სტომატოლოგთან ცრემლების გარეშე

.
როგორ მივაჩვიოთ ცრემლების გარეშე სტომატოლოგთან წასვლას პატარა, რა შემთხვევაში უნდა მივიყვანოთ იგი საკონსულტაციოდ და რა სიხშირით? გვესაუბრება სტომატოლოგიური კლინიკა "ალბა-დენტის" სტომატოლოგი თამარ წერეთელი.
- ქალბატონო თამარ, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვთა სტომატოლოგთან სიარული?
- პატარა სტომატოლოგთან კბილის ტკივილის დროს კი არა, მანამდე უნდა მივიყვანოთ საკონსულტაციოდ. ბავშვთა სტომატოლოგთან რეგულარული სიარული და მკურნალობის ტაქტიკის სწორად შერჩევა თავიდან ააცილებს პატარას კბილის ტკივილს. თუ პატარას სარძევე კბილების ამოჭრისთანავე მივიყვანთ სტომატოლოგთან, იგი ისე გაიზრდება, რომ არ ეცოდინება, რა არის კბილის ტკივილი.
მშობლების არაინფორმირებულობისა თუ არასწორი აღზრდის გამო შესაძლებელია სარძევე კბილები ძალიან მალე დაზიანდეს ე.წ. ბოთლის კარიესით. ეს მაშინ ხდება, როდესაც პატარას ღამით მიაჩვევენ კვებას ან წვენებს. არასწორად დამუშავებულ პირის ღრუში კბილებზე რჩება ნახშირწყლები, რომლებიც წარმოადგენს ბაქტერიებისთვის საკვებ ნიადაგს და იწვევს "ბოთლის" კარიესს. კბილებზე ჩნდება მოყავისფრო-მოყვითალო ნადები, იწყება მინანქრის დაშლა. დაზიანებულ სარძევე კბილებს სჭირდება სწორი მოვლა, დროული მკურნალობა.
- სარძევე კბილის დაზიანება რომ არ გამოგვეპაროს, როდის და რამდენჯერ უნდა მივიყვანოთ პატარა სტომატოლოგთან?
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- სერიოზულად უნდა მივუდგეთ სარძევე კბილების დაზიანებას. სწორად და დროულად ნამკურნალები სარძევე კბილები ჩვეულებრივ მიაღწევენ კბილების ბუნებრივი ცვლის პროცესამდე და ბოლომდე ასრულებენ თავიანთ ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. უმჯობესია ბავშვს ჰყავდეს პირადი სტომატოლოგი, რომელიც დინამიკაში აკვირდება მისი კბილების განვითარების პროცესს, დამეგობრებული და შეჩვეულია პატარასთან, გაძლევთ სასარგებლო რჩევებს. იმისთვის, რომ დროულად შეამჩნიოთ კბილის დაზიანება, რეგულარულად, წელიწადში ორჯერ უნდა ატაროთ ბავშვი სტომატოლოგთან.
მშობლებს ვურჩევთ:
- ვიზიტზე პატარა უნდა ჩაწეროთ წინასწარ და შეურჩიოთ ისეთი დრო, როდესაც იგი კარგ გუნებაზეა, ნაჭამი და გამოძინებული;
- შეაქეთ პატარა, თუ კარგად მოიქცა გასინჯვის დროს. თუ ჭირვეულობდა და ტიროდა, ნუ დაასაჩუქრებთ;
- არ დაგავიწყდეთ ექიმის გაფრთხილება, თუ პატარას აქვს ქრონიკული დაავადება ან ალერგია კონკრეტულ მედიკამენტზე;
- მშობლის ამოცანაა, გამოუმუშაოს პატარას სწორი დამოკიდებულება მკურნალობისადმი, როგორც ჩვეულებრივი და უცილობელი პროცედურისადმი;
- ასწავლეთ პატარას პირის ღრუს ჰიგიენა, შეურჩიეთ კბილის პასტა და ჯაგრისი. დილით და საღამოს კბილები ერთად გაიხეხეთ.
- არსებობს თუ არა ბავშვებში კარიესის რისკფაქტორები?
- სამ წლამდე ასაკის ბავშვებში სარძევე კბილების მრავლობითი კარიესი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამ ძირითად ფაქტორთან:
- ორსულობისა და მშობიარობის პათოლოგიურ მიმდინარეობასთან;
- პირის ღრუს სტრეპტოკოკებით ინფიცირებასთან;
- სიცოცხლის პირველ წლებში არასრულფასოვან კვებასთან.
ძუძუთი კვება ბავშვის სრულყოფილი განვითარებისა და ზრდის საწინდარია. კარიესი ძირითადად დასუსტებული ბავშვების ხვედრია. კარიესი ემართებათ იმ ბავშვებს, ვისაც ღამით და ძირითად კვებათა შორის აძლევდნენ ტკბილ სითხეებს (ჩაი, კომპოტი). პირის ღრუს მიკროფლორას ცვლის ასევე ორგანიზმის საერთო მდგომარეობა. თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, ეს უარყოფითად აისახება მის დამცველობით მექანიზმებზე. ბავშვს ესაჭიროება სრულფასოვანი, ბალანსირებული კვება. კარიესით დაავადება პირდაპირპროპორციულ კავშირშია შაქრის ჭარბს მიღებასთან.
ბავშვის რაციონში უნდა შედიოდეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტები:
- მაგნიუმით მდიდარი ყველი, შვრია, ხორბალი, ჭვავი, მწვანე ხახვი, ჟოლო;
- კალციუმითა და ფოსფორით მდიდარი თხის რძე, თევზი, ზღვის პროდუქტები;
- კალციუმით, ფოსფორით, მაგნიუმით მდიდარი კენკრა, გოგრა, ლობიო, ბოლოკი, მწვანილი;
- თუთიით მდიდარი ხორცი, ზღვის თევზი;
- სპილენძით მდიდარი პარკოსნები, ჭარხალი, ლიმონი, შავი მოცხარი.
სამწუხაროდ, თანამედროვე ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ სწრაფი კვების პროდუქტებს, ნაკლებად იღებენ სითხეს. ეს ყოველივე კი კარიესის განვითარებას უწყობს ხელს.
- პატარებს არცთუ იშვიათად უსკდებათ პირის კუთხეები. რა იწვევს ამას?
- პირის კუთხეებში ნახეთქები ანგულარული სტომატიტია. იგი ვიტამინებისა და რკინის დეფიციტის შედეგია, რასაც საბოლოოდ ანემიამდე მიჰყავს ორგანიზმი. ნახეთქები რომ სწრაფად შეხორცდეს, შეგიძლიათ წაუსვათ ა ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი. გარდა ამისა, ბავშვმა უნდა მიიღოს ა ვიტამინის წყარო. მაგალითად, ნახევარი ჭიქა ახალგაწურული სტაფილოს წვენი 1 ჩაის კოვზ არაჟანთან ერთად. ასევე პომიდორი, მაწონი, ყველი, კვერცხის გული, საქონლის ან ხბოს ღვიძლი, გული, თირკმელები.