კბილების პროთეზირება და იმპლანტაცია

ბევრი მხოლოდ პრობლემების გაჩენის შემდეგ იწყებს ფიქრს პროთეზსა თუ კბილების იმპლანტირებაზე, არადა, თავიდანვე რომ ყურადღებით მოპყრობოდნენ პირის ღრუს ან პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ მაინც მისულიყვნენ სტომატოლოგთან, ყველაფერი უფრო მარტივად მოგვარდებოდა და დანახარჯიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა", - ამ სიტყვებით დაიწყო "ოჯახის მკურნალთან" საუბარი ექიმმა სტომატოლოგმა, იმპლანტოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრის hbi-dentimplant-ის გენერალურმა დირექტორმა კახა მეტრეველმა, რომელსაც პროთეზირებასა და იმპლანტაციაზე სასაუბროდ ვეწვიეთ.
- ისტორიულ და არქეოლოგიურ წყაროებზე დაყრდნობით, კბილთა პროთეზირებასა და იმპლანტაციაში კაცობრიობის ისტორიის უძველეს პერიოდშივე გადაიდგა პირველი ნაბიჯები. ნაპოვნია უამრავი არქეოლოგიური არტეფაქტი, რომლებშიც მასალად გამოყენებული იყო ორგანული, არაორგანული თუ სხვა ხელმისაწვდომი მინერალური წარმოშობის მასალები. ხელოვნური კბილები დამზადებული იყო ამეთვისტოსგან, კვარცისგან, სპილოს ძვლისგან, ხისა და ქვისგან...
- ბატონო კახა, რაკი საუბარი მასალებით დაიწყეთ, თანამედროვე მასალებზეც გვიამბეთ.
- დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ამ დარგში დომინირებს ცილინდრული ტიპის ფესვის ფორმის ერთეული იმპლანტანტები, რომელთა მამად და ნათლიად მთელ მსოფლიოში ითვლება გენიალური მკვლევარი, ექსპერიმენტული ბიოლოგიის სპეციალისტი და იმპლანტოლოგიის ფუძემდებელი პერ-ინგვარ ბრონემარკი. იმპლანტანტის მასალებს შორის დომინირებს ტიტანი, თუმცა მის გვერდით დგას უახლესი ცირკონიუმის ოქსიდის იმპლანტანტები.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ცირკონიუმის ოქსიდი ტიტანის ჯგუფის ელემენტია და მისი მსგავსი თვისებებით გამოირჩევა, თუმცა არის განსხვავებაც. ცირკონიუმის იმპლანტანტებს ჯერჯერობით ვიწრო ჩვენება აქვთ, რადგან შორეული შედეგები ჯერ კიდევ უცნობია. კიდევ უფრო "ახალგაზრდა" მასალაა როქსოლიდი, რომელიც წარმოადგენს ტიტანისა და ცირკონიუმის შენადნობს მათი თვისებების შეჯერებით. ორიოდე წლის წინ გამოყენებული იყო ევროპისა და ამერიკის რამდენიმე კვლევით ცენტრში სამასზე მეტ პაციენტზე და კარგი შედეგები აჩვენა.
პროთეზების მასალად ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს პლასტმასა, უჟანგავი ფოლადი, ოქრო და სხვა. საერთოდ, მასალები არ უნდა იყოს ადგილობრივად გამაღიზიანებელი, ალერგიული თვისებების მქონე და ტოქსიკური, არ უნდა იწვევდეს მეტალოზს თუ არასასიამოვნო რეაქციებს.
- მაგრამ გამიგონია, რომ თუმცაღა ორგანიზმი კარგად ახდენს ადაპტირებას ამ ხელოვნურ მასალებთან, ხშირია გართულებები.
- თანამედროვე მსოფლიო სტატისტიკაზე დაყრდნობით შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ იმპლანტაციის დადებითი შედეგი, ფუნქციობის თვალსაზრისით, 95-იდან 98%-მდეა. არც ერთი სხვა პლასტიკური ჩარევა ისე არ ამართლებს და ისეთი წარმატებული შედეგებით არ გამოირჩევა, როგორითაც იმპლანტაცია. და მიუხედავად ამისა, ყველაფერი მაინც ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული.
იმპლანტაციას აქვს უამრავი ჩვენება და უკუჩვენება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ თუ ორგანიზმი პრაქტიკულად ჯანმრთელია, - იგულისხმება ზოგადი სომატური ჯანმრთელობა, ასევე ადგილობრივი, პირის ღრუს სტატუსი და თავად ძვლის მდგომარეობა, - იმპლანტაციისათვის უკუჩვენება პრაქტიკულად არ არსებობს.
იმპლანტაციის ჩვენებებია: კბილთა მწკრივის ერთეული დეფექტი, კბილთა მწკრივის ჩართული ანუ რამდენიმე დეფექტი, დაბოლოებითი დეფექტი (ბოლო, დისტალური, უკანასკნელი კბილი არ არსებობს), თითქმის სრული უკბილობა ან აბსოლუტური უკბილობა (ადენტია), მოსახსნელი პროთეზების აუტანლობა და სრულფასოვანი მოსახსნელი პროთეზების დამზადების, უფრო სწორად, ფიქსაციის პრობლემა.
კბილის დაკარგვის გამო ყბის ორივე ძვალი, ზედაც და ქვედაც, ძლიერ ატროფიას, განლევას განიცდის, ზოგჯერ იქამდეც კი, რომ პროთეზისთვის, მარტივად რომ ვთქვათ, საპროთეზო ველის უნაგირის პრინციპი აღარ არსებობს. ამ შემთხვევაში იმპლანტაცია ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანია. რამდენიმე პუნქტის შექმნის შემთხვევაში მასზე ჩამკეტოვანი სისტემით ძალიან ფუნქციური და სტაბილური პროთეზები მზადდება. მაგრამ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ატროფიებიც, როცა სამი-ოთხი საყრდენის შექმნა შეუძლებელია. მაშინ უკვე მინი იმპლანტანტებს იყენებენ. მცირე ზომისა და წვრილი იმპლანტანტები ძვალპლასტიკური ოპერაციის, ძვლის გაფართოების ან გაზრდის და სხვა ყოველგვარი რთული მოსამზადებელი ოპერაციის თავიდან აცილების გზით საშუალებას იძლევა, პირდაპირ ჩაეხრახნოს გარკვეულ ადგილებში და მათზე პროთეზი დამაგრდეს.
- ალბათ, სრულ ადენტიაზეც იმავეს თქმა შეიძლება...
- დიახ, სრული ადენტიისას შეიძლება ყველაფერი იმავე წარმატებით ჩატარდეს. ხშირია შემთხვევა, როცა ძვალი არ არის განლეული და რომელიმე სხვა დაავადების ან ტრავმის გამოა ჩამოყალიბებული სრული ადენტია. ამ შემთხვევაში იმპლანტაცია საშუალებას იძლევა, მთლიანად მოხდეს კბილთა რკალის აღდგენა ფიქსირებული გზით. ამისთვის უნდა შეიქმნას საკმარისი რაოდენობის იმპლანტანტი...
- მტკივნეული არ არის?
- არა, არ არის მტკივნეული. გააჩნია, რა ზომისაა ყბა. საშუალოდ რვიდან ათამდე იმპლანტანტია საჭირო, ზოგჯერ თორმეტიც. შემდეგ შეიძლება მათზე პირდაპირ გაკეთდეს ფიქსირებული ხიდები. იდეალური ვარიანტია, ყველა კბილს ჰქონდეს თავისი საყრდენი, მაგრამ სიძვირის გამო ყველა კბილის საყრდენს მსოფლიოში ასე ხელაღებით არავინ იკეთებს. ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და, სიმართლე ითქვას, აუცილებელიც არ არის, იმიტომ, რომ ბიომექანიკური პარამეტრების, ძვლის სტრუქტურული აგებულებისა და კბილზე დატვირთვების გათვლით სავსებით შესაძლებელია, ოთხ-ხუთკბილიანი დეფექტი აღდგეს არა ამდენივე იმპლანტანტით, არამედ შედარებით ნაკლებით და გაკეთდეს ხიდის პრინციპით, მაგრამ ეს აუცილებლად წინასწარ მკაცრად დაგეგმილი და განსაზღვრული მიდგომით უნდა მოხდეს. აქ ძალიან ბევრ პარამეტრს აქვს მნიშვნელობა.
არსებობს უკუჩვენების აბსოლუტური და შედარებითი ფაქტორები. აბსოლუტური უკუჩვენების დროს იმპლანტაცია შეუძლებელია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გამო. ასეთი უკუჩვენებებია: სისხლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები, იმუნოპათოლოგიები, ძვლოვანი სტრუქტურული დაავადებები, ტუბერკულოზი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კიბოსწინარე ან სხვა ქრონიკული მორეციდივე დაავადებები, საღეჭი კუნთების ჰიპერტონუსი, კბილების კრაჭუნი, ენდოკრინული სისტემის მოშლილობა, ისეთი ვერაგი დაავადება, როგორიც არის პირველი ტიპის დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი და სხვა ენდოკრინული დაავადებები, რომლებიც კომპენსაციას არ ექვემდებარება.
არსებობს ფარდობითი უკუჩვენებები, რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია. თუ დაზიანება ექვემდებარება კორექციასა და განკურნებას, ის იმპლანტაციის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. დროებითი უკუჩვენებებია: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (მინიმუმ ექვსი თვე მაინც უნდა იყოს გასული ლაქტაციის შემდეგ) და სხვა.
და კიდევ, ერთადერთი "დროებითი უკუჩვენება", რომელიც დღეს აქვს იმპლანტაციას, გახლავთ მისი ფინანსური მხარე. ეს არის მოკლე მონახაზი იმისა, როდის შეიძლება ან არ შეიძლება იმპლანტაციის გაკეთება. მაგრამ, ამასთანავე, დაცული უნდა იყოს ოპერაციული ტექნიკა, მანიპულაციის სწორი დაგეგმარება და უამრავი სხვა ასპექტი.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, ერთი ხელის მუშაობა ანუ ერთი იწყებს და ასრულებს სამუშაოს თუ არა. პასუხისმგებლობაც თავიდან ბოლომდე ეკისრება იმპლანტოლოგს, რომელიც ორივე ეტაპს, ქირურგიულსაც და ორთოპედიულსაც, ბოლომდე ასრულებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას პაციენტის მხრიდან, გახლავთ პირის ღრუს ჰიგიენის სრულფასოვნება. ერთ-ერთი დამღუპველი ფაქტორი - და არა მარტო იმპლანტანტისთვის, არამედ საკუთარი კბილებისთვისაც - ამ საკითხის უგულებელყოფაა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ღმერთის შექმნილი კბილიც კი, მთელი თავისი დამცველობითი მექანიზმებით, ვერ უძლებს არასრულფასოვან ჰიგიენას, წარმოიდგინეთ, რა მოხდება ხელოვნური იმპლანტანტების შემთხვევაში.