკურ რესურსებს, რაც ხელს უშლიდა რეჟიმის დაცვას და მის ფართო გამოყენებას.

2001 წელს გაეროს ინიციატივით შეიქმნა შიდსთან, მალარიასა და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდი. ფონდში მთელი მსოფლიოდან ხდება ეკონომიკური რესურსების მობილიზება. ის ეხმარება ქვეყნებს შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის ეპიდზედამხედველობაში, ინფიცირებულთა მკურნალობაში. გლობალური ფონდის საბოლოო მიზანია, ხელი შეუშალოს აღნიშნული დაავადებების გავრცელებას და შეამციროს მათ მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა.

საქართველოში უზრუნველყოფილია არვ თერაპიის 100%-იანი ხელმისაწვდომობა. აივინფიცირებულთა მკურნალობასა და მოვლას გლობალური ფონდის ხელშეწყობით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ახორციელებს. საქართველოში ფუნქციობს აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა ორი რეგიონული ცენტრი: ბათუმსა და ზუგდიდში. ამ ცენტრებში ყველა პირობაა ინფიცირებულთა მკურნალობისა და მოვლისათვის.

როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია

აივ ინფექციის პროფილაქტიკის გზებია:

1. სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა

ამისთვის სპეციალისტები გვირჩევენ:

  • თავი შევიკავოთ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირებისგან;
  • ვიყოთ სქესობრივი პარტნიორის ერთგული;
  • ვერიდოთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს. უკიდურეს შემთხვევაში, ვისარგებლოთ პრეზერვატივით. როგორც ქალის, ისე მამაკაცის პრეზერვატივი ეფექტური საშუალებაა ისეთი დაავადებებისგან თავის დასაცავად, როგორებიცაა: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, B და C ჰეპატიტები, გონორეა, სიფილისი. ნებაზე მიშვებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები საგრძნობლად ზრდის აივინფიცირების რისკს. მათ ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

2. ინექციური გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა

  • ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცით და ნემსით;
  • უარი თქვით ნარკოტიკების მოხმარებაზე. ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარების შემთხვევაში არ ისარგებლოთ საერთო შპრიცით.

3. დედისგან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია

აივინფიცირებული დედისგან შვილზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2%-მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება:

  • ანტირეტროვირუსული თერაპია;
  • საკეისრო კვეთა;
  • სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნური კვების თაობაზე.

როდის არის აუცილებელი აივ ტესტირება

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრულ შემთხვევებში რისკი იმატებს.

გაიგეთ თქვენი აივ სტატუსი, თუ:

  • ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ნარკოტიკის ინექცია;
  • თქვენი მეუღლე/სქესობრივი პარტნიორი არის ან იყო ნარკოტიკის მომხმარებელი;
  • გქონიათ შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტი;
  • გაქვთ ან გქონიათ სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე ინფექცია;
  • გადატანილი გაქვთ ან ამჟამად გაქვთ B, C ან D ჰეპატიტის ვირუსი;
  • გაქვთ ტუბერკულოზი;
  • ხშირად იტარებთ სამედიცინო მანიპულაციებს;
  • გაგიკეთებიათ ტატუირება ან პირსინგი;
  • ხართ სისხლის რეციპიენტი - გიტარდებათ სისხლის გადასხმა.

აივ სტატუსის ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა

  • დროულად დაიწყოს მკურნალობა, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას და საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს;
  • ინფიცირებულმა მეტი ყურადღება მიაქციოს ჯანმრთელობას და თავიდან აიცილოს სხვების, მათ შორის - ახლობლების, ინფიცირება და, შესაბამისად, დაავადების გავრცელება.