ორგანოთა ტრანსპლანტაცია

- არავინ იცოდა, რა მექანიზმით იცილებდა იმუნური სისტემა გადანერგილ ორგანოს, რომელიც გენეტიკურად არაიდენტური ორგანიზმიდან იყო აღებული. XX საუკუნის მეორე ნახევარში მეცნიერებმა იმუნური რეაქციების დათრგუნვა ისწავლეს, რათა დონორის ორგანოს რეციპიენტის ორგანიზმთან ნორმალურად შეხორცების საშუალება მისცემოდა.მიუხედავად ამისა, ორგანიზმის იმუნური პასუხის ხელოვნური დათრგუნვა დღემდე ტრანსპლანტაციის პრობლემად რჩება. დღეს კარგად არის ათვისებული კანის, თირკმელების, ღვიძლის, გულის, ნაწლავების, ფილტვების, ძვლის ტვინის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ძვლების, სახსრების, ვენების, გულის სარქვლების, თვალის რქოვანას გადანერგვის ტექნიკა.
1998 წელს პირველად გადანერგეს წარმატებით ხელის მტევანი. უახლესი მიღწევებია 2005 წელს საფრანგეთში სახის ნაწილის გადანერგვა და 2006 წელს ჩინეთში მამაკაცის სასქესო ორგანოს ტრანსპლანტაცია. გადანერგილია ასევე ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლები, ელენთა. რაც შეეხება სისხლძარღვებს, კანს, ხრტილს ან ძვალს, მათ გადანერგავენ ერთგვარი ქსოვილოვანი კარკასის შესაქმნელად, რომელზეც პაციენტის ახალი ქსოვილების ფორმირება უნდა მოხდეს.
მსოფლიო ლიდერი ტრანსპლანტაციაში აშშ-ია, სადაც ყოველ მილიონ კაცზე ყოველწლიურად ტარდება თირკმლის 52, ღვიძლის 19 და გულის 8 გადანერგვა. საკუთარი ორგანოსა და ქსოვილების (ერთი ადგილიდან მეორეზე) გადანერგვას რეპლანტაციას ანუ აუტოტრანსპლანტაციას უწოდებენ, ალოტრანსპლანტაცია ერთი სახეობის ორგანიზმიდან მეორეში გადანერგვაა, სხვა სახეობის ორგანიზმიდან გადანერგვას კი ქსენოტრანსპლანტაციას ვუწოდებთ.
სისხლის გადასხმა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სისხლი ის ქსოვილი აღმოჩნდა, რომლის გადანერგვითაც ტრანსპლანტაციის ისტორია დაიწყო. სხვადასხვა ეპოქის ექიმები სისხლის გადასხმას სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ. ზოგი მცდელობა წარმატებით სრულდებოდა, ზოგი - წარუმატებლად, ზოგი - პაციენტის სიკვდილითაც კი.
ჰემოტრანსფუზია მხოლოდ მას შემდეგ ჩამოყალიბდა ნაკლებსახიფათო მანიპულაციად, რაც 32 წლის ავსტრიელმა მეცნიერმა კარლ ლანდშტაინერმა ადამიანის ერითროციტებში არსებული ორი A და B ანტიგენი და სისხლის შრატში არსებული ორი ანტისხეული აღმოაჩინა და დაადგინა, რომ სისხლის გადასხმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა წარმატებული, თუ ადამიანს მისი მსგავსი ანტიგენისა და ანტისხეულების შემცველ სისხლს გადაუსხამდნენ.
სამედიცინო პრაქტიკაში ლანდშტაინერის დაკვირვება პირველად 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს, როდესაც დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სისხლის გადასხმას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ექიმებმა ისეთი სისხლის შერჩევა დაიწყეს, რომლის ერითროციტები ავადმყოფის სისხლში არ შეწებდებოდა. ეს პროცედურა, ფაქტობრივად, დონორისა და რეციპიენტის A და B ანტიგენების განსაზღვრას გულისხმობდა - დონორის სისხლსა და რეციპიენტის შრატს ერთმანეთში ურევდნენ და თუ ერითროციტები გუნდებად არ იქცეოდა, ავადმყოფს თამამად უსხამდნენ სისხლს.
თირკმელები
სისხლის გადასხმის შემდგომ მეცნიერებმა თირკმელების გადანერგვაზეც დაიწყეს ფიქრი და ექსპერიმენტებს მიჰყვეს ხელი. ამას თავისი ახსნაც ჰქონდა: თირკმელი წყვილი ორგანოა, აქვს საკმაოდ მსხვილი კალიბრისა და სიგრძის სისხლძარღვები და შარდსაწვეთი. ექსპერიმენტები, რომლებიც თირკმელების გადანერგვას ისახავდა მიზნად, რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ამის მიზეზი ისევ და ისევ ორგანიზმის იმუნოლოგიური ბარიერი გახლდათ, რომელიც მოცილების რეაქციის მეშვეობით რეკორდულად მცირე ხანში გამოდევნიდა ორგანიზმში მოხვედრილ ცილოვანი ბუნების სხეულს.
თირკმლის გადანერგვა პირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში სცადეს. ერთმა ნაკლებად ცნობილმა ქირურგმა, რომელმაც მანამდე იმით გაითქვა სახელი, რომ ძაღლებს თირკმელებს აჭრიდა და კისერზე აკერებდა, გადაწყვიტა, ურემიით დაავადებული ახალგაზრდა ქალისთვის ემკურნალა. მან პაციენტს დაავადებული თირკმელი ამოკვეთა, სანაცვლოდ კი ზედა კიდურზე თხის თირკმელი გადაუნერგა, რომელიც ორგანიზმმა სულ მალე მოიცილა. მოგვიანებით, 1902 წელს, ავსტრიელმა მკვლევარმა ემერიხ ულმანმა თირკმელი ცხოველს გადაუნერგა.
ადამიანისთვის თირკმლის პირველი გადანერგვა განახორციელა ქირუგმა ვორონოიმ 1931 წელს. მან მსოფლიოში პირველად ცოცხალი ადამიანის თირკმელი წარმატებით გადაუნერგა მეორეს. რეციპიენტი და დონორი ერთი კვერცხუჯრედისგან განვითარებული ტყუპი იყვნენ. 4 წლის შემდეგ მანვე ჩაუტარა გადანერგვა სხვადასხვა კვერცხუჯრედისგან განვითარებულ ტყუპ ძმას, კიდევ ორი წლის შემდეგ დედის თირკმელი შვილს გადაუნერგა, მომდევნო ოპერაციის დროს კი დონორი უკვე საკმაოდ შორეული ნათესავი იყო - 26 წლის ქალს 60 წლის გარდაცვლილი მამაკაცის თირკმელი გადაუნერგეს. აშშ-ში პირველად ამგვარი ოპერაცია 1950 წლის 17 ივნისს ჩატარდა - 44 წლის ქალმა გადანერგილი თირკმლით 5 წელი იცოცხლა. დღეს მსოფლიო რეკორდი 37 წელია - სწორედ ამდენ ხანს იცოცხლა ადამიანმა გადანერგილი ორგანოთი.
თირკმლის დაზიანება ძალზე სახიფათოა და უმეტესად სიკვდილით სრულდება, ქირურგ-ტრანსპლანტოლოგებს კი მაინც მიაჩნიათ, რომ ბედმა ყველაზე მეტად თირკმლით დაავადებულებს გაუღიმა: ჯერ ერთი, ადამიანს წყვილი თირკმელი აქვს და თუნდაც ერთმა მათგანმა მუშაობა შეწყვიტოს, მეორეს შეუძლია, იტვირთოს დაზიანებული თანამოძმის ფუნქცია; მეორე - დიალიზის წყალობით სიცოცხლე ერთხანს უთირკმლოდაც შეიძლება, ამ ხნის განმავლობაში კი იქნებ შესაფერი დონორიც მოიძებნოს.